პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ

პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგიც კი გამართა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს გამოიყენოს მოსახლეობის დაბალი აქტივობა და ე.წ. კარუსელი დაატრიალოს. მისივე ინფორმაციით, არსებობს ვიდეოზე აღბეჭდილი მასალა, როგორ იღებს იორმუღალოში კომისიის თავმჯდომარე ფულს.

„დაფიქსირდა დარღვევები ვაკის რაიონში, კრწანისში, გლდანში. ქუთაისში 9 უბანზე 17 საჩივარია დაწერილი, ძირითადად იმის გამო, რომ ადამიანები უკვე მარკირებით მიდიან. სიტუაცია საგანგაშოა იმ უბნებზე, სადაც სავარაუდოდ ჩვენ ვიგებთ, მაგალითად, ზესტაფონში, სადაც შევარდა ადამიანი და დაამტვრია ხმის მიცემის ყუთი. შეინიშნება სხვადასხვა ჯგუფების მობილიზება ისეთ უბნებთან, სადაც სავარაუდოდ, უპირატესობა გვაქვს. ამიტომ მინდა ვთხოვო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გაამახვილონ ყურადღება, არავის არ უნდა მივცეთ საშუალება „კარუსელის“ დატრიალების და უბნების ჩაშლის“, – განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ყველა იმ დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც საუბარი იყო, არსებობს ვიდეომასალა, თუმცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები ვერ ტოვებენ უბნებს, ამიტომ, ჯერჯერობით ვიდეოების მოწოდება ვერ ხერხდება.

„გვაქვს მოსყიდვის ფაქტები და ამ ვიდეოებსაც დეტალურად გაჩვენებთ, როგორ ხდება ფულის გადაცემა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის მაგალითად, იორმუღალოში. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ გააფრთხილონ აქტივისტები ნუ ჩაიდენენ უკანონობას და ნუ შეეცდებიან პროცესის ჩაშლას“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელძღვანელი დავით საგანელიძე კი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიზეზს ეძებს წაგების გამართლებისთვის.

საგანელიძის განმარტებით, სწორედ ამას უკავშირდება გიორგი ვაშაძის განცხადება, რომ ზესტაფონში ამომრჩევლების მოსყიდვა მოხდა.

„არ ვიცი ამ წუთებში რას აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ 9 წლის განმავლობაში რასაც აცხადებდნენ, სწორედ იმის გამო არის, რომ ეძებს მიზეზს წაგების გამართლებისთვის“, - განაცხადა საგანელიძემ.

არსებობდა თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები და რომელი პოლიტიკური ძალა შეიმჩნეოდა ამომრჩევლის მოსყიდვაში, ამის შესახებ რეალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი. ნაციონალების მხრიდან ამომჩევლის მოსყიდვაზე სხვა პოლიტიკური ძალები აკეთებენ განცხადებებს.

მაგალითად, „სამართლიანი საქართველოსთვის“ ინფორმაციის თანახმად, გურჯაანის რაიონში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ მხრიდან დაფიქსირდა ამომრჩევლის მოსყიდვა, კერძოდ მათ ამომრჩევლებს 200-200 ლარი დაურიგდათ.