ევროპის დღის აღსანიშნავად ოპოზიციური სპექტრი მსვლელობას აანონსებს. 9 მაისს ხელისუფლების მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას გეგმავენ, რომელიც ევროპის მოედანზე გაიმართება. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ბევრი ხალხი გამოვიდეს.
„ვფიქრობ, 9 მაისს მასშტაბური აქცია იქნება, რადგან ერთის მხრივ არსებობს მოტივაცია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებში, განსაკუთრებით „მეგობარი აქტის" მიღების შემდეგ", - უთხრა „რეზონანსს" შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის პროფესორმა ნიკა ჩიტაშემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი ფიქრობს, რომ საპროტესტო აქციის მუხტის შენელებაზე ორი ფაქტორი მუშაობს - პირველი, ხალხის მასაში არ იწვევს ისეთ იმპულსს ამერიკის მიერ მიღებული აქტები, რომ ქუჩაში გამოვიდნენ, და მეორე, ოპოზიციური ლიდერის მიმართ ხალხს ნდობა არ აქვს.
„საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9 მაისის აქციას ისინიც უერთდებიან, რადგან „საქართველო ეკუთვნის ევროპას, ხოლო ევროპის დაპირება - ეკუთვნის ქართველ ხალხს."
„9 მაისი - ევროპის დღე - ჩვენი ერთიანობისა და თავისუფლების დღეა. არასამთავრობო ორგანიზაციები ვუერთდებით 9 მაისის ერთიანობის და თავისუფლების დღის იდეას და მოვუწოდებთ ყველას: დავდგეთ ერთად, ევროპის მოედანზე - 9 მაისს, 19:00 საათზე და ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი.
„საქართველომ ევროპული ცივილიზაციის გზაზე საუკუნეების წინ დაიწყო სვლა. გვჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. გვჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის, უსაფრთხოების და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და, რაც მთავარია ვიცით, რომ ხალხის ნება ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას. ამიტომ 2025 წლის 9 მაისს, ქართველები ევროპის დღეს ვხვდებით ერთად ევროპის მოედანზე უცვლელი მოთხოვნებით.
კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ ყველას:
დავდგეთ ერთად, ევროპის მოედანზე - 9 მაისს, 19:00 საათზე.
მანამდე, 17:00 საათიდან, ევროპის მოედნისკენ მსვლელობები დაიწყება შემდეგი წერტილებიდან: საქართველოს პარლამენტის შენობიდან (სტუდენტების მარში); მარჯანიშვილის მოედნიდან; რესპუბლიკის მოედნიდან; ავლაბრის მეტროდან", - აღნიშნა ლომჯარიამ.
პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ მოახლოებულ აქციაზე შეიძლება ერთჯერადად ბევრი ხალხი გამოვიდეს, მაგრამ დიდხანს არ გაგრძელდება.
„მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ როცა „მეგობარი აქტზე" კენჭისყრის შედეგი ცნობილია, ასევე, დასანქცირებულთა სიაც გამოქვეყნებულია, გუშინ არაფერი გააკეთა ოპოზიციამ. ხომ იციან, რამდენი ადამიანის გამოყვანა შეუძლიათ ქუჩაში? რომ ჰქონოდა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ამაზე რეაგირება, ხომ შეძლებდნენ გუშინვე ბევრი ადამიანის გამოყვანას? ეს ზუსტად იგივეა, რაც მოხდა შარშან არჩევნების დღეს - როცა შედეგები გამოცხადდა და ქუჩაში არავინ გამოვიდა. თუნდაც გავიხსენოთ სააკაშვილის დაპატიმრება, როცა მაშინაც არავინ გაინძრა. ამიტომ ამ სიტუაციასაც, ვგულოსხმობ „მეგობარ აქტს", ეცდებიან გამოიყენონ, უბრალოდ დრო სჭირდება. შესაძლებელია რა თქმა უნდა, ერთჯერადად ბევრი ხალხი შეიძლება შეიკრობოს, თუ ფულს დახარჯავენ, თუმცა განსაკუთრებული არაფერი მოხდება", - განაცხადა მამრაძემ.
ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ 9 მაისს ბევრი ხალხი გამოვა.
„ვფიქრობ, 9 მაისს მასშტაბური აქცია იქნება, რადგან ერთის მხრივ არსებობს მოტივაცია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებში, განსაკუთრებით „მეგობარი აქტის" მიღების შემდეგ. მეორე არის მნიშვნელოვანი თარიღი - ევროპის დღე. ამასთან, საგამოფენო ცენტრში იმართება ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, სადაც ბევრი ადამიანი შეიკრიბება. ჩვენ კარგად გვახსოვს, ერთხელ რიყეზე ევროპის დღესთან დაკავშირებით მასშტაბურ აქციას ჰქონდა ადგილი. ეს იყო შარშან, თან იმის მიუხედავად, რომ დიდი წვიმა იყო. ასე რომ, 9 მაისსაც დიდ აქციას ველოდები", - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.
რატომ ვერ იწევს საპროტესტო მუხტი
პეტრე მამრაძეს მიაჩნია, რომ საპროტესტო მუხტის განელებაზე ძირითადად ორი ფაქტორი მოქმედებს - ერთ-ერთი მიზეზი ლიდერის არყოლაა.
„საპროტესტო მუხტის ვერ აწევაზე ორი ფაქტორი მოქმედებს - პირველი ეს არის ის, რომ ხალხის მასაში არ იწვევს ისეთ იმპულსს ამერიკის მიერ მიღებული აქტები, რომ ქუჩაში გამოვიდნენ. და მოერე არის ის, რომ ოპოზიციური ლიდერის მიმართ ხალხს ნდობა არ აქვს, პოპულალურები არ არიან. ამიტომ ამის ფონზე არ ვფიქრობ, რომ 9 მაისს ან მომდევნო დღეებში მნიშვნელოვანი რამ იქნება", - თქვა მამრაძემ.
ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ მუხტის შენელებაზე ხელისუფლება მუშაობს და მისი ქმედებებით ბევრი ადამიანი აღარ გამოდის.
„საპროტესტო კრიტიკული განწყობა არსებობს, თუმცა „ოცნებამ" ბევრი ადამიანი დააჯარიმა და დააშინა. დე ფაქტო ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს აქციების ჩაქრობას, თუმცა მნიშვნელოვან დღეებში ბევრი ადამიანი მაინც გამოხატავს მზადყოფნას, რომ გამოვიდნენ და არსებული ვითარება გააპროტესტონ."