ცესკომ საზღვარგარეთ გახსნილი სამი საარჩევნო უბანი გააუქმა

ცესკომ საზღვარგარეთ გახსნილი სამი საარჩევნო უბანი გააუქმა

მოლდოვა, რუმინეთი და იორდანიის სამეფო, ამ ქალაქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. For.ge-სთვის ცნობილი გახდა ცესკოს  9 სექტემბრის დადგენილება, რომლის მიხედვით საზღვარგარეთ გახსნილი სამი საარჩევნო უბანი გაუქმდა. ვინაიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დროულად არ მიაწოდა სიები ცესკოს. საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა ახსნას, რატომ არ იქნა მიწოდებული საარჩევნო სიები, იმ ამომრჩევლებისა, რომლებიც იმყოფებიან იმ სამ ქვეყანაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამ საკითხზე კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

ცესკოს პრეს-სპიკერი ეკა აზარაშვილი ადასტურებს სამ ქალაქში საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ ინფორმაციას.

„საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელების მხრიდან დროულად ვერ მოხდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების რაოდენობის მოწოდება, რამდენი ადამიანია საკონსულო აღრიცხვაზე, ამის გამო გაუქმდა ეს უბნები. თუმცა, ეს არ ყოფილა ერთად-ერთი მიზეზი, ძალიან ძნელი აღმოჩნდა საარჩევნო კომისიების დაკომფლექტება“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას ეკა აზარაშვილი.

კანონის შესაბამისად, 7 ოქტომბერს შესაბამის საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელებს უნდა შეედგინათ და ცესკოსთვის გადაეცათ კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლების სია, რომლებიც საქართველოს საკონსულოში დგანან აღრიცხვაზე, აგრეთვე იმ ამომრჩევლების სია, რომლების არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩვენების დღემდე არა უგვიანეს 21 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებებში.

„ამ ქვეყნებში მომუშავე კონსულებმა ვერ შეაგროვეს ეს მონაცემები, ამიტომ დროულად ვერ მოხდა ამ სიების გადაცემა ცესკოსთვის, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა არაორგანიზებულობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტმა ვერ უზრუნველყო იმ ქვეყნებში კონსულების მიერ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულება, რამაც გამოიწვია ის, რომ ცესკომ საარჩევნო უბნები სამ სახელმწიფოში  გააუქმა.

რაც იმას ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს დაეკარგათ კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლება. ბუნებრივია, ამაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი უნდა გასცეს საზოგადეობას. როგორც ჩანს, ორგანიზებულობა აკლდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში  უზრუნველყო ცესკო სიებით.

ამიტომაც იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა განმარტოს რის საფუძველზე ვერ მიაწოდეს კანონით დადგენილ ვადაში ამომრჩეველთა სიები ცესკოს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილიყო კონსტიტუციით გარანტირებული ჩვენი მოქალაქეების აქტიური საარჩვენო უფლებით განხორციელება“, - აცხადებს კახი კახიშვილი.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობს გამო, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. როგორც ცესკოში განმარტავენ, ცესკო საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხსნის.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გვაწვდის იმ ქვეყნების ჩამონათვას სადაც საქართველოს  დიპლომატიური წარმომადგენლობები აქვს გახსნილი და ამ საფუძველზე ვხსნით უბნებს საზღვარგარეთ. ამ ჩამონათვალში არც 2012 წლის საპარლამენტო არჩვენბეისთვის და არც ახლა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ ყოფილა რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ფიზიკურად ვერ გავხსნით საარჩევნო უბანს რუსეთის ტერიტორიაზე“, - ამბობს ეკა აზარაშვილი.

მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს საკუთარი მოქალაქეების  კონსტიტუციით მინიჭებული უფლების დაცვა უნდა უზრუნველყო და საარჩევნო უბნების გახსნა მოეხერხებინა. კახი კახიშვილი ვფიქრობს, რომ არ უნდა შეილახოს ჩვენი თანამოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება - მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

„იქ, სადაც ამდენი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს, საგარეო საქმეთა სამინისტროს აუცილებლად უნდა უზრუნველეყო საარჩევნო უბნების გახსნა რუსეთის ტერიტორიაზე. არავინ ითხოვდა დიპლომატიურ ურთიერთობების აღდგენას იმისთვის რომ იქ რამდენიმე უბანი გახსნილიყო. უბნების გახსნა შესაძლებელი იყო თუნდაც იმ ჩვენი წარმომამდგენლების დახმარებით, რომლებიც ოფიციალურად მუშაობენ რუსეთის საელჩოში.

ანალოგიური სიტუაცია იყო 2012 წლის არჩევნებზე და მაშინ გახსოვთ ალბათ, რომ დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ხელისუფლებისგან ითხოვდა უბნების გახსნას. თუ მაშინ ითხოვდა, ბუნებრივია, იცოდა მექანიზმი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, როგორ უნდა გახსნილიყო საარჩევნო უბნები. ახლა უცნაურია, რომ საკუთარი მინისტრობის პერიოდში ვერ მოახერხა ეს. მახსოვს მისი განცხადებები სტრასბურგში საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე... მაგრამ, უბნები არ არის", - აცხადებს კახიშვილი.

მიუხედავად არადიპლომატიური ურთიერთობებისა, არსებობს მექანიზმები, ამ საკითხის გადაჭრის თაობაზე.

„მნიშვნელოვანი საკითხია, რუსეთში არ გაიხსნა არცერთი საარჩევნო უბანი, რაც იწვევს გაკვირვებას. იქ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს და ფაქტობრივად გამოდის რომ ამ ადამიანებს ეკარგებათ აქტიური საარჩევნო უფლება. მესმის რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ მოსკოვში, ჩვენს საელჩოში, ამავდროულად შვეიცარია ახორციელებს შუამავლობას და ამ მექანიზმების და ბერკეტების საშუალებით შესაძლებლობა იყო უბნების გახსნისა“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახი კახიშვილი.

დადგება თუ არა საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენელის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ეს ძნელი სათქმელია, გააჩნია მართვის რა სტილი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

„მიზეზი დასახელებულია, ამიტომ რაღაცა ტიპის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, მგონია, რომ საჭიროა. ანალოგიური პრობლემები ბევრგან არის, სამწუხაროდ და დიდი ალბათობაა იმისა, რომ ეს ახალი ხელისუფლების ზოგადი ავადმყოფობაა. როგორც ერთ-ერთმა ოპონენტმა დაარქვა - უნიათობა, დაუდევრობა და ა.შ. ეს მარტო საგარეოს პრობლემა არაა. მთლიანი მართვის სტილის პრობლემაა. ვფიქრობ, რომ გამოუცდელობის შედეგია და ამას პრემიერ-მინისტრმა უნდა მიხედოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განმარტებით, მხოლოდ ბრიუსელზე, ვაშინგტონზე და მოსკოვზე ორიენტირებული ქვეყნის საგარეო უწყება, ძალაუნებურად თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდება დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობაში, რაც მისივე განმარტებით არ შედის სახელმწიფოს ინტერესებში.

„ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ღია დისკუსიის საგანი იქნება საზოგადოებაში, მაგრამ ალბათ მთავრობაც საჯაროდ თუ არა, შინაურ ფორმატში მაინც იმსჯელებს ამ თემაზე და  დაარწმუნებს საზოგადოებასაც, რომ დოყლაპიების რაოდენობა შემცირდება საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში.

მე მგონია, რომ დოყლაპიობის დრო გავიდა და თუ რამეს ვერჩით ჩვენს თანამამულებს, მათ შორის  რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მაშინ ვეძიოთ განსხვავება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ შორის თავის თანამემამულეებთან დამოკიდებულებაში, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში. ალბათ „ქართული ოცნების“ ჯანსაღ ნაწილს ექნება საშუალება ამ თემის კომენტირების“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.