„სააკაშვილმა უარი თქვა დემენციანი ადამიანის როლზე და გადავიდა პოლიტიკური ლიდერის როლზე, რაც მეეჭვება, ერთმანეთთან შეთავსებადი იყოს“

„სააკაშვილმა უარი თქვა დემენციანი ადამიანის როლზე და გადავიდა პოლიტიკური ლიდერის როლზე, რაც მეეჭვება, ერთმანეთთან შეთავსებადი იყოს“

„ვერ ვიტყვი, რომ რეალიზმის გრძნობა სააკაშვილს აქვს, რომელსაც რატომღაც ჰგონია, რომ რუსთაველის გამზირის გავსება პროტესტანტებით შესაძლებელია, ვერც იმას ვიტყვი, რომ რეალიზმის გრძნობა ჭარბად აქვს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, თავის დროზე მან შექმნა პარტია „გზა“, რომლის შექმნაც, ფაქტობრივად, არანაირად არ აისახა ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე. როცა ასეთი შეცდომები აქვს პოლიტიკოსს, მის დანარჩენ განაცხადებებსაც სერიოზული მნიშვნელობა არ ენიჭება“, - აცხადებს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.

სააკაშვილი გეგმავს, ნაცმოძრაობის ბორდს ჩაუდგეს სათავეში და ამ პარტიის პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის ხელმძღვანელად მოგვევლინოს. ეს უკვე მერამდენე მცდელობაა, პოლიტიკურად გააქტიურდეს ვივამედის პაციენტი, თუმცა ხელისუფლება ყოველი ამგვარი გააქტიურებისას შეახსენებს ხოლმე ექსპრეზიდენტს მისთვის არასასურველ პერსპექტივას - ციხეში გადაყვანის შესაძლებლობას და სააკაშვილიც მიყუჩდება ხოლმე. ამჯერადაც კონტრპროდუქტიული ხომ არ იქნება სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობა, მით უმეტეს, ნაცები შემჩნეულნი არიან, რომ მათთვის უფრო სასარგებლოა ვივამედში გამოკეტილი სააკაშვილი?

- თქვენი ბოლო პასაჟი ჩემთვის უფრო მისაღებია, რომ ნაცებს უფრო აწყობთ გამოკეტილი სააკაშვილი. რაც შეეხება იმას, რომ ხელისუფლებას შეუძლია აამოქმედოს სააკაშვილის წინააღმდეგ ციხეში გადაყვანის თემა, პოლიტიკოსები ხანდახან ოცნებობენ, რომ ხელისუფლებამ მათზე იძალადოს და ციხეში ჩასვას, რადგან მათი რეიტინგი ამით გაიზრდება. სააკაშვილს არ ეტყობა, რომ ის ციხისკენ მიისწრაფვის და არც მისი პარტიის წევრებს არ ეტყობათ ეს სწრაფვა. სააკაშვილი თავისი პოლიტიკური აქტიურობისთვის სასამართლო პროცესებს იყენებს და იმ სასამართლოზე ციხიდან წავა, თუ „ვივამედიდან“, რა მნიშვნელობა აქვს. თავისთავად საინტერესოა ის, რომ სააკაშვილმა უარი თქვა დემენციანი ადამიანის როლზე და გადავიდა პოლიტიკური ლიდერის როლზე, მეეჭვება, ეს შეთავსებადი იყოს, რადგან დემენციანი პოლიტიკური ლიდერი, ალბათ, იშვიათი მოვლენაა. გეთანხმებით, რომ მისივე პარტიის წევრებს არ უნდათ მიშა, რადგან ის დამატებითი ლიდერია. პოლიტიკა ხომ ბრძოლაა და ბრძოლაა ლიდერებს შორის, პარტიებს შორისაც და ადამიანებს შორისაც. ამ ფონზე სააკაშვილი საავადმყოფოდან იძახის, მე ვიქნები თქვენი უფროსი და ლიდერიო. მეეჭვება, მისი ეს მოწოდება გაიზიარონ.

ანუ ხელისუფლებამ ახლა რომ თქვას, სააკაშვილს ციხეში გადავიყვანთო, ამით სააკაშვილის აქტიურობას ვერ შეზღუდავენ?

- ხელისუფლება თუ უჭკუოა, უნდა გადაიყვანოს ციხეში, ხოლო თუ ოდნავ საღი აზრი შერჩენია, უნდა ჰყავდეს ასე, გაუგებარ მდგომარეობაში ურეიტინგო ფიგურად. ხომ ვხედავთ, სააკაშვილის მხარდამჭერერები „ვივამედთანაც“ არ იკრიბებიან.

ამის მიუხედავად, სააკაშვილს მოლოდინი აქვს, რომ რუსთაველი ხალხით გაივსება. როგორ ფიქრობთ, ეს მისი გამოუსწორებელი თვითრწმენაა, თუ ვიღაც აწვდის მას მცდარ მონაცემებს, თითქოს მის ერთ დაძახილზე რუსთაველი შეივსება?

- სააკაშვილს ვინმეს მიერ მცდარი ინფორმაციის მიწოდება სჭირდება იმისთვის, რომ ასეთ ფანტაზიებზე არსებული დებულება ააგოს?! 2008 წელს მან ომი იმ იდეით დაიწყო, რომ რუსეთს დაჟანგული იარაღი აქვს და მოსკოვამდე მივალთო. ამის შედეგები ცნობილია.

რამდენად ეხმარება ამ საქმეში სააკაშვილს ზურაბიშვილი, როგორც ამას აცხადებს კობახიძე, რომ მათ შორის ღია ალიანსი იკვეთება? სააკაშვილი ურჩევს ზურაბიშვილს, პროცესები ქუჩაში გადაიტანოს, ზოგიერთი იმასაც ფიქრობს, რომ სააკაშვილი და ზურაბიშვილი მესიჯებით ცდილობენ ერთმანეთის გამხნევებას და შემთხვევითი არ არის დამთხვევები სახალხო პლატფორმის შექმნის შესახებ.

- თქვენი კითხვა რომ სხვანაირად დავსვათ, რას ვხედავ იმაში, რომ სააკაშვილი და ზურაბიშვილი დამთხვეულები არიან? ცხადია, ვერ ვიტყვი, რომ რეალიზმის გრძნობა სააკაშვილს აქვს, ვერც იმას ვიტყვი, რომ რეალიზმის გრძნობა ჭარბად აქვს ზურაბიშვილს. თავის დროზე ზურაბიშვილმა შექმნა პარტია „გზა“, რომლის შექმნაც, ფაქტობრივად, არანაირად არ აისახა ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე, ანუ ზურაბიშვილმა ვერ მოახერხა ამ პოლიტიკური ჯგუფის გამყარება. როცა ასეთი შეცდომები აქვს პოლიტიკოსს, მის დანარჩენ განაცხადებსაც სერიოზული მნიშვნელობა არ ენიჭება. ამდენად, პლატფორმის შესახებ ზურაბიშვილის განაცხადს სერიოზული მნიშვნელობა არ მივანიჭე. სხვათა შორის, მეორე დღეს ზურაბიშვილმა დაუმატა თავის განაცხადს, რომ ხელისუფლებასაც ვეპატიჟებიო. ეს განცხადება სწორი იყო, რადგან პრეზიდენტია და ყველა პარტიის მიმართ ერთნაირი უნდა იყოს. თუმცა ისიც ფაქტია, რომ პირველ დღეს, ძირითადი მოხსენების დროს, მან ოპოზიციისკენ გადახარა მთელი თავისი რიტორიკა. ორ დღეში რომ პოზიცია შეეცვლება ადამიანს, შეიძლება მის პოლიტიკურ პოზიციებზე სერიოზული მსჯელობა?

თქვენ ახსენეთ ზურაბიშვილის მიერ უპერსპექტივოდ შექმნილი პარტია გზა, სხვათა შორის, გოგა ხაინდრავამ ზურაბიშვილს მენშევიკური აზროვნება დაუწუნა და, ალბათ, აქ იგულისხმა წამგებიანი აზროვნება, საქართველოდან გაქცევაზე ორიენტირებული აზროვნება. სულ ახლახანს პრეზიდენტს ისიც შეახსენეს, რომ მისი წინაპრები გაიქცნენ საქართველოდან. ნამდვილად აქვს პრეზიდენტს მენშევიკური აზროვნება, რომ საქართველო შეატოვოს მომხდურ ძალას, ამ შემთხვევაში, შიდა მომხდურები იგულისხმება - ნაციონალები, ანუ ზურაბიშვილის გზა ჩიხურ გზამდე მიგვიყვანს?

- მართალი ბრძანდებით, ეპითეტები უკვე პოლიტიკური ჟღერადობისაა, რა თქმა უნდა, მენშევიკური გზა უკვე გინებად ისმის. ფაქტია, მენშევიკებმა მთელი განძი დატვირთეს გემებზე, წაიღეს ეს განძი და წავიდნენ უცხოეთში. სხვათა შორის, ექვთიმე თაყაიშვილმა მხოლოდ იმ განძის ნაწილი ჩამოიტანა, დანარჩენი სად გაქრა, კაცმა არ იცის. ასე რომ, მენშევიკების იდეალიზაცია, რასაც ცდილობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თითქოს ეს „ემიგრაციაში მყოფი საქართველოა“, მე მგონი, ითხოვს გადახედვას, გადასინჯვას, კრიტიკულ შეფასებას. ეს იმ მენშევიკებზეა ლაპარაკი, რომელთა საქართველოში მოღვაწეობის ობიექტური შეფასებაც ჯერჯერობით არ მომხდარა მხოლოდ იმიტომ, რომ კომუნისტების გული არ გაეხარებინათ. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, მასთან ეს მენშევიკური წარსული თამაშობს როლს, თუ თვითონ ზურაბიშვილის წარსული, ეს არის გასარკვევი. მას საკმაოდ კარგი სამსახურეობრივი ბიოგრაფია ჰქონდა უცხოეთში და არ არის გასაკვირი, ადამიანი, რომელმაც საკმაოდ კარგი პოზიციები დაიკავა უცხოეთის პოლიტიკურ სტრუქტურებში, ფიქრობდეს, დაუბრუნდეს ისევ იმ უცხოეთს, საქართველოში მას რეიტინგი არ აქვს, ამიტომაც ვახსენე პოლიტიკური ჯგუფი „გზა“, რომელიც მან ვერ გახადა ლიდერი და ვერც თვითონ გახდა ლიდერი, როგორც პიროვნება. ივანიშვილმა მოჰკიდა ხელი და დასვა ლიდერად, მაგრამ თვითონაც ხომ უნდა ჰქონდეს რეალობის გრძნობა? ჩამოვა საპრეზიდენტო სავარძლიდან და ისევ აღმოჩნდება ურეიტინგო ფიგურად. ამიტომ, მე მგონი, ის უცხოეთზე აიღებს ორიენტაციას და დანარჩენი ვერსიები საქართველოში მისი პერსპექტივების შესახებ მეტისმეტად ქართული ვერსიებია.

ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ბილბორდებზე ივანიშვილის გარდა კობახიძის სურათებიც იყო განთავსებული. ამის მიუხედავად, როდესაც ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა კობახიძის დანიშვნას პრემიერად, მან თქვა, რომ კობახიძის დანიშვნას დათანხმდა იმიტომ, რომ სტიქიასთან საბრძოლველად არ შექმნილიყო დაბრკოლება. რამდენად მოსაწონია ასეთი ცინიკური დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, ვისი დახმარებითაც გცნობდნენ ბილბორდებზე?

- ეს ორი ფიგურა, უფრო ზუსტად, მესამეც, ირაკლი ღარიბაშვილიც, ებრძვიან და ებრძოდნენ ერთმანეთს და ბრძოლის დროს რას არ იტყვიან ადამიანები. ეს არის ნათქვამი გაბრაზებულ გულზე. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ვერ იტყოდა, მივესალმები კობახიძის დანიშვნას, რადგან იქამდე ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ჰქონდა, ეს ჩვენი პრეზიდენტი არ არისო. ამიტომაც ქალბატონმა პრეზიდენტმაც არ ისურვა ასეთი ფორმულირების გაკეთება, რომ კობახიძეს პრემიერად ვაღიარებო. ამიტომ არჩია ასეთი ფორმულირება-სტიქიის პერიოდში ნუ დავტოვებთ ქვეყანას პრემიერის გარეშეო.