„ზურაბიშვილმა მშვენივრად იცის, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერ მოდის, პრეზიდენტობიდან არც გადადგა, რადგან ცდილობს, ქვეყნის გარეთაც არ დაკარგოს კარიერის გაგრძელების შანსი“

„ზურაბიშვილმა მშვენივრად იცის, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერ მოდის, პრეზიდენტობიდან არც გადადგა, რადგან ცდილობს, ქვეყნის გარეთაც არ დაკარგოს კარიერის გაგრძელების შანსი“

სალომე ზურაბიშვილმა, 6 თებერვალს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, როდესაც ოპოზიციას ერთიანი „ევროპული პლატფორმის“ შექმნა შესთავაზა, გაჩნდა მოსაზრება, რომ მას ერთიანი ოპოზიციის ლიდერობის ამბიცია გაუჩნდა. არც იმას გამორიცხავენ, მან პრემიერის ან პრეზიდენტის კანდიდატობის სურვილი გამოთქვას.

ეს ეჭვები მას შემდეგ უფრო გამყარდა, რაც მეხუთე პრეზიდენტის გამოსვლას მესამე პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი „ვივამედიდან“ გამოეხმაურა და თქვა, რომ „ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმდნენ!“ ბევრმა ეს ზურაბიშვილისთვის შეთავაზებად გაიგო, რომ სწორედ ის გახდეს ოპოზიციის ერთიანი საპრეზიდენტო კანდიდატი.

თუმცა, თავად ოპოზიციაში ამ იდეამ დიდი გამოხმაურება არ ჰპოვა. პრეზიდენტის შეხვედრიდან გამოსულმა „გრიჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არ არის პრეზიდენტობის კანდიდატის თემა ისეთი მარტივი საკითხი, რომელიც შესაძლოა ასე უცბად განიხილონ.

„არ გამოვა ასე, დღეს დაიყვირო და თქვა, რომ ეს იქნება კარგი პრეზიდენტი. არასერიოზული მგონია ეგ ამბავი“,-ამბობს ჯაფარიძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი დარწმუნებულია, 2024 წელს კოალიციური მთავრობა იქნება, ამიტომ მიიჩნევს, მთავრობის ფორმირებაზე ოპოზიციასთან საუბარი ახლავე უნდა დაიწყოს.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესების და სურვილების მიხედვით მოქმედებს. ჩიტაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილი არის მედროვე პოლიტიკოსი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას საკუთარი მიზნების და ამბიციებისთვის გამოიყენებს.

„ახლა სჭირდება პროდასავლურობის მანტია მოისხას და ვითომ ნეიტრალური ლიდერის ამპლუაში ოპოზიციის ლიდერობა სურს. ადრე ივანიშვილი არ იყო ოლიგაქრი და ფორმალური მმართველი, როცა პრეზიდენტობა უნდოდა?! ახლა გაიგო, რომ ის თურმე ქვეყანას ფორმალურად მართავს და ა.შ?! არადა, ოღონდ საპრეზიდენტო არჩევნებში გაემარჯვა, ბილბორდზე მის მაგივრად ივანიშვილის გამოჩენაც არ უთაკილია. ასევე მოიქცა მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში იყო. საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტს არ ემორჩილებოდა. მაშინაც ოპოზიციურ ფლანგზე გადავიდა. ახლაც იგივე სცენარის გათამაშებას ციდლობს. რა თქმა უნდა, მას სურს ქართულ პოლიტიკაში ისევ დარჩენა და პრეზიდენტობის ან პერმიერობის თანამდებობაზე ნაკლებს არ დათანხმდება. ასე მოითხოვა პრემიერობა მაშინაც, როცა ლევან გაჩეჩილაძე იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს. თუმცა, საერთოდ არაფრის აზრზე არ იყო, მაგრამ ამბიციები ჰქონდა. ახლა დასჭირდა და პროევროპული ლიდერი გახდა, ადრე სჭირდებოდა და მძინარე ცხინვალის დაბომბვა საქართველოს დააბრალა. ადრე პრორუსული ლიდერი იყო, ახლა სჭირდება და პროევროპული ლიდერი გხდა. ხედავს საზოგადოებაში მსგავსი ლიდერის მოთხოვნაა და ამ მანტიით შეიმოსა. მე, მაგალითად, ოპოზიციის ადგილას მას არ ვენდობოდი. ნებისმიერ დროს შეუძლია პოზიციის ცვლილება და ისე შემოტრიალება ყველაფრის, როგორც თავად უნდა“, - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

მისივე თქმით, ზურაბიშვილმა კარგად იცის, რომ გადადგეს პრეზიდენტობიდან, იმ ღირებულებას დაკარგავს, რაც ამ პოსტის მეშვეობით აქვს, ამიტომ ცდილობს ეს თანამდებობა მაქსიმალურად გამოიყენოს. მისი აზრით, ოპოზიცია დიდ შეცდომას დაუშვებს, თუკი მას საერთო ან პრეზიდენტობის ან კიდევ პრემიერობის კანდიდატად დაასახელებს. თუმცა, ჩიტაძე მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილთან დაკავშირებით ოპოზიციაში ერთიანი დამოკიდებულება არ არსებობს, ამიტომ ზურაბიშვილის მცდელობა უშედეგო იქნება.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე მბობს, რომ შესაძლოა, ასეთი ამბიციები ჰქონდეს სალომე ზურაბიშვლს, მაგრამ მან ასევე კარგად იცის, რომ ეს ოპოზიცია, ამ მოცემულობით ხელისუფლებაში ვერ მოვა. ამიტომ საყვარელიძე for.ge-სთან ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციის მხრიდან, პრემიერობის ან პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას, შესაძლოა, არც დათანხმდეს.

„ზურაბიშვილმა მშვენივრად იცის იმ კვლევების შედეგები, რომლის მიხედვითაც ოპოზიცია ხელისუფლებაში ვერ მოდის. აქ კოალიციურ მთავრობაზეც კი არ არის საუბარი. ოპოზიცია ამ მოცემულობით, რასაც ახლა ვუყურებთ, ძალიან ცუდ სიტუაციაში იმყოფება. ამიტომ უკვე წაგებულ თამაშში ზურაბიშვილს რატომ უნდა უნდოდეს შესვლა, ვერ ვიგებ. სააკაშვილის განცხადებას რაც შეეხება, მის ამ ნათქვამს ოპოზიციის დიდი ნაწილი არც იზიარებს. ამიტომ, მე მაინც ნაკლებად მგონია, რომ თავად ზურაბიშვილს ჰქონდეს ამის სურვილი. ვხედავთ, რომ პრეზიდენტობის პოსტიდან არც გადადგა, რადგან ის თავს იზღვევს და ამით ცდილობს ქვეყნის გარეთაც არ დაკარგოს კარიერის გაგრძელების შანსი.

მას არ აქვს რეიტინგი, ჯერ პრეზიდენტს რა რეიტინგი აქვს, ეგ ცალკე საკითხია და ახლა, ამ პოსტის გარეშე მისი რეიტინგი არაფერი იქნება. ამიტომ მაინც მგონია, რომ ის ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს და თან არ სჯერა ამ ოპოზიციის გამარჯვების, დასავლეთისკენ იყურება და უფრო იმედი აქვს, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას იქ გააგრძელებს“, - ამბობს საყვარელიძე.