საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველო გაურკვევლობის ახალ ფაზაში შედის

საპრეზიდენტო არჩევნებით საქართველო გაურკვევლობის ახალ ფაზაში შედის

თბილისი - საქართველო კვირას ახალ პრეზიდენტს ირჩევს არჩევნებში, რომელიც დაასრულებს მიხეილ სააკაშვილის თითქმის ათწლიან მმართველობას. მაგრამ ის შეიძლება პოლიტიკური გაურკვევლობისგან მხოლოდ ხანმოკლე ამოსუნთქვის შესაძლებლობა იყოს ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში.

ფავორიტი კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, რომლის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილის მთავრობა ხელისუფლებას ჩამოაშორა.

44 წლის ფილოსოფოსის გამარჯვება არჩევნებში, განამტკიცებს „ქართული ოცნების“ ძალაუფლებას. მაგრამ სიცხადე დიდხანს როგორც ჩანს არ გაგრძელდება, რადგან მილიარდერი ბიზნესმენი და სააკაშვილის სასტიკი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ივანიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ გადადგება.

ამ ორი მეტოქის მოსალოდნელი წასვლა ხელისუფლებიდან ართულებს პასუხს შეკითხვაზე, თუ ვის ექნება კონტროლი პროცესებზე საქართველოში, ქვეყანაში, სადაც 4.5 მილიონი მოსახლეა და რომელიც 2008 წელს ხუთდღიან ომში დაუპირისპირდა რუსეთს და დამარცხდა.

საქართველო, რომლის ტერიტორიაზეც გადის მილსადენები, რომელიც კასპიის ნავთობს და გაზს ევროპას აწვდის რუსეთის გვერდის ავლით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანაა როგორც მოსკოვისათვის, ასევე ევროკავშირისთვის. სააკაშვილის მმართველობის დროს (კანონი მას მესამე ვადით კენჭისყრას უკრძალავდა) ქვეყანა საკუთარ თავს შეერთებული შტატების მტკიცე მოკავშირედ მიიჩნევდა და მიისწრაფოდა ნატოში გაწვრიანებისკენ, თუმცა წევრობა დღესაც შორეულ პერსპექტივად რჩება.

განათლების ყოფილი მინისტრი და ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი, შედარებით უცნობი ფიგურაა. მისი მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზანია დაახლოება როგორც დასავლეთთან ასევე რუსეთთან – ბალანსი, რომლის მიღწევასაც ქვეყანა დიდი ხანია ვერ ახერხებს.

პოლიტიკური გაურკვევლობა მნიშვნელოვნად ანელებს ეკონომიკურ ზრდას, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც ზღუდავს პრეზიდენტის ძალაუფლებას (მაგალითად, მთავრობის ფორმირების ან კაბინეტის წევრების გათავისუფლების უფლებას) არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

„რა თქმა უნდა, ამ მთავრობისგან მეტს ველით, მაგრამ, ვფიქრობ, როდესაც ახალი პრეზიდენტი იგივე კოალიციიდან იქნება, საიდანაც პრემიერმინისტრია, ისინი შეძლებენ თავიანთი დაპირებების რეალიზებას“, ამბობს 53 წლის უმუშევარი თბილისელი გელა ნაკაშიძე.

ნელი ზრდა

კიდევ ორი კანდიდატიდან (სამივე, ჟურნალ „ფორბსის“ ქართულ გამოცემაში წარმოდგენილი იყვნენ მასალის ქვეშ სათაურით „ვინ?“) ერთი არის დავით ბაქრაძე, სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მეორე კი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ასევე სათავეში ედგა „ვარდების რევოლუციას“ 2003 წელს, რომელმაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოიყვანა.

მოგვიანებით ის პრეზიდენტს გაემიჯნა, განსაკუთრებით რუსეთთან კატასტროფული ომის გამო, და უპირატესობა მიანიჭა მოსკოვთან კავშირების აღდგენას, გვერდით გადადო რა ნატოსთან დაკავშირებული ამბიციები, რადგან მისი თქმით ეს „ილუზიაა“.

მტრობა ივანიშვილს და სააკაშვილს შორის (სააკაშვილს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის შევარდნაძის დამხობაში 2003 წელს დაეხმარა ის, რომ იგი მხარს უჭერდა დასავლეთთან დაახლოებას) შეანელა კანონების მიღების პროცესი და ინვესტორები დააფრთხო.

წლების განმავლობაში მზარდი საინვესტიციო კლიმატის შემდეგ, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ამ წლის მეორე კვარტალში მხოლოდ 1.5 %-ით გაიზარდა, შარშანდელი იგივე პერიოდის 8.2 %-თან შედარებით.

„არსებული ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგორსაც ვისურვებდით და არც ის ჩანს მკაფიოდ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები 2014 წელს“, ამბობს ფადი ასლი, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე საქართველოში.

რუსული კავშირები

მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ უკეთესი კავშირები რუსეთთან, რომელსაც ბიძგი ივანიშვილმა მისცა, სასარგებლო ნაყოფს გამოიღებს. მაგნატი პრემიერმინისტრის ბიზნესკარიერა რუსეთს უკავშირდება, მაგრამ ახლა ის საქართველოში ცხოვრობს, თავის ერთ-ერთ სახლში, რომელშიც კერძო ზოოპარკი აქვს, სადაც პინგვინები და ზებრები ჰყავს დაბინავებული.

რუსეთმა აღადგინა ქართული ღვინის, მინერალური წყლის და ხილის იმპორტი საკუთარ ტერიტორიაზე, მოხსნა რა 2006 წელს შემოღებული აკრძალვა. მაგრამ ზოგიერთი ეკონომიკური და პოლიტიკური ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს საგრძნობლად ეკონომიკაზე მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აისახება.

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევების თანახმად, მარგველაშვილს გამოკითხულთა 39% უჭერს მხარს, შემდეგ მოდის ბაქრაძე – 18%-ით და ბურჯანაძე – 13%-ით, რაც აჩენს ვარაუდს, რომ შეიძლება მეორე ტური იყოს.

მარგველაშვილმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე განაცხადა, რომ თუკი პირველივე ტურში ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს არ მიიღებს, საარჩევნო პროცესს გამოეთიშება: „მეორე ტურის აუცილებლობა თუ დადგა, ეს იქნება საოცრება. საოცრებაში კი მონაწილეობას არ ვაპირებ“.

მაგრამ ანალიტიკოსების თქმით, ეს განცხადება შეიძლება ტაქტიკური სვლა იყოს ამომრჩევლების გასააქტიურებლად.

ზოგიერთი მიმომხილველი ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც თუკი ივანიშვილი გადადგება პრემიერმინისტრის პოსტიდან ამ წლის ბოლოს, როგორც თავად განაცხადა, ის პროცესზე გავლენას მაინც იქონიებს, დიდწილად საქართველოს საინვესტიციო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულებების გზით. ეს ფონდი ორიენტირებული იქნება ინვესტიციების განხორციელებაზე ენერგეტიკაში, წარმოებაში, ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში. მისი ქონება, რომელიც დაახლოებით $5.3 მილიარდია, საქართველოს ეკონომიკის მოცულობის დაახლოებით მესამედია.

NDI-ის მიერ აგვისტოს ბოლოს და სექტემბერში ჩატარებული კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 70%-ზე მეტი არ იწონებს მისი გადადგომის გადაწყვეტილებას.

„ჩემი წასვლა პოლიტიკიდან მხოლოდ ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას“, განაცხადა ივანიშვილმა ერთი თვის წინ ფონდის პრეზენტაციაზე, რომელშიც ის საკუთარი სახსრებიდან 1მილიარდ დოლარს დებს.

foreignpress.ge