"მუჭში მყავხარ, ხელი რომ გაგიშვა, იცოდე, უფსკრულში წახვალ, წარმოდგენა არ გაქვს, ვის ხელში ხარო" - მითხრა გია დგებუაძემ ანუ "მასტერამ", რომელიც ოპერატიული სამსახურის უფროსი იყო. მერე მითხრა, საჰაერო თავდაცვის სპეციალისტები არ გვყავს და კონსულტაციებს გავივლით შენთანო. მოკლედ, დავიწყე მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვან დავალებათა დეპარტამენტში, მაგრამ "მასტერას" ბრძანებით თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფში მიმავლინეს. მისივე დავალებით მაკონტროლებდა ლევან გაბუნია, რომელიც დღესაც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ. ის "მასტერას" მარჯვენა ხელი იყო", - აცხადებს თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სამხედროებიც მონაწილეობდნენ აქციების დარბევაში" / "კუდ-ი მფარველობდა "მამიდა" როენასა და მის ბიზნესს".
"ორი კვირის მერე დამიბარა გია დგებუაძემ - "მასტერამ", ასე იოლად თავს არ დაგანებებ, დავალება უნდა მოგცეო. ერთ-ერთი ობიექტიდან სამხედრო ინფორმაცია ჟონავს და უნდა გაიგო, ვისგანო. მივხვდი, პროვოკაციას მიწყობდა, მაგრამ შეწინააღმდეგება ვერ გავბედე. მეორე დღეს შემახვედრეს კაცს, კუდ-ისა და სამხედრო დაზვერვის ორმაგ აგენტს. ის პირადად ნუკრი ენდელაძეს ექვემდებარებოდა, მაგრამ ინფორმაცია ორივე უწყებაში მიჰქონდა. მიმიყვანეს გლდანში, ქერჩის ქუჩაზე, როენას სასტუმროში და იქ წარმადგინეს, როგორც სანტექნიკოსი. ასე აღმოვჩნდი როენას ქალების გარემოცვაში. ვიჯექი, ვსვამდი და ველოდებოდი, ვინ მოვიდოდა. სამხედრო მაღალჩინოსნები მოდიოდნენ როენას ქალებთან, მაგრამ იყო ერთი ჯგუფი, რომელიც იჯდა ცალკე ერთ ოთახში და სამხედრო თემებზე საუბრობდა", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ნემსაძე.
"ვაცხადებ, როენას საროსკიპო იყო ოპერატიული ბუნაგი, სადაც კუდ-ისა და სოდ-ის თანამშრომლები ქალებს საშტატო, საბრძოლო იარაღებს აძლევდნენ გასართობად. ეს იყო გახრწნილების ბუდე. როენა კუდ-ის ხალხს ქალებს უფასოდ უთმობდა. თავად იარაღით დადიოდა, რომ გაბრაზდებოდა, ისროდა. ერთხელ ადმინისტრატორის საყვარელს ესროლა. ის კაციც აგენტი იყო. თვითონ როენას ქალებიც აგენტები იყვნენ. მომისმენია, კუდ-ის ოფიცრები მეძავებს როგორ არიგებდნენ. იმ კაცმა, რომელმაც იქ მიმიყვანა, ჩამიშვა, შემოგზავნილიაო და როენა ამის გამო მოკვლით დამემუქრა. მეუბნებოდა, ჩემს დასაჭერად და ბიზნესის გასანადგურებლად ხარ მოსულიო. ძალიან რომ დაიძაბა ვითარება, "მასტერას" ვუთხარი, იმ მასალებს, რაც მოგეცი, ჟურნალისტებსაც გადავცემ, თუ აქედან არ გამიყვან-მეთქი"- დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "დაუჯერებელია, ასეთი ადამიანი საიდუმლო ინფორმაციის მოსაპოვებლად რომ გაგიშვეს" - პასუხობს:
"ჩემი ჩათრევა სურდათ და მერე გამანადგურებდნენ, მაგრამ "მასტერას" პროვოკაცია გავშიფრე და მოვახერხე თავის დაღწევა. თავდაცვისა და კუდ-ის ორმაგ აგენტს დიდმოხელეების სექსუალური ურთიერთობები ჩაწერილი ჰქონდა. მასალა მან ნუკრი ენდელაძეს გადასცა. ვნანობ, რომ ამხელა მონსტრს შევებრძოლე, ყველაფერი ჩემს კისერზე გადავიდა და ჩემი ოჯახის განადგურების ფასად დამიჯდა. ახალაია ციხეში კი არა, თავდაცვის სამინისტროშია, მისი კადრები ისევ იქ არიან: გაბუნია, ძნელაძე, ურიდია, შენგელია... ისეთი დღეები გამოვიარე როენას საროსკიპოში, აღარც მითხოვია თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება. ოჯახში პურის ფული რომ მიმეტანა, მუშად დავიწყე მუშაობა. იქაც მომაგნეს. ერთ დღეს მითხრეს, შენზე ამბობენ, მამათმავალი ხარო. ჩავუსაფრდი და ვნახე ის კაცი, რომელმაც ეს გაავრცელა. მითხრა, დამავალეს და ამაში ფული გადამიხადესო. შემდეგ ქვეყანაში იმდენად დაიძაბა ვითარება, ჩემთვის არავის ეცალა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. პროკურატურას აუდიო და ვიდეომასალა მივაწოდე და იმედია, გამოიძიებენ, როგორ დაიკარგა მილიონები თავდაცვის სამინისტროში".