შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეციალური ოპერაციების ცენტრის ბაზაზე განახლებული საცხოვრებელი კორპუსები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეციალური ოპერაციების ცენტრის ბაზაზე განახლებული საცხოვრებელი კორპუსები გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შსს-ს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ბაზაზე ორი განახლებული საცხოვრებელი კორპუსი გახსნა. ორი 5 სართულიანი გარემონტებული საცხოვრებელი კორპუსი თანამედროვე ავეჯითა და უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი. კორპუსებში განთავსებულია სპეციალური დანიშნულების რაზმების პირადი შემადგენლობის საცხოვრებელი ოთახები, სასადილო და დეპარტამენტის ხელმძღვანელების სამუშაო კაბინეტები.

გარდა ამისა, დეპარტამენტის პირად შემადგენლობას გადაეცა ახალი დიზაინის ფორმები, სპეციალური აღჭურვილობა და შეიარაღება.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, სპეციალური ოპერაციების ცენტრის ბაზის განახლება ორი თვის წინ დაიწყო. მიმდინარეობს შტაბის ადმინისტრაციული შენობის კაპიტალური რეკონსტრუქცია. მშენებლობის და კეთილმოწყობის პროცესშია დახურული ავტოსადგომი საბრძოლო ტექნიკისა და ტრანსპორტისათვის. შენდება 25 და 300 მეტრიანი სიგრძის სასროლეთი, სადაც დამონტაჟდება მსოფლიოს ბოლო თაობის მოძრავი სამიზნე სისტემები. მონტაჟის პროცესშია სასწავლო წერტილი თვითმფრინავის მაკეტით, რომელზეც განხორციელდება კონტრტერორისტული დანაყოფის სპეციალური წვრთნები.

ასევე მიმდინარეობს შსს-ს სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს (იალღუჯაზე) გარე და შიდა პერიმეტრის ინფრასტრუქტურის სამუშაოები, სადაც გაკეთდა 3 კმ-იანი მისასვლელი გზა.