გიორგი ცაგარეიშვილი: „მსურს, მეორე ადგილზე ნინო ბურჯანაძე გავიდეს“

გიორგი ცაგარეიშვილი: „მსურს, მეორე ადგილზე ნინო ბურჯანაძე გავიდეს“

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი ელის, რომ 27 ოქტომბერს კოაბიტაციის პროცესი დასრულდება, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდება, ქვეყანაში ვითარება დასტაბილურდება და  საზოგადოებასაც ფსიხოზი და ნერვოზი გაუქარწყლდება.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, დეპუტატი „მიშასეული კივილ-წივილის“ გაგრძელდებასაც ელის და ამბობს, რომ „ნაცმოძრაობა“ „ვერ გათეთრდების“, რადგან ეს ძალა დაფუძნებულია - შანტაჟზე, შიშის დანეგვრაზე, ადამიანების დაჩაგვრაზე და ოპონენტთა შევიწროებაზე.  

ამას გარდა, კანონმდებელი სამართლიანობის პროცესის ბოლომდე მიყვანასაც ელის და ოპონენტებს საყვედურობს  - თუ რატომ ვერ ხედავენ ამ პროცესის მსვლელობას.

ვინ ოცნებობს კოალიციაში „ნაცმოძრაობის“ გადარჩენაზე? რატომ არიან ნაციონალები ავაზაკები? - ამას for.ge-ს ინტერვიუდან შეიტყობთ, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან ჩავწერეთ:

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ პოლიტიკურ ბრძოლას იწყებს.  როგორ ფიქრობთ, მათ მცდელობას, რა შედეგი მოჰყვება?

- ეს თავყრილობა არანაირი სიახლის მომტანი არ ყოფილა. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო იმ 68 ადამიანით დაკომპლექტდა, რომლებიც წლების განმავლობაში, პირდაპირი გაგებით, ადამიანებს სულს ხდიდნენ. ამ ადამიანების გამოსწორების არანაირი შანსი არ არსებობს. არ ვფიქრობ, რომ მათ რაიმე ეშველებათ. ამ 68 ადამიანიდან რომელიმეს, ნამუსი ქეჯნის?  ჩადენილი დანაშაულების გამო, ვინმემ ბოდიში მოიხადა? ვინმეს მონანიების თაობაზე სიტყვა წამოცდა? ფაქტია, რომ ეს ადამიანები, ერთმანეთისგან შეცდომასა და დანაშაულს ვერ განასხვავებენ. როცა მამაკაცებს ცოცხებით აუპატიურებ, გირგვლიანის ოჯახს ხოცავ, რობაქიძის ოჯახს აუბედურებ, კორუფციაში ხარ ჩაფლული და სახელმწიფო ბიუჯეტს ხრავ, ბატონებო, ეს შეცდომები არ არის, არამედ ამ შემთხვევაში, ზნედაცემული ადამიანები ბრძანდებით! „ვერ გათეთრების“ „ნაციონალური მოძრაობა“, რადგან ეს ძალა დაფუძნებულია - შანტაჟზე, შიშის დანეგვრაზე, ადამიანების დაჩაგვრაზე და ოპონენტთა შევიწროებაზე.   ეს მათი არჩევანი იყო და სხვა რამ არ უკეთებიათ. ნაციონალების აღზევების და  ფერფლიდან გარდასახვის არ მჯერა, რადგან პარტიის თავმჯდომარე ისევ მიხეილ სააკაშვილია, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე და გენერალური მდივანი - ვანო მერაბიშვილი. პარტიულ ყრილობაზე განაცხადეს, რომ ხელისუფლებაში დავბრუნდებითო და ადამიანებს სამსახურებიდან არ გავუშვებთო, მაგრამ, ბატონებო,  სად მოდიხართ, ან ვის უნდიხართ?

ამ ყრილობას ლაიტმოტივად თან სდევდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშს არ აპირებს. მათ სიტყვას საზოგადოება ისევ ირწმუნებს?

- ეს ყველაფერი სიყალბეა. თუ ნაციონალებს მსოფლიოსთვის „ქართული ოცნების“ რევანშისტურ ძალად წარმოჩენა სურთ, მათ ეს არ გამოუვათ, მაგრამ ათი თვეა, ისინი ამ მეცადინეობაში არიან. ყოფილ ხელისუფლებას ჩვენი წარმოჩენა სურს, როგორც შურის მაძიებელთა დაჯგუფების, რომელიც ადამიანებს ავიწროებს, მაგრამ იმ დანაშაულთა სერია არ უნდა გაგვემჟღავნებინა, რაც ქვეყანაში ხდებოდა? ამისთვის ადამიანები პასუხისგებაში არ უნდა მიგვეცა? როცა მამაკაცს აუპატირებ, ამისთვის პასუხისგება არ გინდა?

ყოფილი ჩინოვნიკების პასუხისგებაზე აპელირებთ, თუმცა, ადამიანთა წამებისა  და თუნდაც გაუპატიურების ბრალდებით, მაღალი ეშალონებიდან ვინ აგო პასუხი?

- უამრავი დანაშაულებრივი სქემაა გახნილი დაწყებული მოსმენებით, დამთავრებული საშინელი წამებით. მაღალი ეშალონებიდან ორი მინისტრია დაკავებული. მათ შორის, ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაია არის დაკავებული. ხოლო, ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და ჩემი აზრით, მას ყველაფერი წინ აქვს. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს საქმეები მხოლოდ დასაწყისია. ამას გარდა, თბილისის მერი პასუხისგებაშია მიცემული, იუსტიციის ყოფილი მინისტრი გაქცეულია და თუ რომელ სარდაფში იმალება, ეს კაცმა არ იცის.

იმ იუსტიციის მინისტრზე საუბრობთ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აქებს?  

- მათ გარდა, ქვეყნიდან ათასი რჯულის ნაძირალაა გაქცეული. მეგის ქარდავათი დაწყებული, სოსო თოფურიძით დამთავრებული, რომელიც აია სოფიაში დადის. ასევე მიმალვაშია დათა ახალაია და 220 ადამიანი პოლიტპატიმრად იქნა აღიარებული, ხოლო 12 ათასი პატიმარი სააკაშვილისა და ადეიშვილის ჯურღმულებიდან იქნა  გამოშვებული. თუ ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა, მაშინ რა იგულისხმება სამართლიანობის აღდგენაში? ერთხელ ვთქვი, რომ რა ვქნათ, ნაციონალებს ბოძებზე ვერ დავკიდებთ-თქო და ჩემთვის ფრიად დასაფასებელმა ადამიანებმა ნიშნის მოგებით ჩემი კრიტიკა დაიწყეს, მაგრამ ბატონებო, ჩემგან ჯალათი არ გამოვა, რადგან ჩემმა მშობლებმა არ მასწავლეს, რომ ადამიანი უნდა ვაწამო. სერგო თეთრაძე ვინც აწამა, მათ დავემსგავსო?! ადამიანები ფეხებით ჩამოვკიდო, ამას როგორც მერაბიშვილ-ადეიშვილი აკეთებდნენ?!

ერთია, თუ რაზე აპელირებს „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ მეორეა, საზოგადოების ნაწილის განწყობა, რომელთაც სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაჭიანურება აღიზიანებთ. არ ფიქრობთ, რომ ეს პროცესი ურმით მიდის?   

- თუ ჩვენ სამართლებლივ ქვეყნად გადაქცევა გვსურს, მაშინ ეს საქმეები სასამართლომ უნდა განიხილოს, სადაც უმძიმესი რეფორმა მიმდინარეობს. თუ მართლა გვინდა, რომ სამართლიანობა აღდგეს, მაშინ ყველაფერი სამართლის ძალით უნდა განვსაჯოთ და არა ტერორის. ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტი ამბობს, რომ სამართლიანობის აღდგენა მოიკოჭლებს, მაგრამ რას ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა? ეს შეიძლება, უსამართლობის დამყარებით აღდგეს?! შეიძლება, სამართლიანობა ინკვიზიციურ მართლმსაჯულებაზე დაფუძნებით აღდგეს?! ან შეიძლება ისე აღდგეს, როგორც ამას ნაციონალები აკეთებდნენ, როცა ადამიანებს საცვლების ამარა არბენინებდნენ და ეს არის სამართლიანობის აღდგენა ქართული ტრადიციებით?! ბატონებო, ასეთ ქვეყანას  ვებრძოდი და იგივე როგორ აღვასრულო, რას მთხოვთ?!

რამდენიმე მაფიოზური სქემა გაიხსნა... შემიძლია წინმსწრებლად გითხრათ, რომ სამ-ოთხი სკანდალური და ჩახლართული საქმე გაიხსნება, რომელთა გამოძიება მიმდინარეობს. მართალი გითხრათ, უცხოეთიდან უზარმაზარი ზეწოლა მოდის და საქმიანობა ურთულეს პროცესში გვიწევს, რადგან ეს ადამიანები, პოლიტიკურ ლობიზმში ასობით მილიონ დოლარს ხარჯავდნენ და ახლა, მათთვის იქ გაცემულ თანხებს შედეგები მოაქვს. ნაციონალებს ევროპარლამენტში თავგადამკვდარი მხარდამჭერები ჰყავთ და ეს დავმალოთ? უცხოელებთან უმძიმესი ბრძოლა მიმდინარეობს, რომ მათ გავაგებინოთ, რომ არ ვართ ინკვიზიტორები და მხოლოდ სამართლიანობის აღდგენა გვსურს.  ხელისუფლების პასუხისმგებლობა უზარმაზარია, მითუმეტეს - ვილნიუსის სამიტის წინ, რადგან ფეხი რომ გადაგვიტრიალდეს, როგორც ეს 2008 წელს მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა, ხალხი რას გვეტყვის? -  მოგვეფერება?!

არ ვამბობ, რომ უნდა ჩავიმუხლოთ და სამართლიანობა აღარ აღვადგინოთ. რა თქმა უნდა, სამართლიანობა უნდა აღდგეს. მართალია, ეს პროცესი დროში გაწერილი იქნება, მაგრამ აუცილებლად დასრულებადი. უამრავი წინააღმდეგობა იქნება, მაგრამ ეს პროცესი დასრულდება. საზოგადოებისთვის იმის ახსნას ვცდილობ, თუ რას ნიშნავს სამართლიანობის აღდგენა ივანიშვილის გადმოსახედიდან და შემდეგ, ბურჯანაძის პოზიციიდან.

პარტნიორი ქვეყნების მხრიდან წარმოებულ ზეწოლაზე საუბრობთ, რომელთა დაკვეთითაც კოაბიტაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, არ ფიქრობთ, რომ ამ პროცესის შედეგია სწორედ ის, რომ ნაციონალები დანაშაულებრივ ქმედებებს შეცდომებად ასაღებენ და  ისინი უამრავი გაუბედურებული ადამიანის გამო, სინანულს არ გამოთქვამენ?

- ამ პროცესმა, შეიძლება, ვიღაცა გააყეყეჩა. უფრო მეტიც, ზოგიერთი მათგანი  აგრესიულადაც გვესაუბრება. ამ ადამიანებს არაფერი ეშველება და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართაც ვამბობ - ბატონებო და ქალბატონებო, თუ ვინმეს იმედი გქონდათ, რომ ამ ადამიანებისგან რაიმე გამოვიდოდა, ცდებით, რადგან   ესენი პირუტყვებად იყვნენ გადაქცეულები და მაჭავარიან-კუბლაშვილ- გოგორიშვილისგან არაფერი გამოგივათ!  მათ გამოსწორებაზე ტყუილად ზრუნავთ!  

ხელისუფლებას იმის აღიარება არ სურს, რომ ნაციონალების „გაყეყეჩებაში“ გარკვეული როლი მიუძღვის, თუმცა, რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ  „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ რიტორიკაში შემტევი რიხი „ქართული ოცნების“ პასიურობის შედეგია. . .

- ჩვენი ექსერტების შეფასება თუ რად ღირს, ეს ბატონმა ბიძინამ დაგანახათ. ბატონ რამაზს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ საწუხაროდ, ექსპერტები ხშირად ცდებიან.  ნაციონალებს ჰგონიათ, რაც უფრო მეტს იყვირებენ, პასუხს მით უფრო ნაკლებად აგებენ, მაგრამ ცდებიან. ისინი ჩაგრულის იმიჯის შექმნას და თავიანთი სპონსორებისა და დონორების მხრიდან ყურადღების მიქცევას ცდილობენ. მართალი გითხრათ, მათ ეს რიხი არასოდეს დაკლებიათ. არჩევნები წაგებული ჰქონდათ, როცა სააკაშვილი თაქთაქიშვილის პირით ამბობდა, რომ არჩევნები მოვიგეთო. მათი რიხი ჩვენი ბრალი არ არის, პირიქით, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. რიხიანობა მათი გამოუვალი მდგომარეობის შედეგია. თუმცა, ვანო მერაბიშვილი ნელსონ მანდელად,  რაც არ უნდა წარმოაჩინონ, ვერ წარმოჩინდება.

„ნაცმოძრაობას“ კიცხავთ, მაგრამ თქვენი ოპონენტი ნინო ბურჯანაძე „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ გარიგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ გარიგების საფუძველია - რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ბურჯანაძის გაპრეზიდენტება არ დაუშვან. . .

- ეს ძალიან დიდი სიცრუეა და საკითხისადმი პრიმიტიული დამოკიდებლებაა. მაინტერესებს, მათ რის ფასად, უნდა გავურიგდეთ? რის გამო? კოალიციაში არიან ადამიანები, რომლებიც იმაზე ოცნებობენ, რომ „ნაცმოძრაობა“ გადარჩეს, მაგრამ ეს ჩემი ქართული ოცნება არ ყოფილა.  ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, სადაც ავაზაკები არიან თავმოყრილნი. ამ ადამიანებმა, დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხი  სრული სიმკაცრით უნდა აგონ.  „ნაციონალების“ ადვოკატი  ვერ გავხდები.

კოალიციაში „ნაცმოძრაობის“ გადარჩენაზე ვინ ოცნებობს?

- სამართლიანობის აღდგებაზე ვსაუბრობთ. კერძოდ, იმაზე, რომ პარლამენტში ოპოზიცია უნდა არსებობდეს. მართალი გითხრათ, ის ჩემი სადარდებელი არ არის. არ მაინტერესებს, პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ადამიანები გადარჩებიან თუ არა. ეს მათი პრობლემაა. ზოგადად, ცუდია, როცა ხელისუფლებას პასუხის გამცემი არ ჰყავს, როგორც ეს „ნაცების“ შემთხვევაში იყო, მაგრამ ამ ადამიანებს კისერიც მოუტეხიათ. ძალიან მაინტერესებს, რომელ ადგილზეა საუბარი? პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებ და გეუბნებით, რომ მსურს - ნინო ბურჯანაძე მეორე ადგილზე გავიდეს. ორი ხმა რომ მქონდეს, ერთს ბურჯანაძეს მივცემდი. ვინც „ნაცების“ მოწინააღმდეგედ გამოვიდოდა, მესამეს მას მივცემდი.

თუმცა, NDI-ს კვლევებს თუ ვირწმუნებთ, მეორე ადგილს დავით ბაქრაძე იკავებს. გამორიცხავთ, ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლას?

- ყველაფერი  გამოჩნდება.                             

თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დასრულდება. რა პროცესები დაიწყება? პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებას ელით?

- კოაბიტაცია დასრულდება და პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდება. ამასთან, ეს გიჟური ვეტომანიაც დასრულდება, რომელიც საააკაშვილის სახადად აქვს შეყრილი. ვითარება დასტაბილურდება და  საზოგადოებასაც ფსიქოზი და ნერვოზი გაუქარწყლდება. რაც შეეხება სააკაშვილს, სჯობს, მან იმ მღვდელს გამოართვას ტაბურეტკა, რომელმაც მზესუმზირის გამყიდველს წაართვა და იყვიროს, თუ რა, ეს თავად გადაწყვიტოს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სააკაშვილის ბუნებრივი პროცესია იხორხოცოს, იყვიროს, იხმაუროს და იდიოტურ თემებზე ისაუბროს. ასევე ქართულ სახელმწიფოებრიობას ზიანი მიაყენოს. ვფიქრობ, რომ მიშასეული კივილ-წივილი გაგრძელდება, თუმცა, არ ვიცი რისი თანხმლებით.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ დროშას, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ ახალი დროშა მისთვის იქნება - ღმერთის, სამშობლოს, ოჯახისა და მეგობრობის სიყვარულის სიმბოლო“. თქვენც ეს შთაბეჭდილება გრჩებათ?

- ასოციაციებზე ნუ ვისაუბრებთ, რადგან სოციალურ ქსელებში უხერხული ვერსიები გავრცელდა. რაზე საუბრობენ?  - ღმერთი არასოდეს წამებიათ, მამული გაასხვისეს და მეგობრობა კი, 68 კაციან საბჭოში იციან? სიტყვით გამოსვლისას, სააკაშვილმა თქვა, რომ ნათესავებს ვეუბნები, ხელი არ აფათუროთო და ეტყობა, საკუთარ დედაზე ლაპარაკობდა, რომელმაც ჩალის ფასად, ლამის ყველა უნივერსიტეტი შეიძინა.