„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუტის ბუდრისის შემდეგ განცხადებას: „საქართველოში ჰუმანიტარული მდგომარეობა უარესდება - განვიხილავთ საკითხებს სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, სავიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული".
დავით ქართველიშვილის თქმით, ჰუმანიტარული ვითარება, რეალურად, ლიეტუვაშია გაუარესებული და ამასთან, ძალიან საეჭვოა, რომ მათთან არსებული ეს სიტუაცია გამოსწორებას ექვემდებარებოდეს.
„ეს არის ექვსი ძირითადი პუნქტი, რომლებიც მიუთითებენ ლიეტუვაში ჰუმანიტარული ვითარების გაუარესებაზე, ოღონდ, რეალურად გვეპარება ეჭვი, თუ რამ შეიძლება გააუმჯობესოს ეს პარამეტრები:
ადამიანური განვითარების ინდექსის (HDI) ვარდნა - HDI-ის მაჩვენებელი 2019 წელს 0.884 იყო, ხოლო 2021 წელს 0.875-მდე დაეცა. ეს კლება განსაკუთრებით შესამჩნევია მეზობელი ქვეყნების — პოლონეთის (0.816) და ესტონეთის (0.829) — ფონზე;
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის შემცირება - COVID-19-ის შემდეგ სიცოცხლის მოლოდინი 76.2 წლიდან 73.7 წლამდე შემცირდა;
საზოგადოებრივი „უწონასწორობის" („ჯინის" კოეფიციენტი) მაღალი დონის შენარჩუნება - ლიეტუვაში 35.4%-ია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (30%);
სიღარიბის ზღვარზე მყოფი მოსახლეობის მაღალი წილი - მიუხედავად იმისა, რომ 2019-დან 2021 წლამდე სიღარიბის ან სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის წილი 25.5%-დან 23.4%-მდე შემცირდა, ეს მაჩვენებელი მაინც აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (21.9%);
მიგრაციული ნაკადების ზეწოლა სოციალურ ინფრასტრუქტურაზე - 2022–2023 წლებში უკრაინელი ლტოლვილების დიდმა ნაკადმა გამოიწვია. ქვეყანაში გაჩნდა საჭიროება დროებითი საცხოვრებლების მოწყობისა სკოლებსა და სხვა დაწესებულებებში, რაც სოციალური სისტემის გადატვირთვაზე მიუთითებს. ასევე, აღინიშნება ნარკოტრაფიკის გამო დაკავებების ზრდა, რაც საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე გავლენას ახდენს;
ქვეყანაში აღინიშნება უსაფრთხოებისა და სოციალური ერთიანობის შემცირება, ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმეების ზრდის ფონზე, რაც აღიქმება კრიმინოგენური რისკის გაძლიერებად. ასევე, პანდემიური შეზღუდვებისა და უთანასწორობის ფონზე მცირდება ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რაც აჩენს საზოგადოებრივი სტაბილურობის საფრთხეს.
ამ ყველაფრის ფონზე, არც კი ვიცი რით დავეხმაროთ იმ ავადმყოფ "ექიმს", რომელიც აგრძელებს "პაციენტების" მიღებას. ალბათ, რჩევით: "ექიმო, განკურნე ჯერ თავი თვისი - ჩვენზე არ იდარდო...“, - წერს დავით ქართველიშვილი.