რატომ უნდა დაიმუქრო რომ ჩამოშორდები არჩევნებს, რომელიც შეიძლება მოიგო?

რატომ უნდა დაიმუქრო რომ ჩამოშორდები არჩევნებს, რომელიც შეიძლება მოიგო?

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციის თანახმად, მესამე ვადით კენჭისყრის უფლება არ აქვს, შესაბამისად ქართველი ამომრჩევლები 27 ოქტომბერს მის შემცვლელს აირჩევენ – პირველად „ვარდების რევოლუციიდან“ ათი წლის შემდეგ. სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის („ენმ“) კანდიდატი დავით ბაქრაძე, ბოლო კვლევებში დიდი სხვაობით ჩამორჩება გიორგი მარგველაშვილს, რომელსაც მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია “ქართული ოცნება“.

მიუხედავად ამ სხვაობისა, საპრეზიდენტო არჩევნების ციკლი ერთგვარი გაურკვევლობით ხასიათდება სამი ფაქტორის გამო: ხმის მიცემის ორ რაუნდიანი სისტემა, საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ჩამოუყალიბებელ რესპონდენტთა დიდი რიცხვი, და ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ის პოლიტიკიდან წავა თუკი მის რჩეულ კანდიდატს არ აირჩევენ. მეტიც, მარგველაშვილმა, ივანიშვილის რჩევით, ახლახანს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლას ჩამოშორდება, თუკი პირველივე ტურში არ გაიმარჯვებს.

წამყვანი საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან მუქარა, რომ ის მიატოვებს არჩევნებს, საინტერესო გამოცანაა – რატომ უნდა გააკეთოს ეს მარგველაშვილმა, თუკი ყველა არსებული ინფორმაციით ის ფავორიტია იმ შემთხვევაშიც, თუკი პირველივე ტურში არ გაიმარჯვებს? საქართველოს ძალიან პერსონიფიცირებული პოლიტიკური სისტემის კონტექსტი რამდენიმე შესაძლო ახსნას გვაძლევს. პირველი – მარგველაშვილის განცხადების მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მობილიზება პირველივე ტურისათვის. მეორე – შეიძლება ამ განცხადებას სტრატეგიული დატვირთვა სულაც არ აქვს, და იმას ასახავს, რომ „ქართულ ოცნებაში“ სწორედაც რომ დარწმუნებულები არიან იმაში, რომ მარგველაშვილს შეუძლია მერყევი ამომრჩევლების საკმარისად მოზიდვა იმისთვის, რომ მეორე ტური აღარ ჩატარდეს.

ფონი

საქართველოს პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩევა ორ რაუნდიანი ფორმატით. თუკი პირველ ტურში ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა უმრავლესობას, ის ორი კანდიდატი, რომელიც ყველაზე კარგ შედეგს აჩვენებს მეორე ტურში შეეჯიბრება ერთმანეთს. არჩევნებში მონაწილე 23 კანდიდატიდან, სამი წამყვანი მეტოქეა. „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, მარგველაშვილი ფავორიტი კანდიდატია, რომელსაც რესპონდენტების 39% უჭერს მხარს, თუმცა ეს მაჩვენებელი არ არის საკმარისი პირველ ტურში გასამარჯვებლად. მას მოსდევენ ბაქრაძე – 18%-ით და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ნინო ბურჯანაძე – 7%-ით. მთლიანობაში, გამოკითხულთა 26%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას – ისინი ამ შეკითხვას ან არ პასუხობენ ან აცხადებენ, რომ „არცერთ კანდიდატს“ არ უჭერენ მხარს, რაც არჩევნების შედეგების პროგნოზირებას ართულებს. თუმცა, კამპანია თავისუფალია ისეთი დრამატული ეპიზოდებისგან, როგორიც იყო შარშანდელი ციხის სკანდალი, რომელმაც ბოლო მოუღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო უმრავლესობას, შესაბამისად ნაკლები საფუძველი არსებობს იმაზე ფიქრისათვის, რომ მარგველაშვილი ფავორიტი არ არის.

ბევრი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს მსგავსად, საქართველოს პოლიტიკური სისტემა კვლავ ძალიან პატრონ-ყმურია. არჩევნების მოგება ხდება არა ამომრჩევლებისთვის სხვადასხვა პოლიტიკური პლატფორმების შეთავაზებით, არამედ პერსონალიების ირგვლივ კონცენტრირებული კამპანიებითა და პირადი ქსელების მობილიზებით – იძულების და რესურსების განაწილების კომბინაციის გზით. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ჩინოვნიკები არ მონაწილეობენ პირდაპირ არჩევნების გაყალბებაში, ბოლოო ორი საარჩევნო ციკლის განმავლობაში, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა ამომრჩევლების იძულებას ზეწოლით, ან პირადი და საერთო რესურსების განაწილებით.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფიქსირა, რომ როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის თანამშრომლები გაათავისუფლეს სამსახურებიდან პოლიტიკური ოპოზიციონერობის ნიშნით; ადგილი ჰქონდა სერიოზულ საკადრო რეორგანიზაციას ცენტრალურ და ადგილობრივ საჯარო სექტორში, რაც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ უმრავლესობით გამარჯვებას მოჰყვა; საჯარო მოსამსახურეებზე პრემიების აშკარად თვითნებურად გაცემის ფაქტები, პირდაპირი ზეწოლა ან მუქარა პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერთა წინააღმდეგ. უფრო ფართო კონტექსტში, პოლიტიკა კვლავ ხასიათდება უფრო პერსონალური მტრობით, ვიდრე პოლიტიკური პლატფორმების შეჯიბრით.

ქართული პოლიტიკის პატრონ-ყმური შინაარსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საარჩევნო ციკლისათვის, რადგან პოლიტიკური ინსტიტუტებში საგულისხმო ცვლილებები ხდება. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ამოქმედდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის თანახმად პრეზიდენტის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია პრემიერმინისტრს გადაეცემა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ პრემიერმინისტრი და მთავრობა სრულად ხდება პასუხისმგებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე; თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრების, ისევე როგორც რეგიონის გუბერნატორების დანიშვნის უფლება, პრეზიდენტისგან პრემიერმინისტრს ან მთავრობას გადაეცემა; ასევე ბიუჯეტზე პასუხისმგებელი ხდება მთავრობა და პარლამენტი. შესაბამისად, პრეზიდენტის ინსტიტუტი ხდება ძალიან სიმბოლური. პოლიტიკურ ინსტიტუტებს შორის ეს ცვლილება დამატებით მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, როდესაც ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს თანამდებობიდან გადადგომა თუკი მისი რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი გაიმარჯვებს. შესაბამისად, ახალი პრემიერმინისტრი იქნება ივანიშვილის მიერ შერჩეული მემკვიდრე, რომლის ვინაობასაც ის საპრეზიდენტო არჩევნებიდან ერთ კვირაში გამოაცხადებს.

ანალიზი

„ქართული ოცნების“ ელექტორალური სტრატეგია საპრეზიდენტო რბოლაში, მათ შორის მარგველაშვილის მუქარა, რომ ის ჩამოშორდება პროცესს თუკი პირველივე ტურში არ გაიმარჯვებს, შინაარს იძენს საქართველოს პატრონ-ყმურ პოლიტიკურ კონტექსტში. „ქართული ოცნება“ – ეს არის იმ პარტიათა კოალიცია, რომლებსაც პოლიტიკური პროგრამების თვალსაზრისით ცოტა რამ თუ აქვთ საერთო. 2012 წლის საპარლამენტო არჩვენების ციკლში, „ქართული ოცნება“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობით“ იმედგაცრუებულთა ერთგვარი თავშესაფარი იყო. ამ თვალსაზრისით, ივანიშვილის ფიგურა და რესურსები ცენტრალურ კერად იქცა მმართველი პარტიის ოპოზიციისათვის. დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ შედარებით არაპოპულარული, მარგველაშვილისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, შესაძლოა სწორედ მისი მხარდამჭერების პირველ ტურში მობილიზებაა, რადგან „ენმ“ მიერ ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თემა აქტუალური აღარ არის.

ამის გათვალისწინებით, „ქართული ოცნებისთვის“ საუკეთესო გამოსავალი პრეზიდენტობის პირველ ტურში მოგებაა. ეს შედეგი იქნება სიგნალი იმისა, რომ ძალაუფლების ბალანსი მკაფიოდ შეიცვალა „ოცნების“ სასარგებლოდ, რაც პოტენციურად მათკენ უბიძგებს ელიტებს, რომლებსაც უნდათ თანამდებობებისთვის ბრძოლა ან პოზიციების შენარჩუნება მომავალ ადგილობრივ და საპარლამენტო არჩვენებში. თუმცა ორრაუნდიანი არჩევითი სისტემის პირობებში და იმ გაურკვეველი ინფორმაციის ფონზე, რომელიც კვლევებშია, „ქართული ოცნება“ ვერ იქნება დარწმუნებული, რომ მისთვის საუკეთესო შედეგს მიიღებს.

თუკი „ქართული ოცნება“გრძნობს, რომ მისი მხარდამჭერები არიან გულდამშვიდებულები, ან ამომრჩევლების ნაწილი მერყეობს, მას შეეძლო მიემართა მოწოდებებისათვის, რათა გაეაქტიურებინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ განწყობილი ამომრჩევლები. გაურკვეველია იმუშავებს თუ არა ამ ტიპის მუქარა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მისი ფასი დიდი არ არის. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა ბირთვმა საეჭვოა გემი მიატოვოს ან სახლში დარჩეს, მარგველაშვილს კი შეუძლია, სავარაუდოდ არც თუ დიდ ფასად, მოგვიანებით შეიცვალოს თავისი პოზიცია პირველი ტურის შედეგების მიხედვით. შესაბამისად, მარგველაშვილის განცხადების მიზანი, რომ ის ჩამოშორდება საპრეზიდენტო რბოლას თუკი პირველ ტურში არ გაიმარჯვებს, არის სწორედ ამ გაურკვევლობასთან ბრძოლის სტრატეგია იმ გარემოში, სადაც მობილიზაციას უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე პოლიტიკურ უთანხმოებას.

გარდა ამისა, განცხადება შეიძლება არანაირი სტრატეგიის ნაწილი არ არის, და უფრო ასახავს იმას, რომ მარგველაშვილი დარწმუნებულია, რომ საკმარისი რაოდენობის მერყევ ამომრჩეველს მიზიდავს იმისთვის, რომ მეორე ტური აღარ ჩატარდეს. მუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში იმ ამომრჩევლების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ ან არ ამბობენ თუ ვის მისცემენ ხმას, ან არ გამოხატავენ იმას თუ ვის ანიჭებენ უპირატესობას (26%) სექტემბრის კვლევაში, მარგველაშვილს წამყვანი პოზიციები უკავია, და ხმათა მხოლოდ 10% სჭირდება იმისთვის, რომ თავიდან აიცილოს მეორე ტური. მეტიც, არსებობს სერიოზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ იმ ამომრჩევლების დიდი ნაწილის ხმები, რომელიც ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, მარგველაშვილისკენ წავა. ბაქრაძე, რომელსაც კვლევის თანახმად გამოკითხულთა დაახლოებით 18% უჭერს მხარს, უკვე არის საკუთარ პარტიაზე პოპულარული (იმავე კვლევაში რესპონდენტების მხოლოდ 12% იწონებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“)* შესაბამისად, ბაქრაძის რეიტინგი, როგორც ჩანს მოსახლეობაში მისი პარტიის მხარდაჭერის ამსახველი ზედა ზღვარია, და არ ჩანს ის რესურსი, საიდანაც „ენმ“-ს მხარდამჭერთა მობილიზება დამატებით შეუძლია. იმავდროულად, NDI-ის კვლევაში „ქართულ ოცნებას“ იწონებს რეპონდენტთა 50% – მარგველაშვილის მხარდაჭერაზე მაღალი მაჩვენებელი. რაც შეეხება ბურჯანაძეს, მან შეიძლება მიიზიდოს მერყევი ამომრჩეველი ან სხვა კანდიდატების მხარდამჭერები, რომლებსაც არ მოსწონთ არც „ქართული ოცნება“ და არც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. თუმცა, ბაქრაძის მსგავსად, ის საკუთარ პარტიაზე „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“ პოპულარულია. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტია შედარებით კარგად არის დაფინანსებული, საეჭვოა, რომ მან საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვოს მეორე ტურის მისაღწევად. ყველა შემთხვევაში, მარგველაშვილის განცხადება, შეიძლება იყოს მხოლოდ სპეკულაცია იმის პასუხად, რასაც ის და ივანიშვილი განიხილავენ ძალიან არარეალისტურ ჰიპოთეტურ სიტუაციად.

ივანიშვილის და მარგველაშვილის ბოლოდროინდელი კომენტარები ორივე ვერსიის დადასტურებად შეიძლება გამოდგეს. მარგველაშვილმა მისი განცხადება დაახასიათა, როგორც სიმტკიცის დემონსტრირება. შესაბამისად „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება სცადა ეიძულებინა მისი აქტივისტები და ამომრჩევლები პირველ ტურში მონაწილეობაზე, თუკი დაემუქრებოდა მათ პროცესიდან გასვლით მეორე ტურის შემთხვევაში. მეორე მხრივ ივანიშვილი მეორე ტურს გამორიცხავს, და შესაბამისად მარგველაშვილის გასვლას პროცესიდან ჰიპოთეტურადაც არ უშვებს. როგორც ჩანს, ეს გზავნილი ამ ორის კომბინაციაა: ისინი დარწმუნებულები არიან იმაში, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებენ, თუმცა დააზღვიეს ეს სტრატეგიით. ორივე შემთხვევაში, ცხადია, არსებობს სხვაობა მეორე ტურში არ მონაწილეობაზე მუქარასა და რეალურ არმონაწილეობას შორის. თუკი მარგველაშვილი კვირას ხმათა უმრვალესობას ვერ მიიღებს, და შეასრულებს თავის მუქარას, ეს უკვე აბსოლუტურად სხვა სტრატეგიის ლოგიკა იქნება.

foreignpress.ge