ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები სასამართლოში - საჯარო პირების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ხუთშაბათს დაიბარეს. ოპოზიცია ხელისუფლების ქმედებებს ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელ სიმპტომად აფასებს და აღნიშნავს, რომ ამას შესაბამისი საზოგადოებრივი უკუკავშირი მოჰყვება. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ საჭიროა „გარედან იმპორტირებული ზიზღის ენის" შეჩერება და სიძულვილის კამპანიების დასრულება.
სასამართლოში დაბარებულებს შორის არიან ტელეწამყვანები ვახო სანაია და ვიკა ბუკია, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია და აქტივისტი ანა სუბელიანი. ამის შესახებ ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანმა გაავრცელა, თუმცა სია განახლებადია.
ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებთან 12 ივნისს თქვა, რომ ამ ჯარიმებს გავლენა ექნება, თუმცა სტატუსები მაინც დაიწერება.
„რა თქმა უნდა, ამას გავლენა ექნება, მაგრამ ჯარიმებმა ვერ მოკლა პროტესტი და რუსთაველზე გზა ისევ იკეტება. იმდენი სტატუსი აღარ დაიწერება, რომ მარიამ ლაშხი მონაა, მაგრამ მაინც დაიწერება. კი, „დურაა" ყველა ის ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ დიფ-სთეიტისა და მასონების ხმები ესმის - და ეს რუსული სიტყვა სპეციალურად არის შერჩეული! ყველას დედაც, ვინც ანწუხელიძის გმირობას ეჭვქვეშ აყენებს! დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანის პასუხი შესაბამისი იქნება. მათთვის ახლა წყევლაც პრობლემა გახდა - ამბობენ, რომ მუშაობენ, რომ წყევლაც აიკრძალოს. თუმცა ჩვენ რაღაცნაირად მოვახერხებთ, რომ მარიამ ლაშხმა და წულუკიანმა მაინც გაიგონ, რას ვფიქრობთ მათზე", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ინფორმაცია ჟურნალისტების სასამართლოში დაბარების შესახებ ჟორჟოლიანმა წუხელ სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მიზეზი პოსტი იყო, რომელშიც უმრავლესობის წევრ მარიამ ლაშხს მონას უწოდებდა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ოცნება" ავტოკრატიის დაკანონებას ცდილობს, ხოლო ეს ხმაური შემთხვევითი არ არის.
შეგახსენებთ, ოთხშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციაზე დაკავებული მათე დევაძის პროცესია ჩანიშნული, სადაც შესაძლოა მისი საბოლოო განაჩენი გამოცხადდეს.
„ძლიერი საქართველოს" წევრმა გიორგი სიორიძემ აღნიშნა, რომ „ოცნება" საზოგადოებისგან შესაბამის პასუხს მიიღებს.
„ეს არის „ქართული ოცნებისთვის" ბოლო ფაზა. ეს არის სიმპტომი განწირული რეჟიმების - ასეთი ტიპის ქმედებებს, რომელიც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, მხოლოდ და მხოლოდ უკურეაქცია შეიძლება მოჰყვეს", - განაცხადა სიორიძემ.
„დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის პროცესია, რომელსაც 7-წლიანი პატიმრობა ემუქრება, და არ მგონია, რომ ასეთი დიდი ხმაურის გამოწვევა შემთხვევითი იყოს. როდესაც საქმე ეხება აქტივისტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს - იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში გამოხატეს თავიანთი აზრი, რაც კონსტიტუციით დაცული უფლებაა", - დასძინა მან.
მიმდინარე პროცესს გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური:
„ახლა უკვე ლაპარაკია იმაზე, რომ „ფეისბუქზე" როცა გამოთქვამ რაღაც მოსაზრებას, თურმე მარიამ ლაშხის მსგავსი დეპუტატი ამაზე გიჩივლებს. აშკარად დიქტატურაა ეს - ავტოკრატიის პირდაპირი დაკანონება მიმდინარეობს ქვეყანაში. ამ პირობებში ლაპარაკი, რომ მე ადგილობრივ არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, სადაც არც დამკვირვებელია, აღარც სადამკვირვებლო მისიები, აღარც უცხოელები აღარ ჩამოდიან იმისთვის, რომ შეაფასონ ეს პროცესი - როგორ შეიძლება აქედან რამე კარგი გამოვიდეს?" - განაცხადა წიკლაურმა.
ჟურნალისტი ვიკა ბუკია, რომლის სასამართლო პროცესიც უკვე ჩანიშნულია, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„კი მაგრამ ამ მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? რა ხდება? რა დამთხვევაა? რა ქენი ამისთანა?"
პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი ვახო სანაიაც:
„ქართული ოცნება" შსს-ში მიჩივის - სავარაუდოდ, რადგან „რუსთავი 2" და „იმედი" ჩემი სტატუსების სქრინებს აფრიალებენ.
წულუკიანი და პაპუაშვილი ნაწყენი ყოფილან.
ვაი თქვენს პატრონს, უბედურს.
აჰა, კიდევ ერთხელ დასქრინეთ - თქვე მონებო".
„ოცნების" კონტრპასუხი
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში ბოლო დროს გააქტიურებული „ზიზღის ენა" გარედან მართულია, რომელიც, მათივე თქმით, აუცილებლად უნდა დასრულდეს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამის შესახებ ვრცლად ჟურნალისტებთან ისაუბრა:
„ამ ადამიანებს სიძულვილისთვის გარედან მართულად, დაფინანსებით, ხელშეწყობითა და ტაშის დაკვრით იყენებენ, რათა ეს სიძულვილის კამპანია გაგრძელდეს."
პაპუაშვილმა დასძინა: „ჩვენი პოლიტიკური ლანდშაფტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზიზღის ენა, რომელიც გარედან, უცხოეთიდან არის შემოტანილი და იმპორტირებულია, შეჩერდეს. მეორე მხრივ, ეს ადამიანები, ვის წინააღმდეგაც საჩივრებია, მხოლოდ ინსტრუმენტები და შემსრულებლები არიან. სინამდვილეში, ეს არის ერთიანი კამპანია, რომელიც გარედან არის დაფინანსებული და შემოტანილი. ამიტომ მოპასუხეები არ არიან ეს ინსტრუმენტები, რომლებიც სოციალურ ქსელში წერენ".
უმრავლესობის წევრმა თეა წილოსანმა განმარტა, რომ არავინ დაიჭერენ, თუმცა იქნება ადმინისტრაციული ჯარიმა:
„მგონია, რომ ეს იყო სამაგალითო იმისთვის, რომ სხვისი შეურაცხყოფა, ცილისწამებები, ბრალდებები და მათ შორის ასეთი ზიზღის კამპანია, რომლისთვისაც ისინი დაფინანსებული არიან, მიუღებელია. არავის არ დაიჭერენ - ამისთვის არის ადმინისტრაციული ჯარიმა. ჩემზე წარმოდგენა [სასამართლოში დაბარებულ პირებს] არ უნდა შეეცვალოთ. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის ფორმა და არა შეურაცხყოფის", - განაცხადა წილოსანმა.
რას ამბობს სახალხო დამცველი
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ აზრის გამოხატვა არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანების დასაზიანებლად:
„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას.
აზრის გამოხატვა, მათ შორის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის ის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის მე-10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული. დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზეც დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან", - აცხადებს იოსელიანი.