არასამთავრობოები მშვიდ საპრეზიდენტო არჩევნებს ელიან

არასამთავრობოები მშვიდ საპრეზიდენტო არჩევნებს ელიან

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე არასამთავრობო სექტორი და მედია სრულ მზადყოფნაშია. 27 ოქტომბრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს 60 ორგანიზაციის 19 ათასი ადგილობრივი და 65 ორგანიზაციის 1300-მდე უცხოელი წარმომადგენელი დააკვირდება. საპრეზიდენტო არჩევნებს ქვეყნის მასშტაბით 1400-მდე ქართველი და უცხოელი ჟურნალისტი გააშუქებს.

ჩააბარებს თუ არა საქართველო დემოკრატიის მორიგ ტესტს წარმატებით, ჩატარდება თუ არა დემოკრატიულად და სამართლიანად არჩევნები, - ამ კითხვებს პასუხი 27 ოქტომბერს და მომდევნო დღეებში გაეცემა. მანამდე კი არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე განვლილ დღეებს - წინასაარჩევნო პერიოდს აფასებენ.

პლურალისტური მედიაგარემო, საარჩევნო მოტივით ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა დაკავების არცერთი ფაქტი; მეტად დამოუკიდებელი ცესკო; არჩევნების გაშუქებისთვის უკეთესი პირობები ჟურნალისტებს, - ეს არასრული ჩამონათვალია ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დასახელებული იმ არგუმენტებიდან, რომლის საფუძველზეც წინასაარჩევნო გარემოს დადებითად აფასებენ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოზე საუბრის დროს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს იხსენებენ და, ამ მხრივ, საპრეზიდენტო არჩევნებს წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობოთა საერთო ანგარიშსა და ინდივიდუალურად მომზადებულ რეკომენდაციებში ასახულია სხვადასხვა სახის დარღვევები, საერთო შეფასება არის ის, რომ აღნიშნული წინასაარჩევნო პერიოდი გაცილებით დადებითი და ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო 2012 წელს. ბევრ სფეროში პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა, რაც ცხადია, დადებით შეფასებას იმსახურებს ჩვენი მხრიდან“, - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე.

არასამთავრობოთა მიერ გამოვლენილი ხარვეზების ნუსხაში კი შემდეგი ფაქტები მოხვდა:

ცესკომ სალომე ზურაბიშვილისა და ზურაბ წიწუაშვილის მიმართ კონსტიტუციის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინა; კანონმდებლობა არ შეცვლილა და საარჩევნო კომისიებში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალის - „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოხვდნენ; ადგილობრივ თვითმმართველობებში შეიცვალნენ ხელმძღვანელი პირები; სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბურჯანაძის პარტიის მიერ დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ხარჯების საკითხი დღემდე ვერ გაარკვია...

საია, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ასევე მიიჩნევენ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავდა პრემიერ-მინისტრის ოჯახის მიერ მმართველი მენეჯმენტისთვის „ინფო9-ის“ უსასყიდლოდ გადაცემა და შუამთობის დღესასწაულზე პრემიერის მიერ ახლადდაქორწინებული წყვილის დასაჩუქრება.

წინასაარჩევნო გარემოს შემდეგ აქტუალური უშუალოდ არჩევნების პროცესია. არჩევნებს ხარვეზების გამოვლენისა და მათზე რეაგირების მიზნით საია თბილისსა და 8 რეგიონში 400 დაკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება და სამართლებრივ კონსულტაციებს მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს ცხელი ხაზის მეშვეობით გაუწევს.

200-კაციანი სადამკვირვებლო მისიით განახორციელებენ საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ და „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. მათი წარმომადგენლები არჩევნების მიმდინარეობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩასახლებებსა და მაღალმთიან რეგიონებშიც დააკვირდებიან.

27 ოქტომბრის დილიდან არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცედურებს შიდა ქართლის კონფლიქტისპირა სოფლებში დააკვირდება ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველი“.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ კი ტრადიციას არ უღალატებს და საარჩევნო მონიტორინგის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას კვლავ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებსა და სოფლებს დაუთმობს.

„ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტები ყოველთვის ხშირად იყო ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. ჩვენი დამკვირვებლები ამჯერადაც ყურადღებით იქნებიან და დაღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ყველა ფაქტს გავახმაურებთ“, - განმარტავს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციებს 2012 წელთან შედარებით მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს გათვალისწინებით 27 ოქტომბრის არჩევნებზე მასობრივი დარღვევებისა და უსიამოვნო ინციდენტების მოლოდინი არ აქვთ.

„ვფიქრობთ, რომ ამომრჩევლებს შეეძლებათ თავისუფალ და მშვიდ გარემოში არჩევანის გაკეთება და ვიმედოვნებთ, რომ კენჭისყრის დღე ასევე მშვიდად, კონსტრუქციულად და სამართლიანად ჩაივლის“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.