ყველა გზა პრეზიდენტამდე მიდის

ყველა გზა პრეზიდენტამდე მიდის

დავით კეზერაშვილი დაკავებულია.  საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი საფრანგეთის ჟანდარმერიამ, საფრანგეთის სამხრეთით ერთ-ერთ ქალაქში დააკავა. კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული. მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ საქმეები განხილვის პროცესშია, კეზერაშვილი არც ერთ წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ სცნობს. თუმცა, ამის მიუხედავად, ისრაელის მოქალაქე  წითელი ცირკულარით არ იძებნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით კეზერაშვილი პარიზის და თბილისის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად დააკავეს. სამინსიტროს ინფრომაციით, ამჟამად საფრანგეთის პროკურატურის მიერ დავით კეზერაშვილის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები.

საქართველოს პროკურატურა კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის შესაბამის მასალებს ამზადებს. გენერალური პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ  ამ ეტაპზე  პროკურატურა  მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მასალებს ამზადებს. იმ შემთხვევაში, თუ საფრანგეთის სასამართლომ კეზერაშვილს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი საქართველოს გადაეცემა თუ ისრაელს, ჩილინგარაშვილის თქმით, ორმაგი მოქალაქეობა დამაბრკოლებელი არაა.

„ორმაგი მოქალაქეობა დამაბრკოლებელი გარემოება არაა. მთავარია იმ ქვეყნის მოქალაქე არ იყოს, სადაც მისი დაკავება მოხდა, ანუ საფრანგეთის“, - განაცხადა ირაკლი ჩილინგარაშვილმა

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებულ პირს,საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე"ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის აღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევას, რამაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ზარალი გამოიწვია, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ფულის გათეთრებას და უკანონო შემოსავლის მიღებას, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დიდი რაოდენობით მითვისება-გაფლანგვას.

ყოფილ მინისტრს პროკურატურა ორ ეპიზოდში ედავება  ე.წ. სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია „იმედის" გასხვისების საქმეებზე, სადაც კეზერაშვილი დედაქალაქის მერთან, გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული. ბიზნესმენ, ჯოსეფ ქეის ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2008 წელს „იმედის" მითვისების საქმეში მონაწილეობდნენ თბილისის მერი გიგი უგულავა და თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. ქეის განმარტებით, ის საქართველოში ჩამოვიდა იმისათვის, რომ დაერეგულირებინა გამწვავებული ურთიერთობა ბადრი პატარკაციშვილსა და ხელისუფლებას შორის. 2008 წლის იანვარში ჩამოვიდა და გამართა მოლაპარაკებები საქართველოს პრეზიდენტთან.

საგამოიებო ორგანობისთის მიცემული ჩვენების თანახმად, „იმედის“ წართმევის საკითხი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული და კეზერაშვილის მეშვეობით ის მიხეილ სააკაშვილსაც ტელეფონით ესაუბრა. სწორედ ამ გარემოებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურორის განცხადებით, შესაძლოა  მოწმის სტატუსით დაიკითხოს ქვეყნის პრეზიდენტი. ქეის ჩვენებით, მან 2008 წლის იანვრიდან ამავე წლის 16 დეკემბრამდე „იმედის" შენახვისთვის 11 მილიონი აშშ დოლარი გაიღო, ხოლო 2008 წლის 16 დეკემბერს ტელეკომპნია „იმედი" მუქარით დაათმობინა დავით კეზერაშვილმა, თუმცა დახარჯული 11 მილიონი აუნაზღაურეს რიყის გასხვისების სქემის განხორციელების შედეგად, რის გამოც გიგი უგულავას ბრალი უკვე წაუყენეს.

ქეი ადასტურებს, რომ გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის დავალებით რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა შპს “რიყის” მფლობელმა, დავით იაკობაშვილმა 10 მლნ დოლარი ჩაურიცხა. მისი განცხადებით, ამ თანხის დაფარვის ვალდებულება გიგი უგულავამ და კეზერაშვილმა „იმედის“ დათმობის სანაცვლოდ აიღეს.

კეზერაშვილის ბიზნესინტერესები ამით ამ შემოიფარგლება. მას, ასევე ბრალად ედება 12 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის აღება უკრაინიდან საქართველოში ეთილის სპირტის შემოტანის კონტრაბანდული სქემის მფარველობისთვის, რაც რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა, მათ შორის მისი საჯარო სამსახურში ყოფნის დროს. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, დავითაშვილმა და იმნაძემ ყურძნის მასალასთან ეთილის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური მანიპულაციებით, ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტის წარმოება განიზრახეს.  განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, მათ დაარეგისტრირეს შპს „განთიადი" და შპს „ნაფარეული" და სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით შეადგინეს დანაშაულებრივი სქემა, თუ როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი შიდა ბაზარზე ისე, რომ არ მოქცეულიყო იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში.

დავითაშვილმა და იმნაძემ სუფრაზე გაიცნეს ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი უფროსის დავით კეზერაშვილის დის ქმარი მეირი ჯანაშვილი, გაანდეს დანაშაულებრივი გეგმა და სთხოვეს შუამდგომლობა დავით კეზერაშვილთან. ჯანაშვილი მოელაპარაკა კეზერაშვილს, რომელმაც ბიზნესის მფარველობის სანაცვლოდ 1 ლიტრ სპირტზე 0,3 ამერიკული დოლარის გადახდა მოითხოვა. გამოძიების მასალებით, კეზერაშვილისგან თანხმობის მიღების შემდეგ. იმნაძემ და დავითაშვილმა უკრაინული სპირტის საწარმოს შეუკვეთეს 480 ტონა ეთილის სპირტი და საქმიანობა დაიწყეს.

2007 წლის 8 იანვარს, 240 ტონა სპირტი დავით კეზერაშვილის დახმარებით, საქართველოში შემოვიდა, რის სანაცვლოდაც მან ქრთამის სახით 72 000 აშშ დოლარი აიღო. ამავე წლის 5 თებერვალს, აღნიშნულმა პირებმა საქართველოში კვლავ 240 ტონა სპირტი შემოიტანეს _ კეზერაშვილს ისევ 72 000 აშშ დოლარი ერგო. 2007 წლის 7 თებერვლიდან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოში 2445 065 ლიტრი სპირტის შემოტანის სანაცვლოდ, კეზერაშვილმა ქრთამის სახით 733 519 აშშ დოლარი მიიღო.

2007 წლის მაისის ბოლოს, უკვე თავდაცვის მინისტრმა კეზერაშვილმა ქრთამის სახით გადასახდელი თანხის გაზრდა მოითხოვა. კერძოდ, 1 ლიტრ სპირტზე ის 0,7 დოლარს ითხოვდა, შესაბამისად, 2007 წლის 8 ივნისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში შემოტანილ 3 353 269 ლიტრ სპირტზე მას 2 011 961 აშშ დოლარი გადაუხადეს. 2008 წლის იანვრიდან, კეზერაშვილმა კვლავ გაზარდა ქრთამად მისაღები თანხის რაოდენობა და 2 203 646 ლიტრ სპირტზე 1 542 552 აშშ დოლარი აიღო. 2008 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე, შემოტანილ 410 252 ლიტრ ეთილის სპირტზე ქრთამად აიღო 237 946 აშშ დოლარი.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ 2011 წლის ანგარიშში „საქართველოს სარეკლამო ბაზარი“ აღნიშნულია, რომ საქართველოს სარეკლამო სექტორის დიდ ნაწილს დავით კეზერაშვილი აკონტროლებდა. მისი მეგობრები და ნათესავები ფლობდნენ, მართავდნენ ან დაკავშირებულნი იყვნენ ამ სექტორის რამდენიმე უმსხვილეს კომპანიასთან, რომელთა შორის იყო „ჯენერალ მედია“  სარეკლამო გაყიდვების სახლი, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა რეკლამის განთავსება ყველა ნაციონალურ არხზე. კომპანიამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება.

კეზერაშვილი თავის აქტივებს საქართველოში ოფშორული კომპანიების საშუალებით ფლობდა, რაც ართულებს ბენეფიციარ მესაკუთრეთა ვინაობისა და საკუთრებაში მომხდარი ცვლილებების დადგენას, რადგან ეს მონაცემები საჯარო რეესტრის დოკუმენტებში, შესაძლოა, არც აისახოს.