„ქართულ ოცნებაში", ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად განიხილავენ ოპოზიციის ქმედითუნარიანობის საკითხს. ამის შესახებ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშილმაც და ხაზგასმით თქვა, რომ „ოპოზიცია ვნებს ქართულ დემოკრატიას". გამოჩნდება თუ არა პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი ოპოზიციური პარტიები - ეს საკვანძო კითხვად რჩება.
„ის, რომ ჩვენ არ გვყავს რეალურად ქმედითი ოპოზიცია და არის გარედან მიღებული დაკვეთების შემსრულებელი ინსტრუმენტი - ეს, საერთო ჯამში, ვნებს ქართულ დემოკრატიას, რადგან დემოკრატია საჭიროებს ოპონირებას სხვადასხვა ძალებს შორის," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა 8 მაისს ბრიფინგზე.
მან ისაუბრა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე და განაცხადა: „პრობლემა არის იმაში, რომ ოპოზიციური ფლანგი იმართება გარედან."
საყურადღებოა, რომ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, 2024 წლის 29 აპრილს, პარტიის ყრილობაზე მკაფიოდ განაცხადა, რომ ქვეყანაში საჭიროა „რეალური ოპოზიცია", რომელიც რეალურ კრიტიკას შეძლებს.
ანალიტიკოსები განსხვავებულ პროგნოზებს გვთავაზობენ: ნაწილი ფიქრობს, რომ ახალი ოპოზიციური პარტიების შექმნა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური ფლანგის მონაწილეობაზეა დამოკიდებული, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ახალ ოპოზიციურ პარტიებს 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვიხილავთ.
ახალი ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ ასპარეზზე
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა ახალი ოპოზიციური პარტიების გაზაფხულზე შექმნა.
„ამ ეტაპზე ნაკლებად მოსალოდნელია - ვგულისხმობ გაზაფხულს, მაისის ბოლომდე. შემდეგ კი მართლაც შესაძლებელია ასეთი პარტიების გამოჩენა - არა იმ განცხადებით, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილმა აკურთხა. ახალი ოპოზიციური პარტია გამოჩნდება, თუ კავშირი „ქართულ ოცნებასთან" ან ივანიშვილთან შესაძლოა ჰქონდეს - გასაიდუმლოებული.
არა მგონია, რომ ღია ფორმით ივანიშვილის მიერ მართულმა პარტიამ რაიმე ხმები მიიღოს - ის ხმებს გაუყოფს „ოცნებას" და არა ოპოზიციას. ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას" სჭირდებათ ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც მათ მხარს დაუჭერს - დავუშვათ, იგივე იმაში, რომ 76 მანდატი უზრუნველყონ.
ძაბირაძე ხაზგასმით ამბობს, რომ ახალი „რეალური ოპოზიცია" გასაიდუმლოებულ კავშირში იქნება ბიძინა ივანიშვილთან და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიქმნება, თუ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს.
„ეს არ იქნება ღია პროცესი - ეს იქნება დახურული პროცესი. რომელი ოპოზიციური პარტია იქნება მისი მხარდამჭერი პარლამენტში, თუ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები - ეს იქნება განმსაზღვრელი.
„ქართულ ოცნებას" სჭირდება ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ფარულად მათთან იქნება კავშირში.
ადგილობრივი არჩევნებისთვის არ ველოდები ასეთ ნაბიჯს - გააჩნია, ოპოზიცია რას გადაწყვეტს. თუ გადაწყვეტს, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს, მაშინ ასეთი პარტია ადგილობრივი არჩევნებისთვის არ შეიქმნება და არც არავის სჭირდება. მაგრამ თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა - შესაძლოა, გამოჩნდეს ასეთი ძალა.
ეს არ იქნება ისეთი პარტია, როგორიც „ხალხის ძალაა" - ამას აზრი არ აქვს, ასეთი პარტიის ასპარეზზე გამოყვანას."-განაცხადა ძაბირაძემ
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ახალი ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ ასპარეზზე 2028 წლის არჩევენებამდე გამოჩნდეს, რადგან ეს „თვითმმართველობის არჩევნებამდე ვერ მოესწრება".
„როგორც იტყვიან, ვაკუუმი შეივსება და არ დარჩება - მითუმეტეს, წინ გვაქვს პოლიტიკურ-სამართლებრივი გადაწყვეტილება, როცა აიკრძალება „ნაცმოძრაობა" და მასთან დაკავშირებული პარტიები.
შესაბამისად, როცა წნეხი თავად ოპოზიციაზე - დომინანტი „ნაცმოძრაობისგან" - განეიტრალდება, თავისუფალი მოძრაობის ადგილი იქნება. ეს უნდა მოხდეს ახალი პარტიების შექმნის საფუძველზე - ამას ვგულისხმობ.
2028 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ადგილობრივამდე ვერ მოესწრება, მაგრამ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ეს მოხდება.
მითუმეტეს, არაფორმალურად რომ ვთქვათ - როგორც ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროგნოზები ხშირად სრულდება, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
ასე რომ, ივანიშვილის ის პროგნოზირებადი რეალობაც - 2028 წელს შესაძლებელია, ვიხილოთ კოალიციური მთავრობა: „ქართული ოცნება" პლუს რომელიღაც პარტია."
აბაშიძე ხაზგამით ამბობს, რომ ახალ ოპოზიციური პარტიების შექმნა „ოცნების" ჩარევით ვერ მოხდება, რადგან ეს მარტივად გაშიფრვადი იქნება.
„პოლიტიკურ ველზეც მოქმედებს, როგორც ეკონომიკაში - საბაზრო ეკონომიკის პრინციპი, რადგან ხელოვნურად, ვთქვათ, ეკონომიკას ვერ აამუშავებ, თუ კომუნისტურ-სოციალისტური რეჟიმი არ არის.
ამიტომ, ხელოვნურად ოპოზიციური პარტიის შექმნა არარეალურად მეჩვენება - ვერც ბიძინა ივანიშვილი და ვერც ნებისმიერი მმართველი პოლიტიკოსი ვერ შექმნის ხელოვნურ პარტიას, რომ შეასრულოს ოპოზიციური როლი. ეს თავად საზოგადოებიდან უნდა მოდიოდეს და უნდა იყოს გარემო პირობები."-განაცხადა აბაშიძემ.
„რეალური ოპოზიცია"
ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს ტერმინზე - „რეალური ოპოზიციის" მნიშვნელობაზე, ხაზგასმით ამბობს, რომ რეალური ოპოზიცია „ოცნებასთან" თანამშრომლობასა და კოალიციის შექმნას არ უნდა დათანხმდეს.
„მთელი 30 წელია მესმის - რეალური ოპოზიცია, არარეალური ოპოზიცია... რეალური ოპოზიციაა ის, რომელიც იბრძვის თავისი პროგრამის განსახორციელებლად.
სტანდარტულ ქვეყნებში არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს კოალიციების შექმნა - დიამეტრულად განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებთანაც კი, რადგან მათ აქვთ გაცხადებული მიზნები და თავიანთი ამომრჩევლები.
თუმცა, ჩვენთან არაორდინარული ვითარებაა - „ქართულ ოცნებასთან" რაიმე თანამშრომლობა აღიქმება ღალატად. რთული სათქმელია, შესაბამისად რეალურია მხოლოდ ის ოპოზიცია, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგია „ოცნებასთან" თანამშრომლობის.
დღეს ასეთი ბარიერგადალახული ოთხი ჯგუფია. გახარიასთან ჩნდება კითხვები, თუმცა, ყველა მათგანი იმას ქადაგებს, რომ „ოცნებასთან" არანაირ კოალიციაში არ შევა."
გია აბაშიძე კი საუბრობს მომავალ ოპოზიციური პარტიების დაკომპლექტების საკითხზე. აღნიშანასვ, რომ რიგებში „ქართული ოცნებიდან" წასულებიც გამოჩნდნენ.
„ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა - თუ სხვა ასაკის ადამიანი - არის ჩვენს საზოგადოებაში, რომელიც არ ჩანან აქტიურად. აქა-იქ შეიძლება გამოჩნდნენ რომელიმე პოდკასტში თუ მედიაში. მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები - თუ აქტიური ადამიანები, რომელთაც სურთ პოლიტიკაში მოსვლა - უნდა გამოჩნდნენ რაც შეიძლება მალე.
რაც შეეხება „ოცნებიდან" გამორჩეულ წასვლებს - ვგულისხმობ ბესელიებს, ბერძენიშვილებს - ვნახეთ, რომ მათი შანსები ნულოვანია. შესაძლებელია - ჰიპოთეტურად არ გამოვრიცხოთ - რომ, ვთქვათ, „ქართული ოცნებიდან" ან პოლიტიკიდან საერთოდ წასული ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით ხმასაც არ იღებენ, მომავალ პარტიულ კონფიგურაციებში ვიხილოთ ოპოზიციურ ველზე."
აბაშიძე არ გამორიცხავს, რომ ორი იდეოლოგიურად განსხვავებული პარტია გამოჩნდეს, ერთი მემარჯვენე , ერთი მემარცხენე. „შესაძლებელია, ჩემი ვარაუდით, რომ ორი განსხვავებული პლატფორმის პარტია იყოს - ერთი მემარჯვენე, ერთი მემარცხენე."-განაცხადა აბაშიძემ.