შინაგან საქმეთა მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი 25-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა. ხმის მიცემის შემდეგ, მინისტრმა პრესისთვის კომენტარი გააკეთა:

„მე გავაკეთე ჩემი არჩევანი, მე ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და ქვეყნის სტაბილურობას. თქვენ იცით, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობდა უპრეცენდენტოდ მშვიდ გარემოში. ჩვენ ამისათვის ყველა ღონე ვიხმარეთ და ყველა პირობა შევასრულეთ. მართლაც, ევროპელი ლიდერების შეფასებით, წელს გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტის არჩევნები. ეს არის მიღწევა ქართული დემოკრატიის და ჩვენი მთავრობის. ეს პოლიტიკა მიმდინარეობს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ეს პოლიტიკა იქნა განსაზღვრული მის მიერ და ჩვენ შევასრულეთ.
რაც შეეხება ზოგადად საარჩევნო კამპანიას და პროცესს, დილიდან მე ვაკვირდები. ჩვენ შევქმენით საკოორდინაციო შტაბი ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად. ვართ მუდმივად კოორდინაციაში მათთან. არავითარი დარღვევები დილიდან არ იკვეთება. მაგრამ ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ თუ რაიმე ექსცესებს, თუ რაიმე დარღვევას ექნება ადგილი, ჩვენ მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას.

კიდევ ვიმეორედ, კიდევ მოვუწოდებ მოქალაქეებს, მათ შორის ასევე პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან, ვინაიდან მათი ეს ქმედებები იქნება დასჯილი და აღკვეთილი. ასევე მსურს გავაკეთო განცხადება, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ არავითარი საბაბი არ მისცა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომ რაიმე ეჭვი შეიტანოს საარჩევნო კამპანიის გამჭირვალობაში. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად გახსნილი, მაქსიმალურად ღია და გამჭირვალე პროცესი ყოფილიყო. შესაბამისად მე ვთვლი, რომ ეს დღეც, საარჩევნო დღეც ჩაივლის მშვიდ გარემოში, მშვიდ პირობებში და ქართველი ხალხი მიაღწევს იმ ბრწყინვალე გამარჯვებას, და ეს იქნება იმ ბრწყივნალე გამარჯვების გაგრძელება, რასაც მიაღწია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წლის 1 ოქტომბერს.

მე დარწმუნებული ვარ რომ პრეზიდენტი იქნება ძალიან ღირსეული კანდიდატი და მე ასევე იმედი მაქვს, რომ სხვა კანდიდატებს არ ექნებათ პრეტენზია და ისინი ნამდვილად ევროპულად, თანამედროვედ მიულოცავენ არჩეულ კანდიდატს.“