დავით ბაქრაძე : „ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად ვრჩებით“

დავით ბაქრაძე : „ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად ვრჩებით“

„დავამტკიცეთ, რომ ვართ და ვვითარდებით“ - ამ რეპლიკით გამოხატა საკუთარი დამოკიდებულება საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების მიმართ, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, რომელმაც კონკურენტ გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება პირველმა მიულოცა და მას ქართველი ხალხის ნდობის გამართლება უსურვა.

საკუთარი გუნდის მხარდამჭერთა რიგების ზრდაზე, დავით ბაქრაძემ ყურადღება პრესკონფერენციაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება, რადგან არჩევნებში მისულმა ყოველმა მეოთხე ადამიანმა ხმა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცა.

ბაქრაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ერთწლიანი მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს, ქართველი ხალხის დიდმა ნაწილმა ნდობა მათ გამოუცხადა.

„პრაქტიკულად, ყოველმა მეოთხე ამომრჩეველმა მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ და კონკრეტულად, მე დამიჭირეს. მათ ამ მამაცობისთვის და რწმენისთვის მადლობას ვუხდი. ჩვენი მხარდაჭერა იმ ფონზე მოხდა, როცა დაკავებულია ვანო მერაბიშვილი და ასობით მხარდამჭერის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ამ არჩევნების შედეგებით, დავამტკიცეთ, რომ ვართ და ვვითარდებით! ასევე, დავამტკიცეთ, რომ ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად ვრჩებით. ამასთან, დამტკიცდა, რომ არ შეიძლება ხელოვნურად დამტკიცებული ოპოზიცია გყავდეს. ამას გარდა, ამ არჩევნებით გამოჩნდა, რომ შეიძლება ოპოზიციამ ჩაატაროს ისტერიკისგან და ძალადობისგან გამიჯნული კამპანია და ყურადღება მთავრობის კონტროლსა და ხალხის უკეთეს მომავალზე გაამახვილოს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

თავის მხრივ, დავით ბაქრაძემ გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება, ქართველ ხალხს კი, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.

„იმედს გამოვთქვამ, რომ ამ არჩევნებით ახალი ერა დაიწყება, სადაც მთავრობა საქმეს გააკეთებს და ჩვენ, როგორც ოპოზიცია მთავრობასთან იმისთვის ვიმუშავებთ, რომ ქვეყანა მშვიდობიანად განვითარდეს. გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას ვულოცავ და მას ქართველი ხალხის ნდობის გამართლებას ვისურვებ“, - განაცხადა ბაქრაძემ, რომლის მსგავსადაც, „ნაციონალურ მოძრაობაში“ კმაყოფილნი არიან.

როგორც for.ge-ს გიგი წერეთელმა განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ პოლიტიკურ პარტიად რჩება და მათ საშუალება აქვთ, საქართველოს მომავალ განვითარებაში სერიოზული მონაწილეობა მიიღონ.

მისი თქმით, ეგზიტპოლების გამოკითხვაში ამომრჩეველთა 25 პროცენტს მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, შედეგები დრამატულად არ შეიცვლება.

„ჩვენი ამოცანა, მაღალი პოლიტიკური სტანდარტის დამკვიდრებაა და ისტორიული ფაქტია, რომ დავით ბაქრაძე პირველი საპრეზიდენტო კანდიდატია, რომელმაც გიორგი მარგველაშვილს გამარჯვება მიულოცა. მიმდინარე წელი რეპრესიული იყო, მაგრამ ქართველმა ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა“, - განაცხადა წერეთელმა, რომლის მსგავსად, რეპრესიულ წელზე გიორგი კანდელაკიც აპელირებს.

როგორც for.ge-ს კანდელაკმა განუცხადა, მიუხედავად ერთწლიანი რეპრესიული კამპანიისა და მძიმე პერიოდისა, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალად რჩება.

„იმ პირობებში, როცა ვანო მერაბიშვილი სასჯელის გარეშეა და მიმდინარეობს ათასობით მხარდამჭერის დაკითხვა, ასევე ოპოზიციის განადგურების დეკლარირებული კამპანიის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ პოლიტიკურ ოპოზიციურ ძალად რჩება და მას ზრდის და აღმავლობის ტენდენცია გააჩნია. ჩვენი ძალა, საზოგადოებას ახალ სახეებსა და იდეებს სთავაზობს, რის გამოც, ჩვენსს გუნდს პოლიტიკური პერსპექტივა გააჩნია. ჩვენი ძლიერი, ტრადიციული და კონკურენტუნარიანი პარტია ბრძოლას ქვეყნის ინტერესების შესაბამისად გააგრძელებს“, - განაცხადა კანდელაკმა, რომლის პათოსსაც გიორგი ვაშაძეც იზიარებს.

ვაშაძის პოზიციით, 1-ელი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დაბალი პროცენტი ჰქონდა, მაგრამ მხარდაჭერთა რიგები დღითიდღე იზრდება.

„ყველა დამკვირვებელს მოვუწოდებ, რომ თითეული ხმა დავიცვათ. ჩვენ ვართ ოპოზიციური ძალა, რომლის რეიტინგიც 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ძალიან დაბალი იყო, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა იზრდება და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა მომავალში უფრო გაიზრდება, რადგან მოსახლეობას ბევრ სიახლეს შევთავაზებთ და მომავალ წელს, თვითმართველობის არჩევნებზე უფრო მაღალ პროცენტს მივიღებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანული კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილმა გაიმარჯვა. კერძოდ, მარგველაშვილი 66,7 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილზე დავით ბაქრაძე გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 20,2 % მიიღო.