„სააკაშვილის ავტორიტეტი სექტის ლიდერის ავტორიტეტამდეა დაცემული“

„სააკაშვილის ავტორიტეტი სექტის ლიდერის ავტორიტეტამდეა დაცემული“

ქვეყნის პირველი პირი უხვად არიგებს საქართველოს მოქალაქეობას. რამდენიმე კვირის წინ, ათასამდე თურქეთის მოქალაქეს გადასცა საქართველოს მოქალაქეობა. ამ დღეებში, საქართველოს მოქალაქეობას თურქეთში მცხოვრები კიდევ 3000 მოქალაქე მიიღებს. ექსპერტთა შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილი ყველა მიმართულებით პრობლემების შექმნას შეეცდება.

ყოფილი ომბუდსმენი ნანა დევდარიანი for.ge-სთან საუბრისას ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ ქვეყანაში ვითარება არ დაიძაბოს.

ექსპერტთა შეფასებით, მიხეილ საააკშვილი შეეცდება წინასაარჩევნოდ, ყველა მიმართულებით, პრობლემები შექმნას. „ნაციონალური მოძრაობისქმედებებში იკვეთება ეს ნიშნები?

ნანა დევდარიანი: სააკაშვილი უკვე უქმნის ქვეყანას პრობლემას ყველა მიმართულებით. გაოცებული ვარ, ადამიანები, რომლებიც გუშინ და გუშინწინ საშინელ უფლებადარღვევებს ხედავდნენ, ან კატეგორიულად არ ხედავდნენ რა ხდებოდა ქვეყანაში, მათ შორის პატიმრების წამების და ბიზნესის ტერორის კუთხით, დღეს არარსებულ პრობლემებზე წივიან და კივიან - „ნაციონალური მოძრაობა“ მყავს მხედველობაში. მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიკვირს ის, რომ „ქართული ოცნება“ თავისი სიმართლის მიტანას ვერ ახერხებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ეს არის ყველაზე გასაოცარი.

არსებობს არაერთი სრულიად ლეგიტიმური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დეტალური, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, მაგრამ ეს რატომღაც არ ხდება. აღარაფერს ვამბობ საგარეო საქმეთა სამინისტროზე, რომლის პრიორიტეტი მხოლოდ ბრაზილია და ნაურუა, და არა ის, რომ ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი გვაქვს მოსაგვარებელი.

სააკაშვილს რაც შეეხება, ის ერთადერთი, თუ დაძაბავს თავის მომხრეებს, მეტს ვერავის ვერ დაძაბავს. ის დამთავრებულია, სრულიად გაკოტრებული პოლიტიკური ფიგიურაა. სააკაშვილის ავტორიტეტი რაღაცა სექტის ლიდერის ავტორიტეტამდეა დაცემული. რა თქმა უნდა, თავისი რაოდენობა ამომრჩევლების ჰყავს, ეს არის არაუმეტესი 10 პროცენტისა, მაგრამ დანარჩენში მან რაც არ უნდა გააკეთოს და განაცხადოს, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არის ნათელი. მას სერიოზულად არავინ არ აღიქვას, სიმართლე რომ თქვას, იმისაც არ დაუჯერებენ.

რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ, არასასურველი სცენარით არ განვითარდეს მოვლენები ქვეყანაში?

- ვანო მერაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ ბურჯანაძე გეგმავს არეულობას და ციხიდან მოუწოდა პოლიციას ყველანაირად აღკვეთეთ ეს მცდელობაო. ჩემდა გასაოცრად გიორგი მარგველაშვილმა ეს ირიბად დაადასტურა და თქვა, რომ ჩვენ არ დაუშვებთ, წესრიგს დავიცავთ და ა.შ. თვალნათლივ სჩანს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთთან გარიგებაშია, უბრალოდ სახელი ჰქვია ამას კოაბიტაცია. ვის ინტერესებშია არეულობა? ნამდვილად არა იმ კანდიდატის, ვინც იმარჯვებს. არეულობა სჭირდება იმას, ვინც ხედავს, რომ მისი სცენარი არ მუშაობს. თუ ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის რა გააკეთოს იმისათვის, რომ ქვეყანაში ვითარება არ დაიძაბოს, ეს უკვე დიაგნოზია.

სულ რაღაც ორ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მაგრამ განცდა იმისა, რომ ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, არ იგრძნობა. რა არის ამის მიზეზი?

- მმართველი ძალა ყველანაირად ცდილობს ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი. თუმცა, ვინ იქნება პრეზიდენტი, ამას ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც უფლებები შედარებით შეკვეცილია. როდესაც „ქართული ოცნება“ საპრალმენტო უმრავლესობით კიდევ ამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას, ეს ნიშნავს, რომ მათ თვითონაც არ სჯერათ, რომ მათი კანდიდატი გაიმარჯვებს. როდესაც ერთი გუნდია პარლამენტში და მთავრობაში, პრეზიდენტიც იმავე გუნდის, უფლებების კიდევ შემცირების არანაირი აუციელებლობა, ნამდვილად არ იყო.

პარლამენტმა ასევე, გარკვეული უფლებები პრემიერ-მინისტრის წაიღო და ამით გაიძლიერა ძალუფლება. თუ ამას დავუმატებთ ივანიშვილის განცხადებას, რომ მიდის, გამოდის, რომ ლეგიტიმური ლიდერი, ვის გამოც ეს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩია ხალხმა, აღარ იქნება. თუ ივანიშვილი აღარ იქნება „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციის ხარისხი მკვეთრად დაეცემა. ხმა მათთვის ხალხს არ მიუცა, ხალხმა ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს. ამ მიზეზების გამო, ერთადერთი კანდიდატი, რომელიც აცადებს, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის ბურჯანაძე.

რაც შეეხება პროგრამებს. ჩამოთვლილი კანდიდატებიდან მხოლოდ ბურჯანაძეს აქვს წარმოდგენილი პროგრამა. მიუხედავად იმისა, რომ მარგველაშვილმა სპორტის სასახლეში ამ შეკრებას დაარქვა პროგრამის პრეზენტაცია, პრეზენტაცია არც სიტყვიერად და არც სხვა სახით მას არ წარმოუდგენია. „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება... საერთოდ პარადოქსია. რებრენდიგსა და განახლებაზე ლაპარაკობენ, ისევ სააკაშვილი აირჩიეს თავმჯდომარედ და მერაბიშვილი გენერალურ მდივნად, რა განახლებაზე შეიძლება ლაპარაკი?! ამით, პირიქით ხაზი გაუსვეს, რომ ბაქრაძე ჩვენია. არანაირი შანსი არ დაუტოვეს ბაქრაძეს, რომ დისტანცირება მოახდინოს დამნაშავე პირებისგან, რომლებიც ნაციონალური პირების სახელით მართავდნენ ქვეყანას მთელი ცხრა წელი.

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატის პროგრამას რაც შეეხება, ისინი ყველა შეხვედრაზე ღიად აცხადებენ, რომ ყველა იმ დაპირებას, რომელიც მოსახლეობას მისცა ბიძინა ივანიშვილმა, სისრულეში მოიყვანს გიორგი მარგველაშვილი. ეს არაა თქვენთვის დამაჯერებელი?

- იმ პროგრამით საგრძნობლად უნდა შემცირებულიყო ტარიფები, საწვავზე ფასები უნდა შემცირებულიყო, საარსებო მინიმუმი 300 ლარი უნდა ყოფილიყო. მე გეკითხებით, თუ მთელმა გუნდმა და ბიძინა ივანიშვილმა ვერ შეძლეს ამ დაპირებების შესრულება, რაც ჰქონდათ პროგრამაში, მარგველაშვილი როგორ შეძლებს ამას? მძლეთა მძლეა? ხალხმა, ალბათ, უნდა აჩვენოს მმართველ გუნდს - სად იყო დაშვებული შეცდომები. როცა ისინი ამბობენ, რომ ტარიფებს ვერ ვამცირებთ იმიტომ, რომ არასწორად დაგვითვლიაო, მაშინ ახალი პროგრამა აუცილებლად უნდა არსებობდეს. რაც ვერ შეასრულეს ის მაინც უნდა ჩაედოთ საპრეზიდენტო პროგრამაში, როგორ უნდა შესრულდეს და რა უნდა იყოს. პროგრამაში ეწერათ, რომ გიგანტურ ჰესებს ავკრძალავთ, ახლა იძახიან, რომ აუცილებლად უნდა ავაშენოთო. მაშინ, საპრეზიდენტო კანდიდატმა უნდა გამოხატოს პოზიცია ამ საკითხზე. ბოლო-ბოლო, როდის იყო მართალი ოცნება, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, როცა კრძალავდა გიგანტურ ჰესებს, თუ დღეს, როცა ამბობს, რომ ამაზე ყოფილა თურმე დამოკიდებული ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ კოაბიტაცია დასრულდება და დამნაშავეები დაისჯებიან. ბურჯანაძე ამბობს, რომ მისი არჩევის შემთხვევაში აღადგენს სამართლიანობას, ბაქრაძის წინასაარჩევნო კამპანია აგებულია წარსულის შეცდომებზე...

- ბაქრაძის შანსი დამთავრებულია იმ ბოლო ყრილობის შემდეგ. იყო შანსი, რომ მას როგორც დანაშაულებებში ნაკლებად დასვრილს, რაღაცა სიმაპტიები გამოეწვია ამომრჩევლებში, მაგრამ სააკაშვილის აგრესიულმა გამოსვლამ და ვანო მერაბიშვილის ხელახლა გენერალურ მდივნად არჩევამ, ეს ყველაფერი გააცამტვერა. ამიტომ ბაქრაძეზე საერთოდ ნუ ვილაპარაკებთ. რაც შეეხება იმას, რომ მარგველაშვილი ძირითად ამბობს, რომ კოაბიტაცია დამთავრდება და სამართლოანობა აღსდგება, მე მოგახსენებთ ერთ რამეს - ერთი წლის განმავლობაში არც ერთ ბიზნესმენს ქონება არ დაუბრუნდა. თვით ბიძინა ივანიშვილსაც კი ნაწილობრივ დაუბრუნდა.

რაც უფრო გადაიწევს ეს საკითხი, ბიზნესი ისეთი სფეროა, რომ სამართლიანობის აღდგენა სულ უფრო და უფრო გართულდება. ახლა აპელირება აქვთ კეთილსინდისიერ მყიდველზე. ვიდრე კეთილსინდისიერ მყიდველამდე მივალთ, გავიხსენოთ, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და კიდევ რაღაცა კომპანიები კეზერაშვილმა ხუთჯერ გადაყიდა. 6-ჯერ რომ გაყიდი მეექვსე მყიდველი ცხადია იტყვის, მე რა ვიცი როგორ იყო, მე აგერ ფული გადავიხადე და ვიყიდეო. არავინ არ ცდილობს ამ საქმეების გამოძიებას.

აქ სხვა რაღაცაც არის საინტერესო, ვინ უნდა გამოიძიოს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები, იმ პროკურორებმა ვინც შეთითხნეს და ვინც სახელმწიფო ბრალდების სახელით გამოდიოდა სასამართლოზე? ეს ხომ არარეალურია. კოაბიტაცია, ეს ტერმინი ძალიან მოხერხებულად არის მოფიქრებული, იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ ზოგადად იმისკენ, რომ ცივილიზებულად უნდა მოექცნენ პოლიტიკოსები ერთმანეთს.

მაგრამ ცივილიზებულად მოექცე დამნაშავეს, ამას უკვე ჰქვია დაუსჯელობის სინდრომი. ეს დანაშაულებები ჩვენს თვალწინ არის. განცხადება, რომ კოაბიტაციას დავამთავრებ 27 ოქტომბერს... ვერაფერსაც ვერ დაამთავრებს. მაშინ ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუ კოაბიტაცია ცუდია, მაშინ აქამდე რატომ არ დაამთავრე და თუ კარგია, მაშინ რატომ უნდა დაამთავრო 27 ოქტომბერს? „ქართული ოცნება“ უკვე თვითონ იხლართება იმ მახეში, რომელშიც თვითონ შედგა ფეხი. დაწყებული იმით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ 40 პროცენტი აღიარა.

რაც შეეხება ბურჯანაძეს, საინტერესოა, როგორ აპირებს სამართლიანობის აღდგენას? მას არ ირჩევენ როგორც ქვეყნის მთავარ მბრალმდებელს. როცა ამბობს, ის აღადგენს სამართლიანობას, გამოდის, რომ ის აპირებს ჩაერიოს გამოძიების და სასამართლოს ფუნქციაში...

- ვერავისაც ვერ დაიჭერს, იმიტომ, რომ ის არაა არც პროკურორი, არც გამომძიებელი და არც სამართალდამცავი სისტემის ხელმძღვანელად არ იყრის კენჭს. ის ამბობს, რომ ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას და იმას, რომ გამოძიება იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ასეთ შემთხვევაში შედეგი თავისთავად დადგება. თუ სამართალდამცავი ორგანოები და სასამართლო პოლიტიკურ დაკვეთას არ შეასრულებენ, რა თქმა უნდა, სამართლიანობის აღდგენა მოხერხდება. ყველაზე უუნარო ადამიანი რომ დასვა პრეზიდენტად და ყველა უფლება მიაწერო, ის მაინც ვერ გახდება სრულფასოვანი პრეზიდენტი. მთავარი ის კი არაა ქაღალდზე რა გიწერია, მთავარია, რა შეგიძლია გააკეთო. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრეზიდენტის ავტორიტეტს.

პრეზიდენტი არის პირდაპირი წესით არჩეული. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება დაუდგეს წინ მის ლეგიტიმაციას და მის ავტორიტეტს. ამ შემთხვევაში ხალხმა მისცა თავისი უფლებების დელეგირება პრეზიდენტს, სულ არ სჭირდება, რომ ქაღალდზე რაღაცა ეწეროს. მისი მიმართვა პარლამენტისა და მთვარობისადმი და მოთხოვნა იმისა, რასაც ითხოვს ხალხი, უკვე იმხელა ლეგიტიმაციისა, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც ამას შეეწინააღმდეგება, გამოიჭრის ყელს. შემდეგი არჩევნები შორის კი არაა. არავინ არ მისცემს ხმას იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ შემთხვევაში ხალხის ნების გამომხატველი პრეზიდენტის მიმართვას არ აკმაყოფილებს. პოლიტიკაში ეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქაღალდზე დაწერილი უფლებამოვალეობები.

აშკარად ჩანს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგში პირველ სამეულს ინაწილებს გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე და ნინო ბურჯანაძე. არსებობს თუ არა მეორე ტურის ალბათობა?

- მეორე ტური გარდაუვალია. მარგველაშვილი 50 პროცენტზე მეტს ვერ მოიპოვებს და ეს უკვე ჩანს. ბაქრაძეზე აღარ ვლაპარაკობ. მე მაინც მგონია, რომ მეორე ტურში გავლენ მარგველაშვილი და ბურჯანაძე, თუ არ იქნება მასშტაბური გაყალბებები. „ქართული ოცნების“ ცალკეული წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ურჩევნიათ მეორე ადგილზე ბაქრაძე გავიდეს, ვიდრე ბურჯანაძე. ცოტა, რომ მოითმინონ და ეს არ თქვან, შეხედონ ხალხს ვინ ურჩევნია, ეს ალბათ უკეთესი იქნებოდა.