სააკაშვილს პედოფილების და ნარკორეალიზატორების შეწყალებაში ადანაშაულებენ

სააკაშვილს პედოფილების და ნარკორეალიზატორების შეწყალებაში ადანაშაულებენ

მიხეილ სააკაშვილი მთავრობას პედოფილების და ჯაშუშების განთავისუფლებაში ადანაშაულებს. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ მსჯავრდებული პირის შეწყალების პრეროგატივა ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის. არის ერთი საინტერესო დეტალი, პრეზიდენტს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, იმ პირთა მიმართ, რომლებიც მძიმე თუ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის იყვნენ ბრალდებულებითავისი კონსტიტუციური უფლება არ გამოუყენებია.

შესაბამისად, კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს უფლება მძლავრ ბერკეტად იქცა პრეზიდენტის ხელში. საქართველოს პრეზიდენტმა პირველი ოქტომბრიდან 30 ივნისის ჩათვლით 1810 პატიმარი შეიწყალა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პატიმართა უმრავლესობა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები არიან. ქვეყნის პირველი პირის მიერ შეწყალებულ პატიმრებიდან 208 პირი სასჯელს ქურდობისთვის, 36 ყაჩაღობისთვის და 200 ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდიდა. შეწყალებულთა შორის არიან პედოფილები, ნარკორეალიზატორები და მკვლელობისთვის გასამართლებულები.

პრეზიდენტის შეწყალებულთა სიიდან for.ge წარმოგიდგენთ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებს - „დანაშაული სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ“ (პედოფილია): გ. ხ. დაბ. 1991 წელს. დაბა ნორიოში ჩაიდინა ნივთების ქურდობა. მანვე მცირეწლოვან თ. ზ.-ს მიმართ განახორციელა გარყვნილი ქმედება. შეწყალების აქტის საფუძველზე პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა გ.ჩ. რომელსაც ბრალად ედებოდა გარყვნილი ქმედება არასრულწლოვანთან. „დანაშაული სიცოცხლის ხელყოფის წინააღმდეგ“ (მკვლელობა). ი. კ.-მ დაბ. 1979 წელს. 2005 წელს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მოკლა კ. ნ.

„დანაშაული ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ“ (კანონიერი ქურდობა). ე. გ. დაბ. 1968 წელს. „ქურდული სამყაროს წევრი“. ასევე, ი.ო. დაბ. 1980 წელს, „ქურდული სამყაროს წევრი“. ნარკორეალიზაცია ა.ო. დაბ.1975 წ . გასამართლებული 09.08.2006 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. სასჯელის ზომად განსაზღრული ჰქონდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. უზენაესმა სასამართლომ განაჩენი დატოვა უცვლელი, თუმცა პრეზიდენტმა შეიწყალა.

რატომ იწყალებს პრეზიდენტი მასიურად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებს, ამაზე საპარლამენტო უმარვლესობას ერთი პასუხი აქვს - პრეზიდენტის მიზანია ქვეყანაში კრიმინალური ვითარების დაძაბვა. ბრალდებას არასერიოზულს უწოდებენ უმცირესობაში და უმრავლესობას სახელმწიფოს მართვის უცოდინარობაში ადანაშაულებენ.

„პრეზიდენტს შეუძლებელ დანაშაულში სდებენ ბრალს და ამაზე კომენტარი საღი აზრის ფარგლებს სცდება. პრეზიდენტი იწყალებს პიროვნების საქმის შესწავლის საფუძველზე და არა ისე, როგორც ეს პარლამენტმა გამოაცხადა, არა პიროვნების საქმეების შესწავლის საფუძველზე, არამედ ამნისტია ცხადდება პირდაპირ მუხლების მიხედვით.

უმრავლესობამ იმაზე აგოს პასუხი, იმ უზარმაზარი ამნისტიით, რომლის ფარგლებში, პედოფილების გამოშვებაც მოხდა. ყველა იმ ბრალდებაზე პასუხის გაცემა, რაც სახელმწიფოს მართვის არმცოდნე უმრავლესობიდან ისმის-ხოლმე, სრულიად უპასუხისმგებლო და უბრალოდ, შეუძლებელია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას დავით დარჩიაშვილი.

ა-რ „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ ეს იყო საბოტაჟი. მისივე თქმით, ქვეყნის პირველი პირის მიზანს ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია წარმოადგენდა.

„იმას რასაც თვით აფუჭებდა, აბრალებდა ახალ ხელისუფლებას. მისი მთავრი მიზანი იყო ხელისუფლების დისკრედიტაცია. კონსტისტიცია ითვალისწინებს შეწყალების უფლებას, მაგრამ კონსტიტუციაში ნაგულისხმევი არაა, რომ ქვეყნის პირველი პირი, რომელსაც ეს უფლება აქვს, შეიძლება იყოს კრიმინალი. კრიმინალი უნდა იყოს ციხეში. აქედან გამომდინარე, ეს უფლება აქვს ქვეყანაზე მოფიქრალ ადამიანს, რომელსაც აქვს ქვეყნის პირველი პირის სტატუსი. ჩვენ გვქონდა ანომალია, ეს უფლება ჰქონდა ადამიანს, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და მან ეს ბერკეტი გამოიყენა ქვეყნის ინტერსების საწინააღმდეგოდ. ანუ გამოიყენა ისეთი შემთხვევბზე, რომელზეც პარალამენტმა ამნისტია არ გაავრცელა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.

უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე იხსენებს, რომ 2009 წლის დეკემბერში შეწყალებული 1287 პატიმრიდან, 300 პატიმარი განთავისუფლებული იქნა იმ პირობებში, როდესაც მათ მიმართ დადგენილი სასჯელები მოიცავდა 11, 15, 16 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთას და ისინი განთავისუფლებული იქნენ სასჯელის ვადის დინების მე-11 და მე-12 თვის თავზე. მისივე თქმით, ეს პირები მსჯავრდებული იყვნენ ისეთი მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, როგორის არის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვა, გასაღებას და ნარკოტიკული საშუალების კონტრაბანდას ითვალისწინებს. როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, იყო შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი ყაჩაღობაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულებს იწყალებდა.

„მინდა გაგახსენოთ რატი რეხვიაშვილის მაგალითი, რატი რეხვიაშვილის დედა აღმოჩნდა ერთადერთი მშობელი მსჯავრდებული პირისა, რომელმაც დაასახელა გარემოება, პირთა წრე, ის პირობა, რომელსაც უთვლიდნენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შვილის გათავისუფლების სანაცვლოდ. ასეთი ფაქტები მასობრივ ხასიათს ატარებდა და ყოველთვის ემსახურებოდა პოლიტიკური კორუფციის და არა მხოლოდ - ამავე დროს ელიტარული კორუფციის ფაქტების არსებობას ადასტურებდა“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ეს შეიძლება შეფადსდეს როგორც დისკრედიტაციის მცდელობა ახალი ხელისუფლებისა.

„პრეზიდენტი თავისი დისკრეციული უფლებამოსიების ფარგლებში, სწორედ არჩევნების წინა პერიოდში, მოქმედებს კონსტიტუციის მე-8 თავის თანახმად და იწყალებს პირებს საკუთარი პირადი შეხედულებით, რაც ძალიან ხშირ შემთხვევაში  არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთო გადაწყვეტილების შედეგი. როდესაც პრეზიდენტი იწყალებს პედოფილებს, მკვლელებს, ნარკორეალიზატორებს და ა.შ. ეს ყოველთვის იწვევს კითხვებს, საქმე ხომ არ გვაქვს კორუფციასთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დიმიტრი ლორთქიფანიძე.