ისტორია აჩვენებს, რომ ომების უმეტესობა მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება. როგორც ჩანს, ასეთივე ბედი ერგო რუსეთ-უკრაინის ომსაც. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინაში გრძელვადიანი ომია მოსალოდნელი, თუმცა ომის დასრულებისა და უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, უდავოა, რომ საბოლოოდ უკრაინა NATO-ში გაწევრიანდება. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები შეწყვეტენ ბრძოლას, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს, მაგრამ თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი დადებენ იარაღს, სტოლტენგერგის განცხადებათ, ნატოს მშვიდობა ექნება.
ვითარება კი უმძიმესია. იზრდება აგრესიული რიტორიკაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში ომს რუსეთის წინააღმდეგ არა უკრაინა, არამედ ამერიკის შეერთებული შტატები აწარმოებს, რომელიც ლავროვის მტკიცებით, უკრაინას აწვდის იარაღს, საბრძოლო მასალას და თანამგზავრებიდან მონაცემებს. „ამერიკა ჩვენს წინააღმდეგ ომს აწარმოებს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.
რუსი დიპლომატის ამ სკანდალურ განცხადებას, ჯერჯერობით თეთრი სახლი უკომენტაროდ ტოვებს, თუმცა ომის საფრხე იზრდება და არ არის გამოირიცხული უკრაინის საზღვრებს გასცდეს. ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მსოფლიო ძალიან მგრძნობიარე სიტუაციაშია, წვრილმანმაც კი შეიძლება შეცვალოს სიტუაცია, რადგან, ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია. საული ნიინისტოს განცხადებით, ომი უკრაინაში დიდხანს გაგრძელდება და შესაძლებელია, მოვლენები მოულოდნელი გზით განვითარდეს, მათ შორის ბირთვული იარაღის გამოყენების თვალსაზრისით.
„ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უზარმაზარია. ეს გაფრთხილება ნაწილობრივ პასუხია მათ მიმართ, ვინც უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებისა და დრონების მიწოდებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პოლიტიკას აკრიტიკებს და ზედმეტად ფრთხილს უწოდებს. არსებობს განსხვავება მათ შორის, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს და ვისაც არ აქვს. მინდა აღვნიშნო, რომ თუ იქნება ესკალაცია დიდ ომამდე, ეს იქნება მსოფლიო ომი და ბირთვული რისკი უფრო დიდი გახდება“, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რომ რეალურია, ამის შესახებ საუბრობენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომელთა განცხადებით, რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში უკვე 70%-ით მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ატომურ იარაღს გამოიყენებს. მეტიც, სამიზნე ტერიტორიად სახელდება ზაპოროჟიეს ოლქი. საფრთხე, რომ რეალურია ამის შესახებ საუბრობს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი, რომლის განცხადებით, ღია წყაროში კეთდება განცხადება ატომური იარაღის გამოყენების ალბთობაზე და, პრაქტიკულად, ეს არის მათი სტრატეგიული გეგმების გაჟღერება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ნატოს სტრატეგიაში ზის ომის განგრძნობადი ხასიათი. გარდა იმისა, რომ ომს აქვს კონკრეტული მიზანი - რუსეთის ფედერაციის დამარცხება და დასუსტება, ასევე არსებობს სხვა მნიშვნელოვანი მიზნები, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია ჩვენ, ეს არის სამხედრო და ფინანსური წრეების ინტერესების დაკმაყოფილება. ამიტომ, რახან ხანგრძლივი ომი არის ნატოს სტრატეგიაში, ეს ნიშნავს იმას, რომ სტრატეგიული პარნიორი ქვეყნები გააგრძელებენ გარკვეული და შეიძლება მაღალი დონის სამხედრო დონის დახმარებას უკრაინასთან მიმართებაში.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ არც რუსეთი ზის გულზე ხელებდაკრეფილი და ისიც ასეთ გზებს ეძებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ის სტრატეგიული მონახაზი, რაც გააჩნია ნატოს, რა თქმა უნდა, ცნობილია რუსეთისთვის. გააქტიურებულია სადაზვევრო აქტივობები რუსეთსა და აშშ-ს შორის, ეს არის ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფო, რომელთაც მაღალი დონის კოსმოსური დაზვერვაც გააჩნიათ და ისინი, პრაქტიკულად, მასშტაბური დონის ინფორმაციას ფლობენ ერთმანეთთან მიმართებაში.
აქედან გამომდინარე, თუ რეალურად რუსეთი შეხედავს იმას, რომ მის სტრატეგიულ ინტერესებში ომის გაგრძელება უკვე არ შედის და შესაძებელია დამარცხდეს, რაც ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან ცუდი, ამ ცუდი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთ შანსად რჩება ის, რომ გამოყენებულ იქნას ატომური იარაღი, რომელზეც არაერთხელ იყო საუბარი და რომლის ვარაუდი არაერთმა ექსპერტმა გამოთქვა და მათ შორის ოფიციალური წყაროებით ეს ინფორმაციები გავრცელდა“, - აცხადებს კუხალაშვილი.
შესაბამისად, როგორც კუხალაშვილი აცხადებს, დიდი ალბათობით, შერჩეულია კონკრეტული სამიზნე ტერიტორიები და თუ ატომური იარაღი იქნა გამოყენებული, ეს იქნება მსოფლიოსათვის უმძიმესი, მათ შორის ეკოლოგიური ვითარების კუთხითაც.
„შედეგებზე არ მინდა ვისაუბრო. ეს გამოიწვევს უმძიმეს შედეგებს და თუ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ დარჩა ვინმე საღად მოაზროვნე, მათ ეს კონფლიქტები უნდა შეაჩერონ. თუმცა, ცხადია ისიც, რომ საერთაშორისო ძალები პირდაპირ მონაწილეობენ ამ კონფლიქტში, რადგან მათ აქვთ თავიანთი დაინტერესება. ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილების მიღების პიკი არ დამდგარა, მაგრამ სადღაც ახლოს ვართ ამ უმძმესი გადაწყვეტილების პიკთან და რაც უფრო ახლოს მივუახლოვდებით, უკვე უნდა იფიქრონ იმ ძალებმა, რომლებიც ამ საომარი მოქმედების გაგრძელებას კიდევ უფრო პროვოცირებენ, რა შედეგი მოჰყვება ატომური იარაღის გამოყენებას, რომლის საფრთხეც მზარდია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ რაც დრო გადის, პროგნოზი მით უფრო ძნელდება. ომის დასაწყისში ყველა და მათ შორის თავადაც გამორიცხავდა რუსეთის მხრიდან ატომური იარაღის გამოყენების ალბათობას, მაგრამ მისი თქმით, რაც დრო გადის, ცხადი ხდება, რომ არაფერი არაა გამორიცხული.
„ჩინეთი სულ მშვიდობიანი ინიციატივებით გამოდის და ბირთვული ომის საფრთხეზე ლაპარაკობს. მეორე მხრივ, რაც უფრო გაჭიანურდება ომი, რუსეთი უფრო დასუსტდება და ჩინეთისთვის რუსული ტერიტორიები უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდება. ასე რომ, ჩინეთს ამ ლოგიკით უნდა აინტერესებდეს ომის გაგრძელება. ავიღოთ ამერიკა, რომელიც ამ ომის ყველაზე დიდი დონორია და პრინციპში, მის ინტერესშიც კითხულობენ იმას, რომ შეიძლება ზედა ეშელონებში ბაიდენის და მისი შვილის, მათ შორის ბლინკენის ინტერესებში იყოს ომის გაგრძელება. მით უმეტეს თუ ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხი სერიოზული გახდა, შეიძლება ბაიდენისათვის გამოსავალი ომი აღმოჩნდეს.
ავიღოთ თვითონ უკრაინა - უკრაინისთვის გაჩნდა საკითხების რიგი, რაც მკაფიოდ ჩანს უკრაინის გულშემატკივარ ანალიტიკოსებში - დავუშვათ უკრაინამ მიაღწია მიზანს და გარეკა რუსები თავისი ტერიტორიიდან, დადგება ეს რუსეთი თავის ტერიტორიაზე და იქიდან გააგრძელებს ომს. ზელენსკიმ იჩივლა კიდეც, რატომ არ მაძლევთ იმის საშუალებას, რომ შორს მტყორცნი იარაღით გადავიდე რუსეთის ტერიტორიაზეო. ამერიკას კი არ უნდა ომის პროცესი გადავიდეს რუსეთის ტერიტორიაზე, რადგან მაშინ უფრო რთული იქნება ბევრი რამო.
რჩება ევროპა, რომელსაც უნდა ომი შეაჩეროს, მაგრამ მას არავინ ეკითხება, პირიქით, აიძულებენ მისცეს უკრაინას იარაღი და ფინანსური დახმარება. მაგრამ, დგება საკითხი, ვინ არის დაინტერესებული მშვიდობით? ომში ვინ არის დაინტერესებული ეს კარგად ჩანს, მაგრამ ვინც დაინტერესებულია იმაში, რომ დასრულდეს ომი და დადგეს მშვიდობა, რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ეს სისხლიანი პროცესი გასაჩერებელია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.