„პრეზიდენტს არანაირი ბერკეტი არ აქვს ხელი შეუშალოს პრემიერის დანიშვნას - დასავლეთში ყველამ იცის, რას ნიშნავს საპარლამენტო მმართველობა და არასერიოზულად მიიღებენ მის წინააღმდეგობას“

„პრეზიდენტს არანაირი ბერკეტი არ აქვს ხელი შეუშალოს პრემიერის დანიშვნას - დასავლეთში ყველამ იცის, რას ნიშნავს საპარლამენტო მმართველობა და არასერიოზულად მიიღებენ მის წინააღმდეგობას“

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ირაკლი კობახიძეს და მის მიერ წარდგენილ მთავრობას. ამ პროცესში პრეზიდენტის როლზე თუ გავამახვილებთ ყურადღებას, კონსტიტუცია გვეუბნება, რომ მას სამართლებრივი ბერკეტი, ახალი პრემიერ-მინისტრობის დანიშვნას ხელი შეუშალოს, არ აქვს. კერძოდ, როგორც კონსტიტუციონალისტები განმარტავენ, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებიდან 2 დღის ვადაში, სალომე ზურაბიშვილმა ხელი უნდა მოაწეროს ირაკლი კობახიძის დანიშვნას. იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი ახალ პრემიერს ნდობას არ გამოუცხადებს, პრემიერ-მინისტრი მაინც ჩაითვლება დანიშნულად.

საუბარია იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბიშვილმა კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას შესაძლოა, ხელი არ მოაწეროს, რაც იქნება პრეზიდენტის ერთგვარი შურისძიება მმართველი პოლიტიკური გუნდის წინააღმდეგ. ამაზე ფიქრის საფუძველს გვაძლევს ის პოლიტიკური ატმოსფერო, რაც ამ დროისთვის სახეზე გვაქვს, - „ქართული ოცნების“ ლიდერებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაპირისპირება.

კონსტიტუციონალისტი და პოლიტიკის ექსპერი, ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს იმ პროცესს, რაც ხელის არმოწერის შემთხვევაში გველოდება. მისი თქმით, პრეზიდენტის უარს შედეგი არ ექნება, რადგან ახალი პრემიერი ამ თანამდებობაზე მაინც დაინიშნება. ძაბირაძის განცხადებით, მსგავსი ნაბიჯი წამგებიანი იქნება თავად სალომე ზურაბიშვილისთვის.

„თუ პრეზიდენტი არ აწერს ხელს, გარკვეული დროის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის. პრეზიდენტს არანაირი ბერკეტი არ აქვს ხელი შეუშალოს პრემიერის დანიშვნას. ეს ხელმოწერა წმინდა ფორმალურ ხასიათს ატარებს. პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ის ძალაში უნდა შევიდეს, მიუხედავად იმისა, პრეზიდენტი რა ხასიათზე იქნება და რას გააკეთებს.

ვფიქრობ, რომ ხელს მოაწერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება ყველასთვის გაუგებარი იქნება, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, ვინც, მეტ-ნაკლებად, პატივს სცემს პრეზიდენტს თუ პრემიერის ინსტიტუტს. აქ პიროვნებებზე არაა საუბარი, ლაპარაკია ინსტიტუტების პატივისცემაზე. ამით არაფერი იცვლება. სხვა მხრივ, პრეზიდენტს შეუძლია განცხადება გააკეთოს, რომ მთავრობა არ მოსწონს და ხელი არ მოაწეროს, თუმცა, ეს უპირველეს ყოვლისა, მის რეიტინგზე იმუშავებს უარყოფითად“, - აღნიშნა ძაბირაძე.

მისი შეფასებითვე, „დასავლეთში ყველამ იცის, რას ნიშნავს საპარლამენტო მმართველობა და ასეთ შემთხვევაში, არასერიოზულად მიიღებენ ამ ნაბიჯს“.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მიუხედავად ხელის არმოწერისა, პრემიერი ამ თანამდებობაზე დანიშნულად ჩაითვლება. როგორც მან თქვა, პრეზიდენტს შეუძლია განაცხადოს, რომ ირაკლი კობახიძე და მისი გუნდის მიმართ ნდობის გამოცხადების პროცესში კონსტიტუცია დაირღვა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ამ საკითხს სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.

„როგორც კი ეს ვადა ამოიწურება, თუ პრეზიდენტმა არ მოაწერა ხელი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას, პრემიერ-მინისტრი ჩაითვლება დანიშნულად და არავითარი დამატებითი აქტის გამოცემა ან რაიმე გადაწყვეტილების მიღება საჭირო არ იქნება.

ხელის არმოწერა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ კანონი დაირღვა და პარლამენტმა კანონის დარღვევით გამოუცხადა ნდობა, ამ შემთხვევაში შესაძლოა, არ მოაწეროს ხელი. თუკი ასეთი რამ მოხდა, უნდა გასაჩივრდეს პარლამენტის მოქმედება საკონსტიტუციო სასამართლოში და მან მიიღოს გადაწყვეტილება. ასეთი რამ ძალიან იშვიათად შეიძლება მოხდეს.

სხვა საფუძველი ხელის არმოწერისა შეიძლება იყოს წმინდა პოლიტიკური საფუძველი და ასეთი მოქმედებით პრეზიდენტი აცხადებს თავის უარყოფით დამოკიდებულებას კონკრეტული პრემიერი-მინისტრისა და მის მიერ წარდგენილი მთავრობის მიმართ. თუმცა, ამას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. ეს იქნება მხოლოდ პრეზიდენტის პირადი პოზიციის გამოხატვა. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებს შორის არსებობს პოლიტიკური წინააღმდეგობა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ For.ge-სთან.

ეს პროცესი მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ ოფიციალურად წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის კანდიდატურა. ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღაბირაშვილი კი მმართველი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

აქვე შეგახსენებთ, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, პრემიერობის კანდიდატს პარტიის საპატიო თავჯდომარე წარადგენს. პარტიის საპატიო თავმჯდომარედ კი ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს 2023 წლის 30 დეკემბერს.

 

Gami ძანირაძე-ხმალაძე ლობიოს კონსტიტუციონალისტები.
2 თვის უკან