„სოციოლოგიურ კვლევებს პოლიტიკოსებიც აშარჟებენ და ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ?“

„სოციოლოგიურ კვლევებს პოლიტიკოსებიც აშარჟებენ და ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ?“

წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება, რამდენიმე დღეში საქართველოს ახალი პრეზიდენტის ვინაობა გახდება ცნობილი. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები საზოგადოებას ბოლო სოციოლოგიური კვლევების შედეგებს სთავაზობენ. კვლევები დაუკვეთა „ქართულმა ოცნებამაც“ და „ნაციონალურმა მოძრაობამაც“. კვლევების შედეგებს შორის დაახლოებით 10-15%-იანი სხვაობაა, თუმცა სურათი, რომლის მიხედვითაც პირველ-მეორე და მესამე ადგილზე გასული კანდიდატები გამოიკვეთა, არ იცვლება.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრი „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს.

კითხვაზე „მიუხედავად თქვენი არჩევანისა, როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში“, - 67% ფიქრობს, რომ გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს, 7% ფიქრობს, რომ - დავით ბაქრაძე, ხოლო 5% -ის აზრით, ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, გამოკითხულთა მხოლოდ 1% ფიქრობს, რომ არჩევნებში გიორგი თარგამაძე გაიმარჯვებს, ასევე 1% ფიქრობს, რომ შალვა ნათელაშვილი გაიმარჯვებს, პასუხზე უარი თქვა 1%-მა, კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა 18%-ს.

კვლევა კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის დაკვეთით ჩატარდა 13-18 ოქტომბერს საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის სტანდარტული მეთოდით. სტატისტიკური ცდომილების ზღვარი შეადგენს 3,5%.

რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს ამ კვლევის მიხედვით მარგველაშვილს 57,6%, ბაქრაძეს – 11,8%, ბურჯანაძეს კი 7,1% უჭერს მხარს. შალვა ნათელაშვილს - 3,1%, ნესტან კირთაძეს - 2%, გიორგი თარგამაძეს კი 1,7% -იანი მხარდაჭერა აქვს.

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა, გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, პოლიცია საპრეზიდენტო არჩევნებზე წესრიგს კანონის ყველა მოთხოვნის შესაბამისად დაიცავს, რაც შესაბამისად ნიშნავს, რომ არჩევნების დემოკრატიულობის მიმართ ნდობა გაზრდილია.

„ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის თანახმად კი, რომელიც კომპანია „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩისმა“ ჩაატარა, მარგველაშვილს - 48%, ბაქრაძეს კი - 23% უჭერს მხარს. ნინო ბურჯანაძეს გამოკითხულთა 6%-ის, შალვა ნათელაშვილს - 2%-ის, გიორგი თარგამაძეს ასევე 2 %-ის, კობა დავითაშვილს კი რესპონდენტების 1%-ის მხარდაჭერა აქვს. გამოკითხულთა 18%-ს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. კვლევა ქვეყნის მასშტაბით 5-11 ოქტომბერის ჩატარდა.

სოციოლოგიური კვლევების მიმართ ბოლო პერიოდში საქართველოში საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. დღესაც სოციოლოგიური კვლევები ექსპერტთა ერთ ნაწილში უნდობლობას იწვევს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ეს კვლევები ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს მეტ-ნაკლები სიზუსტით ასახავს.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ ეგზიტპოლებისა და სოციოლოგიური კვლევების კუთხით ქვეყანში მდგომარეობა არ შეცვლილა.

„ჩემი ნდობა სოციოლოგიური კვლევებისა და ეგზიტპოლების მიმართ, რომელიც საქართველოში ტარდება, არის ნულოვანი. ბოლო წლებში ძალიან ცუდ ტრადიციად დამკვიდრდა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, სოციოლოგიური კვლევების გამოყენება საზოგადოებაზე მანიპულირების და ამ კვლევების დამკვეთის მიზნების საზოგადოებისთვის თავსმოხვევის მიზნით.

სამწუხაროა, რომ დღესაც იგივე ტრადიცია გრძელდება. ბევრი რამ შეიცვალა ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს დარჩა უცვლელი. ამიტომ არ მიმაჩნია, რომ ეს კვლევები სერიოზულად განსახილველია. შეიძლება ვიღაცის შედეგებს მეტად ვენდობოდე, ვიღაცის შედეგს ნაკლებად, მაგრამ ზოგადად ამ ყველაფერმა იმდენად მახინჯი ფორმა მიიღო, მასზე სერიოზული შეფასებების კეთება შეუძლებელია“, - მიიჩნევს ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც ასევე თვლის, რომ მეორე უკიდურესობაა ეგზიტპოლები, რომელიც ბოლო წლებში ხალხის ქუჩაში გამოყვანის საშუალებად აქციეს.

ექსპერტ ვანო მაჭავარიანის შეფასებით, საარჩევნო კამპანია თავის პიკს უახლოვდება, კანდიდატებმა რა საშუალებაც ჰქონდათ საკუთარი თავის წარმოჩენისა, გამოხატეს და, ალბათ, ბოლო დღეები იქნება განსაკუთრებით გადამწყვეტი ამომრჩევლის იმ 18-20%-ისათვის, რომელიც ყოყმანობს და ჯერ კიდევ არ მიუღიათ გადაწყვეტილება - დაუჭირონ მხარი საზოგადოების ფავორიტს თუ მის საწინააღმდეგოდ მისცენ ხმა.

„მარგველაშვილი იქნება ეს, ბაქრაძე თუ ბურჯანაძე, მათ ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერები და ეს ციფრებში მუდმივად იკვეთება-ხოლმე პოლიტიკური ძალების დაკვეთით თუ დამოუკიდებლად ჩატარებულ სოციოლოგიურ კვლევებში. შემიძლია ვთქვა, რომ ეს კვლევები რეალურად ასახავს იმ სურათს რაც არის საზოგადოებაში მისი განწყობებისა თუ მიდგომების შესაბამისად - რაც აქვთ მმართველი კოალიციის კანდიდატისა თუ მისი ოპონებნტების მიმართ“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

სხვაობა კვლევებს შორის დიდი არ არის, ვანო მაჭავარიანის შეფასებით, რეალური სურათი, რომ მარგველშვილი 55-60% მდე ხმებს დააგროვებს, იმ 20%-ის გათვალისწინებნით, რომელსაც გადაწყვეტილება არ მიუღია, მეტ-ნაკლებად ყველა კვლევაშია ასახული.

„ვფიქრობ, მარგველშვილის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო კამპანიამ, განსაკუთრებით „რუსთავის 2-ის“ ეთერით გამოსვლამ საზოგადოებას აშკარად დაანახა, რომ ის არის მმართველი კოალიციის აშკარა პოლიტიკური ლიდერი. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ ბოლო პერიოდში ეს კარგად დაინახა. სხვაობა კვლევებში გამოწვეულია იმით, სად, როდის და რა მეთოდით არის ჩატარებული, თუმცა განსაკუთრებულ განსხვავებას ვერ ვხედავ.

აქ მნიშვნელოვანია ტენდენცია, რომელიც მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი არის აშკარა ფავორიტი. მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რაც ბოლო პერიოდში მეორე ადგილთან დაკავშირებით მიმდინარეობს, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს არ არის საპარლამენტო არჩევნები, მნიშვნელობა რომ ჰქონდეს, ვინ გავა მეორე, მესამე თუ მეოთხე ადგილზე. ეს არის საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც არსებობს ერთი გამარჯვებული. ამ თვალსაზრისით კი, ცალსახა ფავორიტი მარგველაშვილია. კვლევების მიხედვით რიგითობა შენარჩუნებულია ვინ შეიძლება იყოს მეორე-მესამე ადგილის ფავორიტები და ეს სურათი არ იცვლება“, - აცხადებს მაჭავარიანი.

ხათუნა ლაგაზიძის აზრით, თავად პოლიტიკოსებმაც იციან, რომ ამ კვლევებს აზრი ეკარგება და შესაძლოა, ხელისუფლებამ მომავალში მაინც იზრუნოს იმაზე, რომ სოციოლოგიას ამ ქვეყანაშიც მიეცეს ის დატვირთვა, რაც ცივილიზებულ ქვეყნებში გააჩნია.

ხათუნა ლაგაზიძე: „საკმაოდ სასაცილო კვლევები გამოქვეყნდა, თუმცა ერთი დადებითი მომენტი მაინც შეინიშნება - თავად პოლიტიკური სპექტრი უკვე აშარჟებს მის დანიშნულებას. ეს ნიშნავს, რომ შენ თვითონვე არ ენდობი ამ კვლევებს და საზოგადოებაზე ზემოქმედების იარაღადაც კი აღარ იყენებ.

ეს კარგია იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ ეს პოლიტიკური სპექტრიც შეეშვება ასეთი კვლევების გამოქვეყნებას, თავად მიხვდება, რომ ასეთი გაყალბებული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის აზრს დაკარგავს“.

გასულ წლებში ექსპერტები და თავად სოციოლოგები სოციოლოგიურ კვლევებს უნდობლობას იმიტომ უცხადებდნენ, რომ „ველი იყო დაზიანებული“ - საზოგადოებში არსებობდა შიშის ფაქტორი, რომელიც რესპონდენტებს გულწრფელობის საშუალებას არ აძლევდა. ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ დღეს შიშის ფაქტორი სრულიად მოიხსნა, მაგრამ ამ კვლევების მიმართ უნდობლობას სხვა ფაქტორი იწვევს.

„შიშის ფაქტორი აბსოლუტურად მოხსნილია, მაგრამ არ ვიცი, რამდენად სწორად აწვდიან საზოგადოებას მოპოვებულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციას ჰყავს ორი ადრესატი, ერთია დამკვეთი, რომელსაც რეალური სურათი აინტერესებს, მეორეა საზოგადოება. რა სხვაობაა შემკვეთსა და მიზნობრივი ჯგუფის მიმართ მიწოდებულ ინფორმაციას შორის, სწორედ ეს არის საინტერესო“,- აცხადებს ლაგაზიძე და მიიჩნევს, რომ ამას მეორე მხარეც აქვს.

ლაგაზიძე თვლის, რომ ამ კუთხით საკანონმდებლო რეგულაციაც არის საჭირო - ალბათ, წინასაარჩევნოდ უნდა შეიზღუდოს სოციოლოგიური კვლევების გამოქვეყნება არჩევნებამდე, გარკვეულ პერიოდში და უშუალოდ არჩევნების დღეს კი ეგზიტპოლები უნდა აიკრძალოს.

„არასდროს არ გასულა რეალური ინფორმაცია და ამას კარგი არაფერი მოუტანია საზოგადოებისთვის. ერთადერთი გამონაკლისი იყო 1 ოქტომბრის არჩევნები, თუმცა იქაც მხოლოდ რიგითობა იყო სწორი, ვინ პირველ ადგილზე გავიდა და ვინ მეორეზე“, - მიიჩნევს ლაგაზიძე.