მოსალოდნელია თუ არა კოაბიტაციის მეორე ტალღა

მოსალოდნელია თუ არა კოაბიტაციის მეორე ტალღა

დაპირებისამებრ, 27 ოქტომბერს კოაბიტაცია უნდა დასრულდეს, მაგრამ ექსპერტები უკვე ღიად საუბრობენ, რომ დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, ეს არც ისე მარტივი იქნება და დასავლეთი ბევრად უფრო თამამად მოგვთხოვს, ანგარიში გავუწიოთ იმ „პატივსაცემ“ ოპოზიციურ ძალას, რომელმაც, ყველაფრის მიუხედავად, საპრეზიდენტო არჩევნებში მაღალი შედეგი აჩვენა. ეს კი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის კვლავინდებური დაყოვნების პირდაპირპროპორციული იქნება.

გველის თუ კოაბიტაციის მეორე ტალღა და ეს ტალღა უფრო ინტენსიური იქნება თუ შენელებული, ამის შესახებ ექსპერტები გვესაუბრებიან.

პოლიტოლოგი ვახტაგ ძაბირაძე ადასტურებს, რომ ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, კოაბიტაციის მეორე ტალღა მოსალოდნელია. რაც შეეხება კოაბიტაციის მორიგი ტალღის ინტენსიობას, ექსპერტი არ ფიქრობს, რომ ისეთივე პრინციპულობას  გამოიჩენს დასავლეთი, როგორც აქამდე იყო, თუმცა არც ისეთი მიდგომა იქნება, რომ, რაც გინდათ, ქართველებო, ის გააკეთეთო.

„არა მგონია, კოაბიტაციის დასრულება-არდასრულება მაინცდამაინც უკავშირდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნებს და იმას, ვინ რომელ ადგილზე გავა, რადგან კოაბიტაციის ცნება, როგორც ეს გიორგი მარგველაშვილს ესმის და, როგორც ის განმარტავს, შესაძლოა, მართლაც დასრულდეს და ნაციონალმა პრეზიდენტმა-სააკაშვილმა, უბრალოდ, აღარ გააჭიანუროს პროცედურები ამა თუ იმ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით; მაგრამ ერთია, რას გულისხმობს მარგველაშვილი და მეორეა, რას გულისხმობს საზოგადოება, რომელიც კოაბიტაციის დასრულებას უკავშირებს არა კანონპროექტზე ვეტოს დადებას, არამედ იმას, რომ დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა და ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულობის გამოძიება და მათი დასჯა. თუმცა დასავლეთის მხრიდან კოაბიტაციის პროცესი სწორედ იმას ნიშნავს, რომ ნაციონალები არ იქნან რეპრესირებულნი და შეჩერდეს რეპრესიები. ისინი თვლიან, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. სწორედ ეს სხვაობაა მარგველაშვილის, საზოგადოებისა და დასავლეთის მოთხოვნებს შორის კოაბიტაციასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს პროცესი ვერ იქნება მიბმული საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან უფრო დიდი იქნება მოსახლეობის მოთხოვნილება, რომ მოხდეს პრეზიდენტობის გარეშე დარჩენილი სააკაშვილის დაპატიმრება ან გასამართლება. საზოგადოება დღეს მაინც ანგარიშს უწევს იმ ფაქტს, რომ სააკაშვილი პრეზიდენტია,“-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სიტუაცია ვერ დალაგდება და დასავლეთი, მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება საპარლამენტო არჩევნები, მაინც დასვამს ახალი ხელისუფლების წინაშე საკითხს, რომ კოაბიტაციის პროცესი გაგრძელდეს. ამიტომ კოაბიტაციის მეორე ტალღა ისევ გველის.

ამდენად, ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ახალი ხელისუფლების ინტერესში არ უნდა შედიოდეს ნაციონალური მოძრაობის მეორე ადგილზე გაყვანა, რითაც კოაბიტაციის პროცესი ბუნებრივად გაგრძელდება და გაცილებით მეტი პრობლემები ექნება  ხელისუფლებას. თუმცა პოლიტოლოგი შეახსენებს საზოგადოებას, რომ რატომღაც გვავიწყდება ნაციონალური მოძრაობის შესაძლებლობები, რომელთაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ ძალიან ძლიერი ორგანიზაციული სტრუქტურა ჰქონდათ. კერძოდ, ნაციონალებს ადამიანთა ძალიან დიდი რაოდენობა ჰყავდათ გამოჭერილი, შებოჭილი ჩანაწერებით, დაშინებებით და სხვა. ამდენად, ეს ხალხი ისევ მათი მხარდამჭერი იქნება, თუმცა ხმამაღლა ამაზე არავინ ილაპარაკებს.

სწორედ ამიტომ ამ არჩევნებზეც დაახლოებით ისეთივე სიტუაცია იქნება, როგორიც იყო 1990 წლის არჩევნების დროს, როდესაც არავის ეგონა, რომ კომუნისტები იმდენ ხმას მიიღებდნენ, რამდენიც მიიღეს. ამიტომ ვახტანგ ძაბირაძეს არ გაუკვირდება, თუ ნაციონალები დაახლოებით 200 ათასი ხმას მიიღებენ.

ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ, თუ დავით ბაქრაძეს საარჩევნო შედეგებში დაუფიქსირდება მეორე ადგილი, ეს იქნება კოაბიტაციის მორიგი ტალღის დასაწყისი. ამ შემთხვევაში, პროცენტებს დიდი დატვირთვა არ აქვს და, გიორგი მარგველაშვილმა 51 %-იც რომ მიიღოს, ხოლო ბაქრაძემ - 3 % და მაინც მეორე ადგილზე გავიდეს, ნაცმოძრაობა აღნიშნული შემაჯამებელი ოქმით მთელ მსოფლიოს მოირბენს და იტყვის, რომ თურმე მეორე პოპულარული ძალაა საქართველოში და მას ანგარიში უნდა გაუწიოს მსოფლიო თანამეგობრობამ.

გარდა ამისა,  კახა კახიშვილის აზრით, თვითონ მეორე ძალის კლასიფიკაციას დიდი დატვირთვა აქვს საერთაშორისო შეხვედრების, მოლაპარაკებების დროს, სადაც, როგორც წესი, რიგით მეორე ოპოზიციური ძალა იღებს მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, თუ ამ არჩევნებში რეალურად მათ დაუფიქსირდებათ მეორე ადგილი, კოაბიტაციის მოთხოვნა გაორმაგდება.

„ეჭვი მაქვს, რომ ეს მოთხოვნა მიღებული იქნება ისე, როგორც კოაბიტაციის პირველი ტალღა იქნა მიღებული ჩვენი უმრავლესობის მხრიდან. ამიტომ იმის ილუზია, რომ, თუ ბაქრაძე მეორე ადგილზე გავა, კოაბიტაციის ტალღა დასრულდება, მე არ მაქვს, რადგან  ჩვენი უმრავლესობა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნას ვერ გაუძლებს. წესით, პირველი კოაბიტაციის ტალღაც არ უნდა მოსწონებოდა „ქართულ ოცნებას“, მაგრამ, თუ პირველი კოაბიტაცია მოეწონათ, ალბათ, მეორეც მოეწონებათ. ხოლო, თუ ნაცმოძრაობა ვერ დააფიქსირებს ამ არჩევნებზე მეორე ადგილს, მაშინ გაცილებით სხვა პოლიტიკური გარემო იქნება და ნაცმოძრაობასთან ასეთი კოაბიტაცია აღარ იქნება“,_აღნიშნა კახა კახიშვილმა და უარეს შემთხვევაში, ხალხის მასობრივი პროტესტი ივარაუდა, რასაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა და დასავლეთისგან მოთხოვნილი სამართლიანობის აღდგენის გაორმაგებული დაბრკოლება გამძაფრებს.

ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლა კი ექსპერტისთვის ნიშნავს, რომ ძალიან მალე ნაცმოძრაობა გაძლიერებულად დახვდება თვითმმართველობის არჩევნებს, ჩამოირეცხავს ცხრაწლიან დანაშაულებს და მმართველ ძალაში მათი დაბრუნების მაღალი შანსი იქნება -ჯერ მინისტრის მოადგილეების დონეზე, შემდეგ ამას მოჰყვება ხელისუფლების უზურპაცია, რაც მათ კარგად იციან და, რაც 2003-შიც განახორციელეს  ვარდების რევოლუციის შედეგად.

„არჩევნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციები იტყვიან, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდა და ამ თავისუფალი არჩევნების ფონზე თუ რაღაც მანიპულაციებით ბაქრაძეს მეორე ადგილი დაუფიქსირდა, მოგვთხოვენ, ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობა თქვენი ვალდებულებაა და უნდა ითანამშრომლოთ ამ პოპულარულ პარტიასთან. დასავლეთის ინტერესებში არ შედის ნაციონალების დანაშაულის გამოძიება, რომელიც „დემოკრატიის შუქურა“ იყო და მათი ანალოგი არ ყოფილა პოსტსაბჭოთა სივრცეში,“_აცხადებს კახა კახიშვილი.        

ექსპერტი ვანო მაჭავარიანი თვლის, რომ კოაბიტაციის ცნების შესახებ ძალიან არაზუსტი და გამიზნულად არასწორი განმარტებები ვრცელდება, რადგან რეალურად კოაბიტაცია მაშინ არის, როდესაც პრემიერი ერთი პარტიიდან გვევლინება, ხოლო  პრეზიდენტი -მეორე პარტიიდან და ეს არის საფრანგეთის თუ აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილება. ამ შემთხვევაში, ორივე მხარე თანხმდება, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იყოფენ ვალდებულებებს და პრეზიდენტი ასრულებს ფუნქციას საგარეო პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების თემებში. შესაბამისად, მარგველაშვილის განცხადება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის წასვლასთან ერთად სრულდება კოაბიტაცია, ვანო მაჭავარიანის აზრით, მართებულია.

„ის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის საპარლამენტო უმცირესობა და ამ პოზიციებს იგი 27 ოქტომბრის შემდეგაც შეინარჩუნებს, ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. ეს არის საპარლამენტო სისტემა და ამას საერთო არაფერი აქვს კოაბიტაციასთან. ეს თემა, ჩემი აზრით, ხელოვნურად გაზვიადებულია და კონკრეტულ მიზნებს ემსახურება, რომ უფრო მეტი სიმძაფრე შეიტანოს პოლიტიკურ პროცესებში. ახლა ამბობენ, დასავლეთმა თავს მოგვახვია კოაბიტაციაო. სინამდვილეში, დასავლეთი ჩვენ არაფერს გვთხოვს, ის გვთავაზობს კონკრეტულ გზას, აღმოსავლეთ ევროპასთან ასოცირების წევრობას, გვახსენებს ჩვენს ვალდებულებებს ევროსაბჭოსთან მიმართებით, ასევე, ვალდებულებებს დემოკრატიის კუთხით, ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით. ეს ვალდებულებები თვითონ ქართულმა სახელმწიფომ აიღო დასავლური სამყაროს ნაწილად გახდომის მიზნით,“- აღნიშნა ვანო მაჭავარიანმა.

ამდენად, მისი აზრით, არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში, დასავლეთი ახალ კოაბიტაციას მოგთხოვს.