„ოცნება“ მეორე ტურზე უარს აცხადებს

„ოცნება“ მეორე ტურზე უარს აცხადებს

„არჩევნებში მეორე ტური რომ შედგეს, მარგველაშვილს ვურჩევდი, არ მიიღოს მონაწილეობა“, - ბიძინა ივანიშვილის ამ ნათქვამმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

ზოგიერთებმა ეს ამომრჩევლებზე ზეწოლად აღიქვეს, ბიძინა ივანიშვილის ერთგულ მომხრეებში კი გაჩნდა შიში, ვაითუ, მეორე ტურის შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მართლაც უბრძოლველად დათმოს ბრძოლის ასპარეზი. თუმცა საინტერესოა, რეალურად ასე მოიქცევა თუ არა ბიძინა ივანიშვილი, თუ ეს მისი მხრიდან ხატოვანი გამონათქვამი იყო, რის მიღმაც ამომრჩევლის კიდევ უფრო მეტად გააქტიურების სურვილი იმალებოდა.

ბეჭდური მედიისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ იგი დარწმუნებულია, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გამართვა საჭირო არ იქნება.

„მე დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობა ბრძენია და გასაგებია მათთვის ჩვენი ხელწერა, რაც ჩვენ გავაკეთეთ ერთი წლის განმავლობაში. გიორგი მარგველაშვილი ძალიან წარმატებული კანდიდატია. ჩემთვის პრაქტიკულად წარმოუდგენელია მეორე ტური, მაგრამ, თუ ეს მოხდა, ცოტა უხერხულია. რომ შედგეს მეორე ტური, მე პირადად მარგველაშვილს ვურჩევდი, რომ არ მიიღოს მონაწილეობა“,-განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, ივანიშვილმა არ დამალა, რომ მისთვის ისიც შეურაცხმყოფელი იქნება, თუკი ამ არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს 60%-ზე ნაკლები დაუფიქსირდება. ასეთ შემთხვევაში, პირადად მას ენთუზიაზმიც ცოტა დაბალი ექნება იმ 20 წელიწადში, რომელშიც იგი ენთუზიაზმით შრომას აპირებდა.

„მე, რა თქმა უნდა, ჩემს საქმეს გავაგრძელებ, მაგრამ ენთუზიაზმი მექნება ნაკლები, რამეთუ 50,1% არ იქნება იგივე, რომ 60%-ზე მეტი ხმა უნდა მოგროვდეს“, - განაცხადა ივანიშვილმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარდამჭერებს, აუცილებლად მივიდნენ არჩევნებზე.

რას ნიშნავს პრემიერის განცხადება მეორე ტურზე უარის თქმასთან დაკავშირებით და მართლაც მოსალოდნელია თუ არა, „ოცნებამ“ ბრძოლაზე უარი განაცხადოს?! ამის შესახებ ექსპერტებს დავუკავშირდით.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს ფრაზა მარგველაშვილს ცუდ სამსახურს გაუწევს. კერძოდ, თუ კონკურენტებს ეცოდინებათ, რომ მეორე ტურში მარგველაშვილი აღარ მიიღებს მონაწილეობას, მაშინ მათი მთელი ძალისხმევა და ამომრჩევლებთან მუშაობა მიმართული იქნება იმისკენ, რომ მარგველაშვილმა არ მიიღოს 50%. ამდენად, ეს ძალისხმევა არ არის სახუმარო და უგულებელსაყოფი, თანაც, ხანდახან არჩევნების ბედს ერთი ხმაც წყვეტს.

„თუკი ამდენმა კანდიდატმა, ცალ-ცალკე იმუშავა თავ-თავის ამომრჩეველთან იმაზე, რომ მარგველაშვილისთვის ხმის მიცემის ბლოკირება მოახდინონ, უფრო ადვილად მიიღებენ ამ სურათს (ანუ მარგველაშვილისთვის 50%-ზე ნაკლებ ხმას არჩევნებში), ვიდრე მაშინ, როცა ყველა თავისთვის იბრძოლებდა და არ იქნებოდა ეს პირობა. მაშინ ყველას მოუწევდა სათავისოდ ბრძოლა, ყველა დანარჩენის წინააღმდეგ. ამიერიდან კი ჩვეულებრივი საარჩევნო სიტუაცია არ იქნება, რადგან ეს ფორმულა დანარჩენებს საშუალებას აძლევს, გაერთიანდნენ ერთის - მარგველაშვილის წინააღმდეგ. ამიტომ ამ მხრივ მარგველაშვილისთვის ამოცანა უფრო გართულებულია“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

მისივე თქმით, არჩევნებში იღბალს დიდი მნიშვნელობა აქვს. მით უმეტეს, ამ არჩევნებზე, როცა ძალიან მძაფრი არ არის ამომრჩევლის სურვილი, წავიდეს არჩევნებზე.

ექსპერტის თქმით, სულ სხვა მდგომარეობა იყო გასული წლის არჩევნებზე, რომელსაც სიმძაფრე ნამდვილად არ აკლდა. იმ პერიოდში სავარძლებს მიჯაჭვული მოხუცებიც კი მიდიოდნენ საარჩევნო ყუთთან, რომ თავისი ხმა მიეცათ. ახლა კი, შესაძლოა, ისეთმა ფაქტორებმა ითამაშოს როლი, როგორიცაა ამინდი, ამომრჩევლის სიზარმაცე. თუ სიმძაფრე აკლია არჩევნებს, სახლიდან გასვლა, ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა ადამიანებს ეზარებათ. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, იღბალზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის თავისი სტილი და საზოგადოება არა მარტო იმსახურებს იმ ლიდერს, რომელიც ჰყავს, არამედ იმსახურებს მოპყრობის იმ სტილსაც, რომლითაც მასთან ურთიერთობენ. ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი არც მალავს, რომ ის აყენებს ულტიმატუმს საზოგადოების წინაშე - თუ მე მიჭერთ მხარს ისე, როგორც მიჭერდით 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, მაშინ მე გავაგრძელებ საქვეყნო-სასიკეთო საქმეების კეთებას და ჩემი ადამიანური და ფინანსური რესურსი ისევ მოხმარდება საქვეყნო საქმეს, როგორც ეს აქამდე ხდებოდა, მაგრამ, თუ თქვენ ისე არ მოიქცევით, როგორც მე მიმაჩნია სწორად, მაშინ მე უკვე მექნება მორალური უფლება, რომ არ გავისარჯო და არ დავიხარჯო ჩემი ქვეყნისთვის ისე, როგორც ვაპირებდი და არა მარტო წავიდე არენიდან, არამედ დავრჩე და არაფერი გავაკეთო.

ექსპერტი თვლის, რომ რაღაც ასეთი წინააღმდეგობრივი პოზიცია უჭირავს ბიძინა ივანიშვილს. თუმცა ფორმალურად ის იცავს საარჩევნო პროცესში ჩაურევლობის პრინციპს და ცდილობს, ზეწოლა არ მოახდინოს ამომრჩევლის ნებაზე.

ამის მიუხედავად, ექსპერტებთან თუ მედიასთან შეხვედრის მთელი მისი კონტენტი, ეს არის „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის არაპირდაპირი სარეკლამო კამპანია.

„გაზეთების მთავარ რედაქტორებთან და რადიოების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, მას არ ჰქონია მაო-ს „ციტატნიკის“ მსგავსი ამონარიდები და არ გაურჩევია, თუ რომელმა გაზეთმა გააკეთა, მისი აზრით, არასწორი შეფასება. ეს გასაგებია, არჩევნები მოდის და ივანიშვილმა არ დაძაბა ურთიერთობა ბეჭდურ მედიასა და რადიოსთან, მათ უფრო რბილი ტონალობა შესთავაზა, თითქმის რევერანსიც კი გაუკეთა, რითაც პირდაპირ მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიაზე დაასხა წყალი. რაც შეეხება მეორე ტურში მონაწილეობისგან თავშკავებას, ასეთი განცხადებებით ივანიშვილი კანონს არ არღვევს, მაგრამ რამდენად შეესაბამება ასეთი განცხადებები ჩვენისთანა მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნის პოლიტიკურ ეთიკას, ეს სხვა საკითხია. რას ნიშნავს პროტესტის ეს ფორმა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, მარგველაშვილი მოხსნის კანდიდატურას?! ასეთ შემთხვევაში, ივანიშვილ-მარგველაშვილის ტანდემი შურს ვისზე იძიებს? უბრალო ხალხზე, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა?!“ - კითხვა უჩნდება ვაჟა ბერიძეს და ეჭვობს, რომ ისეთმა პატრიოტმა მამულიშვილმა, როგორიც ბიძინა ივანიშვილია და ისეთმა ინტელექტუალმა, როგორიც გიორგი მარგველაშვილია, ასეთი სვლებით დაამახსოვრონ თავი საზოგადოებას.

საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქოპროექტის“ დირექტორი ზურაბ ბიგვავა აცხადებს, რომ არაფერი არ არის გამორიცხული, მაგრამ წინასწარი კვლევით, გიორგი მარგველაშვილს ჯერადად მეტი ხმა უფიქსირდება ყველა სხვა კონკურენტთან მიმართებით.

ზურაბ ბიგვავას თქმით, ბოლო კვლევის მიხედვით, სადღაც 57% (56,1%) ჰქონდა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატს. ასე რომ, წესით, მომატებისკენ უნდა წავიდეს მისი პროცენტები. ამდენად, ექსპერტი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი გიორგი მარგველაშვილის 60%-ზე ნაკლებ ხმებთან დაკავშირებით, პიარულად არავითარი ზეწოლა არ არის ამომრჩევლებზე.

„რატომ არის ეს ზეწოლა?! ასე ფიქრობს ეს კაცი. ბიძინა ივანიშვილს ხომ არ უთქვამს, დაგიჭერთ ან სამსახურებიდან დაგითხოვთო?! უბრალოდ, ის ამბობს, მეწყინება, თუ მარგველაშვილი საპრეზიდენო არჩევნებში ნაკლებ ხმას მიიღებსო. ის, რომ მეორე ტურში გადასვლას არ ურჩევს მარგველაშვილს, ეს მისი მხრიდან ადამიანური გამოთქმაა. მას მიაჩნია, რომ მეორე ტური არ უნდა იყოს. მან არც ის დამალა, რომ საკუთარ თავს ერთგვარი გამოწვევის, რეფერენდუმის წინაშე აყენებს და ამით გაიგებს, მის მუშაობას და თავგანწირვას როგორ აფასებს საზოგადოება“, - აცხადებს ზურაბ ბიგვავა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი ნინო ლომჯარია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას ამომრჩეველზე ზეწოლად აფასებს.

როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის სურვილი და მინიშნება  ან ყველაფერი, ან არაფერი.

„პრემიერ-მინისტრისგან ასეთი მესიჯი გაუმართლებელია. ალბათ, პოლიტიკურადაც შეაფასებენ მის გადაწყვეტილებას. არასწორია, როცა აპრიორი აცხადებ, რომ კანდიდატი, რომელმაც პოტენციურად შეიძლება ყველაზე მეტი ნდობა და მხარდაჭერა მიიღოს, მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას. ეს საარჩევნო პროცესებზე სერიოზულ გავლენას იქონიებს - ყველანი წახვალთ არჩევნებზე და მარგველაშვილს დაუჭერთ მხარს, რომ მან მაღალი პროცენტით გაიმარჯვოს, თორემ მეორე ტურში დაგრჩებათ ის კანდიდატები, რომლებიც ყველაზე ნაკლებად არიან მისაღებნი. ეს არასწორი დამოკიდებულებაა არჩევნებისადმი“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პოლიტიკურ წრეებში შეფასებები უკვე მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობა პრემიერის განცხადებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, უმცირესობა აცხადებს, რომ როგორც ბიზნესმენს, ივანიშვილს მარგველაშვილის გამარჯვება მუქთად სურს. საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე კი პროგნოზირებს, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება, სადაც ერთმანეთს პაექრობას ის და მარგველაშვილი გაუწევენ, თუმცა, გამარჯვება თავად ბურჯანაძეს დარჩება.

გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებით, ეს არჩევნები გაგრძელდება იმით, რომ ქართული საზოგადოება 27 ოქტომბერს ხმას მისცემს იმ გზას, რომელიც დაისახა გასულ წელს, ხმას მისცემს ბიძინა ივანიშვილის კოალიციას და მას, როგორც მის საპრეზიდენტო კანდიდატს.

„არჩევნები პირველ ტურში დასრულდება, მეორე ტური არ იქნება, იმიტომ, რომ არსებული სტატისტიკით ეს შეუძლებელია. თუ საოცრება მოხდა და ქართველი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე არ მივიდა, ვეღარ ვხედავ აზრს იმაში, რომ მეორე ტურში მონაწილეობა მივიღო“, - დასძინა მარგველაშვილმა, რომლისგან განსხვავებითაც, ნინო ბურჯანაძე ირწმუნება, რომ მეორე ტური ჩატარდება.

ექს სპიკერის შეფასებით, ძალიან უცნაურია, რომ ბიძინა ივანიშვილი ენდობა იმ კვლევებს, რომელსაც შარშან ის და მისი გუნდის წევრები უნდობლობას უცხადებდნენ და რომელთა მიხედვითაც, პირველ ოქტომბერს 40%–იანი ცდომილება დაფიქსირდა.

„შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად სხვა  რეალობა არის. მარგველაშვილს 60 პროცენტი ნამდვილად არ აქვს და ეს „ქართულ ოცნებასაც“ ეტყობა. ეს ეტყობოდა ბატონი ბიძინას საუბარსაც. მან იცის, რომ არჩევნები პირველ ტურში არ დამთავრდება და ის ძალიან ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს იმაში, რომ ხმა აუცილებლად მარგველაშვილს მისცენ. ათი დღეც მოვითმინოთ და ბატონი ბიძინა დარწმუნდება იმაში, რომ ის ცდება, მისი გარემოცვა მას არასწორ ინფორმაციას აწვდის და უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან სწორია ის პროგნოზი, რომელსაც მე ვასახელებ“, - აღნიშნა პარლამენტის ექს თავმჯდომარემ.

„შემიძლია100 პროცენტიანი გარანტიით გითხრათ, რომ მეორე ტური აუცილებლად იქნება. ამ მეორე ტურში ვიქნებით მე და მარგველაშვილი და გავიმარჯვებ მე. რა თქმა უნდა, ერთადერთი პრობლემა შეიძლება იყოს ტოტალური გაყალბება, რომელზეც იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება არ წავა და თუ წავა, ჩვენ ამას ხელს შევუშლით“, - დასძინა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ პროგნოზს, როგორც for.ge-ს აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, ივანიშვილი არის ბიზნესის წარმომადგენელი, რომელმაც  კარგად იცის იყიდე-გაყიდეს ფასი და სურს, საზოგადოებამ მარგველაშვილი მუქთად აირჩიოს.

„პრემიერს ვურჩევდი იმ ქვეყნის კანონები წაიკითხოს, რომლის პრემიერიც არის. მომავალ პრემიერს პრეზიდენტი კი არ ნიშნავს, არამედ პარლამენტი. სხვათაშორის, ქვეყანას ახალ პრემიერს არც ყოფილი უტოვებს, როგორც ამას ბიძინა ივანიშვილი აპირებს. თუ ივანიშვილი დაფიქრდება, კარგად მიხვდება, რომ ის ამ გამონათქვამით - „დატოვებით“ შეურაცხყოფას საზოგადოებას აყენებს, რადგან დაგვიტოვებს რა, ქარვასლაა?! თუ რაიმეს დატოვება უნდა, თავის ოჯახის წევრებს დაუტოვოს. ფაქტია, რომ ივანიშვილი არის ბიზნესის წარმომადგენელი, რომელმაც კარგად იცის - იყიდე-გაყიდეს ფასი და მას სურს, რომ საზოგადოებამ მარგველაშვილი მუქთად აირჩიოს. ბიძინა ივანიშვილი ხალხს იმას კი არ ეუბნება, მარგველაშვილის გაპრეზიდენტების შემთხვევაში თუ რა მოხდება, არამედ უბრალოდ, ხალხს იმით ემუქრება, რომ თუ მარგველაშვილი არ იქნება პრეზიდენტი, წავალ და არაფერს გავაკეთებო. რას ამბობთ, დღემდე ქვეყანას, ხომ დიდი ხეირი დააყარა და რომ წავა, მერე ხომ დამღუპავს მთლად“, - განუცხადა for.ge-ს ბობოხიძემ.

ზურაბ ჯაფარიძე კი, პრემიერს ქართული კანონმდებლობის ცოდნას უწუნებს.

„აქ გამოჩნდა, პრემიერი თუ რამდენად არასერიოზულად უყურებს ქვეყანას. პრემიერის განცხადება - თუ ბაქრაძე გახდება პრეზიდენტი, ის ავტომატიურად დანიშნავს პრემიერს, იმაზე მეტყველებს, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს კანონმდებლობა არ ესმის“, - განუცხადა for.ge-ს ჯაფარიძემ.

ცსკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ერთი კანდიდატის მონაწილეობის შემთხვევაშიც შეიძლება ჩატარდეს.