პრეზიდენტობის კანდიდატებმა არჩევანი გააკეთეს

პრეზიდენტობის კანდიდატებმა არჩევანი გააკეთეს

დილიდან საკუთარი არჩევანი გააკეთეს პრეზიდენტობის კანდიდატებმა. პირველი ამომრჩეველი „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი იყო, რომელიც საბურთალოს 48-ე უბანზე დილის 9საათზე ოჯახთან ერთად მივიდა. როგორც შალვა ნათელაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევანი საქართველოზე გააკეთა. 

„არჩევანი გავაკეთე საქართველოზე, ჩვენს სამშობლოზე. 21-ე საუკუნეში ჩვენ შეიძლება ამაზე დიდი საქმე არ გვქონდეს. ამიტომ, ყველას გთხოვთ, გადადოთ საქმე და გამოცხადდეთ არჩევნებზე. დღეს წყდება ბედი ქართლისა და დარწმუნებული ვარ, ეს ბედი ჩვენი შვილების სასარგებლოდ გადაწყდება", - განაცხადა შალავა ნათელაშვილმა. 

ზუსტად 10 საათზე მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე ქალიშვილთან ერთად მივიდა, კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტოკანდიდატი გიორგი მარგველაშვილი. მარგველაშვილმა იმ სკოლაში მისცა ხმა სადაც 60 წლის განმავლობაში მისი დიდედა იყო მასწავლებელი. წელს პირველად არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ანა მარგველაშვილმა.

„მე მოვედი ჩემს შვილთან ერთად და გავაკეთე არჩევანი საქართველოს წინსვლისთვის. ავაკეთეთ არჩევანი იმისა, რომ ამ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა. როდესაც დღეს ვუყურებთ ამომრჩეველთა აქტივობას, ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ძალიან სწორ არჩევანს გააკეთებს მთელი ქვეყანა, მთელი ერი და ხალხის ნებით გადაწყვდება, თუ ვინ უნდა ემსახუროს ჩვენს ქვეყანას. დღეს უაღრესად მნიშვნელოვანი დღეა იმიტომ, რომ ხდება უპრეცედენტოდ მშვიდი, ევროპული სტანდარტის არჩევნების გაფორმება. საბოლოოდ მოხდება დემოკრატიის კონსოლიდაცია, იმ კურსის კონსოლიდაცია, რომელიც საქართველოს ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ აქცევს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მთაწმინდის ოლქის 27-ე საარჩევნო უბანში არჩევანი უკვე გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ . ის არჩევნებზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.

„ძალიან კარგი განწყობა მაქვს. ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ და უკეთეს მომავალს, ხმა მივეცი შესრულებულ დაპირებებს და ხალხის უკეთესად ცხოვრებას, ხმა მივეცი ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენს ევროპულ არჩევანს. იმედი მაქვს, გავაკეთებთ ისეთ არჩევანს, რომლითაც უკეთესად იცხოვრებს ხალხი და მოვაგვარებთ ყველა პრობლემას, რაც აწუხებს ქვეყანას და საზოგადოებას“, - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ.

სამ შვილთან და მეუღლესთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე, დილის 10 საათზე მივიდა პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ხარატიშვილი.

„მე ხმა მივეცი შესრულებად დაპირებებს, უარი ვთქვი სიძულვილის ენაზე. მხარი დავუჭირე ეროვნულ და ოჯახურ ღირებულებებს, ევროინტეგრაციასა და წარმოებაზე ორიენტირებულ ეკონომიკას, როგორც ჩვენი კეთილდღეობის ერთადერთ გზას“, - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

მეუღლესთან ერთად მთაწმინდის  1 საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბანზე არჩევანი გააკეთა „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი თარგამაძემ.
როგორც ჟურნალისტებს თარგამაძემ განუცხადა, ეს არის არჩევნები, რომელმაც შეიძლება საქართველოში ბოლშევიზმს წერტილი დაუსვას. 

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის არჩევნები, რომელმაც შეიძლება წერტილი დაუსვას საქართველოში ბოლშევიზმს. ამიტომ ყოველგვარი პათეტიკისა და რთული კომბინაციების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის არჩევნები იმის თაობაზე, თუ სად ვდგავართ, ეს არის არჩევნები იმის თაობაზე, თუ საით მივდივართ. ტრადიციებით ევროპისკენ სვლა არ არის მხოლოდ ცალკეული ოჯახების არჩევანი, ეს არის მთელი ქვეყნის არჩევანი. ამდენად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ხმას“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. 

„ხალხის პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა კობა დავითაშვილმა საკუთარი არჩევანი მეუღლესთან ერთად გააკეთა. როგორც კობა დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ცოტა „ეშინია“.

„სიმართლე გითხრათ მეშინია, რადგან ჩემს ბედს წყვეტენ ჩემს გარეშე. „ხალხის პარტია“ და კობა დავითაშვილი დარჩება თუ არა პოლიტიკაში ხალხის მანდატზეა დამოკიდებული. თუ არ იქნება ნდობის მანდატი, აქედან გამომდინარე, წავალ სახლში ბავშვებთან“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა. 

საბურთალოს რაიონში მე-3 ოლქის მე-2 უბანში 12.45 წუთზე მეღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე, რომელმაც არჩევანი ოჯახის წევრებთან ერთად გააკეთა. როგორც ხმის მიცემის შემდეგ ბურჯანაძემ განაცხადა, მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, იმედევნობს, რომ საბოლოოდ არჩევნები მშვიდად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარდება, იქნება მხოლოდ უმნიშვნელო დარღვევები, რომელიც არ შეცვლის არჩევნების რეალურ შედეგებს.

„მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი მივიდეს და ხმა მისცეს ქვეყნის გამთლიანებას და სამართლიანი ქვეყნის აშენებას. მინდა, ყევალს მივმართო, ვინც უსმენს ახლა ჩემს კომენტარს, გამორთოს ტელევიზორი და მოვიდეს საარჩევნო უბანზე, ხმა მისცეს საკუთარი ოჯახის, შვილების და სამშობლოს მომავალს. ნუ დაველოდებით, ნუ დავუტოვებთ სხვას გადასაწყვეტად ჩვენი და ჩვენი შვილების, ჩვენი ქვეყნის ბედს", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მოლოდიანია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს სამართლიანად და დემოკრატიულად, ასეთ შემთხვევაში კი, როგორც ბურჯანაძე აცხადებს, დარწმუნებულია არჩევენების შედეგებში. 

„წინასაარჩევნო პერიოდი ნამდვილად იყო განუზომლად უფრო უკეთესი, ვიდრე სხვა პერიოდში. იმედია, ახლაც შეძლებენ თავის შეკავებას და ხელი არ წაუცდებათ გაყალბებისკენ. იყო ცალკეული რაიონებში სერიოზული დარღვევები, რომლებიც შეიძლება ლამის უბნის გაუქმების საფუძველი გახდეს. ამაზე ჩვენი შტაბი სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას",- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.