არასამთავრობოებისა და ნაციონალების პოზიცია უნისონშია

არასამთავრობოებისა და ნაციონალების პოზიცია უნისონშია

ბოლო დროს ცალკეული არასამთავრობოებისა და ნაციონალების განცხადებები იდენტურია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ისინი ახალი ხელისუფლების კრიტიკაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

არასამთავრობოები სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირებას ითხოვენ და ხელმოწერებს აგროვებენ - „არა, პუტინის ოლიმპიადას“, „არ დაგვავიწყდეს რუსეთის აგრესია“, ნაციონალებიც იმავეს მოითხოვენ და 2008 წელს რუსულ პროვოკაციაზე წამოგების გამო, რა თქმა უნდა, საკუთარ დანაშაულს ვერ იხსენებენ.

სოფელ ჭელას მაგალითზე არასამთავრობოებს უჩნდებათ კითხვა, ქართული საზოგადოება რამდენად ტოლერანტულია სხვა სუბკულტურისადმი, სხვა რელიგიისადმი და რატომ ირღვევა ადგილობრივი მუსლიმანი მოსახლეობის კონსტიტუციით დაცული რელიგიის თავისუფლება?! ამ რიტორიკას უერთდებიან ნაციონალებიც და მსოფლიოს თვალში საქართველოს არატოლერანტ თუ ველური ხალხით დასახლებულ ტერიტორიად წარმოაჩენენ ისე, რომ არაფერს ამბობენ, ადგილობრივი მუსლიმანების მიერ მინარეთის ფარულად აღმართვისა და საბაჟოზე უკანონოდ შემოტანის გამო.

„თურმე მინარეთი ადიგენში, ნაციონალებს მოგვიჭრია... დაგველოდეთ ახლა ცოტა ხანი, ნაციონალები სირიაში შევიჭრებით და ასადის რეჟიმს დავასრულებთ“, - სათქმელი მიეცა გოგა ხაჩიძეს, სააკაშვილისთვის კი „მინარეთის მოხსნა იგივეა, რაც ეკლესიაზე ჯვრის ჩამოხსნა“...

შორს რომ არ წავიდეთ, არასამთავრობოები რუსეთთან „არათანმიმდევრული პოლიტიკის“ გამოც არ წყალობენ ახალ ხელისუფლებას, მაღალჩინოსნების საქმეებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობისკენ მოუწოდებენ, სექსუალური უმცირესობების თემითაც სპეკულირებენ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებულთა საქმის გამოძიებასაც ითხოვენ და ეს ყველაფერი ნაციონალურ რიტორიკაშია, რაც უცხოელებისთვის ასე ითარგმნება, რომ თურმე სწორედ ახალი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ამ ადამიანების უფლებების დაცვას.

პერიოდულად, ეს არასამთავრობოები უბრალო მოსახლეობისგან წინააღმდეგობასაც აწყდებიან. მაგალითად, დვანელებმა ვერ აიტანეს მათი მოჩვენებითი პატრიოტიზმი და მზრუნველობა და დასავლური გრანტებით განებივრებულ ორგანიზაციებს მოუწოდეს, მათი სიცოცხლის ხარჯზე რუსეთის გმობისთვის თავი დაენებებინათ, რადგან მათი წასვლის შემდეგ ოკუპანტების პირისპირ უბრალო ხალხი რჩება: „სანამ რუსეთს გააკრიტიკებდეთ, დაგმეთ სააკაშვილის მავნებლური პოლიტიკა, რომელმაც გადაჩეხა საქართველო ომსა და უბედურებაში! ამის გარეშე შეუძლებელი იქნება საქართველოს ინტერესების დაცვა“, - ეუბნებოდნენ დვანელები არასამთავრობოებს.

ე.წ. არასამთასვრობოების პოზიცია იოლად ასახსნელი იქნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი ნაწილი წლების მანძილზე ნაციონალების დახმარებით საზრდოობდა, მეორე ნაწილი კი სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეიქმნა და ნაციონალებით დაკომპლექტდა.

ასე, მაგალითად, ბაჩო ახალაიას მეუღლემ სასწრაფოდ შექმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი“ ახალი მთავრობის „მსხვერპლთა“ დასახმარებლად.

კობა ხაბაზი და მისი გუნდი ცალკე განსჯის საგანია. ხაბაზი თავიდან უარყოფდა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ზონასთან“ კავშირს, თუმცა მას შემდეგ, რაც ეს ვითომ თავისუფალი ორგანიზაცია პირველად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ 19 აპრილის აქციაზე გამოჩნდა და ამავე სახელწოდების საიტიც დააფუძნა, საიტის დამფუძნებელთა ჩამონათვალში კობა ხაბაზის ვინაობაც იკითხებოდა. საბოლოოდ ხაბაზი თვითონვე გაიშიფრა, როცა წამოსცდა, „თავისუფალ ზონას“ ჩვენი ჯიბიდან ვაფინანსებთო.

გარდა ამისა, ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღების გასაპროტესტებლად ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ წევრებმაც, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციაში მოღვაწეობის პარალელურად, სიამოვნებით წურავენ ყურძენს ყვარელში მიხეილ სააკაშვილის საწნახელში ვიქტორ იუშენკოს თანხლებით...

ასეთ ე.წ. არასამთავრობოთა რიცხვი უამრავია, რომლებსაც გათვლა უფრო დასავლეთზე აქვთ. ისინი ცდილობენ, პირნათლად შეასრულონ „ნაციონალური დავალება“ და დასავლეთს ახალი ხელისუფლების „ცოდვების“ შესახებ აცნობონ, მაშინ, როცა ეს ადამიანები თვალს ხუჭავდნენ წინა ხელისუფლების დანაშაულზე, პოლიტიკურ დევნაზე, ადამიანების სამსახურიდან გაყრაზე, რელიგიური უფლებების შელახვაზე, სამართალდამცავთა დანაშაულზე, მედიის წნეხზე, სექსუალური უმცირესობების უფლებების შეზღუდვაზე და ა.შ. უცებ გამოვიდა, თითქოს, ყველა ეს პრობლემა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ დახვავდა და წინა ხელისუფლება ყველაფერში უმწიკვლო იყო.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როგორც კი დაკარგა ძალაუფლება და გადაინაცვლა ოპოზიციაში, დაიწყო გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების სტიმულირება და შექმნა. ფაქტობრივად, ეს არასამთავრობოები მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციებია და ეს ერთი გუნდია, ოღონდ სხვადასხვა ფორმით აპირებენ პოლიტიკურ ბრძოლას.

პოლიტოლოგის აზრით, ეს ყველაფერი გამიზნულია არა ქვეყნის შიდა, არამედ გარე მოხმარებისთვის, რადგან დასავლეთში ეს აღიქმება, როგორც არასახელმწიფო სექტორისა და აპოლიტიკური ძალების მიერ გამოვლენილი პოზიცია. ამიტომ ნაციონალები, ბუნებრივია, ცდილობენ, ორი ფრონტით იბრძოლონ არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ და მათი განცხადებებიც დაემთხვევა ერთმანეთს, ანუ ერთჯერადი მოხმარების არ იქნება.

„გადაწყვეტილება მიიღება ერთ ცენტრში და შემდეგ იყოფა ორად - ერთი გადაწყვეტილება გახმიანდება პარტია „ნაციონალების“ მხრიდან, ხოლო მეორე - არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. არასამთავრობო სექტორის ასამუშავებლად დიდი ინტელექტუალური რესურსი ნაციონალებს არ სჭირდებათ. რაოდენობრივად მათ ხალხი ჰყავთ და ეს პროცესი არ დასრულდება არც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პირიქით, ნაციონალები შეეცდებიან, თანდათან უფრო გააძლიერონ სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციები. რეალურად, ისინი შეიძლება გადაიქცნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მეხუთე კოლონად არასამთავრობო სექტორში და მათი აზრები ყოველთვის იდენტური იქნება“,  - განმარტა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისი თქმით, ადამიანის უფლებები, რელიგიური და სოციალური თემები, ბიუჯეტი, ყველა ამ საკითხზე მოვისმენთ არასამთავრობოების პოზიციას და ამისთვის ამზადებენ ბაზას ნაციონალები არასამთავრობო სექტორში, რათა ეს ხალხი ისევ დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ეს არის დღევანდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების სამწუხარო განლაგება. გარკვეულწილად, ამას ხელს შეუწყობს მედიაც და მათ პოზიციას გაახმოვანებს.

ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე ადასტურებს, რომ მანაც შენიშნა ცალკეულ არასამთავრობოთა და ნაციონალთა იდენტური რიტორიკა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორი საქართველოში ძალზე არაერთგვაროვანი, ეკლექტურია და მათთან „ნაციონალური მოძრაობა“ მჭიდროდ იყო გადაჯაჭვული. ამ მხრივ შეიძლება გავიხსენოთ „კმარა“ და „თავისუფლების ინსტიტუტი“. უფრო მეტიც, ექსპერტის დაკვირვებით, ცალკეულ არასამთავრობოთა მატერიალურ ინტერესებში „ნაცმოძრაობას“ გარკვეული წვლილი მიუძღვის.

„არასამთავრობო ორგანიზაციებში ასეა, ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას. ასე რომ, არასამთავრობოებს ხშირად უკვეთავენ თემებს და ისინიც ამ თემებს ახმოვანებენ. ასეთია ეკოლოგიური მიმართულების არასამთავრობოების ნაწილი და, ჩემი აზრით, აქ ინტერესები გადაჯაჭვულია. თუმცა არიან ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებასთან მუდმივ ოპოზიციაში არიან, მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ეს პიროვნულ დონეზე არ არის, ეს კორპორატიულ დონეზეა. ყველამ კარგად იცის, სად არის დასაქმებული ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე. ამდენად, მათი საქმე კონსტრუქციული ოპოზიციონრობაა მთავრობისადმი“, - აღნიშნა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.

მანვე განმარტა, რომ პრინციპულად არ დაასახელებს ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა პრეტენზიებიც ზოგჯერ არასწორია, ზოგჯერ კი - გამართლებული. მისივე აზრით, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ამჟამად ძალიან კარგი და დემოკრატიული პოზიცია დაიკავა მთავრობამ და მან მოუწოდა ოლიმპიურ კომიტეტს, რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ჩვენ სამთავრობო დელეგაციას იქ არ ვაგზავნით და თქვენ, როგორც სპეციალურ სპორტულ ორგანიზაციას, გაქვთ უფლებამოსილება, თავად მიიღოთ გადაწყვეტილება.

ამდენად, ექსპერტი მიიჩნევს, რომ კომუნისტური და ტოტალიტარული აზროვნების გადმონაშთია, როდესაც მთავრობას მოუწოდებ, ზეწოლა მოახდინოს აბსოლუტურად დამოუკიდებელ ორგანიზაციაზე.

რაც შეეხება არასამთავრობოების მხრიდან მაღალჩინოსნების საქმეების გამჭვირვალობის მოთხოვნას, ექსპერტს აინტერესებს, რომელ გამჭვირვალობაზეა საუბარი, როცა პროცესები ჯერ არ ჩატარებულა. უფრო მეტიც, არსებობს გამოძიების საიდუმლოება და იქიდან გამომდინარე, როგორ ჩაივლის ბაჩო ახალაიას და სხვათა პროცესი, დავინახავთ, როგორი პროფესიონალიზმი აქვს ჩვენს სამართალდამცავ ორგანოს. ჯერჯერობით კი ამ მიმართულებით პრეტენზიები უსაფუძვლოა.

რელიგიური თემებით არასამთავრობოების აპელირებასთან დაკავშირებით სანდრო თვალჭრელიძე აცხადებს, რომ არ შეიძლება, ასეთი მტკივნეული საკითხები ხელის ერთი მოქნევით წყდებოდეს, როგორც ეს წინა ხელისუფლების დროს იყო.

„აქ თანმიმდევრული და რთული მუშაობაა გასაწევი. სწორი იყო თუ არა, ეს სხვა საქმეა, არ მომწონს, რომ მინარეთი მოხსნეს, მაგრამ კარგია, რომ პრობლემა ნორმალურ ვადაში ამოიწურა და არა მეორე დღესვე, როგორც ეს უყვართ ქართველებს. რაც ნაკლებად ვიგრძნობთ ხელისუფლების ჩარევას სოციალურ საკითხებში, მით უკეთესი იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის. ეს უნდა გაიგონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რადგან მთავრობისადმი მათი მოთხოვნა ხშირად ელემენტარულ დემოკრატიის ნორმებს არ შეესაბამება“, - აღნიშნა ალექსანდრე თვალჭრელიძემ.

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი იზიარებს აზრს, რომ არასამთავრობოებისა და ნაციონალების პოზიცია ერთმანეთს შემთხვევით არ ემთხვევა, ვინაიდან ეს არასამთავრობოები, უკლებლივ ყველანი, ნაციონალების არასამთავრობოები არიან. ისინი ფინანსდებიან აშშ-ის მხრიდან და იქ გაიარეს სტაჟირება ნაციონალებთან ერთად. ფაქტობრივად, ესენი არიან ერთი გუნდი. ამიტომ, რასაც დღეს არასამთავრობოები ახმოვანებენ, ეს ნაციონალების შეკვეთაა, ნაციონალებისვე ფულითა და მოწოდებით.

„ამით რა ხდება? ნაციონალები მაქსიმალურად ცდილობენ, გადაირჩინონ თავი. ისინი დამნაშავეები არიან 2008 წლის ომის დაწყებაში. ამიტომ ამ აქტით აპირებენ გადარჩენას. სამწუხაროდ, ბრიყვი მოსახლეობა ამას ყურადღებას არ აქცევს და ჰგონია, რომ ეს არის პატრიოტიზმი, თუ ქუჩაში გამოვა და სისულელეს იტყვის რუსეთის წინააღმდეგ. ამის ნაცვლად, უნდა დავფიქრდეთ და კრიტიკულად შევხედოთ ჩვენს თავს, ჩვენს ქმედებას და არა წინასწარ ქუჩაში სისულელეების მოთხოვნით. ამით საქართველოს არაფერი შეემატება“, - აცხადებს ჰამლეტ ჭიპაშვილი.