ოპოზიციის ხავერდოვანი რევოლუცია ანუ იარაღის გარეშე, თუ იარაღით - „რადგან უიარაღოდ ხალხის მობილიზაცია ვერ ხდება, არ გამოვრიცხავ, იარაღზეც ფიქრობენ“

ოპოზიციის ხავერდოვანი რევოლუცია ანუ იარაღის გარეშე, თუ იარაღით - „რადგან უიარაღოდ ხალხის მობილიზაცია ვერ ხდება, არ გამოვრიცხავ, იარაღზეც ფიქრობენ“

"ხელისუფლების შეცვლა იყო ოპოზიციის პროგრამის ნაწილი და შეცვლის ხერხი - რევოლუცია“, - ასე შეაფასა პოლიტიკურმა ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ For.ge-სთან საუბარში, პრეზიდენტის რეზიდენციაში მიმდინარე შეხვედრები, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით ხორციელდება.

რა საერთო გეგმა და ერთგვარი ფორმულა შეიძლება ჰქონდეთ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს, როგორ ფიქრობთ?

- შემთხვევითი არ იყო, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის ამ ნაბიჯს „ფანჩატური“ უწოდა. მანამდეც ჰქონდათ მსგავსი სხდომები, მაგრამ შედეგი ისეთივე იყო, როგორიც სხვა ეტაპზე. ოპოზიციამ შთამბეჭდავი გამარჯვებები ვერ მოიპოვა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს უფრო ფართო სპექტრი იყო. არ ვიცი, ახლაც რამდენად შედეგიანი იქნება. ზოგადად, ოპოზიციას ძალიან უჭირს გეგმის დადება. თუ მათი გეგმა ცნობილი იქნება, უფრო მარტივი იქნება პროგნოზირება.

ერთადერთი მკაცრი გეგმა ჰქონდათ - რევოლუცია. ხელისუფლების შეცვლა იყო მათი პროგრამის ნაწილი და შეცვლის ხერხი - რევოლუცია. რაც შეეხება საარჩევნო რეჟიმით ხელისუფლების შეცვლას, არ ჩანდა რითი უნდა მოიგონ ამომრჩვლის გული. ვფიქრობ, პრეზიდენტის რეზიდენციაში რევოლუციაზე საუბარი უხერხულია.

რამდენად აქვს ოპოზიციას დღეს რევოლუციის მოწყობის რესურსი? „ვარდების რევოლუცია 2“ გაიმეოროს და რამდენად არის მოსალოდნელი ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილი ჩართული იყოს?

- რამდენიმე კითხვის ნიშანი ჩნდება. „ვარდების რევოლუციის“ დროსაც, დარბაზში ხალხი შევიდა და იმ ხალხში ბევრი იყო იარაღიანი. იქ შეიარაღებული დაპირისპირება რომ დაწყებულიყო, ორივე მხარეს იყო იარაღი და სისხლი დაიღვრებოდა. ასე რომ, ასეთი ვარდისფერი „ვარდების რევოლუცია“ არ იყო.

უკრაინაში მყოფი სამხედროების მხრიდან, რომლებიც ძირითადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები არიან, გაჟღერდა მუქარა რომ პუტინის „ქართულ ოცნებას“ გარეკავენ, ფიზიკურ გარეკვაზეა საუბარი. ორი დღის წინ ვნახეთ, რომ საქართველოს გავლით ხდებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებების ტრანზიტი, იმ ასაფეთქებელის ნაწილი რჩებოდა საქართველოში. რაღაც ძალისმიერი კომპონენტებით მოქმედება ჯერ კიდევ არ არის გამორცხული, ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ შტოებს. ან ბევრი ხალხით უნდა გადააგდო ხელისუფლება ან ძალისმიერად. რევოლუცია ან ხავერდოვანია ანუ იარაღის გარეშე, ან იარაღით. მესამე ვარიანტი არ არის. რადგან უიარაღოდ ხალხის მობილიზაცია ვერ ხდება, არ გამოვრიცხავ, რომ იარაღზეც ფიქრობენ. ამასთან, ამოტივტივდა ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლის დატოვებაც საქართველოში იგეგმებოდა. ძალისმიერი მოქმედების სცენარის გამანეიტრალებელი არაფერი ჩანს.

არ არის გამორიცხული, პრეზიდენტთან ხავერდოვან რევოლუციაზე შეთანხმდნენ, მაგრამ შემდეგ მიმართონ ძალისმიერ რევოლუციას, როგორც 2003 წელს იყო, თუმცა, მაშინ იარაღი არ დასჭირდათ. თითქმის გამოვრიცხავ ასეთი ძალისმიერი მეთოდზე ფიქრობდეს სალომე ზურაბიშვილი, თუმცა საარჩევნო პოლიტიკური გეგმები აქვს ქალბატონ სალომეს.

არის თუ არა დღეს შესაძლებელი, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერად მოგვევლინოს, რაზეც ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბარი?

- არ არის გამორიცხული ძალისმიერმა მეთოდებმა თავი იჩინოს, რაშიც ზურაბიშვილი არ იგულისხმება და თავადაც არ დადგება. ამასთან, ლიდერობა ნიშნავს, რომ მან სხვები გვერდზე უნდა ჩაწიოს და თვითონ დადგეს ლიდერად.

აქვს ამის რესურსი ზურაბიშვილს, - იყოს ლიდერი?

- ამ მხრივ, ოპოზიციიდან ყველაზე დიდი რესურსი მიხეილ სააკაშვილს აქვს. მანამდე ის საუბრობდა მთლიანი ოპოზიციის გაერთიანებაზე, თუმცა, შემდეგ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბი გაკეთდეს და თავად უხელმძღვანელებსო. მთლიანი ოპოზიციის ლიდერობაზე მანაც კი უკან დაიხია, რადგან ოპოზიციურმა სპექტრმა განაცხადა, რომ ლიდერად სააკაშვილი აღარ უნდათ. ოპოზიცია მიხვდა, რომ ვინც სააკაშვილთან ან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დგება, ის ვერ იღებს ხალხის მხარდაჭერას. ოპოზიცია, რომელმაც სააკაშვილი არ მიიღო, სალომე ზურაბიშვილის მიღება გაუჭირდება.

საუბარია შუაშისტური ლიდერებზე. ვინ არის დღეს საქართველოში ასეთი ლიდერი? ვინ მიგაჩნიათ მესამე, ალტერნატიულ ძალად?

- როგორც ცალ-ცალკე ინდივიდზე, ხაზარაძესა და გახარიაზე თავიდანვე იყო მოლოდინი შუა ნიშას აიღებდნენ, მაგრამ ხაზარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით აირჩია ყოფნა. ანალოგიურად, გახარიამ კარგა ხანს, გადახრა გააკეთა „ნაციონალური მოძრაობისკენ.“ ეს გასაგებია, რადგან იქ არის ოპოზიციური ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა, მაგრამ მათ ასეთი ფაქტი ჩაიწერეს ბიოგრაფიაში. მესამე პოლუსად მათი წარმოდგენა მოსახლეობას უჭირს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ეცდება ყველა მისი ოპონენტი წარადგინოს „ნაციონალური მოძრაობის“ ვარიანტად.

პარტიამ რაღაც უნდა დადოს, რის მიმართაც ამომრჩეველს შეიძლება პოზიცია ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში, მესამე წერტილის დაკავება ამომრჩეველსაც შეუძლია და პარტიასაც.

Gami ამ კაცისგან ასეთი აბდაუბდა არ მომისმენია. ძაბირაძისკენ მიექანება.მ
2 თვის უკან