მერაბიშვილის შიშები

მერაბიშვილის შიშები

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპონენტი პოლიტიკური ძალების მეთოდები რადიკალურ ფორმებს იღებს - წინასაარჩევნო ბრძოლა წესების გარეშე, თუ გულწრფელი გაფრთხილება რეალური რისკების შესახებ - ვანო მერაბიშვილის განცხადებით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს თბილისში არეულობის მოწყობა აქვს განზრახული.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მერაბიშვილის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პროცესი არჩევნების გაყალბების საბაბით, 28 ოქტომბერს დაიწყება.

„ვილნიუსის სამიტის წინ, რუსეთმა უკვე გამოუცხადა სავაჭრო ომი უკრაინას და მოლდოვას და დაიყოლია სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებაზე. საქართველოს ჯერი, როგორც ჩანს, 28 ოქტომბერს დადგება, როდესაც არჩევნების მეორე დღეს, გაყალბების საბაბით, ნინო ბურჯანაძის ხელით რუსეთს განზრახული აქვს თბილისში არეულობის მოწყობა, რაც დაახლოებით იქნება 26 მაისის სცენარის განმეორება. ამ მოვლენების გენერალური რეპეტიცია ნინო ბურჯანაძეს დაგეგმილი აქვს 24 ოქტომბერს“, - ნათქვამია მერაბიშვილის განცხადებაში.

მისივე განმარტებით, კრემლი არ კმაყოფილდება დიცსა და დვანში მავთულხლართების გავლებით და სურს ბარიკადები ამჯერად უკვე რუსთაველის გამზირზე აღმართოს.

„რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა საქართველოს მიმართ არ იცვლება - მას დაგეგმილი აქვს შიდა არეულობის მოწყობის გზით შეაფერხოს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი. მინდა მოვუწოდო ყველას, პირველ რიგში, პოლიციელებს, არავის მისცენ ქვეყანაში არეულობის მოწყობის საშუალება“, - აღნიშნავს მერაბიშვილი.

იძლევა თუ არა დღეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია იმის საფუძველს, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, თუნდაც რუსეთის დახმარებით ქვეყანა დესტაბილიზაციის ქაოსში გახვიოს? ამ კითხვაზე ექსპერტები ცალსახად ამბობენ, რომ ქვეყანაში მსგავსი წინაპირობა არ არსებობს, თუმცა ზოგიერთი მათგანი არ გამორიცხავს, რომელიმე პოლიტიკურ ძალას საქართველოში მსგავსი ჩანაფიქრი მართლაც ჰქონდეს.

ექსპერტი გია ნოდია ამბობს, რომ მისთვის ძნელი სათქმელია, რა კონტექსტში საუბრობს მერაბიშვილი ამ არეულობაზე.

„რუსეთის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ასეთი პროვოკაცია, მაგრამ ვერ ვხედავ იმის წინაპიორობას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი ასეთ რამეს მართლაც გეგმავს, მან ამის განხორციელება შეძლოს“,- აცხადებს გია ნოდია.

ექსპერტი ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ ძალიან რთული წარმოსადგენია, რუსეთი არ ცდილობდეს, 2008 წლის ომის შემდეგ (უშედეგო მცდელობის შემდეგ, რომ რეალურად მოეხდინა ქვეყნის სრული ანექსია), იპოვოს პოლიტიკური დასაყრდენი საქართველოში, რაც მის მიზნებს - საქართველოს დასავლურ სამყაროსთან დაშორებას შეასრულებს.

„რუსული პოლიტიკის ფაქტორი თავს რომ იჩენს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში, ესეც ცხადია, რადგან ეს არის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების, მათ შორის ბალტიისპირეთის გამოცდილება, სხვათა შორის ევროპისაც. რუსეთი ყოველთვის ცდილობს, კონკრეტული პოლიტიკური პარტიებისა თუ პოლიტიკური ლიდერების მეშვეობით გავლენა მოიპოვოს და ესეც, ალბათ, არ უნდა იყოს მოულოდნელი.

როდესაც კეთდება განცხადებები კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ, რომ ისინი უკვე თავს თვლიან მოგებულებად და თუ ასე არ მოხდება, ამას მხოლოდ და მხოლოდ გაყალბებული არჩევნები დაერქმება, რადიკალურ ქმედებად მიმაჩნია“, - ამბობს მაჭავარიანი.

მისი შეფასებით შესაძლებლობა იმისი, რომ რუსეთი პირდაპირ ჩაერიოს ამ პროცესებში, ნაკლებია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ არეულობის ხელშეწყობა მოხდეს. მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან საფრთხილო თემაა, რადგან საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ეს რისკი დაუშვებლად მიიჩნიოს.

„ეს რისკი არსებობდა როგორც ჩანს, მაისის მოვლენებამდეც და წინა ხელისუფლება ამას საკმაოდ სერიოზულად მოეკიდა. დღევანდელი ხელისუფლებაც ასევე ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოს, რომ ეს რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს, თუკი ამისი რეალური საშიშროება არსებობს“, - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე კი დარწმუნებულია, რომ ნინო ბურჯანაძეს ასეთი რამ არც აქვს ჩაფიქრებული.

„ის შეიძლება მოგვწონდეს, შეიძლება არა, მაგრამ ის პრაგმატიკოსია და არასოდეს არ მიდის ისეთ ავანტურაზე, რომელიც მას დააზარალებს“, - მიიჩნევს ბერიძე.

ვაჟა ბერიძე ასევე თვლის, რომ თვით 26-მა მაისმაც კი არ იმოქმედა ბურჯანაძის რეიტინგზე, არც დადებითი და არც უარყოფითი თვალსაზრისით, თუმცა ის წარმოაჩინა წინა ხელისუფლებასთან მებრძოლ ოპოზიციურ ლიდერად.

ასევე საინტერესოა, რას მისცემს ბურჯანაძეს დესტაბილიზაცია, იმ შემთხვევაში, თუკი მას მართლაც აქვს ასეთი ჩანაფიქრი, რადგან ფაქტობრივად, უუფლებო პრეზიდენტის პოსტის ხელში ჩაგდებაც კი არ ნიშნავს ხელისუფლებისა და ძალაუფლების დაპატრონებას.

„არაფერს არ მისცემს, თუნდაც გაუყალბონ არჩევნები (მგონია რომ მასობრივ გაყალბებას ადგილი არ ექნება), არ მგონია, მოახერხოს და ხალხი გამოიყვანოს ქუჩაში“, - თვლის ვაჟა ბერიძე.

მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბურჯანაძის პარტია არიან ერთმანეთის კონკურენტები მეორე ადგილისთვის ბრძოლაში. არის თუ არა ეს ჩვეულებრივი პიარტექნოლოგია, როდესაც პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, ამომრჩევლის თვალში უპირატესობა ერთმანეთის დისკრედიტაციის ხარჯზე მოიპოვონ, ამაზე  ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში პიარტექნოლოგიების გამოყენებასთან ნაკლებად გვაქვს საქმე.

„ეს რომ ყოფილიყო საპარლამენტო არჩევნები და ეს ვერსია მანამდეც რომ არ ყოფილიყო გაჟღერებული, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ მსგავსი ინფორმაცია გამოყენებული იყოს როგორც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ტექნოლოგია. ფაქტია ერთი რამ, რომ ურთიერთობები რუსულ მხარესთან არ არის შეუმჩნეველი, ამ არჩევნებში რომ რუსეთის ფავორიტი არც მარგველშვილია და არც ბაქრაძე ესეც ცხადია და აქედან გამომდინარე, ალბათ, არსებობენ კონკრეტული ადამიანები რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს ეჭვი საფუძვლიანია. თუ რაიმე რისკი არსებობს, რომ თუ არჩევნების შემდეგ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ვერ მიიღებს კონკრეტულ შედეგს, არეულობა შეიძლება მოჰყვეს, ეს რისკი უნდა იყოს მაქსიმალურად ნეიტრალიზირებული. ამიტომ ამ განცხადებას პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით მოვეკიდებოდი. თუ არ არის ამისი საფუძველი, პრევენციული ღონისძიება ხელს მაინც არაფერში შეუშლის ქვეყანას“,- აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

ვაჟა ბერიძე თვლის, რომ არანაირი ფონი საამისოდ არ არსებობს, უბრალოდ, ძალიან მძაფრი ბრძოლაა მეორე ადგილისთვის და ბატონი მერაბიშვილიც, როგორც ნაცმოძრაობის, ერთ-ერთი ლიდერი, სისხლხორცეულად არის დაინტერესებული, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდეს დავით ბაქრაძე. რაც ბერიძის შეფასებით, იმისი დასტური იქნება, რომ ერთადერთი რეალური სახელისუფლებო ალტერნატივა და ოპოზიცია საქართველოში „ქართული ოცნებისა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

„მათ ჰყავთ ერთადერთი ოპონენტი ნინო ბურჯანაძის სახით, რომელსაც აქვს დასაბუთებული პრეტენზია, რომ ის არის მთავარი ოპოზიციური ძალა საქართველოში - სტრატეგიული და კონცეპტუალური თვალსაზრისითაც. ამის გამო, სხვადასხვა მეთოდებს იყენებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათ შორის არის ბატონი მერაბიშვილის ეს განცხადებაც.

ასეც რომ იყოს, იმ კონიუქტურიდან გამომდინარე, რაც სადღეისოდ არის ქვეყანაში, გამოვრიცხავ, რომ ნინო ბურჯანაძემ არჩევნების ნებისმიერი შედეგით დასრულების შემთხვევაში შეძლოს ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და ხალხის დიდი რაოდენობით ქუჩაში გამოყვანა. რადგან ამის არანაირი წინაპირობები არ არსებობს“, - მიიჩნევს ვაჟა ბერიძე.

გია ნოდია კი თვლის, რომ შესაძლოა, მსგავსი განცხადება პიარტექნოლოგიის ნაწილადაც ჩაგვეთვალა, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უჭირს კონკრეტული დასკვნის გამოტანა.

„პოლიტიკოსები განცხადებებს რომ აკეთებენ, ბუნებრივია, ამას თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში მიჭირს თქმა, რადგან შესაძლოა, ამ განცხადებას რაიმე კონკრეტული საფუძველიც ჰქონდეს“, - აცხადებს გია ნოდია.

ძალზე საინტერესოა თავად ბურჯანაძის პასუხი მერაბიშვილის ბრალდებაზე - „დემოკრატიული მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე ვანო მერაბიშვილს და მიხეილ სააკაშვილს ციხეში მყარად ჩასმას პირდება.

ბურჯანაძე მისი მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციას უწოდებს.

„ეს სრული დეზინფორმაციაა. ვანო მერაბიშვილს 26 მაისის ბრალდებები სრულად რომ არ დაუწყვეს ცხვირწინ, ამდენ ლაპარაკს ამიტომ ბედავს, მაგრამ 27 ოქტომბერს, როცა ხელისუფლებაში მოვალ, მე მას ვპირდები, წარმოვადგენ ყველა იმ ობიექტურ მასალას, რომლის საფუძველზეც ვანო მერაბიშვილიც, მიხეილ სააკაშვილიც და მათი მეგობრებიც კარგა ხნით, მყარად ჩაჯდებიან ციხეში“, - აღნიშნავს ბურჯანაძე.

არის თუ არა ნინო ბურჯანაძის მუქარისშემცველი განცხადებაც ასევე პირტექნოლოგია, ან რას მოიგებს ამით, ძნელი სათქმელია, თუმცა მის განცხადებაში აშკარად ჩანს, რომ ის არა მეორე ადგილის მოპოვებაში, არამედ გაპრეზიდენტებაშია დარწმუნებული.

ვაჟა ბერიძე თვლის, რომ ესეც წმინდა წყლის წინასაარჩევნო რიტორიკაა.

„ვთვლი, რომ ბურჯანაძის რეიტინგი ბოლო პერიოდში იზრდება, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში მაინც გაუჭირდება. რომც მოხდეს ასე, ჰიპოთეტურად, ის ვერავის ჩასვამს ციხეში, რადგან საქართველოში ასეთი სამართალი, რომელიც პირველი პირების ნებას ექვემდებარებოდა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა.

მივდივართ იქით, როდესაც სასამართლო და მართლმსაჯულება დამოუკიდებელი ხდება და ის განსაზღვრავს, ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ არა. პრეზიდენტი, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ უფლებები ისედაც შეზღუდული აქვს, რომ მოინდომოს კიდეც, გამარჯვების შემთხვევაში ამას ვერც მოახერხებს“, - აცხადებს ვაჟა ბერიძე.