ედუარდ კოკოითის

ედუარდ კოკოითის "ტერიტორიული პრეტენზიები"

აგვისტოს ომისა და რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის აღიარებიდან 5 წელი გავიდა. ორივე მოვლენა თქვენი პრეზიდენტობის დროს მოხდა. რა მოხდებოდა, ისტორია სხვაგვარად რომ განვითარებულიყო, არ ყოფილიყო ეს ომი და შემდეგ რუსეთის აღიარება? ჯერ კიდევ 2008 წლის 25 აგვისტოს მოსკოვში ჩინოვნიკები და დეპუტატები აცხადებდნენ, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება არ იქნებოდა...

- სხვაგვარად ვერ იქნებოდა, მაშინ ეს რუსეთი არ იქნებოდა. აღიარება რუსული ისტორიის, მათ შორის უახლესი ისტორიის ლოგიკით განისაზღვრა, ზუსტად ასევე განისაზღვრა ოსების საქციელი, რომლებიც იცავდნენ მშობლიურ ქალაქს და დაიცავდნენ რუსეთს ოსეთში ნებისმიერ შემთხვევაში და უთანასწორო ბრძოლის ნებისმიერი დასასრულის შემთხვევაში.

თქვენ ახლა გესაუბრებათ ადამიანი, რომელსაც მხრებზე მცირერიცხოვან ოს ხალხზე მთელი პასუხისმგებლობა აწევს. ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა წინაპრებმა თავისი გზა 1774 წელს აირჩიეს, როდესაც რუსეთს ნებაყოფლობით შეურთდნენ და ეს ჩვენ ბევრ რამეს გვავალდებულებს, ისევე როგორც რუსებს. ჩვენი წინაპრები თავისი ფიცის ერთგული დარჩნენ და რა გვიშლის ხელს თანამედროვე პირობებში ეს ფიცი დავიცვათ?

ყველაზე დიდი დიპლომატიური აკადემია ჩვენი ტრადიციები და პატრიოტიზმია. თუ ჩვენ ამას დავკარგავთ, დავკარგავთ ოსეთს და მას აღარავინ დაგვირუნებს, დავკარგავთ რუსეთს და სხვა რუსეთი არ იქნება.

ქართული აგრესია არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთს უკავშირდება, არამედ მთელ რუსეთს. იმ ძალებისთვის დასავლეთსა და საქართველოში, რომლებმაც ოსი ხალხის გენოციდი განახორციელეს და 2008 წლის ომი საკუთარი გეოპოლიტიკური სტრატეგიის რეალიზაციისთვის გამოიყენეს,  სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მხოლოდ პროექტის დასაწყისი იყო. პირველი უბედურება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაგვატყდა თავს. მაშინ რომ აფხაზებსა და ოსებს სუსტი ნება გამოევლინათ, ტრაგედია დღეს ყაბარდო-ბალყარეთში, დაღესტანში, ჩეჩნეთში და ა.შ. იქნებოდა. განსაკუთრებით მინდა, გამოვყო ჩეჩნეთი. ჩეჩნეთი და სამხრეთ ოსეთი ხომ თანამედროვეობის ორი სტალინგრადია. ჩეჩნეთი დაუპირისპირდა და წინ აღუდგა საერთაშორისო ტერორიზმს. ოსეთის და ჩეჩნეთის მეშვეობით, ეროვნებათშორისი და რელიგიური ომების მეშვეობით ჩრდილოეთ ოსეთისთვის ძირის გამოთხრა და რუსეთის განადგურება სურდათ, სურდათ მოსკოვი იძულებული გაეხადათ კავკასიაზე უარი ეთქვა და შემდეგ ეტაპზე ქვეყანა გაენადგურებინათ. ასეთი გეგმა არსებობს, თუმცა ჩვენ ის შევაფერხეთ.

ვიმეორებ, მტრული ძალები სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთსა და ჩეჩნეთზე კბილებს ილესავდნენ, მათ ვერ წარმოედგინათ, რომ მცირერიცხოვან აფხაზ და ოს ხალხს ასეთი გააფრთებული წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ. ჩვენ რომ ასეთი შეტევისთვის არ გაგვეძლო, რუსეთს ვერავინ უშველიდა. სამხრეთ ოსეთმა გაუძლო ორ ათწლეულს, 2008 წლის აგვისტოში კი მასიურ აგრესიას - სამი დღე. 

თუმცა ჩრდილოეთ ოსეთში ვითარება კვლავ რთულია და სხვადასხვა ხაზებით სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობები გრძელდება...

- საქართველომ და მისმა პარტნიორებმა წააგეს, თუმცა გეგმებზე უარი არ უთქვამთ. მათ რუსეთის დაშლა სურთ. ნახეთ, რა რაოდენობის თანხებს ხარჯავენ მიტინგების ორგანიზებაზე, ოპოზიციის დემონსტრაციებზე და მოსკოვში არეულობის ორგანიზებაზე. მილიარდი დოლარი იხარჯება არასამთავროების მხარდაჭერაზე, რათა რუსეთს ძირი გამოუთხარონ. ჩვენთვის კი, იმისთვის, რომ საკუთარი სამშობლო შევინარჩუნოთ, გადახდა საჭირო არ არის. ჩემი მოსყიდვის მცდელობებიც იყო. სამწუხაროდ, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ ოსეთში მოისყიდეს გარკვეული პირები, რომლებიც ავრცელებენ ხმებს - "რად გვინდა ჩრდილოეთ ოსეთი, ის, ხომ არცთუ ეფექტურად დაგვეხმარა". ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთს შორის განხეთქილების შეტანა სურს, ოსეთის მტერია. ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი ძალა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების, რუსეთის წაკიდება სურს, ასევე მტერია. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ გამოწვევებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ გველოდება. ჩვენი ახალგაზრდები ინტერნაციონალიზმის სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ. რუსეთი დიადი სახელმწიფოა და ჩვენი ხალხებისთვის ბევრს აკეთებს. თუმცა თუ დამპყრობლები მოვლენ, ისინი აქ მფლობელებივით მოიქცევიან და ჩვენ ქვეყანაში თანასწორუფლებიანები ვეღარ ვიქნებით.  

არ შეიძლება, არ აღინიშნოს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის როლი თანამედროვე რუსეთში. ყველამ უნდა დააფასოს ის, რაც ამ ადამიანმა, როგორც პატრიოტმა და რუსეთის ღირსეულმა შვილმა გააკეთა თავისი სამშობლოსთვის. პუტინმა ხომ იმდენად ძლიერად დააყენა რუსეთი, რომ მთელი აგრესიული დასავლეთი, რუსეთს და მის აზრს ითვალისწინებს. როდესაც კავკასიაში რუსეთის პოზიცია ძლიერია, აქ ყოველთვის მშვიდობა და სტაბილურობა სუფევს, ხოლო როდესაც რუსეთის პოზიციები სუსტდება - ყოველთვის ომია. სსრკ დაიშალა და კონფლიქტები დაიწყო - სომხურ-აზერბაიჯანული, ქართულ-ოსური, ოსურ-ინგუშური. რუსეთი დიად სახელმწიფოდ იმიტომ იქცა, რომ ყოველთვის სამართლიანი სახელმწიფო იყო.

უნდა გვესმოდეს, რომ პუტინმა ააღორძინა რუსეთი, რომელსაც ბევრი უკვე დანგრეულ ქვეყანად თვლიდა. ასეთ მაგალითს მოვიყვან: როდესაც პრეზიდენტად ამირჩიეს, მაშინ 37 წლის ვიყავი, იყვნენ ასეთი "უფროსი ამხანაგები" აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედ სტრუქტურებში, რომელთა სახელებსაც მე ახლა არ დავასახელებ და რომლებიც მირჩევნდნენ, რომ შევარდნაძის და დასავლეთის მიმართ პოზიცია შემერბილებინა. ისინი მეუბნებოდნენ, რომ რუსეთი მალე დაიშლებოდა და სხვა გზები უნდა მეძებნა. მე მაშინ პოლიტიკაში ახალბედა ვიყავი და პირდაპირ ვუთხარი, რომ თუ ყველა ასეთ პანიკურ განწყობას წამოეგებოდა და არ იბრძოლებდა, მაშინ რა თქმა უნდა, რუსეთი დაიშლებოდა, ჩვენ კი უნდა გვებრძოლა.

თქვენ თავის დროზე ოსეთის ისტორიულ ნაწილებზე - კობის ტაფობსა და თრუსოს ხეობაზე აცხადებდით პრეტენზიას, რომელიც საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში 1920-იან წლებში აღმოჩნდა, ახლა კი ისინი საქართველოს ყაზბეგის რაიონის ნაწილია. ხომ არ შეცვლილა თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ჩემ სიტყვებს კიდევ ერთხელ ვადასტურებ. ეს არის ჩვენი მიწები და ეს აქტუალური საკითხია. ეს არის თრუსოს ხეობა, გუდის ხეობა, კობის ტაფობი. იქ განლაგებულია ოსური სოფლები, ოსური წმინდა ადგილი, ჩვენი წინაპირების საფლავები. ეს საკითხი უნდა გახდეს ქვაკუთხედი საქართველოსთან მოლაპარაკებების დროს, როდესაც ის დაიწყება. ჩვენი პრეტენზიები აბსოლუტურად საფუძვლიანია და ისტორიული დოკუმენტებითაა გამყარებული. იქ ამ დრომდე მრავალი ოსური სოფელია, დასახლებები მთელი რიგი ოსური გვარებით. სამწუხაროდ, სააკაშვილის რეჟიმმა ეს სოფლები საძოვრებად და სამხედრო პოლიგონებად აქცია. ოსებს, რომლებიც ამ მიწებზე საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ, დღეს საკუთარ სახლებში, სამშობლოში მისვლა აღარ შეუძლიათ თრუსოს ხეობის სოფლებში, ისევე როგორც ყაზბეგის რაიონის დანარჩენ დასახლებულ პუნქტებში.

როდესაც მე ეს საკითხი დავაყენე, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, პირველი რეაქცია ჩემ სიტყვებს ვაშინგტონიდან მოჰყვა. აშშ-დან ჩემ განცხადებას ძალიან მტკივნეული რეაგირება მოჰყვა. კერძოდ, აშშ-ის მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ლამის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დარეკა, თითქოს, "ოსები ტერიტორიულ პრეტენზიებს აყენებენო". დიახ, ჩვენ ვაყენებთ ტერიტორიულ პრეტენზიებს! როდესაც დღეს საქართველო მთელ მსოფლიოში ისტერიას იწყებს, რომ რუსეთი და სამხრეთ ოსეთი სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან რუსი მესაზღვრეების დამხარებით სახელმწიფო საზღვარს აწყობენ (ეს კეთდება რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე) და საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში რაღაც 10 მეტრით შევედით, ეს არის აბსოლუტური სიცრუე - იქ არანაირი ქართული ტერიტორიები არ არის...

ჩემდა სამწუხაროდ, ცხინვალის რეგიონში რამდენიმე სოფელი სამხრეთ ოსეთს მოწყვეტილია. ჩვენ არა მარტო ამ დასახლებულ პუნქტებზე უნდა ვისაუბროთ, არამედ თრუსოს ხეობაში მიტოვებულ ოსურ სოფლებთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულზეც. რატომ არ უნდა დავაყენოთ მოლაპარაკებებზე ეს საკითხი და არ ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რომ ქართველებმა ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი მიიტაცეს?! რუსეთის ხელისუფლებას რომ არ მიეღო ომის დასრულების გადაწყვეტილება ასე მოკლე დროში, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. მე შევასრულე რუსეთის ხელისუფლების თხოვნა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მზად მყავდა სერიოზული ჯგუფი, რომელიც უნდა შესულიყო თრუსოს ხეობის სოფლებში ყაზბეგამდე და ლენინგორის რაიონთან ერთად ეს მიწები უნდა დაგვებრუნებინა, რადგან ეს ჩვენი მიწებია. თუმცა სამწუხაროდ, დრო არ მეყო, ამას პირდაპირ ვამბობ, მხოლოდ ორი დღე მჭირდებოდა, რომ ეს ოპერაცია განმეხორციელებინა და ამ გადაწყვეტილებაზე მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ამეღო.

ამჟამად ამ მიწებზე განლაგებულია ყველა სახის ლაბორატორიები, რადიოლოკაციური დანადგარები და ა.შ. არადა, ეს ჩვენ მიწაა და მასზე მუშაობენ სამხედრო ობიექტები ჩვენი ხალხის და რუსეთის წინააღმდეგ. 

როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა, თანამედროვე პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით? ძალისმიერი სცენარი უკვე არარეალიზებადია…

- ომისკენ არავის მოვუწოდებ. ეს არის მოლაპარაკებების რეალური თემა. სამხრეთ ოსეთი საერთაშორისოდ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა - ეს ფაქტია და ამას ვეღარავინ შეცვლის. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, მათ შორის ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით. ჩვენ ეს პრეტენზიები გვაქვს და ამის შესახებ უნდა ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში ოსეთი ქართული აგრესიის მსხვერპლია.

ვიმეორებ, არ გამოვდივარ საქართველოსთან ომის მოწოდებით, მაგრამ უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი და ისეთი პირობები შევმქნათ, რომ თრუსოს ხეობაში დაბადებულმა ჩვენმა დებმა და ძმებმა საკუთარ სახლებში მშვიდად ჩასვლა შეძლონ და ხელი არავინ შეუშალოთ, რომ მათ სახლებს არავინ ესროლოს და ოსური სოფლები და სიწმინდეები საძოვრებად და სამხედრო პოლიგონებად არავინ აქციოს. ეს მიწები რა თქმა უნდა, უნდა დავიბრუნოთ, მაგრამ არა სამხედრო გზით, არამედ მოლაპარაკებებით. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებაში მოვლენ ადამიანები, რომლებსაც ნორმალური და ცივილური გზით მოლაპარაკებების წარმოება შეეძლებათ. ამას ვუსურვებ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასაც, რამდენადაც მათ ჯერჯერობით მხოლოდ ძალისმიერი ინიციატივები აქვთ. მოხარული ვიქნები თუ, კონტაქტების დამყარების ინიციატივები იქნება და პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციასთან.

სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო და საგარეო პოლიტიკური საკითხები თითქმის არ შუქდება

- ვინც რა უნდა თქვას, მე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ლეონიდ თიბილოვს როგორც კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს. ამავდროულად, მე მაქვს ძალიან სერიოზული პრეტენზიები იმ ამბიციური და არაკომპეტენტური  ადამიანების მიმართ, რომლებიც მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ, რათა ხელისუფლებაში დარჩნენ. 

რა გაკვეთილი გამოიტანეთ 5 წლის წინანდელი ომიდან და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან?

- ჩვენ გამოვცადეთ ომი და ახლა ძალიან რთულად გავდივართ მშვიდობის გამოცდას. ვისურვებდი, აღარასოდეს ყოფილიყო ომი და ჩვენ გამარჯვებაზე და სპორტში, მეცნიერებაში, განათლებასა და ხელოვნებაში მიღწეულ წარმატებებზე გვესაუბრა.

მაკა ბრეგვაძე, საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"