გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს ტოვებს

გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს ტოვებს

გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტებას, გიგა ბოკერიას პოსტის გარეშე დატოვება მოჰყვება. უშიშროების საბჭოს მდივანი საკუთარ განცხადებას - „გიორგი მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, პოსტს დავტოვებ“ - ძალაში ტოვებს და თანამდებობის დატოვებას 17 ნოემბრამდე, ანუ, ახალი პრეზიდენტის ინაგურაციამდე აპირებს.

პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით, გიგა ბოკერიამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს როგორც საქართველოს მოქალაქე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.

ბოკერიას თქმით, პოსტიდან წასვლის თაობაზე, ის განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს, თუმცა, ამ დროისთვის, საათს და წამს ვერ ასახელებს.

„რა თქმა უნდა, ჩემი განცხადება ძალაში რჩება! როგორ ფიქრობთ, ეს ძალაში არ დარჩება?! საქმიანობას გავაგრძელებ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი“, - აღნიშნა ბოკერიამ, რომელმაც თანაგუნდელების მსგავსად, გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა.

უშიშროების საბჭოს მდივნის შეფასებით, მიუხედავად ერთწლიანი რესპრესიული კამპანიისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 20 პროცენტი მიიღო, რაც მათი მხარდამჭერთა რიგების ზრდაზე მიუთითებს.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა დაინტერესებულია, რომ ქვეყანა განვითარდეს. აქედან გამომდინარე, ქართველი ხალხის ნებას პატივს ვცემთ და გამარჯვებულს ვულოცავთ. საქმიანობას გავაგრძელებთ, ცივილიზებული მეთოდებით, როგორც ცივილიზებული ოპოზიაცია“, - განაცხადა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს მდივანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთა ზრდისთვის იბრძოლებს.

„ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მთავარ ამოცანად ოპონენტის განადგურება დაისახა, რაც შესრულებული ვერ იქნა. ამას გარდა, მოგონილი საბაბი იყო, რომ თითქოს, ახალ პოლიტიკურ გუნდს ხელს უშლის მიხეილ სააკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი შეხედულებები განსხვავდება, მათ ყველა საქმეში წარმატებას ვუსურვებ, რაც ქვეყანას წაადგება“, - აღნიშნა ბოკერიამ.

თავის მხრივ, გიგა ბოკერიასთან თანამშრომლობას არც გიორგი მარგველაშვილი აპირებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, განაცხადა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად არ იმუშავებს“.

თუ ვინ დაიკავებს უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს, ეს ამ დრომდე უცნობი რჩება, მაგრამ მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ „მას უკვე ნაფიქრი აქვს - თუ ვინ შეძლება დაიკავოს გიგა ბოკერიას პოსტი, თუმცა ამ ეტაპზე კანდიდატურის დასახელებისგან თავს იკავებს“.