ბათუმის ცალკეული მსუბუქი ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისიის შესრულება დაიწყეს (ვიდეო)

ბათუმის ცალკეული მსუბუქი ბატალიონის სამხედროებმა ISAF-ის მისიის შესრულება დაიწყეს (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების ბათუმის ცალკეულმა მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში სამოქმედო არეალი უკვე სრულად გადაიბარა. ბათუმის ბატალიონის მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონში ამბოხებულთა ძალების გაუვნებელყოფა, ადგილობრივი მთავრობისა და ეროვნული უსაფრთხოების ძალების განვითარების მხარდაჭერა, უსაფრთხოების ზონების კონტროლი და აშშ-ს საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობა იქნება. ჰელმანდის პროვინციაში ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებენ.

ბათუმის ბატალიონმა როტაციის წესით IV-ე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონი ჩაანაცვლა. ოფიციალური გადაბარების ცერემონიალი ბაზა „ერედვზე“ გაიმართა. ღონისძიებას ქართული კონტინგენტის მეთაურობასთან ერთად „რეგიონალური სარდლობა სამხრეთ-დასავლეთის“ წარმომადგენლებიც დაესწრნენ. გადაბარების ცერემონიალზე სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელობამ IV-ე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის მიერ გაწეული სამსახური წარმატებულად შეაფასა. ოფიციალური მონაცემებით, 42-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალში ჩატარებული სხვადასხვა სამხედრო და ჰუმანიტარული ღონისძიებების შედეგად საგრძნობლად შეზღუდა მოწინააღმდეგის მოქმედებები, გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება, გაზარდა მათი ნდობის ხარისხი, როგორც კოალიციური ძალების, ასევე ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისა და ადგილობრივი მთავრობისადმი.

ნატო-ს ეგიდით წარმოებულ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ბათუმის ბატალიონმა ექვსთვიანი ინტენსიური მომზადების კურსი გაიარა. ოპერაციების წარმოებისათვის ქართველმა ჯარისკაცებმა ტაქტიკური მომზადება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითების სასწავლო და საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობით ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ გაიარეს. ქვედანაყოფი ამბოხებულთა წინააღმდეგ სრული სპექტრის ოპერაციების ჩასატარებლად მომზადდა: მათ დაცვის, ჩხრეკის, წმენდისა და კორდონის, ასევე კონვოის ოპერაციები, დაშავებულთა ევაკუაციის პროცედურები და მოსახლეობასთან და ლიდერებთან ურთიერთობები შეისწავლეს. ბატალიონის პირადი შემადგენლობა გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსშიც იმყოფებოდა, სადაც სამხედრო წვრთნებს აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) გადიოდა. ჯარისკაცების მომზადების დონე და მათი მზადყოფნა კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად დადებითად შეაფასეს როგორც ცენტრის ექსპერტებმა, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფმა.