„რას ნიშნავს ივანიშვილი მოსკოვში უნდა გავაგდოთ?! სადმე კუნძულზე რომ წავიდეს, მერე რას შვრება ხაზარაძე? - გააგდე, გადმოაგდე, დასაჯე, ბარემ 30-იან წლებში დავბრუნდეთ“

„რას ნიშნავს ივანიშვილი მოსკოვში უნდა გავაგდოთ?! სადმე კუნძულზე რომ წავიდეს, მერე რას შვრება ხაზარაძე? - გააგდე, გადმოაგდე, დასაჯე, ბარემ 30-იან წლებში დავბრუნდეთ“

„აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მერე იქნება მოსკოვში“, - ასეთია მამუკა ხაზარაძის პოლიტიკური გზავნილი. „ლელოს“ ლიდერი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში რეპრესიებს აანონსებს და აცხადებს, რომ ივანიშვილი, რომელიც „ემსახურება კრემლს, პუტინის ინტერესებს საქართველოში, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა უზარმაზარი შანსები და აკეთებს რუსულ პოლიტიკას, უნდა იყოს რუსეთში, მოსკოვში“. თუმცა, „ლელოს“ არ დაუკონკრეტებია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში როგორ აპირებს პროკურატურის საქმიანობაში ჩარევას, რომ ვინმე გააძევოს ქვეყნიდან.

თუმცა, ეს არაა „ლელოს“ ერთადერთი საარჩევნო გზავნილი, რომელიც ქილიკის საფუძველი გახდა საზოგადოებაში. ქართველმა ამომრჩეველმა კარგად იცის, რომ ეს დაპირებაც ისეთივე უპრესპექტივოა, როგორც 1000-ლარიანი პენსია. ვიცე-პრემიერი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ რასაც მამუკა ხაზარაძე აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა იმას, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა და პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მამუკა ხაზარაძეს, არის სრულ სინქრონში.

„ე.წ. countdown ანუ, უკუთვლა, რომელიც არსებობს ხოლმე არჩევნებამდე, ხშირ შემთხვევაში, გამოიყენება ბევრი პარტიის მიერ, მაგრამ გამოიყენება იმისათვის, რომ განაცხადონ, თუ რას გააკეთებენ კონკრეტულ ვადაში, ვიდრე არჩევნები ჩატარდება. მამუკა ხაზარაძემ ეს ყველაფერი გამოიყენა იმისთვის, რომ გამოაცხადა რეპრესიები და როდესაც ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელახლა აამოქმედონ ის რეპრესიული მანქანა, რომელიც იყო 2012 წლამდე; ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ადამიანები გაყარონ სახელმწიფოდან და მეორე მხრივ დაუპირისპირდნენ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შეიძლება განსხვავებული აზრი ჰქონდეს და არ ემთხვეოდეს მათ აზრებს“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „ლელოს“ ლიდერის განცხადება გათვლილია იგივე კატეგორიაზე, ვისაც ივანიშვილზე აქვს მძაფრი რეაქცია და ესენი არიან ღია და ფარული ნაციონალები, თუმცა, ის კატეგორია, რომლებსაც უშალოდ ნაციონალებთან დადგომა არ უნდათ. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ეს არის ამომრჩევლის ის კატეგორია, რომელსაც სურს იყოს ნაციონალები, ნაციონალების გარეშე.

„ისინი ამ მოწოდებას აყვებიან, იმიტომ, რომ მათთვის მთავარია ძირითადი მტერი დაამარცხონ ივანიშვილის სახით. ამას რა მოყვება, ქვეყანას რა დაემართება, ეს მათთვის უკვე მნიშვნელოვანი არ არის. რაც შეეხება შედეგს, თუკი მაგ ფორმულიდან ამოვალთ, უნდა ივარაუდო, რომ ეს გათვლილია იმაზე, რომ ხალხმა არ აირჩიოს ხაზარაძე და მისი ხმები ივანიშვილთან წავიდეს. ხაზარაძის პოპულარობა ძალიან დაბალი იყო ბანკირის მიმართ დამოკიდებულების გამო და თვითონაც იცის, რომ იგივე დამოკიდებულება არ არის ივანიშვილის მიმართ და თან არ აქვს ამ ხალხს იმის მწვავე მოთხოვნა, რომ იავნიშვილი გაუშვან.

ვინ უნდა მოიყვანო - ხაზარაძე?! არ ტოვებს ეს ლოზუნგი იმის შთაბეჭდილებას, რომ შესწავლილი აქვთ საზოგადოებრივი აზრი - რა განცხადებას, რა შედეგი მოჰყვება. ეს, საერთოდ, ახასიათებს ოპოზიციას, რომელსაც ხშირად გონია, რომ მთელი ქვეყანა ოცნებობს ივანიშვილის გაშვებაზე. არადა თვითონ ოცნებობენ ივანიშვილის გაშვებაზე. დადონ რეალური დამოკიდებულების სურათი, იქიდან ამოვიდნენ და უფრო დამაჯერებელი იქნებიან“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოს ვაჟა ბერიძის შეფასებით, ხაზარაძეს ბიზნესშიც აქვს თავისი სტილი და პოლიტიკაშიც ცდილობს, რომ თავისი სტილი დაამკვიდროს. თუ დღევანდელობიდან ცოტა დისტანცირებას მოვახდენთ, რაღაცა ახალია და ის ცდილობს, რომ პოლიტიკაში თქვას ახალი სიტყვა და ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც იყო ბიზნესში, საბანკო სფეროში და ეს კარგია.

„იმიტომ, რომ ჩვენ შემოდომაზე ქართულ საზოგადოებას და დანარჩენ მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რომ არჩევნები, რომელიც ჩავატარეთ, იყო სამართლიანი, საყოველთაო და კონკურენტუნარიანი. ამ შეფასების გარეშე ვერ ვიქნებით კმაყოფილი ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირებით. აი, ამ თვალსაზრისით, სერიოზული პრობლემაა ქართულ პოლიტიკაში.

ჯერჯერობით, ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას სერიოზული კონკურენტი არ ჰყავს. მას ჰყავს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელთანაც შეჯიბრში ყოველთვის გამოვა გამარჯვებული. ან ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ივანიშვილი რამდენ ხანსაც მოინდომებს, იმდენ ხანს იქნება „ოცნება“ ხელისუფლებაში, ან უნდა შეიქმნას კონკურენტუნარიანი მოწინააღმდეგეები და არა მარტო ერთი“, - აცხადებს ბერიძე.

მისი თქმით, ამას სჭირდება ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი, ეს რესურსი კეზერაშვილის ფულით, რომელიც ნაციონალების მიერ ბიუჯეტის ძარცვით, კორუფციით და იარაღის საერთაშორისო ვაჭრობით არის მიღებული, არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კათარზისგანცდილი „ნაცმოძრაობა“ ივანიშვილის პარტიის საპირწონედ ჩამოყალიბდეს.

„მაშინ ვინ, ასე ვთქვათ, მამუკა ხაზარაძე, რომელსაც აქვს ფინანსური რესურსი, მის გარშემო არის საკმაოდ საინტერესო ინტელექტუალური რესურსი, იქნება და ჩამოყალიბდეს. მაგრამ, ის, რასაც ხაზარაძე და მისი პარტია აკეთებს, პოლიტიკისგან შორს არის და სწორი მიმართულება არ ჩანს. არც ყრილობაზე გამოჩნდა სწორი მიმართულებით, არც ის პუნქტებია სწორი, რომელიც ძირითადად, არის რაღაცა რუსოფობიის პრევალირებით ჩამოყალიბებული. არც ის არ მინდა გამომრჩეს, რომ არის რაღაცა პედალირება ხაზარაძის კომკავშირულ წარსულზე. ის მართლაც იყო ერთ-ერთი ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი ახლანდელ ტექნიკურ უნივერსიტეტში, გამორჩეული იყო მაშინაც და კარგად მახსოვს.

ხაზარაძის ეს ამბავი გათვლილია პრიმიტივზე, ობივატელზე, ჩვენს საცოდავ ამომრჩეველზე, რომელსაც შეიძლება პოლიტიკის სიღრმეში ჩახედვა არ შეუძლია. რას ნიშნავს ივანიშვილი მოსკოვში უნდა გავაგდოთ? ეს არის ყოვლად მიუღებელი. მე, პირადად ვიცნობ ხაზარაძეს და როგორც სერიოზულ ბიზნესმენზე, ისეთი წარმოდგენა მაქვს და ასეთი იაფ-ფასიანი ლოზუნგი მას არ ეკადრება. რას ნიშნავს გავადგოთ მოსკოვში და სადმე კუნძულზე რომ წავიდეს, მერე რას შვრება?!

მერე სხვა მოვა და იტყვის, რომ გავაძევოთ ხაზარაძე საქართველოდან, რომელიც საქართველოს მოსახლეობისთვის გაცემული ძვირი კრედიტებით გამდიდრდა. ისეთი ძვირი კრედიტებით, რომ მომგებიანობის კუთხით, ევროპაში მესამე ადგილზე იყო საქართველო საბანკო ბიზნესში. ეს ნიშნავს, რომ მდიდარი ადამიანების ფობია გვჭირს. არაა ეს მისაღები, სარფიანი და სასარგებლო. გააგდე, გადმოაგდე, დასაჯე, ბარემ 30-იან წლებში დავბრუნდეთ და ეგ არის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვაჟა ბერიძემ.

 

ცუგო- Ვაჟა ბერიძის შეფასება ხაზარაძის კომკავშირული წარსულზე 100% მართალი იქნება, იცის!
2 თვის უკან
Gami ხაზარაძის " სტილი" არის ყოველგვარი სტილის, ხედვის, გემოვნების და ჭკუის არ არსებობა! მაგის ნატრაკი არ გაიშვას: ჯაფარიძესთან, ნაცვლიშვითან, სამადაშვილთან, დოლენჯაშვილთან, უსუფაშვილთან და ა. აშ. ერთად. ჩანდალები!⁹
2 თვის უკან