სირიის ომმა შეიძლება კავკასიაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

სირიის ომმა შეიძლება კავკასიაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს

დღეს სირიაში შექმნილი ვითარება, რომელიც საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარ საკითხად იქცა, არ უკავშირდება მხოლოდ რუსულ-ამერიკულ კომპრომისს ქიმიურ იარაღზე. ის მოიცავს ასევე დაძაბულობას სხვადასხვა ეთნიკურ და კონფესიურ ჯგუფებს შორის, რაც სირიის სამოქალაქო ომში სერიოზული მამოძრავებელი ძალაა. ეს დაძაბულობა სირიის საზღვრებს მნიშვნელოვნად სცილდება და კავკასიის რეგიონსა და მის მიმდებარე სახელმწიფოებზეც აისახება, სადაც იოლად შეიძლება წარმოიქმნას ახალი საფრთხეები და გამოწვევები ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რუსეთისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.

ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან უცნაურია ის, რომ ამ სამოქალაქო ომს შეიძლება გამოხმაურება ჰქონდეს სირიის საზღვრებიდან ასე მოშორებით. სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, ასევე რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ კავკასიის ცხრა სუბიექტს, მათ შორის კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებს, სირიასთან საერთო საზღვრები არ აქვთ. მიუხედავად ამისა, მათ უამრავი რამ აკავშირებთ ახლო აღმოსავლეთთან და კერძოდ სირიასთან. სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ესაზღვრებიან ირანს და თურქეთს. ირანს საზღვარი აქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან (მათ შორის გასასვლელი არაღიარებულ მთიანი-ყარაბახის რესპუბლიკაში), რომლის სიგრძეც 600 კილომეტრს აჭარბებს. თურქეთის საზღვრების საერთო მანძილი სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებთან დაახლოებით 500 კილომეტრია, და დღეს ამ ქვეყანაში ცხოვრობს 2,5-დან 7 მილიონამდე კავკასიური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი. ამ დემოგრაფიული და გეოგრაფიული კავშირების გარდა, ირანის და თურქეთის მთავრობები აქტიურად მონაწილეობენ სირიის საქმეებში. ირანი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს, ხოლო თურქეთი არანაკლებ აქტიურად ემხრობა ამ რეჟიმის დამხობას და მზადაა აშშ-ს მეთაურობით მონაწილეობა მიიღოს ინტერვენციაში, და შესაძლოა, საკუთარი ინტერვენციაც კი განახორციელოს.

სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს და მათ მეზობლებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან რთული დინამიკაა. თურქეთი აზერბაიჯანის სტრატეგიული მოკავშირეა. ის ბაქოს მხარს უჭერს მთიანი-ყარაბახის კონფლიქტში და არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა სომხეთთან. სომხეთის და თურქეთის დაახლოების პროცესი, რომელიც 2008 წლის სექტემბერში იმედისმომცემი „საფეხბურთო დიპლომატიით“ დაიწყო და გაგრძელდა 2009 წლის ოქტომბერს ციურიხში ურთიერთობის ნორმალიზებაზე ოქმების ხელმოწერით, 2010 წლის გაზაფხულისთვის შეფერხდა და ამ მიმართულებით წინსვლა ფაქტობრივად აღარ არის. სერიოზული დაძაბულობით გამოირჩევა აზერბაიჯანი-ირანის ორმხრივი ურთიერთობებიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მაღალი რელიგიური სოლიდარობაა ( შიიტი მუსლიმანები, აზერბაჯანული მოსახლეობის 65%-ია). ოფიციალური ბაქო მუდმივად აკრიტიკებს ირანს აზერბაიჯანში რადიკალური ისლამისტური ძალების მხარდაჭერის გამო. ირანის სასულიერო ხელმძღვანელობას, რომელიც ამ ისლამური რესპუბლიკის გადამწყვეტი პოლიტიკური ელემენტია, პრეტენზია აქვს ყველა მუსულმანი შიიტის ზენაციონალურ ხელმძღვანელობაზე. ორმხრივ ურთიერთობებში კიდევ ერთი მტკივნეული ადგილია სამხრეთ (ირანული) აზერბაიჯანის საკითხი. შემთხვევითი არ არის ის, რომ ეს თემა ასე ფართოდ განიხილებოდა ახლახანს აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში.

თეირანი უკიდურესად მტკივნეულად რეაგირებს უცხოურ ჩარევაზე მის სამეზობლოში. ყველაზე დიდ საფრთხედ ის აფასებს ამერიკელების ყოფნას კასპიის და სამხრეთკავკასიის რეგიონში. ამის გამო, ირანელი პოლიტიკოსები და დიმპლომატები სკეპტიკურად უყურებენ ეგრეთ წოდებულ მთიანი-ყარაბახის კონფლიქტის დარეგულირების მადრიდულ პრინციპებს განახლებული ვერსიით. თეირანს არ მოსწონს ასევე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა აზერბაიჯანს და ისრაელს შორის, განსაკუთრებით კი ირანზე ან სირიაზე სამხედრო დარტყმისათვის აზერბაიჯანის ტერიტორიის გამოყენების შესაძლებლობა.

დიდ კავკასიას და ახლო აღმოსავლეთს აკავშირებს ასევე ამერიკის სამხედრო თანამშრომლობა ამ რეგიონის ბევრ ქვეყანასთან. კერძოდ, აღსანიშნავია, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული თანამშრომლობა. დღეს ქართული სამხედრო კონტიგენტი ავღანეთში, რომელიც 1500 სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს, ყველაზე მსხვილი წარმომადგენლობაა ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. საქართველო მონაწილეობდა ასევე ერაყის საბრძოლო მოქმედებებში, 2008 წლისთვის აშშ/ნატოს უცხოეთის ოპერაციებში საქართველოს სამხედრო მოსამსახურების 10%-მა მიიღო მონაწილეობა.

აზერბაიჯანის როლი ავღანეთში საქართველოს როლისგან ოდნავ განსხვავებულია, მაგრამ მისი მონაწილეობაც არსებითია. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის თქმით, აზერბაიჯანი ალიანსის ტვირთების მესამედის გადაზიდვას უზრუნველყოფს ევროპიდან ავღანეთში. 2011 წლის დეკმბერში მან შეცვალა საქართველოს ავიახაზები Sky Georgia და ნატოსთვის სატრანსპორტო მომსახურება დაიწყო. მართალია, სომხეთი თავს რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირედ წარმოაჩენს (ის კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრია და განაცხადა, რომ რუსეთის საბაჟო კავშირში შევა), თუმცა ერევანი დღემდე ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას დასავლეთთან ურთიერთობით, მონაწილეობს რა ნატოს პარტნიორობის რამდენიმე პროგრამაში.

კავკასიის ქვეყნები უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც დამოუკიდებლები არიან, მაგრამ ზოგადი ვითარება რეგიონში სტაბილური და პროგნოზირებადი არ არის. პოსტსაბჭოთა სივრცის რვა ეთნოპოლიტიკური კონფლიქტიდან, ექვსი ამ რეგიონში მოხდა. გარდა ამისა, სსრკ-ს ნანგრევებზე წარმოქმნილი ოთხი არაღირებული ერთეულიდან, სამი – კავკასიის ტერიორიაზეა. ასეთი მშფოთვარე გარემოებები ბადებს რეგიონალური და გლობალური მოთამაშეების ინტერესს და საქმიაინ მონაწილეობას. მკვლევარები მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ გეოპოლიტიკურ სიტუაციას კავკასიაში, მაგრამ ძირითადად ისინი მას ამერიკულ-რუსული კონკურენციის პრიზმაში განიხილავენ. ასეთი მიდგომა ძალიან გავს ცივი ომის ეპოქის ანალიზსს, რომელიც 21-ე საუკუნეში აღარ გამოდგება. დღეს კავკასიის კავშირები მეზობელ ტერიტორიებთან, როგორიცაა ახალო აღმოსავლეთი, გაზვიადებულ ფორმებს იძენს და რეგიონის გეოპოლიტიკაში ცენტრალური ადგილი უკავია.

საქართველოში პოლიტიკოსები ინტერვენციას ერთსულოვნად ემხრობიან. ამ ქვეყნის ორი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ფაქტობრივად ერთ პოზიციაზე არიან. ამ წლის აგვისტოში ორივემ დაუჭირა მხარი ამერიკულ ინტერვენციას. ეს შეიძლება ცოტა უჩვეულოდ ჩანდეს ქართულ-ირანული ურთიერთობის ფონზე, რომელშიც ბოლო დრომდე შეიმჩნევა დათბობის ტენდენცია (შესაბამისად, ქართულ-ისრაელურ ურთიერთობებში ბოლო დრომდე შეიმჩნეოდა გაცივების ტენდენცია). მაგალითად, 2010 წელს დიდწილად პროამერიკელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძალისხმევის წყალობით, თბილისი და თეირანი უვიზო რეჟიმზე შეთანხმდნენ, მაგრამ საქართველო ისრაელის ურთიერთობები, განსაკუთრებით ფუქსი-ფრენკელის საქმის შემდეგ (საქმე ეხება ორი ისრაელელი ბიზნესმენის სისხლის სამართლებრივ დევნას), სერიოზულად გაუარესდა.

მაგრამ, ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა სურვილი აღედგინა ისრაელთან გაფუჭებული ურთიერთობები და განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ამ ქვეყანაში 2013 წლის ივნისში „ყველაზე წარმატებული“ იყო მისი ყველა სხვა უცხოური ვიზიტიდან. მან განაცხადა ასევე, რომ ორმა ქვეყანამ უნდა გააუქმოს ვიზები და აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა. ასეთმა გადაწყვეტილებამ თეირანი გააღიზიანა, რომელმაც მისი ეს ნაბიჯი მიიჩნია საქართველოს მცდელობად ესიამოვნებინა ვაშინგტონელი პატრონები.

აზერბაიჯანის პოზიცია სირიასთან დაკავშირებით გაცილებით გააზრებული და ფრთხილია. მიუხედავად იმისა, რომ ბაქო ანკარას სტრატეგიული პარტნიორია, აზერბაიჯანის ხელისუფლებას ეშინია პირდაპირი და ირიბი ჩაბმისაც კი სირიის კრიზისში. აზერბაიჯანში კონფესიათაშორისი უთანხმობებებია: მოსახლეობის უმრავლესობა შიიტები არიან, თუმცა ბაქო თურქეთთან, სადაც უმრავლესობა სუნიტები არიან, პოლიტიკურ და კულტურულ კავშირებს ავითარებს. თუკი აზერბაიჯანი სირიასთან დაკავშირებით საბოლოო და შეუქცევად პოზიციას დაიკავებს, ეს მასსა და ირანს შორის დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს. გარდა ამისა, აზერბაიჯანში რუსული ფაქტორიც მოქმედებს, თუმცა მას ჩვეულებრივ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

სომხეთს ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით განსაკუთრებული ინტერესი აქვს. პირველ რიგში იმიტომ, რომ სირიაში სომეხთა თემი ცხოვრობს. სექტემბერში, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგისიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის უსფართხოება პირდაპირ არის დაკავშირებული სირიის მოვლენებთან. Telegraph-მა თავის სტატიაში დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ მონაწილეობენ სომხები სხვა ქრისტიანულ უმცირესობებთან ერთად სირიის სამოქალაქო ომში. სომხეთის მთავრობას არ უნდა, რომ დევნილების მასობრივი ტალღა მოაწყდეს, თუმცა ის ვერც უყურადღებოდ დატოვებს სირიაში სომხების კატასტროფულ მდგომარეობას.

სხვა მნიშვვნელოვანი საკითხი – სირიის ინტერვენციაში თურქეთის მონაწილეობის მზადყოფნაა. ეს ქმნის უკიდურესად ცუდ პრეცედენტს სომხეთისთვის, რომელსაც საკუთარი კონფლიქტი აქვს აზერბაიჯანთან, და რომელსაც არ აქვს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამგვარმა დინამიკამ დაარწმუნა სომხეთის ხელისუფლება გაწევრიანებულიყო საბაჟო კავშირში იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსი შეენარჩუნებინა. ევროკავშირს არ აქვს ეფექტური ინსტრუმენტები და ქმედითი ძალები გაველნისათვის არც ახლო აღმოსავლეთში და არც კავკასიასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ამიტომ ერევანი უსაფრთხოებას უფრო მეტად აფასებს, ვიდრე ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც ევროპული ინტეგრაციიდან ელოდება.

რუსეთი – განსაკუთრებული შემთხვევაა. მოსკოვისთვის სირია გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კავკასიის ფაქტორი. რუსეთი, ისევე როგორც ჩინეთი ეწინააღმდეგება უცხოურ სამხედრო ინტერვენციებს და სტატუს-ქვოს შენარჩუნება, შეიძლება ყოველთვის იდეალურად არა, მაგრამ მაინც საუკეთესო ვარიანტად მიაჩნია. მაგრამ პოსტ-საბჭოთა სივრცეში ის საკუთარ წესს არღვევს (1993 და 2008 წლებში საქართველოში და 1992-97 წლებში ტაჯიკეთში სამოქალაქო ომის დროს).

მიუხედავად ამისა, კავკასია რუსეთის სირიულ პოლიტიკაში მორტივაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოსკოვს ეშინია, რომ ასადის რეჟიმის დამხობის შემთხვევაში რადიკალი ისლამისტები პოზიციებს განიმტკიცებენ არამხოლოდ სირიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებშიც. გარდა ამისა, ის შიშობს, რომ ასადის წასვლით რეგიონში საუდის არაბეთის და კატარის გავლენა და ძალაუფლება გაძლიერდება. მოსკოვის აზრით, ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაზრდის დესტაბილიზაციას რუსეთის არასტაბილურ კავკასიურ ნაწილში. დღეს კატარი უკვე ეხმარება სირიის ოპოზიციას; 2003 წელს, მან თავშესაფარი მისცა ჩეჩენი სეპარატისტების ლიდერ ზეილმჰან იანდარბიევს, რომელიც იქ ემირის პირადი მიწვევით ცხოვრობდა. რუსეთი (ისევე როგორც ჩვენ) ვერ დატოვებს უყურადღებოდ იმ ფაქტს, რომ სირიული რეჟიმი, სადაც ალავიტები დომინირებენ, მრავალი წლის განმავლობაში აკავებდა რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებს (რუსეთის მედია მათ „ვაჰაბიტებად“ მოიხსენიებს).

რუსეთი ვერ დატოვებს უყურადღებოდ ასევე იმ ფაქტს, რომ სირიაში ოპოზიციის მხარეს არაერთი ჩრდილოკავკასიელი იბრძვის. სირიის წამყვან ოპოზიციურ დაჯგუფება „კატაიბ ალ-მუჯაჰირინს“, რომელიც უცხოელი მებრძიოლებისგან შედგება, ჩეჩენი ომარ ალ-შიშანი ხელმძღვანელობდა. (დიდი ალბათობით, შიშანი ამ წლის სექტემბერსი მოკლეს). ამიტომ, შემთხვევითი არ იყო ის, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ხაზი გაუსვა კავკასიის მნიშვნელობას სირიის კონტექსტში. მისი ეს კომენტარები ვებრვერდზე Russia Direct გამოქვეყნდა.

დღეს, უამრავი, აბსოლუტურად კანონზომიერი დებატი მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ ვინ არის ყველაზე მეტად დამნაშავე სირიულ კრიზისში, და ვის ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა ძალადობის ესკალაციაზე, მაგრამ ის პოლიტიკური კურსი, რომელიც ამ დებატების საფუძველზე შეიძლება ჩამოყალიბდეს, უნდა გატარდეს იმის გათვალისწინებით, რომ ასადის რეჟიმის მარცხი ძალიან სერიოზულად აისახება სირიის საზღვრებიდან მოშორებით – კავკასიასა და მის მიმდებარე რეგიონებზე.

foreignpress.ge