არჩევნები ხარვეზებით, მაგრამ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა

არჩევნები ხარვეზებით, მაგრამ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა

საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. დაფიქსირდა გარკვეული ტიპის დარღვევები, რომელიც საიას ხელმძღვანელის, კახა კოჟორიძის შეფასებით, ძირითადად, საარჩევნო კანომდებლობის უცოდინრობით არის გამოწვეული. მთლიანობაში ყველაზე მასშტაბური ხარვეზები საარჩევნო სიებთან დაკავშირებით გამოიკვეთა - რეგისტრაციიდან მოხსნილი ადამიანები საკუთარ თავს სიებში ვერ ნახულობდნენ.

ცსკო-ს პრესსპიკერის, ეკა აზარაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსებითი ხასიათის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

ცესკო-ს სპიკერმა არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზეც ისაუბრა. გაურკვევლობა გამოიწვია ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებულმა სააგიტაციო განცხადებებმა.

„საარჩევნო სუბიექტის „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა წერილობით მოგვმართა დავით საგანელიძის საინფორმაციო ბრიფინგთან დაკავშირებით, სადაც ფონზე ჩანდა საპრეზიდენტო კანდიდატის სააგიტაციო მასალა და ცესკო-ს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოითხოვა. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ყველას, რომ კენჭისყრის დღეს აგიტაცია იკრძალება მხოლოდ კენჭისყრის შენობაში, ასევე აკრძალულია ფასიანი ან უფასო რეკლამის გაშვება ტელევიზიის ან რადიოს ეთერში“, - განაცხადა აზარაშვილმა.

გარდა ამისა, ცესკო-ს სპიკერი ბიულეტენისთვის ფოტოს გადღებისა და სოციალური ქსელში განთავსების თემასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედება სასურველი არ არის, რადგან მნიშვნელოვანია დაცული იყოს ხმის მიცემის ფარულობა, თუმცა ცესკო მსგავს ფაქტებზე ვერანაირ რეაგირებას ვერ მოახდენს.

აჟიოტაჟი მოჰყვა პრემიერის განცხადებას, როდესაც მან არჩევანის გაკეთების შემდეგ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მან ხმა მარგველაშვილს მისცა.

როგორც ცესკო-ს სპიკერი განმარტავს, არჩევნების დღეს უბნის შიგნით ნებისმიერი აგიტაცია კანონით იკრძალება, თუმცა ის განცხადებები, რაც პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა გააკეთეს არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, არის თუ არა აგიტაცია,ამაზე შეფასება კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უნდაგააკეთოს.

როგორც აღვნიშნეთ, სერიოზული ხარვეზი არსებობს სიებთან დაკავშირებით, მაგალითად, ბათუმის № 79 ოლქის 2 000-მდე ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებდა. როგორც ოლქის იურისტმა მალხაზ ბოლქვაძემ განმარტა, 500-მდე ამომრჩეველმა, რომელთა საცხოვრებელი ადგილების დემონტაჟი მოხდა და ახალი კორპუსების მშენებლობა მიმდინარეობს, 11 ოქტომბრამდე არ მიმართა უბანს მონაცემების გადასამოწმებლად, ხოლო 1 500-მდე ამომრჩეველი რეგისტრაციიდან საცხოვრებელი ბინების მესაკუთრეებმა მოხსნეს.

ამომრჩეველთა სიებში ხარვეზების საკითხთან დაკავშირებით დღესვე ბრიფინგი გამართეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ პარტიის წევრებმაც.

საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა სხვა ტიპის დარღვევებიც - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის, 20 საჩივარი დაწერეს და ჩანაწერთა წიგნში 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირეს. თუმცა მისივე შეფასებით, კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, საიამ საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით პრობლემები დააფიქსირა. კერძოდ, მარტვილის №35 უბანზე და გურჯაანის №28 უბანზე, საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს დროის მითითების გარეშე. დიდუბის №26 უბანზე გამოცხადებულმა ამომრჩეველმა ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა, ვინაიდან, მისი გვარის გასწვრივ დაფიქსირებული იყო ხელმოწერა.

ჩოხატაურის ოლქის №31 უბანზე პრობლემები იყო გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებით, ვინაიდან გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი იყო ამომრჩეველი, რომლის იდენტიფიცირებაც არ ხდებოდა ამომრჩევლების მიერ გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზნით დაწერილ განცხადებაში. კრწანისის 26-ე უბნის გარეთ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ორი სადამკვირვებლო ორგანიზაციის - „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიისა“ და „მომავლის არჩევანის“ დამკვირვებელს შორის.

კახა კოჟორიძის ინფორმაციით, ხელვაჩაურის ოლქის №4 უბანზე კომისიის მდივანმა უარის განაცხადა საჩივრის დარეგისტრირებაზე. ხმაური იყო ჩუღურეთის ოლქის №24 უბანზე, სადაც მდივანი არ არეგისტრირებდა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის საჩივარს იმ არგუმენტით, რომ დარღვევა უბნის გარეთ მოხდა და საუბნო კომისიას არ ეხებოდა. ჩუღურეთის №23 უბანზე საჩივრის ჩაბარებისას კომისიამ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი რეკვიზიტების გარეშე გასცა. ცნობას არ ჰქონდა კომისიის მდივნის ხელმოწერა და ბეჭედი.

მისივე თქმით, ნაძალადევის №100 სპეცუბანზე პირადობის მოწმობის ასლებით ხმა მისცა 6-მა ამომრჩეველმა. ასევე ნაძალადევის №77 უბანზე დაფიქსირდა მართვის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა. საია-ს დამკვირვებლებმა ხელვაჩაურის №4 და №13 უბნებზე წილისყრის პროცედურების დარღვევა დააფიქსირეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსთავის ოლქის №27 უბანზე გამოკრული იყო განცხადება, საარჩევნო სუბიექტის - აკაკი ასათიანის მიერ კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. დიდუბის ოლქის №4 უბანზე, კენჭისყრის კაბინაში კანდიდატების ჩამონათვალში შემოხაზული იყო ნინო ბურჯანაძე.

კახა კოჟორიძის განცხადებით, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო უბნებზე ერთზე მეტი დამკვირვებლით არიან წარმოდგენილნი, რაც კანონდარღვევაა.

საიას ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები ფიქსირდება ჩუღურეთის და დიდუბის ოლქებში. ეს ორგანიზაციებია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისთვის“, „მწვანე დედამიწა“, „თავისუფალი არჩევანი“, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“.

ამასთან, საიას ცნობით, საბურთალოს ოლქის №73 უბანზე 9:00 საათისთვის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პირები, რომლებიც აწარმოებენ მისული ამომრჩევლის აღრიცხვას. იურისტების შეფასებით, აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს და მიზანშეუწონელია.