საქართველოს პრობლემურ რეგიონებში არასამთავრობოებმა დარღვევები დააფიქსირეს

საქართველოს პრობლემურ რეგიონებში არასამთავრობოებმა დარღვევები დააფიქსირეს

საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფ ქართველებს რუსეთის საოკუპაციო ჯარი არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას არ აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“ ავრცელებს, რომლის თანახმად, დღეს დილიდან, საოკუპაციო ზოლს მიღმა მყოფი ქართველები, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურდათ, სოფელ გუგუთიანთკარიდან, დიციდან და თამარაშენიდან საოკუპაციო ზოლის გადმოლახვას ვერ ახერხებენ, რადგან რუსეთის ჯარმა საოკუპაციო ზოლი გადაკეტა.

„ჩვენ გვინდა მივმართოთ ხელისუფლებას, მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არსებობს, რადაგან როგორმე მოახდინონ გარღვევა და მოქალაქეებმა მეორე მხარეს გადმოსვლა მოახერხონ, რათა არჩევანი გააკეთონ“, - განაცხადა საზოგადოების ხელმძრვანელმა ირინა ფუტკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, გუშინ ახალგორში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ტერიტორია გადაკეტა და მოსახლეობას გადმოსვლა შეუზღუდა.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, „საზოგადოებრივი დამცველის“ ინფორმაციით, ქარელის №33 საარჩევნო ოლქში № 41 საარჩევნო უბანში (მოხისი) დამკვირვებელს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო უბანზე არ უშვებდა. ასევე, გორის № 32 საარჩევნო ოლქში, მეჯვრისხევის № 54 უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ მცდელობა იყო მართვის მოწმობის მეშვეობით ხმის მიცემის, დამკვირვებელმა გააპროტესტა და სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ აღმოიფხრვა პრობლემა.

გორის № 32 საარჩევნო ოლქის № 66 საარჩევნო უბანზე მარკირების პროცედურის გარეშე იყო მცდელობა ამომრჩევლის გატარების, თუმცა დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, საარჩევნო უბნებს რეგისტრირებულ ამომრჩევლებთან შედარებით ნაკლები ბიულეტენები გადაეცათ.

დარღვევები დაფიქსირდა საქართველოს არაქართული მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებშიც.

რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, №22 მარნეულის №4 საარჩევნო უბანზე ამორჩეველს ხმა მართვის მოწმობით მიაცემინეს; წყალტუბოს №54 უბანზე ლტოლვილ მოქალაქეს ხმა ასევე დევნილის მოწმობის გარეშე მიაცემინეს; სამგორის №30 უბანზე დამკვირვებელს თავისუფლად გადაადგილების და რეგისტრატორის მაგიდებთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ; მთაწმინდის №6 და ახალციხის №1 უბანზე ამომრჩეველს ხმის მიცემის საშაულება არ მიეცა, რადგან მისთვის განკუთვნილი გრაფა შევსებული იყო“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

დარღვევები დააფიქსირა არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანმა საქართველომ“ სამცხე-ჯავახეთსა და და ქვემო ქართლში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბოლნისის მე-3 უბანზე დამკვირვებელი არ დაუშვეს, თუმცა მათი იურისტის ჩარევის შემდეგ პრობლემა მოგვარდა.

„მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ნინოწმინდაშიც, 25-ე უბანზე. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელი აქაც ჩვენი იურისტის ჩარევის შემდეგ, მხოლოდ 07:40 საათზე დაიშვა საარჩევნო უბნებზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ინფორმაციით, ახალქალაქის №55 უბანში კომისიის წევრებმა ტერიტორია შემოსაზღვრეს, სადაც 3 მეტრის რადიუსში რეგისტრატორის მაგიდებთან დამკვირვებლებს არ უშვებენ.

„გარდა ამისა, ნინოწმინდის №4 უბანში წილისყრა ჩატარდა დარღვევით. ჩვენი დამკვირვებლები უბნებზე მასობრივად აფიქსირებენ ბიულეტენების ნაკლებობას; ასევე საარჩევნო უბნებზე - მარნეულსა და ნინოწმინდში, დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საჭიროზე ნაკლები საარჩევნო კაბინებია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.