ახალი პრეზიდენტი და კონსტიტუციის „ნაღმები“

ახალი პრეზიდენტი და კონსტიტუციის „ნაღმები“

ახალი პრეზიდენტი, ახალი პრემიერ-მინისტრი და კონსტიტუციის ახალი რედაქცია, - საქართველოში პოლიტიკური რეალობა იცვლება. პრეზიდენტს არჩევნები გამოავლენს, პრემიერის კანდიდატურას მოქმედი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მომავალ კვირაში დაასახელებს, კონსტიტუციის ახალი რედაქცია კი, ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ შევა.

სუსტი პარლამენტი, დესტრუქციის საფრთხე პრეზიდენტისგან, ან დაუბალანსებელი პოლიტიკური სისტემა, ეს ის „ნაღმებია“ რომელიც, შესაძლოა, კონსტიტუციის ახალი რედაქციის ძალაში შესვლის შემდეგ „ამოქმედდეს.“

საქართველოს ახალი პრეზიდენტის ახალ უფლებამოსილებებზე for.ge კონსტიტუციონალისტ ირაკლი კობახიძეს ესუბრა.

ირაკლი კობახიძე: დღემდე, ანუ არჩევნებამდე მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ახორცილებდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეს ჩანაწერი აღარ იქნება კონსტიტუციაში და პრეზიდენტს აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერის ფუნქცია ჩამოშორდება. საპრეზიდენტო მმართველობიდან გადავდივართ არსებითად საპარლამენტო ტიპის მმართველობაზე, როცა პრეზიდენტი მეტად არის აღჭურვილი ერთგვარი სიმბოლური უფლებამოსილებებით და აღარ არის ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი - აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი.

მართალია, პრეზიდენტს ჩამოშორდა ძირითადი სტატუსი აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერის სტატუსის სახით, მაგრამ მას, ფრაგმენტული სახით, ჯერ კიდევ რჩება აღმასრულებლის უფლებამოსილებები. მაგალითად, პრეზიდენტი აღარ არის საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმმართველი, თუმცა, მას მთელი რიგი უფლებამოსილებები აქვს მინიჭებული საგარეო ურთიერთობათა სფეროში.

კერძოდ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, საქართველოს სახელით გამოვიდეს საერთაშორისო მოლაპარაკებებში და დადოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები. აქ, მართალია, პრეზიდენტი შეზღუდულია - კონსტიტუციაში ჩადებულია ვალდებულება, რომ პრეზიდენტს საამისოდ მთავრობის თანხმობა სჭირდება, - თუმცა, მას აქვს სერიოზული ბერკეტები საგარეო ურთიერთობების სფეროში - ის ვერ იღებს გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, მაგრამ მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე.

პრეზიდენტს ასევე აქვს ელჩების დანიშვნის უფლებამოსილება - მთავრობის თანხმობით ნიშნავს თანამდებობაზე ელჩებს და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებს.

თეორიულად, რა საფრთხეებს შეიცავს პრეზიდენტისთვის საგარეო ურთიერთობებში გარკვეული ბერკეტების დატოვება?

- საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საგარეო პოლიტიკაზე მხოლოდ მთავრობაა პასუხისმგებელი. პრეზიდენტს კი შეუძლია, ხელი შეუშალოს მთავრობას - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სხვადასხვა გუნდის წარმომადგენელი იქნება პრეზიდენტი და მთავრობა.

ფრაგმენტული აღმასრულებელი უფლებამოსილებები პრეზიდენტს საშუალებას აძლევს პოლიტიკური პროცესების სუბიექტად იქცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საპარლამენტო სისტემებისთვის დამახასიათებელი ტიპის პრეზიდენტი ვერ იქნება.

ქართველი ექსპერტები, ისევე, როგორც ვენეციის ექსპერტები თავის დროზეც უარყოფითად აფასებდნენ ამ ფაქტორს. ვენეციის კომისიის დასკვნებში ეწერა, რომ თუ პრეზიდენტს ჩამოშორდებოდა აღმასრულებელი ძალაუფლება, მთლიანად უნდა ჩამოშორებოდა ამ ტიპის უფლებამოსილებები, რადგან ჩნდებოდა დესტრუქციული მოქმედების საფრთხე - თუ პრეზიდენტს ექნება სუბიექტური ამბიციები, იდეური ან სხვა ტიპის შეუთანხმებლობა, ის შეიძლება გადავიდეს დესტრუქციულ ქმედებებზე.

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის პერიოდშინაციონალური მოძრაობისთავმჯდომარის პოსტსაც ითავსებდა. ახალ პრეზიდენტს კი აღარ ექნება პარტიული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეზღუდვა?

- პრეზიდენტს რჩება უფლება, რომ იყოს პარტიის წევრი. საკონსტიტუციო ცვლილებების დროს აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ პრეზიდენტი სიმბოლური უფლებამოსილებების მატარებელი თანამდებობის პირად რჩებოდა. აქედან გამომდინარე, ის არ უნდა ყოფილიყო რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების განმასახირებელი და ლობისტი, პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ერთგვარი ზეპარტიული ფიგურა. ამაში არის ლოგიკა, თუმცა, რამდენად იმუშავებს პრაქტიკაში ეს ფორმა და იქნება თუ არა პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით დეპუტატთა ნაწილი პერიოდულად აგროვებდა ხოლმე კოლეგების ხელმოწერებს. თუმცა ეს ყველაფერი პოლიტიკური განცხადებების ფორმატს ვერასდროს გასცდა და ამის მიზეზად იმპიჩმენტის პროცედურის სირთულეც სახელდებოდა. რა იცვლება, ამ მხრივ, ახალი პრეზიდენტის შემთხვევაში?

- რეალურად, იმპიჩმენტის პროცედურა მხოლოდ უმნიშვნელოდ გამარტივდა. მოქმედი რედაქციის თანახმად, ჯერ ხდებოდა საკითხის დასმა და შემდეგ საქმის აღძვრა. პროცედურა მცირედით გამარტივდა და კორექტირების შედეგად ამოღებულია საქმის აღძვრის ელემენტი.

იმპიჩმენტის დროს უზენაეს სასამართლომდე აღარ მიდის საქმე, მაგრამ პრეზიდენტის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის, ან კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურის დასასრულებლად საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა აუცილებელია.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის გარდა პრემიერ-მინისტრიც იცვლება. თუ პრეზიდენტიქართული ოცნებისგუნდის წევრი ვერ გახდა, პოლიტიკური კუთხით, რა სირთულეები შეიძლება შეიქმნას ახლადამოქმედებული კონსტიტუციური ნორმების გათვალისწინებით?

- მოვლენების ამგვარ განვითარებას, შესაძლოა, ოპტიმისტურადაც შევხედოთ და პესიმისტურადაც. შესაძლოა, პროცესები ისე განვითარდეს, რომ დესტრუქციაში გადაიზარდოს და ახალი კონსტიტუცია ამის საფუძველს იძლევა, რადგან არ არის სათანადოდ გამიჯნული კომპეტენციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. თუმცა, თუ პროცესები კონსტრუქციულად განვითარდა, ამ შემთხვევაში, პრეზიდენტისთვის გარკვეული უფლებამოსილებების დატოვებამ, დადებითი როლიც შეიძლება შეასრულოს ქართულ პოლიტიკაში, ანუ შეიქმნება მექანიზმი, როდესაც პრეზიდენტს ექნება საშუალება, დააბალანსოს პრემიერ-მინისტრის ძალაუფლება. ყველაფერი მაინც დამოკიდებულია პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე.

რამდენად რეალურია მთავრობასა და პრეზიდენტს შორის პოლიტიკური ბალანსის პრობლემაქართული ოცნებისკანდიდატის გაპრეზიდენტების შემთხვევაში?

- თუ ორივე სუბიექტი - პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იქნება, ამ შემთხვევაში, პრაქტიკულად, სისტემა წმინდა საპარლამენტო მმართველობის სახეს შეიძენს. ამ სისტემაში პრეზიდენტი აღარ იქნება პოლიტიკური ამბიციებით დატვირთული პირი, აქ კი ბალანსის საფრთხეს უკვე თავად კონსტიტუცია ქმნის. კონსტიტუციის ახალი, ასამოქმედებელი რედაქციის თანახმად, პარლამენტი არის ძალიან სუსტი და, შესაბამისად, ხელისუფლების შიგნით აღარ ჩანს სუბიექტი, რომელიც წარმატებით დააბალანსებდა მთავრობის ძალაუფლებას.