საქართველოს შსს-ს სსიპ „112“ მოსახლეობას სახანძრო უსაფრთხოების ახალ სერვისს სთავაზობს

საქართველოს შსს-ს სსიპ „112“ მოსახლეობას სახანძრო უსაფრთხოების ახალ სერვისს სთავაზობს

2013 წლის 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ ახალი სერვისის – სახანძრო უსაფრთხოების სისტემების პრეზენტაციას წარმოადგენს.

„112“ მოსახლეობას EN 54-ით სტანდარტიზირებულ სახანძრო უსაფრთხოების სისტემებს სთავაზობს, რაც გულისხმობს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული დეტექტორებით ობიექტის აღჭურვას ან/და ობიექტზე უკვე მოქმედი სახანძრო სისტემის ჩართვას „112“-ის სერვისში.

აღნიშნული მომსახურების მიზანია მხუთავი აირის (CO) და ხანძრის კერის წარმოქმნისთანავე საფრთხის პრევენცია ფატალური შედეგების დადგომამდე. სერვისი ეფექტურია, რადგან სისტემა მანამდე რეაგირებს, ვიდრე ადამიანი შეიგრძნობს საფრთხეს. განგაშის სიგნალი ავტომატურად შემოდის „112“-ში და აღნიშნული სამსახური უმოკლეს დროში აგზავნის სახანძრო-სამაშველო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს, რაც მაქსიმალურად ამცირებს ინციდენტის ლიკვიდაციის ვადას.

ღონისძიებას სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.