ივანიშვილმა დაადასტურა: მივდივარ იმიტომ, რომ მეტი გავაკეთო

ივანიშვილმა დაადასტურა: მივდივარ იმიტომ, რომ მეტი გავაკეთო

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამოცემების რედაქტორებთან მორიგი შეხვედრა გამართა. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ შეხვედრების ფორმატზე, ერთი რამ ცხადია - ყველა აღიარებს, რომ ასეთი გულწრფელი ხელისუფალი საქართველოს ჯერ არ ჰყოლია და რაც მთავარია, არც ასეთი გახსნილი და ხელმისაწვდომი ყოფილა ოდესმე მთავრობის პირველი პირი თუ მისი მინისტრთა კაბინეტი.

ღია დისკუსია, არანაირი წინასწარ შეთანხმებული კითხვები, კამათი, მსჯელობა და რაც მთავარია, ურთიერთპატივისცემა აშკარად ჩანდა. ივანიშვილს (სააკაშვილისგან განსხვავებით) არასდროს უთქვამს, რომ გაზეთებს არ კითხულობს. პირიქით, ის მუდმივად ეცნობა მედიას და თუ ისეთ რამეს ამოიკითხავს, რაც არ იცოდა, პასუხს ეძებს, განმარტებას ითხოვს და საკითხის მართებულობაში დარწმუნებას ცდილობს. ასე იყო გუშინაც და ვინ იცის, ეგებ პრემიერის პირდაპირობა ბევრს არ მოეწონა კიდეც.

“მოდით, რეალობას შევხედოთ თვალებში და ნუ ვიცხოვრებთ ილუზიებით. ილუზიებით ცხოვრება დასრულდა და რეალობა მძიმეა. ერთ წელიწადი იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე შეიძლებოდა. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ესეც ეტაპობრივად მიმდინარეობს. მე არა მარტო შენება მიყვარს, არამედ ამ პროცესის ყურება და დარჩენილ 20 წელიწადში მე ჩემს ქვეყანას მაქსიმალურად მოვახმარ მთელს ჩემს შესაძლებლობებს და ჩვენ ერთად დავინახავთ, როგორ აშენდება საქართველო” - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ის არ არის მესია და ზე-კაცი და ასეთების ძიებას უნდა შევეშვათ. ივანიშვილი არ მალავს, რომ როგორც ადრე, ახლაც ენთუზიაზმით არის სავსე, თუმცა...

“თუ არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო, მე ვურჩევ მარგველაშვილს, მასში მონაწილეობა არ მიიღოს. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენ ვერ მივიტანეთ ადამიანებამდე ის, რასაც ვაკეთებთ და კიდევ იმის, რომ ვინც ჩვენი მიზნები გაიგო, არ მოსწონს ჩვენი კურსი. იქნება მეორე ტური? ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ბაქრაძესა და ბურჯანაძეს. მეორე ტური კი არა, 60%-ზე ნაკლები რომ მივიღოთ პირველივე ტურში, ჩემი ენთუზიაზმი შემცირდება“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ახლა წარსულს გადავხედოთ. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე აშკარა იყო, რომ მეორე ტურს სააკაშვილი ვერ გადაურჩებოდა, მაგრამ მაშინ სახელმწიფო მანქანამ იმუშავა და ნაციონალებმა პრეზიდენტი პირველივე ტურში, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - გაათრიეს. მაშინ რომ ვინმეს ეთქვა, მეორე ტურში მონაწილეობას არ მივიღებო, საოცრება იქნებოდა. ახლა კი...

„ჩემი მიზანი პოლიტიკური რინგის მოსუფთავება იყო. არ არის საჭირო ერთპარტიული მმართველობა, არ არის საჭირო მონოპოლია პოლიტიკაში. ყველას უნდა ჰქონდეს შანსი ხალხმა საკუთარი პროგრამის გამო აირჩიოს და არა იმიტომ, რომ დიდი ხანია პოლიტიკაშია. ასე 20 წლის განმავლობაში შალვა ნათელაშვილი მასხარად ჩამოყალიბდა, გიორგი თარგამაძე კი მოღალატის ეტალონად“ - დასძინა ივანიშვილმა და თარგამაძის პასუხმაც არ დააყოვნა - სასამართლოში სარჩელი შემაქვს და მილიარდ ლარს ვითხოვო.

შესაძლოა, თარგამაძემ ეს ნაბიჯი მართლაც გადადგა, მაგრამ ის, რაც მან გაუკეთა ჯერ ასლან აბაშიძეს, მერე კი ბადრი პატარკაციშვილს, ქართულად ექვსი ასოთი კვალიფიცირდება და მას "ღალატი" ჰქვია და თუ ქდმ-ს ლიდერს პრემიერის არ სჯერა, რიგით ადამიანებს ჰკითხოს. აი, მათი პასუხის შემდეგ კი მხოლოდ ივანიშვილს კი არა, საქართველოს უჩივლოს და თავი იმართლოს - 30 ვერცხლი არ ამიღია, პარლამენტშიც იმას ვაკეთებდი, რასაც ჭეშმარიტი მამულიშვილი უნდა აკეთებდესო. რაც შეეხება ნათელაშვილს, თავადაც ამბობს, რომ მისი გამოსვლებით მოსახლეობა ხალისობს და როცა ვინმეს გამოსვლა სახალისოა, ამას ქართულად მასხარაობა ეწოდება და იმედია, ლეიბორისტთა ლიდერს ეს არ გაუკვირდება.

არ გეგონოთ, რომ ივანიშვილის სიტყვების გამართლებას ვცდილობ, ის საკუთარ თავსაც მშვენივრად იცავს და აზრებსაც ლოგიკურად აყალიბებს. პირიქით - ჩვენ ის უფრო გვინდა, ბატონმა ბიძინამ დანაპირები იმაზე ადრე შეასრულოს, ვიდრე დაგვპირდა და ნურც იმაში დაგვძრახავს ნურავინ, თუ ჟვანიას გარდაცვალების საქმე, ციხის ბუნტის საქმე, 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევები, ტელე-იმედის საქმე ისევ აქტუალურია და პასუხები ყველას დღესვე გვინდა.

როცა თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი კობა სუბელიანი იყო, ქალაქის კეთილმოწყობაზე 250 მილიონი დაიხარჯა. მაშინ მერიას ამ დანახარჯის დეტალური ანგარიში მოვთხოვეთ, მაგრამ უარი იმ საბაბით გვითხრეს, რომ დოკუმენტებს გრიფით საიდუმლო ადევსო. რად უნდოდა ქალაქის კეთილმოწყობას საიდუმლო გრიფი, ვერ გეტყვით, მაგრამ მაშინ ნაც-მოძრაობის ლიდერებმა აგვიხსნეს, ბევრი ისეთი რამ შევიძინეთ, რაც არ არის რეკომენდირებული ყველამ იცოდესო. ქალაქის კეთილმოწყობის თანხებით არარეკომენდირებული საქონლის შეძენა ცოტა უცნაურია, მაგრამ მთავარი ეს არ არის.

რაც მთავარია, ივანიშვილი არ მალავს, რომ საზოგადოებრივ სექტორში გადასვლით მისი, როგორც მოქალაქის პასუხისმგებლობა უფრო გაიზრდება. მან ისიც აღნიშნა, რომ შესაძლოა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს და თუ ეს მოხდება, გვერწმუნეთ, ის იქნება ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი სახელმწიფო სტრუქტურების კონტროლისა და იმ მექანიზმის დამკვიდრებისა, რომელიც ხელისუფლებას კანონზე მაღლა დადგომის უფლებას არ მისცემს...

„მე კარგად ვიცნობ მარგველაშვილს. მას თავს ვერავინ ვერაფერს მოახვევს საღი აზრის გარდა და ამით ვამაყობ. ის ხალხის პრეზიდენტი იქნება, თითოეული თქვენგანის და ჩემი პრეზიდენტი და რაც მთავარია, არასდროს არ მოიტყუება და თეთრზე არ იტყვის, შავიაო“ - აცხადებს ივანიშვილი.

მარგველაშვილის ბეგრაუნდი გვაძლევის იმის საშუალებას ვიფიქროთ, რომ ივანიშვილი თითქმის არ ცდება. თითქმის იმიტომ, რომ დაკავებული მაღალი თანამდებობების მიუხედავად, მარგვრლაშვილს არასდროს ჰქონია ამხელა პასუხისმგებლობა, მაგრამ რაც ჰქონდა, ყველას სანიმუშოდ გაართვა თავი და თითქოს ისიც დაგვავიწყდა, რომ ახალი მთავრობის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი უმთავრესი ცვლილება, უფასო წიგნები მოსწავლეებს, სწორედ მისი მინისტრობის დროს განხორციელდა და მის თავში მომწიფდა.

ივანიშვილს არც ის დაუმალავს, რომ რამდენიმე ჟურნალისტი თითქოს დაიბნა მისი პირდაპირობით. ის, რომ თითოეულ სიტყვაზე პასუხს გვთხოვენ მე და ჩემს კოლეგებს, ძალიან, უფრო ზუსთად კი ზედმეტად გამართლებული და კარგია. ამის შემდეგ პასუხისმგებლობის გრძნობაც აიწევს და ისეც აღარ იქნება, დაწერ და მერე თავად ამტკიცოს ადრესატმა თავის სიმართლე. ერთი ეგაა, ბატონ ბიძინას იმაში ვერ დავეთანხმებით, რომ ჟურნალისტების ნაწილს სააკაშვილი მოენატრა. ჯერ ერთი, პრეზიდენტი თავად არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას და მეორეც, მონატრება სიყვარულისგან მოდის, შიშით შექმნილმა სიყვარულმა კი დიდი ხანია გადაიარა.

დასასრულ, წინა შეხვედრების მსგავსად, ახლაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ივანიშვილი თანამდებობიდან იმიტომ მიდის, რომ ქართველი ერის სამსახურში ჩადგეს და იმაზე მეტი გააკეთოს, ვიდრე ახლა ამის უფლებას თანამდებობა აძლევს. იგი ამას არც მალავს და ბოდიშსაც იხდის, მაპატიეთ, ჩემს თავზე რომ ამდენს ვსაუბრობო. გამოცემების შეფებთან ეს შეხვედრა სავარაუდოდ ყველაზე იმედისმომცემი იყო მათთვის, ვისაც კიდევ გააჩნდა კითხვები, სად და რატომ მიდის ივანიშვილი.