დასავლეთი სააკაშვილის გასამართლებას ელოდება, საქართველო - არ ჩქარობს

დასავლეთი სააკაშვილის გასამართლებას ელოდება, საქართველო - არ ჩქარობს

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე დასავლურ მედიაში გაჩნდა კითხვა, საპრეზიდენტო იმუნიტეტის გაუქმების შემდეგ დაიწყება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამართლებრივი დევნა. მსგავს თემაზე ცოტა ხნის წინ კარნეგის მშვიდობის ფონდის ექსპერტმა თომას დე ვაალმა ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით უცხოეთში გაურკვევლობა, გრძელდება, თუმცა მთლიანობაში - საქართველოს დასავლელი პარტნორები ძალიან ბედნიერი არიან საქართველოს გარდამავალი ეტაპით და მიღწეული პროგრესით. ეს განსაკუთრებით ევროკავშირთან ურთიერთობებში საქართველოს მოლაპარაკებებს შეეხება.

„თუმცა, არჩევნების შემდეგ მთავარი იქნება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მოხდება თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილის გასამართლება, რასაც შესაძლოა, დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვეს“, - აცხადებს თომას დე ვაალი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში.

 ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამგვარ განცხადებებსა და ვარაუდებს არასერიოზულად აღიქვამს. მისი შეფასებით, თუ ვინმეს შეეპარება ეჭვი რომელიმე პირის მონაწილეობაში ამა თუ იმ დანაშულში, კეთილი უნდა ინებოს, ჯერ საქმის მსვლელობას გაეცნოს, და მერე აკეთოს განცხადებები.

სოსო ცისკარიშვილი: „სრულიად ლეგიტიმური იქნება, თუ თითქმის მივიწყებული კითხვა: საქართველოს უფროსი ძმა - ასეთი თანამდებობა გაუქმებულია, ვაკანტურია თუ დაკავებულია? - ხელახლა დაისვას და ეგებ ამ კითხვაზე პასუხი თქვენს მკითხველში მაინც მოიპოვოთ.

სააკაშვილის მიმართ არც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ მსმენია რამე და არც რაიმე მკაფიო ბრალდების შესახებ, ამიტომ რა ბატონი ვაალის საქმეა, საქართველოში ვის დაიჭერენ და ვის არა. კიდევ ვიმეორებ, თუ მას აქვს რაიმე ინფორმაცია, რომ ანგელოზს ეშმაკის მოციქულობაში სდებენ ბრალს, შეუძლია, საქართველოს საზოგადოებას გააცნოს. თუ არა და დარწმუნებული ვარ, საკუთარ სამშობლოშიც არაერთი პრობლემა ექნება იმისათვის, რომ იქ დახარჯოს თავისუფალი დრო“.

გულისხმობს თუ არა სამართლიანობის აღდგენა სააკაშვილის გასამართლებასაც, კოაბიტაციით გართულ ხელისუფლებას როგორც ჩანს, უკვე ნაკლებად აინტერესებს. ხალხს კი საკუთარი პოზიციის გამოხატის საშუალება მხოლოდ არჩევნების დღეს აქვს. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, საპრეზიდენტო არჩევნებზე საზოგადოებამ ამ პოზიციის პირდაპირპროპორციულად გამოხატოს საკუთარი არჩევანი.

მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან გასტუმრებამ იმხელა ქაოსში გადაზარდა პოლიტიკური პროცესები, შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოს სამართლიანობის აღდგენისთვის არ სცალია.

ექსპერტი ნანა დევდარიანი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტები კი არსებობს, მაგრამ საქართველოში სააკაშვილის გასამართლების წინაპირობას ვერ ხედავს.

ნანა დევდარიანი: „პრეცედენტები არსებობს, და მათ შორის მოქმედ პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებთან დაკავშირებითაც. მარტო ისრაელის მაგალითი კმარა ამისთვის.

რაც შეეხება წინაპირობებს, მე ვერ ვხედავ ამის საფუძველს დღევანდელ საქართველოში. ბიძინა ივანიშვილმა ისევ გააკეთა განცხადება, რომ ევროპელები არ გვირჩევენ, სამართლიანობის აღდგენის პეროცესი გაგრძელდესო. ერთი წელი გავიდა და ამ დროის განმავლობაში ორი მაღალჩინოსნის გარდა არავის არ შეხებიან და საერთოდ, სამართლიანობის აღდგენა შორს წაგვიტყვენსო იძახიან“.

ასეთ ფონზე ნანა დევდარიანი არ ელოდება ისეთ გახმაურებულ პროცესს, რომელიც დასავლეთის ყურადღების სპექტრში მოექცევა, თუმცა თვლის, რომ წესიერ ქვეყანაში ასეც უნდა ხდებოდეს, მაგრამ მისი თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატებიდან, ყოფილი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხზე, მხოლოდ ბურჯანაზე ლაპარაკობს, ხოლო უმრავლესობის საპრეზიდენტო კანდიდატი საერთოდ არ ეხება ამ თემას.

მართალია საქართველოს ჯერ სხვა პრობლემები აქვს გადასაჭრელი, მაგრამ საინტერესოა, თუ დაიწყება პროცესი სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს საზიანო იქნება ქვეყნის იმიჯისთვის დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე თუ გამოძიება იმდენად ძლიერ მტკიცებულებებს წარმოადგენს, რომ კითხვები არც საქართველოში გაჩნდება და არც უცხოეთში.

ნანა დევდარიანი თვლის, რომ თუ ასეთი რამ მართლაც მოხდა, დასავლეთიდან შესაბამისი რეაქცია მოსალოდნელია, რადგან ათი წლის განმავლობაში სააკაშვილმა და მისმა გუნდმა ბევრი მეგობარი შეიძინა დასავლეთში ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

„ზოგიერთი მათგანი პირდაპირ თანხით შეიძინეს და ამით აიხსნება ის განცხადებები, რაც პერიოდულად კეთდება-ხოლმე. მაგრამ ეს არ არის მთელი დასავლეთი. დასავლეთში არიან ძალები, რომლებიც სააკაშვილს საკმაოდ ნეგატიურად აღიქვამენ. თუმცა ვერ ვხედავ, რომ ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობდეს“, - აცხადებს დევდარიანი.

სამართლიანობის აღდგენის კუთხით მოდუნება ხელისუფლების სასარგებლოდ რომ არ მუშაობს, ეს მმართველმა ძალამაც კარგად იცის. თუმცა საინტერესოა, რაიმე გაგრძელება მოჰყვება თუ არა საზოგადოების მხრიდან დანაშულში ეჭვმიტანილი ხელისუფლების დაუსჯელად დატოვებას. ხალხი თვლის, რომ მარგველაშვილის დაპირებული კოაბიტაციის დამთავრება ყოფილი ხელისუფლების მიმართ სასამართლო პროცესების წამოწყებას გულისხმობს, მაგრამ რა მოხდება არჩევნების შემდეგ, როგორც ექსპერტი ვაჟა ბერიძე თვლის, ამაზე მსჯელობა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, როდესაც ახალი პრეზიდენტისა და მთავრობის მეთაურის დანიშვნის შემდეგ პოლიტიკური პროცესები გადალაგდება.

ვაჟა ბერიძე თვლის, რომ საეროდ, დასავლეთს აქვს მკაფიო პოზიცია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება სურვილში, რომ ქვეყანამ არ შეცვალოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი და ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში გატარდეს მკვეთრი კოაბიტაცია.

ვაჟა ბერიძე: „ეს დამოკიდებულება ვფიქრობ, ძალაში დარჩება არჩევნების შემდეგაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, შეერთებული შტატები არ მიესალმება სააკაშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმის საკითხს თუ ასეთი რამ საერთოდ, მოხდა.

ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება, ყოველ შემთხვევაში, ხილულ პერსპექტივაში ვეღარ შეძლებს სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, იმდენად, რამდენადაც ფაქტობრივად ერთიანი პოლიტიკური ძალა, მონოლითი ივანიშვილის წასვლის შემდეგ აღარ იარსებებს. ჯერ კიდევ უნდა დაველოდოთ, რა პოლიტიკური კონფიგურაცია ჩამოყალიბდება მმართველ ძალაში. ვინ იქნებიან წამყვანი ფიგურები, რა პოლიტიკას გაატარებენ, რამდენად გაითვალისწინებენ დასავლეთის დამოკიდებულებას.

ასე რომ, ჯერ ივანიშვილის წასვლას უნდა დაველოდოთ, ვნახოთ წავა თუ არა რეალურად. ბუნებრივია, მას დარჩება დიდი გავლენა, მაგრამ რამდენად მოახდენს ზეგავლენას პოლიტიკურ პროცესებზე მის მიერ მემკვიდრეებად დატოვებული ადამიანების მეშვეობით, ეს სხვა საკითხია - უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ვფიქრობ, ამ ხელისუფლებას უბრალოდ აღარ ექნება იმისი დრო, სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის ინიცირება მოახდინოს, მითუმეტეს მემკვიდრეობით მიღებული სისუსტეების გამო - იმათ მიმართაც კი, ვინც უკვე დაკავებულია, დანაშაულის დამტკიცება რთულდება და უკვე ახალი საქმე წამოიწყოს, საერთაშორისო რეზონანსის მქონე, რომელიც ეხება დასავლეთის კუმირ სააკაშვილს, ახალ მთავრობას საამისო ძალა არ ექნება“.

ნანა დევდარიანი თვლის, რომ ამ ხელისუფლებას არც სააკაშვილის გასამართლების სურვილი აქვს და არც კოაბიტაციის დასრულების.

„მოწმე ვართ იმისი, ივანიშვილი რომ იმეორებს ყველა დაპირება შეასრულა, უნდა ვენდოთ მარგველაშვილს და თუ არჩევნებში არ მიიღებს 60%-ს ენთუზიაზმი აღარ მექნებაო. მთელი ახსნა მის ამ განცხადებებში დევს. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდა, - ჩემი მართვა შეუძლებელიაო, ყოველი მისი განცხადება ცხადყოფს, რომ ამა თუ იმ ძალების გავლენით აკეთებს განცხადებებს“,- მიიჩნევს ნანა დევდარიანი.

მისივე შეფასებით, კოაბიტაცია მთავრდება მხოლოდ მარგველაშვილის განცხადებებში და ვერ წარმოუდგენია, მარგველაშვილმა როგორ უნდა დაამთავროს ის, რაც ივანიშვილმა ერთი წლის განმავლობაში ვერ გააკეთა.

„თუ მარგველაშვილი გახდება პრეზიდენტი, არც სააკაშვილის გასამართლება დაიწყება და მითუმეტეს არც კოაბიტაცია დამთავრდება, რადგან ნაციონალები ისევ 40%-ით რჩებიან პარლამენტში. მარგველაშვილიცა და ბაქრაძეც კატეგორიული მოწინააღმდეგეები არიან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების“,- მიიჩნევს დევდარიანი.

არის თუ არა უცხოეთში სააკაშვილის გასამართლებაზე საუბრის დაწყება მინიშნება, რომ არჩევნების შემდეგ საქართველომ არც კი უნდა იფიქროს, სააკაშვილისა და მისი გუნდის გასამართლების საკითხის დღის წესრიგში დაყენებაზე, ძნელი სათქმელია, თუმცა ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ ამ თემაზე საუბარის დაწყება შეიძლება, დასავლეთის მხრიდან პრევენციადაც აღვიქვათ.

„ასეთი შიშის საფუძველი დასავლეთს, შესაძლოა, იმან გაუჩინოს, რომ მისთვის კარგად არის ცნობილი ხალხის დამოკიდებულება სააკაშვილისადმი. ყოველი შემთხვევისთვის, პრევენციას აკეთებენ“,- მიიჩნევს ბერიძე.

თუმცა ერთია საზოგადოების სურვილი და ეჭვები სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ, მეორე - რეალური საფუძველი, რა ბრალი შეიძლება წაუყენონ და დაუმტკიცონ საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

„ვიცით, რომ ბევრი დანაშაული და კრიმინალი ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, მათ შორის ელიტიური კორუიფციის ძალიან სერიოზული დონე იყო, მაგრამ კორუფციული დანაშაულის ხელისუფლების უმაღლესი პირებისთვის დამტკიცება ძნელია, თვით ცივილიზებული სისტემების მქონე ქვეყნებისთვისაც. საქართველო, ბუნებნრივია, არ არის პერუ, სამხრეთ კორეა, ყოფილი ან მოქმედი პრეზიდენტი რომ მისცენ პასუხისგებაში, არც იტალიაა, სასამართლომ პრემიერის პასუხისმგებლობის საკითხი რომ დააყენოს. ეს მაინც საქართველოა, ქვეყანა, რომელიც დღემდე ცალკეულ კერპებსა და მესიებზე იყო დამოკიდებული. ეს არის ქვეყანა, სადაც სტრატეგიული პარტნიორები, ხშირ შემთხვევაში, გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ, ამა თუ იმ უმნიშვნელოვანეს თემასთან დაკავშირებით“, - ამბობს ვაჟა ბერიძე.

ასევე საინტერესოა, პროტესტის რაიმე ფორმას გამოძებნის თუ არა საქართველოს მოსახლეობა იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნდება, რომ დაპირებული სამართლიანობა არ აღდგება, ან რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ხალხის პროტესტს? ვაჟა ბერიძის განმარტებით, შესაბამისმა სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა აღძრან საქმეები, ამისი ინიციატორი ვერ და არ იქნება ბიძინა ივანიშვილი, ან დავით უსუფაშვილი, ან მომავალი პრეზიდენტი, თუ პრემიერი, რომელიც მალე გამოჩნდება არენაზე. ვაჟა ბერიძის შეფასებით, სამართლებრივი სიტემა საქართველოში და იტალიაში ერთნაირი არ არის რომ მის იმედად ვიყოთ.

„აღძრული საქმეები ვერ მიჰყავთ ბოლომდე და რომელ ახალ საქმეებზეა საუბარი. რაც შეეხება ხალხს, ვფიქრობ, მისი რეაქცია არ იქნება მკვეთრი. ხალხი თავის განწყობას პოლიტიკური პარტიების მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გამოხატავს. არც ერთ მათგანს არ ემჩნევა დიდი წყურვილი სამართლიანობის აღდგენისა. ბიძინა ივანიშვილმაც ცალსახად მიუთითა, რომ ბიზნესსა და ქონების წართმევასთან დაკავშირებთ ძალიან ძნელია სამართლიანობის აღდგენა, რადგან ეს დიდ თანხებს უკავშირდება. როდესაც ხალხი დაინახავს, რომ მისი პოზიციის გამომხატველი არც ერტი ინსტიტუტი არ აქტიურობს, თვითონ არ გამოვა ქუჩაში ამ მოთხოვნით“, - მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.

ასე რომ, სააკაშვილისთვის მოსალოდნელი პასუხისმგებლობის აცილების არგუმენტები უფრო მეტი მოიპოვება დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ვიდრე პირიქით. ამდენად „ზებრასავით“, მითუმეტეს ივანიშვილის „გალიაში ჩასმის“ საფრთხე დღეს ნამდვილად არ არსებობს. იმ შემთხვევაში კი თუ საქართველო შეძლებს დასავლური ღირებულებების მქონე სასამართლო სისტემის არსებობა უზრუნველყოს, შესაძლოა, კითხვები ყოფილი ხელისუფლების ლიდერების პასუხისმგებლობის შესახებ არც თუ უსაფუძვლოდ მომავალში ისევ დაისვას.