ზემო აფხაზეთს შესაძლოა, სახელი შეეცვალოს

ზემო აფხაზეთს შესაძლოა, სახელი შეეცვალოს

კოდორის ხეობის, ანუ ისტორიულად დალის ხეობისთვის სახელის გადარქმევა პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით მოხდა. ჯერ კიდევ 2006 წელს აფხაზეთის მთავრობის ფარგლებში შექმნილ სტრუქტურას, სამხედრო ოპერაციის შემდეგ, ზემო აფხაზეთი ეწოდა და, შესაბამისად, ზემო აფხაზეთში აფხაზეთის მინისტრის აპარატი ჩამოყალიბდა. თუმცა სახელწოდება „ზემო აფხაზეთი“ დალის ხეობას ცუდად დაებედა.

ამით საქართველომ კიდევ უფრო გაუცხოველა ინტერესი რუსეთს და აგვისტოს ომის შემდეგ ე.წ. ზემო აფხაზეთიც უბრძოლველად დავკარგეთ.

იქაურები აცხადებენ, რომ 15 წლის განმავლობაში კბილებით იცავდნენ ხეობას, თუმცა 10 აგვისტოს ხეობა დათმეს, რადგან იქაურობა დილიდანვე იბომბებოდა. ამის მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება მათ დაჟინებით ამშვიდებდა, საშიში არაფერიაო. მართლაც, 10 აგვისტოს დილას ხეობაში სამარისებური სიჩუმე იდგა, მოგვიანებით კი იქაურობა ჭურვების ხმამ გააყრუა.

ადგილობრივები არც აფხაზეთის მთავრობით იყვნენ კმაყოფილნი, რომლებიც მათ არწმუნებდნენ, თბილისიდან ვაგვარებთ საქმეებს და ზემო აფხაზეთში რუსი კი არა, ჩიტიც ვერ შეფრინდებაო. თუმცა უკვე 12 აგვისტოს დალის ხეობა აფხაზებმა დაიკავეს.

ამბობენ იმასაც, რომ კოდორის ხეობიდან უბრძოლველად გამოსვლა ქართულ ქვედანაყოფებს იმიტომ უბრძანეს, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში, რუსები თბილისის დაბომბვით იმუქრებოდნენ. დღეს კი ოკუპირებულ ე.წ. ზემო აფხაზეთში რუსებმა სამხედრო ქალაქი ააშენეს.

ჩვენ დავუკავშირდით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას. მან აღნიშნა, რომ პირველად ერთი თვის წინ გააკეთა ამის შესახებ განცხადება და დღეს ამ თემის ირგვლივ საუბარი არ სურს. თუმცა იგი მიიჩნევს, რომ ზემო აფხაზეთს სახელი უნდა შეეცვალოს, რადგან ის ხელოვნურია და რეალურად კოდორის ხეობაა. ყოლბაია ზემო აფხაზეთისთვის სახელწოდების შეცვლას საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ელის, რადგან 2006 წლიდან კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი სწორედ პრეზიდენტის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე დაერქვა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ თავის დროზე კოდორის ხეობისთვის სახელის შეცვლა არასწორად განხორციელდა, რადგან, როგორც წესი, გეოგრაფიული სახელწოდებები ასე ერთი ხელის დაკვრით არ იცვლება. რასაკვირველია, კოდორის ხეობისთვის სახელის ცვლილებას მაშინაც პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა და დღესაც პოლიტიკური დატვირთვა აქვს მის პირვანდელ ვარიანტზე დაბრუნებას.

„სამართლიანობა უნდა აღდგეს, ეს იყო კოდორის ხეობა და უნდა დაერქვას თავისი ისტორიული სახელი. თუმცა არა მგონია, სახელის ცვლილებამ რაიმე გავლენა იქონიოს პოლიტიკურ ურთიერთობებზე. ამით პოლიტიკური დივიდენდის მიღებას არ ველი. აფხაზეთის პრობლემა როცა გადაწყდება, გადაწყდება ერთიანად, მიუხედავად იმისა, რომელ კუთხეს რა სახელი ერქმევა“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, ძნელია იმის მტკიცება, რომ სახელის გადარქმევით სააკაშვილს სურდა, აფხაზეთი ჩაებარებინა ოკუპანტისთვის. შესაძლებელია, რაღაც მომენტში რუსებს მიეცათ ამით სპეკულირების საშუალება დასავლეთთან სასაუბროდ, რომ ეს აფხაზეთის ტერიტორიაა და თურმე რუსები სწორად შესულან ამ ტერიტორიაზე. ამიტომაც კოდორის ხეობისთვის სახელის შეცვლა არ უნდა მომხდარიყო, თუმცა დღეს ამ ტერიტორიას ისევ კოდორის ხეობას რომ დავარქმევთ, ეს არ ნიშნავს, რომ იქიდან ჯარები გავა და აფხაზები ამ ტერიტორიას დათმობენ. ასეთია ვახტანგ ძაბირაძის „სამწუხარო რეალობა“.

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე ადასტურებს, რომ გარკვეული სიმბოლიკა იდო კოდორის ხეობისთვის სახელის გადარქმევაში, თუმცა ამით ბოროტება არ დაწყებულა და ტერიტორიის დაკარგვა არ გამოუწვევია სახელის შეცვლას, ისევე, როგორც სახელის შეცვლა დღესაც მნიშვნელოვან ცვლილებას არ გამოიწვევს.

„გეოგრაფიული სახელები, ტოპონიმები არავის შეუცვლია. უბრალოდ, აქ საუბარია რაიონის ადმინისტრაციულ დასახელებაზე, რაც, თავისთავად, არაფერს წყვეტს, რადგან ის საქართველოს ტერიტორიაა და მას კოდორის ხეობას დავარქმევთ თუ სხვა რამეს, მნიშვნელობა არ აქვს. ვფიქრობ, პოლიტიკოსებს საქმე შემოელიათ და მეორეხარისხოვან სიმბოლოებს ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას“, - გვითხრა გიორგი თავდგირიძემ.

ჩვენ დავუკავშირდით აფხაზეთის მინისტრს ზემო აფხაზეთის საკითხებში - მევლუდ ჯაჭვლიანს. მან აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიის ისტორიული სახელწოდება იყო დალის ხეობა. თუმცა კომუნისტებმა გულრიფშის რაიონი უწოდეს, შემდეგ გახდა კოდორის ხეობა, 2006 წელს კი გახდა ზემო აფხაზეთი. მევლუდ ჯაჭვლიანის თქმით, რაც უნდა დაგვერქმია, ამ ხეობის მიმართ რუსების ინტერესი არსებობდა და ისინი ამ ხეობას მაინც აიღებდნენ.

„კოდორის ხეობის სახელი არაფერს მოგვცემდა. უბრალოდ, ეს არის ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნა, რომ, თუკი გვეღირსა უკან დაბრუნება, ამ ხეობას უნდა დაერქვას ის სახელი, რაც ისტორიულად ერქვა. როცა დავბრუნდებით, გვეცოდინება, რომ ჩვენს ისტორიულ დალის ხეობაში ვბრუნდებით“, - აღნიშნა მევლუდ ჯაჭვლიანმა.

მისი თქმით, ზემო აფხაზეთის დარქმევა უშუალოდ სააკაშვილის ახირება იყო და მის გარდა, არცერთ ნაციონალს არ უხსენებია ეს სახელი. უბრალოდ, პრეზიდენტი ჩავიდა ამ ტერიტორიაზე და ბრძანა, ეს იქნება ზემო აფხაზეთიო.