„კოაბიტაციის დასრულების შემდეგ საინტერესოა, რის დაწყებას აპირებენ“

„კოაბიტაციის დასრულების შემდეგ საინტერესოა, რის დაწყებას აპირებენ“

დებატები გიორგი მარგველაშვილის ერთ-ერთი ძლიერი მხარე იყო და იგი ამას არასდროს გაურბოდა. მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელეს, მასთან დებატებს არაერთი პოლიტიკოსი ითხოვდა, ზოგიერთი მათგანი ირწმუნებოდა, რომ მარგველაშვილი ერიდებოდა მასთან დებატებს, თუმცა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებდა, რომ წინასაარჩევნოდ დებატები ისეთ ფორმატში შედგებოდა, სადაც ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს თავისი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა მიეცემოდა და ექსკლუზივი არავის ექნებოდა.

მართლაც, დებატები შედგა. თუმცა 1-ელ არხზე გამართულ დებატებს ამჯერად სიცხარე აკლდა. ჩვენ ვერ ვიხილეთ გიორგი მარგველაშვილი თავის ამპლუაში, მაგრამ ექსპერტები ამას დროში შეზღუდვითა და გადაცემის ფორმატით ხსნიან.

რა შთაბეჭდილება მოახდინა გიორგი მარგველაშვილს, დავით ბაქრაძეს, ზურაბ ხარატიშვილსა და გიორგი თარამაძეს შორის გამართულმა დებატებმა?! ამის შესახებ ექსპერტ ვაჟა ბერიძეს ვესაუბრეთ.

როგორ ფიქრობთ, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გამართულ დებატებში თავის ჩვეულ ამპლუაში ყო გიორგი მარგველაშვილი, როგორიც ის გვახსოვს მიხეილ თავხელიძესთან და სხვებთან პაექრობისას?

- ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია, რამდენიმე კაცი ერთად დადგეს ტრიბუნასთან და ერთმანეთს „ედებატოს“. ჩემი ბავშვობისდროინდელ პერიოდს მაგონებს, სკოლაში სამშობლოს სიყვარულის თემაზე ერთი-მეორის მიყოლებით ბავშვები რომ წარმოთქვამდნენ ლექსებს, ან პროზაულ ნაწყვეტებს და ამით გარკვეულ მთლიან სურათს ქმნიდნენ. მე ვფიქრობ, მოცემული დებატები თავისი ფორმატით არის დებატები დებატებისთვის და იქ ძალიან ძნელია, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქემ დაინახოს პრეზიდენტობის კანდიდატის ხედვა. დრო ძალიან ცოტაა და ეს ფორმატიც გარკვეულ ჩარჩოში აქცევს ადამიანს. მაგალითად, ძალიან საინტერესო იქნებოდა დებატი მარგველაშვილსა და თარგამაძეს შორის, რამდენადაც ამ დღეებში პრემიერ-მინისტრის მხრიდან გაჟღერებულმა ცალკეულმა შეფასებებმა და გამონათქვამებმა, სერიოზული კორექტივი შეიტანა საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში, აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტობის სავარძლის დასაკავებლად, თურმე, საარჩევნო კამპანიას ატარებს ერისა და ქვეყნის მოღალატე - გიორგი თარგამაძე.

როცა ერისა და ქვეყნის მოღალატე დგას მმართველი კოალიციის კანდიდატის გვერდით, ამ ადამიანებს შორის უნდა შედგეს ამ თემაზე საუბარი, რადგან, თუ ეს ასეა, მაშინ თარგამაძე უნდა მოიხსნას პრეზიდენტობის კანდიდატების სიიდან. სწორედ ამას სჭირდება კამათი და დისკუსია, რადგანაც ერთ მხარეს წარმოადგენენ პრემიერი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ხოლო მეორე მხარეს - თარგამაძე, რომელსაც შესაძლოა, მხარს არ უჭერდეს მოსახლეობის 1-2 %-ზე მეტი, მაგრამ რეალურად ის არის ყოფილი პარლამენტარი, ჟურნალისტი. ამ დროს ჩვენ განყენებულად ვმსჯელობთ სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მიმდინარეობს კამათი, თუ რამდენი სჯობს, იყოს პენსია - 150 თუ 250 ლარი. რა თქმა უნდა, 250 ლარი გაცილებით უკეთესია, მაგრამ, ამავე დროს, უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად შეუძლია ქვეყანას ასეთი მოცულობის პენსიის გაცემა. მეორე საკითხია, რამდენად სწორად ითვლება საარსებო მინიმუმი, რომელსაც ეყრდნობა პენსიის განსაზღვრა. მარგველაშვილის მხრიდან (რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მაღალი რანგის ინტელექტუალს), ასეთი დამადლებითი დამოკიდებულება გიორგი თარგამაძის მიმართ - „რომ გპასუხობ, ეგეც რამეა“, - რა თქმა უნდა, უადგილოა. ასე რომ, ჩემში ამ დებატებმა უკმარისობის განცდა დატოვა. უფრო სწორად, აქ მე ვერ დავინახე დებატები.

თქვენი აზრით, ბიძინა ივანიშვილისთვისმოღალატის ეტალონადმიჩნეულ გიორგი თარგამაძესა და გიორგი მარგველაშვილს შორის უფრო საინტერესო დებატები გაიმართებოდა, ოღონდ გაშლილ ფორმატში?

- სხვა ფორმატში ეს დებატები გაცილებით საინტერესო იქნებოდა და ჩვენი აუდიტორია დაინახავდა, არის თუ არა მოღალატე გიორგი თარგამაძე და როგორი უნდა იყოს რეაქცია მოქალაქე თარგამაძის მხრიდან. უაპელაციო იარლიყების მიწებება მიშა სააკაშვილს ახასიათებდა და ამას აპროტესტებდა მთელი ქვეყანა. თუკი მოწინააღმდეგეების ასეთივე მეთოდით განადგურებას გააგრძელებს ჩვენთვის პატივსაცემი და ჩვენს მიერ არჩეული პრემიერი, შესაძლოა, ეს მიუღებელია. შესაძლოა, ეს არ იყოს ადეკვატური სიმძლავრის ხალხი, რომელთაც ის ჰაიჰარად მოიხსენებს, მაგრამ ესენი არიან პარტიის ლიდერები, საზოგადოების წევრები და მათი ზედწოდებები, რომ ვიღაცა თურმე მასხარაა და არასერიოზული კაცია, დაუშვებელია. მაგალითად, კახა კუკავას შესახებ, რომ თურმე ის არასერიოზულია, ნაძალადევის რაიონის ამომრჩევლები სულაც არ ფიქრობენ. იქ იგი არჩევნების დროს მეორე ადგილზე გავიდა. ქარიშხალში, შეიძლება, ხანდახან წამოცდენებიც დავუშვათ, ქართველები ტემპერამენტიანები ვართ და კამათის დროს ტემპერატურის აწევა და მჭახე სიტყვების გამოყენება გვიყვარს, მაგრამ ჩვენს საყვარელ და პატივსაცემ ადამიანს, დამსახურებულ ქველმოქმედს - ბიძინა ივანიშვილს რიგითი მოქალაქეების ან პოლიტიკოსების ასე მოხსენიება არ ეკადრება.

გიორგი თარგამაძის შესახებ ამბობენ, რომ ის, გარკვეული თვალსაზრისით, ფარულ ალიანსშია „ნაცმოძრაობასთან“, თუმცა არავის არასდროს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია.

საზოგადოების დიდ ნაწილსაც კითხვები აქვს გიორგი თარგამაძესთან მიმართებით. რაც შეეხება დებატებს, თარგამაძის თანაპარტიელები აცხადებენ, რომ მარგველაშვილი დებატებში ძალიან სუსტად გამოიყურებოდა, როგორც თემატურად, ისე შინაარსობივად. მეტიც, იგი თარგამაძემ წყობიდან გამოიყვანა, რასაც მარგველაშვილის მხრიდან მოჰყვა მუქარა: „ცოტა ხანი მოისვენე, თორემ მოგასვენებ“.

- პოლემიკა ქართული ხასიათის შესაბამისად მიმდინარეობს. ეს ტელეეთერებში ხშირად გვინახავს. მაგალითად, სულ ახლახანს საინტერესო გადაძახილი იყო პარლამენტში, როცა ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური სტუმრობდა საკანონმდებლო ორგანოს. ყველგან ასეა, ეს არის ცხარე კამათი, მოუზომავი სიტყვები, მთავარია, დაუკრეფავში არ გადავიდნენ ჩვენი პოლიტიკოსები. რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, მარგველაშვილი უკეთესადაც წარმოჩენილიყო ამ დებატებში, მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმატი არ იძლეოდა ადამიანის ნამდვილი შესაძლებლობის გამოვლენის საშუალებას. როგორც მოქალაქისა და მაყურებლისთვის, ჩემთვის ახალი ამ დებატებში არაფერი ყოფილა. რა წარმოდგენაც მქონდა დებატებში მონაწილე პიროვნებების შესახებ, იგივე წარმოდგენა დამრჩა. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მარგველაშვილისთვის ეს წარუმატებელი ეთერი იყო. შეკითხვები პოლიტიკოსების მიმართ, ბუნებრივია, არსებობს. უფრო მეტიც, სააკაშვილის დროს არსებობდა იარლიყები - კრემლის აგენტი, რუსების მოსყიდული. ასეთი კლიშეებით დამოკიდებულება არა მარტო პოლიტიკოსების, საერთოდ, ადამიანების მიმართ მიუღებელია. თუ რაიმე შეკითხვები არსებობს რომელიმე პოლიტიკოსის მიმართ, ამას სჭირდება ჩაკითხვა, როგორც ჩვენს პრემიერს უყვარს თქმა და არგუმენტებით გამყარება.

მარგველაშვილის ძირითადი მესიჯები ასეთი იყო - ­ჩვენ რეალურად არჩევნები მოგებული გვაქვს და, როგორც ჩანს, აქ სვამს მარგველაშვილი წერტილს და ამაზე საუბარი მისთვის დამთავრდა. ასევე, მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ტემპერატურის დაწევა რუსეთის ფედერაციასთან, ორი კვაზი სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს მსოფლიო რუკაზე და ლტოლვილები ღირსეულად უნდა დაბრუნდნენ. მისი თქმით, პრეზიდენტის ფუნქცია არის დაბალანსება და ამის უნარი მხოლოდ მას შესწევს, აქვე მან ერთ კონტექსტში მოიხსენია პოლიტიკური ინტრიგები, კოაბიტაცია და ხელშეშლა და ეს სამი ცნება გააერთიანა. მისი მესიჯები როგორ გაიგეთ?

- ვფიქრობ, ბატონი გიორგი, რომელიც შესანიშნავად განსწავლული და მოაზროვნე ადამიანია, სწორად ირჩევს ფრაზეოლოგიას და სწორად აყალიბებს აზრს. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მე, როგორც მოქალაქეს, არ მჯერა, რომ ის კოაბიტაციის წინააღმდეგია, რადგან ის არის ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი და ბიძინა ივანიშვილმა, როგორც კოალიციის ლიდერმა, მიიღო კოაბიტაცია, როგორც მოვლენა. ის ამ პოლიტიკის გამტარებლად გვევლინება. თუკი კოაბიტაციის წინააღმდეგია მარგველაშვილი, მაშინ რატომ არის კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატი?

კოაბიტაციის მიუღებლობის მიუხედავად, მარგველაშვილი იმიტომ დათანხმდა საპრეზიდენტო პოსტზე კენჭისყრას, რომ, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა აუხნა საზოგადოებას, ეს იყო ქვეყნისთვის ზრუნვა და კომპრომისზე წასვლა და არა - თანამდებობასა და სკამზე გამოკიდება.

- მე არ მჯერა, რომ 27 ოქტომბრიდან კოაბიტაციის მიმართულებით რაიმე შეიცვლება. მიმაჩნია, რომ მოწინავე დემოკრატიის ქვეყნების პოლიტიკოსებმა უკვე კარგა ხანია, დაანებეს იმ პრინციპის გამოყენებას თავი, როცა პოლიტიკოსებზე ამბობენ, რომ ისინი ერთს ფიქრობენ, მეორეს ამბობენ და მესამეს აკეთებენ. ამ პრინციპს უკვე ყველა შეელია, ახლა გულწრფელი პოლიტიკოსების ეპოქაა ჩვენთანაც და უცხოეთშიც. ამიტომ პოლიტიკოსმა უნდა თქვას ის, რასაც ფიქრობს და რასაც გააკეთებს თანამდებობაზე მოსვლისას. ამიტომ მარჩიელობას ვერ დავიწყებ, მოცემულ შემთხვევაში, რას გულისხმობს მარგველაშვილი. მე მჯერა იმის, რასაც ის ამბობს. თუმცა, როცა ის ამბობს, რომ დაამთავრებს კოაბიტაციას, მაშინ რას დაიწყებს? ამას რატომ აღარ ამბობს? რა უნდა დაიწყოს, თუ კოაბიტაციას დაამთავრებს? კონფრონტაცია? მაშინ ისევ წამოვა დასავლეთისგან ზეწოლა და ისევ აიძულებენ „ნაცმოძრაობასთან“ კოაბიტაციაში შესვლას. ყოველი პოზიცია ბადებს ახალ შეკითხვას, ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რა მოხდება კოაბიტაციის დამთავრების შემთხვევაში. ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ კოაბიტაცია დამთავრდება, რადგან ვერ ვხედავ გზას, რომლითაც უნდა იმოქმედოს ლიდერის გარეშე დარჩენილმა „ოცნებამ“. მოგეხსენებათ, ბატონი ბიძინა პრეზიდენტის არჩევნებიდან მალე წავა ხელისუფლებიდან. ამიტომ ახალ ლიდერსაც იგივე პრობლემები დახვდება - დასავლეთთან ურთიერთობა, ნაციონალების აღიარება რეალურ ალტერნატივად და მეორე პოლიტიკურ ძალად, რუსეთთან ურთიერთობის უმძიმესი ვითარება. კოაბიტაციის დასრულება მას თუ წარმოუდგენია, როგორც ალიანსი „ნაცმოძრაობასთან“, მაშინ გასაგებია, მაგრამ, სხვა შემთხვევაში, წავალთ დაპირისპირების გზით, რაც ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს ევროპასა და აშშ-ში.

მეორე ტურთან დაკავშირებულ განცხადებებს დავით უსუფაშვილის გამოხმაურება მოჰყვა, რომელიც საზოგადოებას სთხოვს, ივანიშვილისა და მარგველაშვილის განცხადებები პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგონ, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, თითქოს, კენჭისყრაში მონაწილეობა არ ღირს. მეტიც, უსუფაშვილის თქმით, ეს მიანიშნებს, რომ მარგველაშვილს დაბადებიდან არ უოცნებია პრეზიდენტობაზე და ის მზად არის, ეს ფუნქცია შეასრულოს. რეალურად, როგორ უნდა გავიგოთ მეორე ტურზე უარის თქმის ინტერპრეტაცია_ მარგველაშვილისეულად, ივანიშვილისეულად თუ უსუფაშვილისეულად?

- ეს არის წინასაარჩევნო ეკვილიბრისტიკა, რომელიც, პრინციპში, რეალურ შინაარს მოკლებულია. ახლა მთავარია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხოს იმ მხარდამჭერების დიდი ნაწილის მობილიზება, რომლებმაც 2012 წლის არჩევნებში მათ მხარი დაუჭირეს. ეს კი ძალიან რთული იქნება, რადგან სააკაშვილის რეჟიმის დამთავრების ეიფორიამ გადაიარა. მარტო იმაში არ არის საქმე, რომ ხალხმა სწრაფი შედეგი ვერ მიიღო, არამედ ეს გამოიხატა თანაარსებობის ძალიან მიუღებელ ფორმაშიც, რაც დამნაშავე რეჟიმის მთავარ პოლიტიკურ ძალასთან ჩამოუყალიბდა „ქართულ ოცნებას“. ამიტომ ყველაფერი კეთდება არჩევნებისთვის და არ იციან, ამომრჩევლებს რა შესთავაზონ, რადგან ბიძინა ივანიშვილის გარდა, ხალხისთვის ავტორიტეტი ნაკლებად არის ნებისმიერი სხვა ლიდერი. მიუხედავად იმისა, რომ დავით უსუფაშვილს ბევრი პატივს სცემს და ბევრს მიაჩნია, რომ ის პარლამენტის კარგი თავმჯდომარეა, ავტორიტეტები მაინც არ არიან, რომლებიც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს და გიორგი მარგველაშვილისთვის ხმას მიაცემინებს. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი იძულებულია, წავიდეს ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც პოლიტიკური ეთიკის არანაირ ჩარჩოში არ ჯდება - თუ ჩემს მიერ წამოყენებულ კანდიდატურას ხმას არ მისცემთ, მარგველაშვილი მონაწილეობას არ მიიღებს მეორე ტურში. არადა, რა არის ცუდი მეორე ტურში? ეს ხომ ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, საზოგადოების უმეტესობა ვერ ჩამოყალიბებულა ერთ კანდიდატზე და მას კიდევ ერთხელ დაფიქრება სჭირდება უკეთესის შესარჩევად.

თუ მეორე ტური აუცილებელი გახდება, ის, ალბათ, იქნება მარგველაშვილის სასარგებლოდ. უბრალოდ, მეორე ტურის შემთხვევაში, ერთადერთი ცუდი ის არის, რომ, შესაძლოა, სააკაშვილმა მორიგი რანდევუ მოაწყოს ვილნიუსში, სადაც ხელი ეწერება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და მოითხოვოს გამოსამშვიდებელი ბენეფისი. ეს მიუღებელია, ის ამას არ იმსახურებს, მაგრამ სხვა უარყოფითი მეორე ტურს რა შეიძლება ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ ხალხი თავის თავს პატივს სცემს? სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტის მთავარი ტრაგედია ისაა, რომ ხალხი ისევ იგნორირებულია. ხალხს იმ შემთხვევაში სცემენ პატივს, თუ კვერს მორჩილად დაუკრავს. არადა, პირიქით უნდა იყოს, ხალხის ნება უზენაესი უნდა იყოს, მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ ხალხი სათანადოდ ვერ აფასებს იმ დიდ ღვაწლს, რაც ქვეყნის წინაშე და სააკაშვილის რეჟიმის მოშორების თვალსაზრისით აქვს ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ მეორე ტურის თემა ხელოვნურად დრამატიზებულია და მას ჩვენ უნდა შევხედოთ, როგორც გონივრული პოლიტიკური პროცესის ნაწილს და არა - კატასტროფას. თუმცა რეალობა მაფიქრებინებს, რომ მეორე ტური დღის წესრიგში არ დადგება და ყველაფერი პირველ ტურში დასრულდება.

სულ ახლახანს დავით უსუფაშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა, „რაც მეტი გავაგებინეთ, თუ რას ჩავდიოდით ქართველები, მით მეტად შეშფოთდა ევროპა“. დავით უსუფაშვილის ეს ფორმულირება რამდენად სწორია? სინამდვილეში, ქართველები ჩადიოდნენ დანაშაულს თუ ცალკეული მაღალჩინოსნები? ამის ქვეტექსტი ის ხომ არ არის, რომ ევროპა კიდევ რომ არ შეშფოთდეს, ისევ გამოუძიებელი საქმეები გველის და ისევ დაუსჯელი ნაციონალები?!

- მე ვფიქრობ, ეს იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილის ქმედებები და ქართველი ხალხი ან საქართველოს მოსახლეობა არანაირად ამის ჩამდენი არ ყოფილა. ისევ პოლიტიკურ კონიუნქტურას უწევს დავით უსუფაშვილი ანგარიშს, რაც არასწორია და ამ ნიჭიერ ადამიანს უფრო მეტი პოლიტიკური პრაგმატიზმი მოეთხოვება. თუ ჩვენ არ ვიქნებით გახსნილები და ყოველივე ნეგატიურის შესახებ, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში მოხდა, ხმამაღლა და მკაფიოდ არ ვიტყვით, მათ შორის, ევროპის გასაგონად, ისე არაფერი გამოვა. საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იცოდეს, განსაკუთრებით, ძლიერთა ამა სოფლისათა ნამოქმედარი.

აბსოლუტურად მიუღებლად მიმაჩნია, რომ გარკვეულმა თანამდებობის პირებმა აკრძალეს სამეგრელოში აღმოჩენილი შემზარავი კადრების ჩვენება საზოგადოებისთვის, რადგან თურმე ის გამოიწვევდა სტრესს და შეგვარცხვენდა ევროპის წინაშე. ამის უფლება არავის აქვს და, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ის პოლიტიკურად პასუხს აგებს. ჩვენმა საზოგადოებამაც და ევროპამაც უნდა იცოდეს ყველაფერი, რომ სწორად შეაფასოს საქართველოს განვითარების გზა. გერმანელებს თვალი რომ დაეხუჭათ დახაუზე, ოსვენციმზე, გერმანელი ერი არ იქნებოდა დიდი ერი და გერმანია არ იქნებოდა დიდი ქვეყანა.

უსუფაშვილმა ისიც დასძინა, რომ ჩვენს მიმართ ეჭვის თვალით ყურების ხარისხი ევროპაში გაიზარდა და ეს ტვირთი მომავლშიც კიდევ დიდხანს გაგვყვება. ხომ არ ფიქრობთ, რომ იგი ისევ კოაბიტაციის რეჟიმის ენაზე გვესაუბრება?

- ჩემი აზრით, უსუფაშვილი ზოგჯერ ამბობს ისეთ რამეს, რომლის უკანაც რეალობა შეიძლება, სულ სხვა იყოს. მოცემულ შემთხვევაში, მას აკისრია გარკვეული დამბალანსებლის ფუნქცია. ამ კუთხით თუ შევხედავთ, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაწყნარებას ემსახურებოდეს მისი ნათქვამი, ვიდრე რეალურ პროცესს ასახავდეს. საერთოდ, ურთიერთობის გარკვევა „ნაცმოძრაობასა“ და მის ლიდერებთან უნდა იყოს სამართლებრივი პროცესი და არა - ომი. ამ პროცესში თუ პროკურატურამ ვერ მოახერხა ინკრიმინირებული დანაშაულის დასაბუთება, ნაციონალებისგან თავისუფალმა სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი უნდა მიიღოს.

ჩვენ ვიცით, რომ ახალაიას ჰქონდა ბევრი შეცდომა და შესაძლოა, დანაშაულიც, მაგრამ, თუ დანაშაულს ვერ დაუმტკიცებენ, მისი ციხეში ჩასმა მიუღებელია. ყოველგვარი დაუსაბუთებელი ნაბიჯი ახალ ბოროტებას წარმოშობს. სამართლიანობის აღდგენა, როგორც ჩანს, საქართველოში ხანგრძლივი პროცესი იქნება და ყველა უკანონობასთან დაკავშირებით საზოგადოებამ პასუხი უნდა მიიღოს.