„ჰამასის“ მიერ ისრაელის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული სასტიკი დივერსიულ-ტერორისტული თავდასხმიდან 17 დღე-ღამე გავიდა, მაგრამ „ცახალს“ ჯერ კიდევ არ დაუწყია სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში და ეტყობა უახლოეს მომავალში ვერ და არც დაიწყებს...
საქმე ის არის, რომ „ჰამასმა“ მძევლების თანდათანობით გამოშვება დაიწყო-ყატარის შუამავლობით „ჰამასმა“ ჯერ ამერიკელი დედა-შვილი გაანთავისუფლა, შემდეგ ორი მოხუცი ებრაელი მანდილოსანი, ეხლა საუბარია კიდევ 50 მძევლისთვის თავისუფლების დაბრუნებაზე...
„ჰამასმა“ 7 ოქტომბერს ღაზას სექტორის სასაზღვრო ღობის აფეთქებისა და განგრევის შემდეგ ჯერ დივერსიული თავდასხმები განახორციელა ამ ღობის გასწვრივ განთავსებულ საგუშაგოებზე, საიდანაც ტყვედ აიყვანა „ცახალის“ სამხედროები, ხოლო შემდგომ ახლომდებარე კიბუცებზე და მუსიკალურ ფესტივალზე უკვე ტერორისტული შეტევები მოაწყო, საიდანაც უკვე მშვიდობიანი მოქალაქეები მძევლებად „წაასხა“ და ღაზას სექტორში გადაიყვანა.
თავდაპირველად, მძევლებისა და ტყვეების საერთო რიცხვი ასიოდე ადამიანით იყო შეფასებული, თუმცა დაზუსტების შემდეგ მათი რაოდენობა ორჯერ მეტი-222 მძევალი აღმოჩნდა, რომელთაგან ამ მომენტისთვის 4 უკვე განთავისუფლებულია.
„ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელის ერთ-ერთ კიბუცში მშვიდობიანი მოქალაქეების მძევლად აყვანის მომენტი...
მძევლების რიცხვში ისრაელის გარდა, აშშ-ს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებიც არიან, რომელთა ახლობლები დაჟინებით მოითხოვენ თავიანთი ხელისუფლებებისგან, რომ მძევლების განთავისუფლება ნებისმიერი დათმობის ხარჯზეც კი მოხდეს.
მძევლების სამშვიდობოზე გამოსაყვანად კი მხოლოდ ორი ხერხი არსებობს-ან ისრაელის სპეცსამსახურები მეგობარი ქვეყნების ანტიტერორისტულ რაზმებთან ერთად აწყობენ სპეციალურ ოპერაციებს ღაზას სექტორში ან გრძელდება მოლაპარაკებები შუამავლების საშუალებით მძევლების მშვიდობიანი გათავისუფლებისთვის.
„ჰამასმა“ მძევლების აყვანისთანავე განაცხადა, რომ სათითაოდ, ერთმანეთის მიყოლებით დახოცავდა მათ, თუკი ისრაელი საჰაერო დარტყმებს განახორციელებდა და ტანკებით შეიჭრებოდა ღაზას სექტორში.
ისრაელის თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებს არ შეუწყვეტიათ „ჰამასის“ სავარაუდო ობიექტების საჰაერო წერტილოვანი დარტყმები, მაგრამ ამისთვის რომელიმე მძევლის დემონსტრაციულად დასჯა „ჰამასმა“ ჯერ ვერ გაბედა, თუმცა რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი „ცახალი“ სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს ღაზას სექტორში და უშუალოდ მიადგება იმ მიწისქვეშა გვირაბებს, სადაც სავარაუდოდ მალავენ მძევლებს, უკვე ძნელი სათქმელია...
მძევლების გამოშვების პერიოდში ისრაელი „ჰამასს“ ტანკებით ვერ და არ შეუტევს...
ამიტომაც, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურმა ლიდერებმა, რომლებიც სპეციალურად ჩავიდნენ თელ-ავივში, ისრაელის ხელისუფლებას დახურული კარების მიღმა სავარაუდოდ წაუყენეს პირობა, რომ სანამ ყველა მძევალი,ყოველ შემთხვევაში უცხოელი მაინც,არ იქნება გამოშვებული, „ცახალის“ ტანკები ვერ და არ დაიძრებიან ღაზას სექტორში შესასვლელადო...
ისრაელის ხელისუფლება იძულებულია დაემორჩილოს მეგობარი ქვეყნების ამ „მეგობრულ ულტიმატუმს“(რადგან დიდი ომის დაწყების შემთხვევაში რამდენიმე ფრონტზე, ისრაელს სწორედ ამერიკელებისა და ევროპელების სამხედრო დახმარების იმედიღა დარჩება) და ამიტომაც ამუხრუჭებს სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ღაზას სექტორში.
ამას ძალიან კარგად ხვდებიან „ჰამასის“ ხელმძღვანელობაშიც და ისინი ეცდებიან, რაც შეიძლება დიდხანს ივაჭრონ და დრო გაწელონ მძევლების გასანთავისუფლებლად, თუნდაც ერთი-ორი თვე, რის შემდეგაც, თავად ისრაელსაც შეიძლება აღარ მოუნდეს ღაზას სექტორში ჯარის შეყვანა და დიდი მსხვერპლის ნახვა ქუჩის ბრძოლებში-7 ოქტომბერს მიღებული საშინელი დარტყმით გამოწვეული განრისხება შედარებით დაცხრება, ხოლო „ჰამასზე“ შურისძიება ცივი გონებით,აუჩქარებლადაც შეიძლება...