„კვაშნინმა მკითხა, ამ ახალგაზრდებს რა უნდათო“

„კვაშნინმა მკითხა, ამ ახალგაზრდებს რა უნდათო“

„ეს სამეულიც ამ გარიგების შედეგი იყო“, - აცხადებს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ვლადიმერ იმანძე. როგორც მან for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ კვაშნინს იმ ოთახიდან ესაუბრა, საიდანაც დახურული კავშირით საუბრობენ. როგორც იმნაძე ამბობს, მას აინტერესებდა,  ერეოდა თუ არა ჯარი ამ პროცესებში და როდესაც რუსეთის დახმარებაზე მისგან უარი მიიღო, პაუზის შემდეგ უთხრა, რომ „მაშინ, ბიჭებო, თქვენ დაკარგავთ აფხაზეთს და ოსეთს“. გენერალი იმნაძე თვლის, რომ სააკაშვილმა და ბურჯანაძემ უნდა თქვან, თუ რაზე ესაუბრნენ ივანოვს.

რა მოხდა 2003 წლის 23 ნოემბერს? როგორც დავით თევზაძე ამბობს,  თქვენ მას დაურეკეთ სელექტორის მეშვეობით და მოახსენეთ, რომ დარეკეს რუსეთის გენერალური შტაბიდან. კონკრეტულად ვინ დაგირეკათ?

ვლადიმერ იმნაძე: დამირეკა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა კვაშნინმა. ეს არ იყო ზარი ტელეფონზე. მათ, ვინც უზრუნველყოფდა კავშირგაბმულობას, მომახსენეს, რომ თქვენთან საუბარი უნდა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსსო. მე არ მილაპარაკია ჩემი კაბინეტიდან. ველაპარაკე ოფიციალური ოთახიდან, საიდანაც დახურული კავშირით საუბრობენ. დიახ ეს იყო გენერალი კვაშნინი.

რა საკითხზე ისაუბრეთ თქვენ და გენერალმა კვაშნინმა?

- არ მომეწონა მისი ზარი, რადგან საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ეს მოვლენები დაიწყო, სახელმწიფოებთან ურთიერთობა გვქონდა ატაშეებისა და ელჩების მეშვეობით. გამიკვირდა, რომ ამ საკითხზე რეკავს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი და მით უმეტეს - იმ დღეებში. როდესაც მე ავედი სპეცოთახში და ავიღე ყურმილი, ალბათ ეს მისი ოფიცერი იყო, მეკითხება - გენერალი იმნაძე ბრძანდებითო? დიახ, გენერალი იმნაძე გესაუბრება-თქო. მაშინ მითხრა, ელაპარაკეთ გენერალ კვაშნინსო და გადასცა ყურმილი. პროტოკოლური საუბარი იყო.

რა გითხრათ კვაშნინმა?

- მან მკითხა, რომ დახმარება ხომ არ გჭირდებათო.

რა სახის დახმარება იგულისხმა?

- სამხედრო დახმარება რომ გაეწია ჩვენთვის, ალბათ ეს იგულისხმა. რა თქმა უნდა, ჩემგან უარი მიიღო. მე მას ვუთხარი, რომ დახმარება არ გვჭირდებოდა და, ჩვენ თვითონ მოვუვლიდით ამ ვითარებას. შემდეგ მკითხა, ამ ახალგაზრდებს რა უნდათო. მე ვუთხარი, რომ ჯარი ამ საკითხში არ ერეოდა.

მას აინტერესებდა, ჯარი ერეოდა თუ არა ამ პროცესებში?

- რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყო. მან მკითხა კიდეც, რას იზამთ - ჩაერევით თუ არაო, მაგრამ ჩვენ ამაზე უკვე გაკეთებული გვქონდა განცხადება, რომ ჯარი არ ჩაერევა მანამ, სანამ რომელიმე მხარე არ გამოიყენებს ძალას. ეს რომ ვუთხარი, ცოტა ხანი გაჩუმდა და მერე მითხრა სიტყვა-სიტყვით: „ბიჭებო, მაშინ, თქვენ დაკარგავთ აფხაზეთს და ოსეთს“ და ამით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ამის შემდეგ, ავედი მინისტრთან, მოვახსენე ამ ზარის შესახებ და ვუთხარი, რომ რაღაც შეიცვლება აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით-თქო. გადავეცი ის, რაც მითხრა გენერალმა კვაშნინმა.

როგორ ფიქრობთ, რატომ გითხრათ გენერალმა კვაშნინმა ის, რაც გითხრათ?

- ვფიქრობ, რომ მის ამ სიტყვაში იდო ის, რომ თუ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა დემონსტრაციის გზით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ იქნება თქვენიო. იცით, როგორ იყო საუბარი - რომ რაღაცა რაღაცაზე იცვლებოდა. ან უნდა მოსულიყო რევოლუციური სამეული და ამის სანაცვლოდ ჩვენ ვკარგავდით ტერიტორიებს. იმ წუთში ჩვენ ბევრი კითხვები გვქონდა. მაგრამ, შემდეგ, მოვლენებს თუ დავაკვირდებით - რატომ დაიწყო 2004 წელს სამაჩაბლოში კონფლიქტი, ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. 2004 წელს რუსეთი არ იყო მზად, რომ ჩაებარებინა აფახაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

თქვენ კვაშნინმა გიხსენათ, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა ივანოვი. რა კონტქსტში იყო ეს ნათქვამი?

- დიახ, მითხრა.  მან მითხრა, რომ თქვენთან დასახმარებლად ჩამოდის ივანოვი და ვთხოვ, რომ თქვენ მოგისმინოთ და დაგეხმაროთო. მე მას აუხსენი, რომ ჩვენ არ გვინდოდა დახმარება, მოსახლეობა აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. არც მე და არც მინისტრი მას არ შევხვედრივართ.

ივანოვის ჩამოსვლა, სამეულთან ერთად მისი მისვლა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ დემონსტრატებთან და სიტყვით მიმართა, ეს კავშირშია კვაშნინის ზართან?

- მე საერთოდ კვაშნინის რას ვერ ვიგებ... ეს თუ იყო რუსეთის მიერ დაგგემილი, მაშინ კვაშნინმა რატომ მითხრა, რომ თქვენ დაკარგავთ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონსო?! შეიძლება, უბრალოდ გამაფრთხილა, მიმახვედრა რა მოჰყვებოდა ამას. მე არ ვთვლი, რომ ის, რაც  კავკასიაში ხდება, არ არის რუსული სცენარი. რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა საქართველოში 2003 წელს, ეს იყო როგორც რუსულ-ამერიკული სცენარი.

ივანოვის ჩამოსვლისა და სამეულთან შეხვედრის დეტალები დღემდე გასაიდუმლოებულია. არც ერთი მხარე ამაზე არ აკეთებს განმარტებას. როგორ ფიქრობთ, რაზე შეიძლება მათ ესაუბრათ?

- არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, მაგრამ მგონია, რომ სამივეს ინტერესი იყო, რადგან ამ შეხვედრის და მოლაპარაკების დეტალებს არ ახმოვანებენ. თუ გაახმოვანებენ, მაშინ ვნახოთ. არ ვთვლი, რომ ივანოვი მარტო რუსეთის მხრიდან იყო გამოგზავნილი. ალბათ უფრო დიდ გარიგებას ჰქონდა ადგილი.

დავით თევზაძე ამბობს, რომ 2003 წელს განხორციელებული ამ ზარის და ივანოვთან შეხვედრის შედეგი იყო ის, რაც მოხდა 2008 წელს ცხინვალის რეგიონში და კოდორის ხეობაში. თქვენ როგორ ფიქრობთ?..

- ამ ყველაფერში ივანოვი უმნიშვნელო ფიგურაა, ის უბრალოდ ელჩის ფუნქციას ასრულებდა. ივანოვი ჯერ ჩამოსულიც არ იყო, ეს ზარი რომ განხორციელდა. სანამ ამ შეხვედრის მონაწილეები არ იტყვიან, რაზე შეხვდა მათ ივანოვი, რა თქმა უნდა ვთვლი, რომ ეს ყველაფერი არის ამ ზარის შედეგი. ამ ადამიანებმა უნდა თქვან ყველაფერი, მაგრამ როგორი სათქმელია, რაში გაიცვალა საქართველო, რაში გაიცვალა ხელისუფლება!

მე მგონია, რომ რუსეთში გაიყო სამხედროებისა და პოლიტიკოსების აზრი. როგორც ჩანს, სამხედროებს უფრო ადრე უნდოდათ საქართველოში სიტუაციის მოგვარება. ჩვენ რომ გვეთქვა,  თქვენი დახმარება გვჭირდება-თქო, ორ საათში მოგვარდებოდა ყველაფერი, მითუმეტეს, რომ მაშინ ბაზები აქ ჰყავდათ. უთანხმოება იყო სამხედროებსა და პოლიტიკოსებს შორის. ჩვენ ვიცოდით, რომ უნდა ჩამოსულიყო ივანოვი და ამ დროს რეკავს კვაშნინი და მეუბნება ამ ფარაზას, რომ მაშინ თქვენ კარგავთ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონსო.

ამის შემდეგ თქვენ მოხსნებით წარსდექით თავდაცვის მინისტრის წინაშე და ამას ესწრებოდა გიგი წერეთელი, შეგიძლიათ მისი რეაქცია გაიხსენოთ?

- ჩემს წინა იჯდა წერეთელი და როდესაც მინისტრმა მითხრა, რომ მასთან ერთად მომეხსენებინა, ერთი კი მახსოვს - თქვა, რომ პროვოკაცია არისო.

ანუ რუსეთის სამხედრო ხელისუფლებას, განსხვავებით პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ უნდოდა ამ სამეულს ჩაებარებინა ხელისუფლება?

- ტყუილად არ ვამბობ, რომ შეთანხმება იყო დიდ ქვეყნებს შორის. როგორც ჩანს, სამხედრო ხელისუფლებას სააკაშვილზე მეტი ინფორმაცია ჰქონდათ როგორც პოლიტიკოსზე და როგორც პიროვნებაზე, ვიდრე იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც შეიძლება მხარს უჭერდნენ და ახლაც მხარს უჭერენ სააკაშვილს.

რაში გამოიხატება მხარდაჭერა? სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში მოახდინა რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია...

- მე ასე არ ვთვლი. ეს იყო ტერიტორიების გადაბარება.

ძალაუფლების სანაცვლოდ?

- ალბათ... გაიხსენეთ 2004-2007-2008 წლები. 2004 წლის 4 იანვარს აირჩიეს პრეზიდენტად, მაისში მან დაიწყო პირველი შეტაკება ცხინვალის რეგიონში, შეგვიყვანეს და რატომღაც უკან გამოგვიყავნეს. 2008 წელის 5 იანვარს აირჩიეს პრეზიდენტად და აგვისტოში იგივე ხდება. სააკაშვილი ძლიერი პოლიტიკოსია და ნუთუ ის ვერ ხვდებოდა რა მოჰყვებოდა მის ამ ქმედებებს? რა თქმა უნდა, ხვდებოდა, მაგრამ მან ეს გააკეთა. რატომ გააკეთა? იმიტომ, რომ ტერიტორიები გადასცა.

როდესაც საუბრობთ, რომ სააკაშვილმა იცოდა ყველაფერი, ნინო ბურჯანაძეც რომელიც ასევე მონაწილე იყო ამ შეხვედრაში, არ ფიქრობთ, რომ მან იცოდა ეს ყველაფერი?

- არ მგონია, რომ ყველაფერი იცოდა. რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძეს ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი და ჩვენი ინტერვიუს შემდეგ კითხვები მის მიმართ მატულობს, მაგრამ მას არ ვთვლი იმ ფიგურად, რომელსაც შეეძლო რამე გადაწყვეტილება მიეღო.

თქვენი შეფასებით ეს იყო ღალატი?

- მე არ მინდა ვიმოქმედო იმ პრინციპით, რა პრინციპით მოქმედებდა წინა მთავრობა. რომან დუმბაძე, რომელსაც სამშობლოსთვის არასოდეს უღალატია, მოღალატედ გამოაცხადეს. ამიტომ, ვერ გეტყვით ეს ღალატი არის თუ არა. ამას კვალიფიკაცია შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა მისცენ.