„სააკაშვილს რამე რომ სჭირდეს, ორ ბავშვს არ გააკეთებდა „ვივამედში“, დარწმუნებული ვარ, კობახიძე გააკეთებს იმას, რაც იქნება „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“

„სააკაშვილს რამე რომ სჭირდეს, ორ ბავშვს არ გააკეთებდა „ვივამედში“, დარწმუნებული ვარ, კობახიძე გააკეთებს იმას, რაც იქნება „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“

რას უპირებს ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილს? ფაქტია, რიტორიკის დონეზე ირაკლი კობახიძე, წინამორბედი პრემიერის მსგავსად, არ წყალობს სააკაშვილს. ერთ-ერთი ბოლო კომენტირებისას კობახიძემ, ფაქტობრივად, მიანიშნა კიდეც, რომ სააკაშვილი შეთქმულების მონაწილეა, რადგან საქართველოში როცა ჩამოვიდა, უკვე საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ირაკლი კობახიძის აზრით, ეს ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის მიზანი იყო საქართველოს უკრაინიზაცია.

ციხეში სააკაშვილის გადაყვანის შესაძლო ვარიანტი აფრთხობთ მასთან დაახლოებულ ადამიანებს. კონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია ამბობს, თუ სააკაშვილი საპატიმროში გადავა, რამდენიმე კვირაში იმ სტატუსს დაუბრუნდება, რაც 6-7 თვის წინ ჰქონდა. გრიგოლიას თქმით, მართალია, სააკაშვილმა წონაში 7-8 კილო მოიმატა, მაგრამ მისი ფსიქო-ნევროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის.

რას აპირებს თავად პაციენტი-პატიმარი?! სააკაშვილი ირწმუნება, რომ ამ არჩევნებში „ოლიგარქს კლანჭებიდან გააგდებინებს საქართველოს“ და მალე ამ ბრძოლაში საკუთარ ადგილს საბოლოოდ გამოკვეთს.

„ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ. ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის“, - ამბობს სააკაშვილი.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ იზიარებს ირაკლი კობახიძის მოსაზრებას, თითქოს სააკაშვილი არაჟნის კონტრინერით ისეთი ჩანაფიქრით გადმოვიდა საქართველოში, რომ უკრაინის ომის წინ ვითარება აერია და ამით უკრაინას დახმარებოდა. ანალიტიკოსის აზრით, ამ შემთხვევაში, როგორ კომიკურადაც „სმეტანის“ კონტეინერი გამოიყურება, ისეთივე კომიკური იყო სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის მოტივებიც და შეთქმულების თეორიაზე მსჯელობა აქ ზედმეტია.

„კობახიძეს უყვარს ხოლმე შეთქმულების თეორიის ჩამოკიდება ამა თუ იმ ფიგურაზე. რაც შეეხება მიშას მიმართ ირაკლი კობახიძის დამოკიდებულების გაგრძელებას, მეეჭვება, აქამდე რა დამოკიდებულებაც იყო მმართველი პარტიისა და აღმასრულებელი სტრუქტურების მხრიდან, ეს ყოფილიყო ღარიბაშვილის დამოკიდებულების ანარეკლი სააკაშვილის მიმართ, რადგან მიშას მიმართ ურთიერთობის წესი იმდენად რთული საკითხია და პოლიტიკურად იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ერთი ადამიანის გადაწყვიტილება არ იქნება საკმარისი. ასევე, ირაკლი კობახიძის გადაწყვიტილება არა მგონია, საკმარისი აღმოჩნდეს მიშასთან მიმართებით. ენდომება თუ არა კობახიძეს სააკაშვილის გადაყვანა ციხეში, ეს მის სურვილზე დამოკიდებული არაა. ალბათ, ბევრნი არიან ასეთი სურვილის მქონენი, რომ სააკაშვილი გადავიდეს ციხეში და მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც ეკუთვნის, მაგრამ მთელი რიგი პოლიტიკური მოტივების გამო არ ჩქარობენ ამ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან სააკაშვილისთვის პირობების გამკაცრება კრიტიკის საფუძველს მისცემს ჩვენს მეგობრებს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე დღევანდელი ხელისუფლებისგან პირდაპირ მოითხოვს, „ეს თაღლითი და პოლიტიკური ავანტიურისტი - მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არაფერი არ სჭირს, გადაიყვანონ ციხეში“.

„სააკაშვილს რამე რომ სჭირდეს, ორ ბავშვს არ გააკეთებდა „ვივამედში“. ალბათ, ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, სააკაშვილის ციხეში გადაყვანა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იქნება. დარწმუნებული ვარ, კობახიძე გააკეთებს იმას, რაც იქნება „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“, - აღნიშნა ედიშერ გვენეტაძემ ჩვენთან საუბრისას.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილს უჭირს იმის დაკონკრეტება, რა პერსპექტივა ელის სააკაშვილს ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ. მისი აზრით, კობახიძეზე ეს ნაკლებად იქნება დამოკიდებული.

„ირაკლი კობახიძესთან პიროვნული ურთიერთობა მქონია და ვფიქრობ, ის ყველანაირად ეცდება, დისტანცირდეს ამისგან და მასზე არანაირად არ იყოს დამოკიდებული სააკაშვილის მდგომარეობა ციხეში, თუ „ვივამედში“. ეს უნდა გადაწყვიტონ პროფესიონალებმა, რომ, ერთი მხრივ, სასჯელის აღსრულებას არ შეექმნას პრობლემა, რადგან სააკაშვილი მსჯავრდებულია და, მეორე მხრივ, პრობლემა არ შეექმნას მის ჯანმრთელობას“, -აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას.