სერგეენკო თუ ღარიბაშვილი?

სერგეენკო თუ ღარიბაშვილი?

საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, უახლოეს დღეებში ბიძინა ივანიშვილი პრემიერობის ახალ კანდიდატსაც დაასახელებს. ვინ იქნება მომავალი პრემიერი მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა უკვე არსებობს ინფორმაცია, რომ ბოლოს არჩევანი მინისტრთა კაბინეტის ორ წარმატებულ წევრზე, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებზე შეჩერდა.

კულუარებში საუბარი მიდის როგორც ერთ, ისე მეორე მინისტრზე. ითქვა ისიც, რომ შს მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილის შემცვლელზე ვერ შეჯერდნენ, ამიტომ ბოლო დღეებში უფრო აქტიურად დავით სერგეენკოს გაპრემიერებაზე კეთდება აქცენტი.

თავად სერგეენკოს ინფორმაციით, მთავრობის სხდომებზე და მინისტრთა კაბინეტში ეს თემა განხილული არ ყოფილა. კითხვაზე, განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე და მიიღო თუ არა შესაბამისი შეთავაზება პრემიერ მინისტრისგან, სერგეენკო კომენტარს არ აკეთებს. 

„პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, სხვა მხრივ ამ თემაზე კომენტარს არ ვაკეთებ“, - აცხადებს სერგეენკო.

და მაინც, ვისზე შეაჩერებს არჩევანს მოქმედი პრემიერი - ამ და საქართველოში მიმდინარე სხვა პოლიტიკური პროცესების შესახებ ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება. 

ბატონო ვახტანგ, უნდა მომხდარიყო თუ არა ახალი პრემიერის კანდიდატურის განხილვა საზოგადოებაში, თუ ახალი პრემიერის დანიშვნის პროცედურა მსგავს დეტალებს არ თვალისწინებს?

- პრემიერ-მინისტრის დანიშვნის პროცედურა კონსტიტუციაშია გაწერილი და უნდა მოხდეს მის შესაბამისად. რამდენადაც ცნობილია, ივანიშვილი ამ დღეებში აპირებს პრემიერის კანდიდატურის დასახელებას, მაგრამ არ აპირებს გადადგომას. თუ ახლა გადადგება, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ უნდა მოიხსნას უფლებამოსილება და სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში უნდა მოხდეს ახალი მთავრობის დამტკიცება, თუმცა, არ მგონია ეს ასე მოხდეს - საპრეზიდენტო კანდიდატს ახლა დაასახელებს, მაგრამ დაელოდება ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებას.

პროცედურულად სახელდება ახალი პრემიერის კანდიდატურა, საპარლამენტო უმრავლესობა წარუდგენს პრეზიდენტს პრემიერის კანდიდატურას და შემდეგ იწყება პროცედურა კენჭისყრებისა. ახალმა პრემიერმა 7 დღის ვადაში უნდა წარადგინოს მთავრობა პარლამენტში, ხოლო მისი დანიშვნა მოხდება უმრავლესობით. საჭიროა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი, 76 დეპუტატი ნამდვილად ჰყავს „ქართულ ოცნებას“ და ამ მხრივ პრობლემა არ შიქმნება. ასე რომ, ფორმალურად დღევანდელი პრემიერი არც გამოჩნდება, თუმცა ის თავის კანდიდატურას, ალბათ, განიხილავს, თუ უკვე განხილული არ ჰყავს თავის უმრავლესობასთან.

რაც შეეხება საზოგადოებისთვის ანგარიშის გაწევას, როდესაც ლაპარაკია საპარლამენტო რესპუბლიკაზე, იმ ქვეყნებში, სადაც საპარლამენტო მმართველობაა, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებად პარტიათა ლიდერები მოიაზრებიან-ხოლმე.

ჩვენთან მოხდა ჯერ პარლამენტის, შემდეგ პრეზიდენტის არჩევა და ახლა ისევ უკან - საპარლამენტო არჩევნებს ვერ დავუბრუნდებით. ასეთ გაურკვევლობაში მოვხვდით, ამიტომ, აქ საზოგადოება არაფერ შუაში არ არის, სხვა გამოსავალი ამ ხელისუფლებას არ აქვს. ივანიშვილისთვისაც არ უყრიათ კენჭი, იმის მიუხედავად, რომ კოალიციის ლიდერი იყო.

კი, შესაძლებელია, მოხდეს არჩევნები, ნუ დაგვავიწყდება, პროცედურულად საკმაოდ რთულია, მაგრამ ზოგჯერ საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობასაც უცხადებენ უნდობლობას. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავარია პარლამენტი, ეს პარლამენტი და მისი უმრავლესობა კი სწორედ ხალხის მიერ არის არჩეული. ანუ, აქ წინააღმდეგობები არ არის. რა თქმა უნდა, უკეთესია ამომრჩეველმა წინასწარ იცოდეს, ვინ მოიაზრება პრემიერად, მაგრამ დღეს გვაქვს ის რაც გვაქვს.

რაც შეეხება მომავალ პრემიერ-მინისტრს, როგორ ფიქრობთ, ის იქნება ივანიშვილის იდეების, მისი გავლენის განმხორციელებელი თუ დამოუკიდებელი ფიგურა?

- „ქართული ოცნება“ არის ერთიანი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში. ბუნებრივია, პრემიერი ამ გუნდიდან იქნება. როგორც ჩანს, ბოლოს „კავკასიის“ ეთერში ბიძინა ივანიშვილის გამოსვლიდან გამომდინარე, ეს უფრო ღარიბაშვილი იქნება.

„ოცნებას“ აქვს პროგრამა, ხალხისთვის მიცემული პირობა და ახალმა პრემიერ-მინისტრმა ეს უნდა შეასრულოს. ასე რომ, ივანიშვილის გავლენა არ ვიცი, მაგრამ პარლამენტში არის უმრავლესობა, იქნება მთავრობა და მთავრობამ და უმრავლესობამ ერთად უნდა იმუშაონ.

როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი პრემიერი შეიძლება იყოს ღარიბაშვილი?

- თუ ვიმსჯელებთ იმ ერთწლიანი პერიოდით, რაც ის შინაგან საქმეთა მინისტრია, ცუდის თქმა ნამდვილად არ შემიძლია, არც კრიტიკულის. მასზე უფრო დადებითს ვიტყოდი.

გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ბევრი ამნისტია განხორციელდა, იყო რაღაც რაღაც მცდელობებიც, პირველი ფუნქცია, რაც ევალება შს სამინისტროს, რომ კრიმინალური სიტუაცუია ეკონტროლებინა და ხელიდან არ გაშვებოდა სადავეები - ეს მოხდა და კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესებულა. შეიძლება ითქვას, რომ პოლიციამ ნორმალურად იმუშავა.

თუმცა ერთია, ერთი კონკრეტული უწყების, ხოლო მეორე - მთავრობის ხელმძღვანელობა, ეს მთლად ერთი და იგივე არ არის. უწყება მაინც უწყებაა, თუნდაც ეს ყველაზე დიდი სამინისტრო იყოს.

მთავრობაში გარდა იმისა, რომ მთავრობის საქმიანობა მთლიანად უნდა წარმართო, პრობლემათა კომპლექსური გააზრების უნარია საჭირო. ამას როგორ მოახერხებს, არ ვიცი, მაგრმ შს მინისტრად მისი ერთწლიანი მუშაობის პერიოდი ნამდვილად არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წინასწარ ნეგატიურად განვეწყოთ მის მიმართ.

საკმაოდ აქტიურად საუბრობენ ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს კანდიდატურის შესახებაც, თუ მას დაასახელებს ივანიშვილი, პრემიერობის კანდიდატად, თქვენი პროგნოზით, მთავრობის როგორი მეთაური შეიძლება იყოს იგი?

- რამდენადაც ინფორმაცია არსებობს და ვხედავთ კიდეც, მანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა დაიწყო ჯანდაცვის სისტემაში, ვგულისხმობ საყოველთაო დაზღვევას. მართალია, ეს იმ სასურველი დაზღვევიდან ჯერ შორს არის, როგორი სისტემაც გვსურს, რომ ქვეყანაში არსებობდეს,მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს პროცესი დაიწყო.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფრაგმენტი, როდესაც ის ელაპარაკებოდა ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ინვესტორებს. ინვესტორების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩვენთან ცოტა სხვანაირად ესმით ინვესტორის ფენომენი და ლამის ცაში აყავთ-ხოლმე, ეს მიდგომა დასამსხვრევია. ხაზგასასმელია, რომ საკმაოდ პრინციპული იყო სერგეენკო მათთან საუბრისას.

მიუხედავად ამისა, მგონია, რომ პრემიერობის კანდიდატად მაინც ღარიბაშვილს დაასახელებს. კვირიკაშვილი გამოირიცხა, როდესაც პრემიერმა განაცხადა, რომ კვირიკაშვილი რჩება ვიცე-პრემიერად. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც გამოირჩეოდა იმ დღის საინფორმაციო სივრცეში, ეს იყო ერთი წლის ანგარიში, რომელიც შს მინისტრმა ჩააბარა ქართველ ხალხს, მათ შორის არასამთავრობო სექტორს და საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს. ჩემი აზრით, ეს იყო მისი საქმიანობის ერთგვარი პრეზენტაცია, ღარიბაშვილის წარდგენა ძალიან ლამაზად, დადებითი კუთხით მოხდა დიპლომატიური კოროპუსისათვის - ეს უფრო ჭარბობდა ამ პრეზენტაციაში, ვიდრე ერთწლიანი ანგარიშის ჩაბარების სურვილი. სწორედ ამან მიბიძგა მეფიქრა, რომ ღარიბაშვილის კანდიდატურა დასახელდება.

გარდა ამისა, თუ მინისტრთა კაბინეტი ამ შემადგენლობით დარჩება, პრემიერი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც დანარჩენი კაბინეტი ანგარიშს გაუწევს. სამწუხაროდ, ჩვენნაირი ტიპის ქვეყანაში უფრო ძალოვანი მინისტრებისადმი არის დანარჩენი მინისტრების დამოკიდებულება „მოკრძალებული“. ამ კომპონენტებიდან, თავად ივანიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო სავარაუდოა, ღარიბაშვილი იყოს პრემიერობის კანდიდატი და არა სერგეენკო.

რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, ექსპერტების მხრიდან კეთდება პროგნოზები, რომ შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეთ, რადგან ბიძინა ივანიშვილის გარეშე კოალიცია ვერ შეძლებს ერთიანობის შენარჩუნებას...

- ძალიან მეეჭვება, პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეთ, ანუ ეს ნიშნავს, რომ დღევანდელი უმრავლესობა პარლამენტში უნდა დაიშალოს. შესაძლებელია კონფიგურაცია გადალაგდეს, მაგრამ უმრავლესობა ფორმალურად მაინც შეინარჩუნებს უმრავლესობას. არ მგონია დღეს პარლამენტი დაინტერესებული იყოს იმით, რომ კრიზისი თვითონვე გააღვივოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს. როგორი უმრავლესობა და როგორი პრემიერი გვეყოლება, ეს საკმაოდ ფრთხილად სასაუბრო თემაა.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს, კონფიგურაცია როგორ შეიძლება გადალაგდეს პარლამენტში?

-როდესაც ახალ კონფიგურაციაზე ვლაპარაკობ, უფრო იმ შიშებს ვგულისხმობ, რომელიც მიჩნდება - არ დავბრუნდეთ იმ ჭაობში, საიდანაც თავი დავაღწიეთ, ამას იმიტომ ვამბობ, რომ სისტემური რეფორმები არ განხორციელებულა. როდესაც სხვა კონფიგურაციას ვამბობ, ვგულისხმობ იმას, რომ შესაძლებელია, გამოიყოს ისეთივე მორჩილი უმრავლესობა, რომელიც მთავრობას კი დანიშნავს, მაგრამ შემდეგ მისი მხარდამჭერი იქნება ყველგან და ყველაფერში. ეს თუ მოხდა, წავალთ იქითკენ საიდანაც ამოსვლა თითქოს მოხდა. თუ მსგავსი რამ მართლაც მოხდა, ჩათვალეთ, რომ წინა რეჟიმი მთელი თავისი სიმძლავრითა და სიმახინჯით არა, მაგრამ ნაწილობრივ მაინც იქნება რეანიმირებული. ეს სცენარის ყველაზე ცუდი გაგრძელება იქნებოდა.

ამიტომაც ვთვლიდი, რომ ივანიშვილი პრემიერობიდან მაშინ უნდა წასულიყო, როდესაც ამ ყველაფრის ალბათობა, რაზეც ვისაუბრე, იქნებოდა ნულის ტოლი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჯერ ასე არ არის.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, ხომ არ არის მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური ძალების მიერ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა? ფაქტია, რომ ზოგიერთი მათგანი არჩევნების შედეგებს არ ცნობს. მაგალითად - ბურჯანაძე და ნათელაშვილი...

- მიუხედავად იმისა, რომ 20 წელია საპროტესტო აქციებით ვცხოვრობთ, ხალხს ქუჩაში ვერავინ გამოიყვანს თუ ხალხში საამისო განწყობა არ არის. დღეს საამისო განწყობა ნამდვილად არ არის. სერიოზულ საპროტესტო განწყობაზე ვლაპარაკობ და არა იმაზე, რომ ვინმემ 2-3 ათასი კაცი შეკრიბოს. სერიოზულ საპროტესტო მოძრაობას ვერ დაიწყებს ვერავინ, როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს ამისი, ვინც არ უნდა იდგეს მის უკან და რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს. ქართველ ხალხში დღეს ასეთი განწყობა არ არის. შესაძლოა, იყოს გულგატეხილობის ელემენტები „ოცნების“ მიმართ, მაგრამ დღეს რომ ქუჩაში გამოვიდეს ვინმე, ასეთი სიტუაცია არ არის. არჩევნები რომ გაყალბებულიყო კიდეც, დღეს საპროტესტო ტალღას ვერავინ ააგორებს, რადგან ხალხში პროტესტი არ არის. თუ ვინმე რამეს დაიწყებს, 2-3 დღეში 2-3 კაცი შემორჩება აქციაზე.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მას შემდეგ რაც მთავარი ოპოზიციური ძალის „სტატუსი“ მიიღეს, შეიძლება ის 40% , რაც საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს, დღეს რეალური ვაჭრობის საგნად აქციონ? განსაკუთრებით საინტერესოა მათი როლი პარლამენტში კონფიგურაციიას შეცვლასთან დაკავშირებით...

- „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს იმ გუნდითა და შემადგენლობით აღარ არის, რაც ერთი წლის წინ ჰქონდა, ნაწილი „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა, ნაწილმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, ამ პროცესის გაგრძელება პირდაპირ არის დამოკიდებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოველთვის დარჩება რაღაც რაოდენობა ხალხის, რომელიც შეინარჩუნებს ნაციონალურ სახეს და დარჩება ოპოზიციაში.

ნაციონალებს დღეს აწყობთ რომ იყვნენ ოპოზიციაში, მათ ეს ერთი წლის წინ დაგეგმეს, როდესაც მიხვდნენ, რომ არჩევნების შედეგად ძალაუფლება დაკარგეს. ეცდებიან ოპოზიციური ნიშა დაიკავონ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის. მათ აქვთ კარგად ორგანიზებული პარტიული სტრუქტურა, ფინანსები, ტელევიზია და დასავლეთის მხარდაჭერა. თუ ცსკ-ს საბოლოო შედეგებმაც აჩვენა, რომ მეორე ადგილი მოიპოვეს, დასავლეთის მხარდაჭერა მათ მიმართ კვლავ გაგრძელდება. ალბათ, მოემზადებიან იმისათვის, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვონ.