„თუ დავით ბაქრაძეს მეორე ადგილზე გაიყვანენ, ეს იმას ჰგავს, ლენინი რომ “ცოცხალია” და დევს მავზოლეუმში“

„თუ დავით ბაქრაძეს მეორე ადგილზე გაიყვანენ, ეს იმას ჰგავს, ლენინი რომ “ცოცხალია” და დევს მავზოლეუმში“

ბოლო დროს ხშირად ვისმენთ შეფასებებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი წინასწარ გადაწყვეტილია და გიორგი მარგველაშვილის შემდეგ მეორე ადგილზე დავით ბაქრაძეს გაიყვანენ. თუმცა, საინტერესოა, რას ეფუძნება ვარაუდი დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანასთან დაკავშირებით და არჩევნების დროს რა სქემა შეიძლება აამოქმედოს როგორც „ქართულმა ოცნებამ“, ისე ნაციონალურმა მოძრაობამ?!

თუ ამ ლოგიკას მივყვებით, მაშინ დავით ბაქრაძის, როგორც სავარაუდო სასურველი კანდიდატის, გაყვანის ორი გზა არსებობს: არჩევნები ან უნდა გაყალბდეს, ან ქართველი ხალხი მასობრივმა გულმავიწყობამ უნდა მოიცვას, რომ ასე მოკლე პერიოდში დაავიწყდეს ნაციონალებისგან მიყენებული ზიანი და მეორე ადგილი განუსაზღვროს დავით ბაქრაძეს. ასეთი შედეგი კი 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების სრული ანტიპოდი იქნება.

რას ნიშნავს ეს ფორმულირება - „გაიყვანენ ბაქრაძეს“ და შესაძლებელია თუ არა რომელიმე ამ სქემის ამოქმედება?! ამის შესახებ საარჩევნო ტექნოლოგიების სპეციალისტები და ექსპერტები გვესაუბრებიან.

ექსპერტი ნანა დევდარიანი აცხადებს, რომ, როგორც წესი, გაყალბება ყოველთვის ხდება საარჩევნო უბანზე და არა სადმე სხვაგან- საოლქოში ან ცენტრალურ სააrჩევნო კომისიაში. ის ფაქტი, რომ საუბნო კომისიებში წევრები ჰყავთ მარტო „ოცნებას“ და „ნაციონალებს“, ნანა დევდარიანს დაეჭვების საბაბს უმძაფრებს, მით უფრო, რომ მათ შორის გარიგებების შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმით ვრცელდება. ამდენად, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ საუბნო კომისიებშიც შეიძლება მოხდეს ეს გარიგება და შესაძლოა, ერთმანეთს დაუდასტურონ ადგილები „ნაციონალებმა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა. კერძოდ, „ნაციონალებმა“ „ოცნებას“ დაუდასტურონ პირველი ადგილი და „ქართულმა ოცნებამ“-“ნაციონალებს“ მეორე ადგილი.

„ყოველ შემთხვევაში, ეს რომ უნდათ, არც დაუმალავთ. „რესპუბლიკელები“ კარგა ხანია, ამბობენ, რომ მეორე ადგილზე ურჩევნიათ ბაქრაძე და არა- ბურჯანაძე; მაგრამ  საბოლოოდ ყველაფერს წყვეტს ხალხის ხმები. ბოლოს და ბოლოს, ყველა ხმას ვერ გააყალბებენ. არა მგონია, მასშტაბური გაყალბების საშუალება მისცენ მათ ბურჯანაძის წარმომადგენლებმა, ან რიგითმა ამომრჩევლებმა. ასე რომ, ეს არ ნიშნავს, რომ დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანა აუცილებლად მოხდება, თუმცა მცდელობას რომ არ აკლებენ, ამის შესახებ ვფლობთ ინფორმაციას,“- განაცხადა ნანა დევდარიანმა.

მისივე თქმით, თუ რომელიმე ამომრჩეველი „ოცნებით“ უკმაყოფილოა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბაქრაძეს მისცემენ ხმას. უფრო მეტიც, არავის არაფერი დავიწყებია და ჯერ კიდევ ცოტა დროა გასული ნაციონალების ძალმომრეობიდან. გარდა ამისა, ექსპერტი ფიქრობს, რომ კიდევ უფრო მეტი მუხტი და გაბრაზება იგრძნობა ხალხში, რადგან ახალმა ძალამაც ვერ მოახერხა, ადგილი მიეჩინა ნაციონალებისთვის. ამდენად, თუ „ოცნება“ ხმებს კარგავს, იმ ხმებს ბაქრაძე ვერ მიიღებს და  ნანა დევდარიანის ვარაუდით ეს ხმები წავა ბურჯანაძესთან.

„ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანას შეიძლება ეცადონ, მაგრამ ეს გარდაუვალი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, სრული უნიათობის ფონზე ბურჯანაძის რეიტინგი სულ უფრო მატულობს“,-აღნიშნა ნანა დევდარიანმა.

„დემოკრატიული მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ბაკურ ბაკურაძე მიიჩნევს, რომ  დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანა ნიშნავს, რომ ჩვენ ისევე დარჩენილები ვყოფილვართ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში და ზუსტად იმავე მეთოდებით გრძელდება არჩევნების ჩატარება, რისი დაშვებაც არ გვინდოდა 1-ლი ოქტომბრის შემდეგ.

 

მისივე განმარტებით, დღეს კლასიკური ორხელისუფლებიანობაა და ნაცმოძრაობაც  ხელისუფლებაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაციონალები თავის აპრობირებულ მეთოდს გამოიყენებენ. უფრო მეტიც, ბაკურ ბაკურაძე აცხადებს, რომ 1-ლი ოქტომბრის შემდეგ რეჟიმი გატყდა და ხალხი დატერორებული აღარ არის, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა არ ჩამოშორებია ხელისუფლებას. მათ ხელშია პრეზიდენტის ინსტიტუტი, ადგილობრივი თვითმმართველობები, სასამართლო და, ფაქტობრივად, ცენტრალური საარჩევნო კომისია. თუმცა ბაკურ ბაკურაძე იმედოვნებს, რომ ცესკოს ახალი თავმჯდომარე -თამარ ჟვანია არ დაუშვებს არჩევნების გაყალბებას.

 

„დაკომპლექტების ის წესი, სადაც მხოლოდ ორი პარტიაა წარმოდგენილი, გარკვეულ საშუალებებს იძლევა იმისთვის, რომ მოხდეს ან გარიგება, ან შეთანხმება. ნინო ბურჯანაძე ერთი წამითაც არ უშვებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან გამყალბებლად წავა, ამაში ეჭვი არ შეგვაქვს, თუმცა ძალიან სერიოზული მდგომარეობაა ადგილებზე, სადაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ კომისიებში პირდაპირ გარიგებებაში არიან შესულნი. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ მიაწვდინა ხმა ივანიშვილს. რაც შეეხება გაიყვანენ თუ არა დავით ბაქრაძეს მეორე ადგილზე, ეს იმას ჰგავს, ლენინი რომ ცოცხალია და დევს მავზოლეუმში. თუ აღმოჩნდება, რომ ბაქრაძემ და „ნაცმოძრაობამ“ ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე აჩვენეს მინიმუმ 10 %-ზე მეტი, რა თქმა უნდა, გაყალბება მომხდარა, რადგან 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, 80%-მა უარი უთხრა ნაციონალებს და დღეს გამორიცხულია, საქართველოს მოსახლეობის 10 % ბაქრაძეს ხმას აძლევდეს,“-აღნიშნა ბაკურ ბაკურაძემ.

 

ამასთან, დასძინა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ ხშირად უნიათო აღმოჩნდა და ვერ გაუმკლავდა პრობლემებს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ მათი დაწეული რეიტინგი გადავიდეს დავით ბაქრაძესთან. უბრალოდ, ბაქრაძის სახით გვყავს აბსოლუტურად უსახური კანდიდატი, ხოლო ხალხის გაღიზიანების გამომწვევი, რევანშისტული  ნაციონალური მოძრაობა სწორედ „ქართული ოცნების“ უნიათობის გამო „ირეცხება“ და პრეტენზიებს აცხადებს ხელისუფლებაში მობრუნებაზე.

ამდენად, ბაკურაძის თქმით, ნაციონალები შეეცდებიან, ერთადერთ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირდნენ და, ამ შემთხვევაში, გაუგებარია, რას მოიმოქმედებს საქართველოს მოსახლეობა.

 

„რეგიონებში მიმდინარეობს შეთანხმება „ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის, რომ მათ მეორე ადგილზე აწყობდეთ დავით ბაქრაძე, რათა ბურჯანაძემ არ გაიმარჯვოს. თუმცა ამის მიუხედავად, ბურჯანაძესთან შეხვედრები აჩვენებს, რომ ის ერთპიროვნული ლიდერია ამ არჩევნებში და პირველ თუ არა, მეორე ტურში აუცილებლად გახდება საქართველოს პრეზიდენტი“,-გვითხრა ბაკურ ბაკურაძემ.

ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნების ბედი მაინც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად აქტიური იქნება საზოგადოება. მით უფრო, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები დგინდება მისული ამომრჩეველთა რაოდენობიდან. თუ ამომრჩეველი არ იქნა აქტიური და არჩევნებზე მხოლოდ „ოცნების“, „ნაცმოძრაობის“, ნინო ბურჯანაძისა და სხვა არასაპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკურად მოტივირებული ამომრჩევლები მივიდნენ, ხოლო ხალხი მასობრივად შინ დარჩა, შესაძლებელია, ამ ფონზე დავით ბაქრაძემ მეორე ადგილი დაიფიქსიროს; მაგრამ, თუ ხალხი აქტიური იქნება, ყველა მივა საარჩევნო უბანზე და დააფიქსირებს საკუთარ ხმას, ამავდროულად, დამკვირვებლები, განსაკუთრებით, რეგიონებში, ფხიზლად იქნებიან ხმების დათვლის დროს საუბნო საარჩევნო კომისიაში, მაშინ ვერაფერს გააკეთებს ნაცმოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების დიდი სპეციალისტები ჰყავს გუნდში.

„თუ ისეთივე აქტიურები ვიყავით, როგორც 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, ნაცმოძრაობა ვერანაირად ვერ გავა მეორე ადგილზე, არადა, ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ და მობილიზებულნი არიან ამ არჩევნებზე,“-აღნიშნა კახა კახიშვილმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე არჩევნების გაყალბების სქემებზე ვერ საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ მარტო ამ არჩევნებზე ახალგაზრდა იურისტებს საკმარისი დამკვირვებელი ჰყავთ და, სავარაუდოდ, ეს არჩევნები გაყალებებით არ უნდა ჩატარდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასამთავრობოები გააკონტროლებენ სიტუაციას. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გია ზესაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე მანიპულირება და ვინმეს გაყვანა ძალიან ძნელია და ეს სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს. ეს მარტო ამ არჩევნებს არ ეხება და ისეთ კარგად ორგანიზებულ ძალას, როგორიც ნაცმოძრაობა იყო, მათაც უჭირდათ ამის გაკეთება, თუმცა გაცილებით მეტი ბერკეტი ჰქონდათ, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებას აქვს, რომ ვიღაც ხელოვნურად გაეყვანათ.

„მითი იმისა, რომ ვიღაცას სხვისი გაყვანის თავი აქვს, საეჭვოა. დღევანდელ ხელისუფლებას აბსოლუტურად არ სჭირდება ასეთი ძალისხმევა. ამიტომ, ვინც გავა მეორე ადგილზე, ის, ალბათ, დამსახურებულად გავა. მართალია, „ნაცმოძრაობა“ საკმაოდ ორგანიზებულია და ბევრი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ არა მგონია, დღევანდელ ხელისუფლებას აწყობდეს, ჩირქი მოეცხოს ამ არჩევნებს. კატეგორიულად ვერ ვიტყვი, რომ ნამდვილად ნაცმოძრაობის კანდიდატი გავა მეორე ადგილზე, თუმცა მას ამის დიდი შანსი აქვს“.  

ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეს- ლევან თარხნიშვილს არაკორექტულად მიაჩნია გამონათქვამი, თითქოს ამ არჩევნებში ნაცმოძრაობას მეორე ადგილზე გაიყვანენ. იგი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციის მონაცემებით დასტურდება, რომ, დიდი ალბათობით, ამ არჩევნებში მეორე ტური დაინიშნება.

„საუბარი იმაზე, რომ არჩევნების შედეგი წინასწარ უკვე გარკვეულია და ვიღაცა გამარჯვებულია, ცოტა ზედმეტად მეჩვენება. საეჭვოა, ახალმა ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ მეორე ტური არ ჩატარდეს და პირველსავე ტურით გაიმარჯვოს ხელისუფლების კანდიდატურამ. მაშინ ხელისუფლება უბრალოდ უნდა წავიდეს გაყალბებაზე, ბიულეტენების ჩაყრაზე და ეს არ დარჩება ყურადღების გარეშე როგორც საზოგადოების, ისე საერთაშორისო მეგობრებისა და დამკვირვებლების მხრიდან,“- აცხადებს ლევან თარხნიშვილი.  

მისთვის, ასევე, გაურკვეველია, „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის რომელ გარიგებაზეა საუბარი, როცა ყოველგვარი ლოგიკის გარეშე, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი საპატიმროშია და მათ აქტვისტებს მუდმივად დაატარებენ დაკითხვებზე.

„დღევანდელი კვლევები აჩვენებს, რომ დიდი ალბათობით, მოსალოდნელია მეორე ტური და, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ძირითადი ოპოზიციური პარტია“,-გვითხრა ლევან ლევან თარხნიშვილმა.