პოლიტიკური შარლატანობა - „ნაცმოძრაობა“ უკრაინელ პატიმარს პრემიერობის კანდიდატად ასახელებს

პოლიტიკური შარლატანობა - „ნაცმოძრაობა“ უკრაინელ პატიმარს პრემიერობის კანდიდატად ასახელებს

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა და ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. მიუხედავად ამ ჩანაწერისა, „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქე, პატიმარი მიხეილ სააკაშვილი იქნება. პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი არის პარტიის ლიდერი, დამფუძნებელი, მას გადაწყვეტილი აქვს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართვა - გამომდინარე აქედან, მისი ბუნებრივი პოზიცია იქნებოდა, იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

„სააკაშვილის პრემიერად დასახელება მხოლოდ მისი პირადი მოსაზრება არ არის. ჩემი თანაპარტიელების საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა, ვინც ამ აზრს იზიარებს. საბოლოო გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის მისაღებია. იმედი მაქვს, შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას თვითონ გამოაცხადებს. რაც შეეხება მის მდგომარეობას, სააკაშვილის გათავისუფლების სერიოზული ბერკეტი აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ამ მიმართულებით გვაქვს თხოვნა ჩვენს პარტნიორებთან, რათა ამ ქალბატონს გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუწყონ.

რა თქმა უნდა, ელჩები ვერ მოგცემენ კონკრეტული დაპირებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებენ. ჩვენ ვიცით და მათაც კარგად იციან, რომ გასაღები ერთ კაცს უდევს, მაგრამ მასზე უნდა მოხდეს ზეწოლა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე პარტნიორების მხრიდან. სერიოზული მუშაობა მიდის ასევე უკრაინელ მეგობრებთან, რათა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში ყველა აქტორი დაგვეხმაროს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

სწორედ, სააკაშვილის საკითხი იყო ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინსკისთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის და განხილვის თემა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის და გენერალური მდივანის პეტრე ცისკარიშვილის მხრიდან. როგორ და რა გზით გეგმავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები ზეწოლა განახორციელონ სასამართლოზე, რომ პატიმარი, რომელიც არაერთ უმძიმეს საქმეზე არის მსჯავრდებული და ბრალდებული, იქნას განთავისუფლებული, ამ დეტალებზე ცისკარიშვილს არ უსაუბრია.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ცისკარიშვილი არის უცოდინარი, გაუნათლებელი ადამიანი, რომელმაც არ იცის საქართველოს კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც არ შეიძლება, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი იყოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და მით უმეტეს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობდეს.

„ეს არის პოლიტიკური სიბეცე. თვითონ არ აკეთებს ამ განცხადებას, ამას აკეთებინებენ მისი პატრონები. მისი შამქმნელებიო კახელები იტყვიან, შამქმნელები რომლებიც იმყოფებიან ოკეანის გაღმა და გამოღმა, რომელთაც სურთ ქვეყანაში არეულობა და სწორედ დესტაბილიზაციის ერთ-ერთ პაიკს წარმოადგენს ეს ცისკარიშვილი, რომელიც ყოველ ღონესა და ძალას ხმარობს, რომ აამღვრიოს წყალი და ამ ამღვრეულ წყალში დაიჭიროს მსუყე თევზები, რომელსაც თავის დროზე იჭერდა.

ჩვენ ვიცით, რა ისტორიები აქვს მას და ნუ შეგვახსნებინებს თავს. სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის შანსი არის ნულს მინუსი, ეს კაცი არის პოლიტიკური გვამი, დამთავრებულიაა. ვინც ცდილობს მის გაცოცხლებას, ისიც ხდება პოლიტიკური გვამი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ არანაირი იურიდიული და სამართლებრივი საფუძველი სააკაშვილი ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, არ არსებობს. გაანთავისუფლებს, ან შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი, აბსოლუტური მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ საქართველოს კანონმდებობა კრძალავას უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში.

„ეს ეხება ყველას და მათ შორის სააკაშვილსაც. ჯერ უნდა მოხდეს ისე, რომ სააკაშვილმა უნდა მიმართოს შესაბამის სამსახურს განცხადებით, აღუდგეს საქართველოს მოქალაქეობა, ამის შემდეგ პრეზიდენტმა მას უნდა აღუდგინოს მოქალქეობა და მხოლოდ ამის შემდეგ აქვს უფლება ჩაერთოს პოლიტიკაში.

მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, თემა უფრო სხვა რამეს ეხება. ეს არის პიარი და სამწუხაროდ, ვინ როგორ და რას აკეთებს, ვერ გეტყვით. ფაქტი ის არის, რომ ასეთი პიარი ხელს აძლევს „ქართულ ოცნებას“ და არა ოპოზიციას. ამიტომაც, ასეთი განცხადებები ხელს უწყობს ოპოზიციის დემორალიზაციას, რაც ხელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.