გიგი კალანდაძე:

გიგი კალანდაძე: "ვერ გეტყვით, რატომ მივიღე გენერლობა"

"ვინც იმ დროს სამხედრო სამსახურში იყო, ყველა დამარცხდა"

ბოლო წლებში ადამიანები თავბრუდამხვევ კარიერას იკეთებდნენ, სამხედრო ჩინებს ისეთივე სისწრაფით იღებდნენ, როგორც პრეზიდენტი დაქროდა ღრუბელ-ღრუბელ ომის დროს. ამჯერად ომში თავის წარმატებასა და მარცხზე გენშტაბის ყოფილი უფროსი, თადარიგის გენერალი გიგი კალანდაძე გვესაუბრება:

- 33 წლისა უკვე გენერალი ხართ. რით დაიმსახურეთ ამხელა წოდება?

– ვერ გეტყვით, რატომ მივიღე გენერლობა, თუმცა ნაცნობობითა და ნათესაობით კარიერა არ გამიკეთებია.

- ასე ადვილად რომ იღებს სამხედრო პირი გენერლობას, ეს პრობლემა არ არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის?

- თუ გაინტერესებთ, რატომ ვარ გენერალი, ჩემს ხელმძღვანელობას ჰკითხეთ. ჩემზე ახალგაზრდა გენერლებიც ჰყოლია საქართველოს და რატომ უკვირთ ჩემი.

- გეტყვით, რატომ მიკვირს: 2008 წლის ომის დროს მე-4 ბრიგადას მეთაურობდით. თქვენი ბრიგადა ყველაზე მეტად დაზარალდა როგორც ცოცხალი ძალით, ასევე ტექნიკით. ხომ არ იყო ეს კრახი გამოწვეული იმით, რომ გამოცდილება აკლდა ბრიგადის მეთაურს?

- მე-4 ქვეითი ბრიგადა 2005 წელს შეიქმნა, მაგრამ 2008 წლის იანვარ-თებერვალში დაკომპლექტდა, როგორც საკონტრაქტო ბრიგადა. ომი რომ არ დაწყებულიყო, ავღანეთში მივდიოდით. მიზეზი სწორედ ის იყო, რომ არ ვიყავით მზად ასეთ შეტაკებებში მონაწილეობისთვის.

- ამბობენ, სამხედროები მაშინ დაბომბეს, როცა არასწორი მანევრი გააკეთეს და მინდორში დასასვენებლად გაიშალნენ თქვენი ბრძანებით.

- როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ ჯარს ვუბრძანე, მინდორში გამოიძინეთ-მეთქი. ხომ უნდა იყვნენ ამის თვითმხილველები? ვერ ნახავთ ვერც ერთ მეთაურსა და რიგითს, რომელიც იტყვის, რომ ამ მსხვერპლის მიზეზი ჩემი შეცდომა იყო.

- ამბობენ, ბრიგადის მეთაურმა კალანდაძემ საკუთარი იარაღით დაიჭრა თავიო.

- ტყვიით კი არა, ნამსხვრევებით ვარ დაჭრილი. ჰოსპიტალშიც არის ინფორმაცია ამის თაობაზე, მიბრძანდით და ნახეთ. ან იმ ხალხს ჰკითხეთ, ვინც გამომიყვანა ბრძოლის ველიდან.

- საინტერესოა, ბრიგადის მეთაურს ბრძოლის ველიდან თუ გაექცა სამხედროები, განსაკუთრებით ოფიცრები?

- მე წარვუდგინე პროკურატურას რამდენიმე ოფიცრისა და ათეული ჯარისკაცის სია, რომლებმაც მიატოვეს ბრძოლის ველი. ბევრიც გმირულად იბრძოდა...

- რატომ იცავთ ბაჩო ახალაიას ასე მონდომებით?

- ბევრი აქვს გაკეთებული და დაუნახავი არ უნდა იყო კაცი. ეს ალასანიამაც ვერ უარყო ჩემთან საუბარში და თქვა, მაგ ორ კაცს ქვეყნისთვის ნამდვილად ბევრი საქმე აქვს გაკეთებული, ფული არა აქვთ ნაკეთებიო. ხშირად მინახავს ბაჩოს ლმობიერება, ის მაშინაც არავის უკეთებდა ცუდს, როცა მიზეზი ჰქონდა.

- გულწრფელად გჯერათ მისი უდანაშაულობის?

- მჯერა, რომ უდანაშაულოა და ამას სასამართლო მალე დაამტკიცებს. ბაჩოს შეცდომა ის იყო, რომ ჟურნალისტებს გაურბოდა და არაფერს ამბობდა გაკეთებულ საქმეებზე.

- თქვენ თეა წულუკიანის წინააღმდეგ შეიტანეთ სარჩელი სასამართლოში.

- ახალაიასგან განსხვავებით მე პატიმარი არ ვყოფილვარ. გამოძიება მიდიოდა და მტკიცებულებების შეგროვების პერიოდში ვერიდებოდი ქალაქიდან გასვლას. ერთ დღესაც წულუკიანმა ჩემი დაპატიმრება მოითხოვა და მიზეზად დაასახელა, თითქოს სამეგრელოში ჩავდიოდი და მოწმეებზე ზეწოლას ვახდენდი. არადა, მცხეთას არ გავცილებივარ და არც არავის ვხვდებოდი, რომ არაფერი დაებრალებინათ. პროკურორებისგან ამ საკითხზეც ველოდებოდი კითხვებს, მაგრამ ერთი მოწმეც არ წარმოუდგენიათ. ეს იყო ცილისწამება და წულუკიანს მოუწევს პასუხების გაცემა სასამართლოში.

- ირაკლი ალასანიას წინააღმდეგაც შეტანილი გაქვთ სარჩელი.

- დამაბრალა, რომ ჯარისკაცების კვების ფული - 500 ათასი ლარი მივითვისე და ამ ფულით ბინა ვიყიდე. სინამდვილეში ბინა თავდაცვის სამინისტრომ საჩუქრად გადმომცა.

- ალასანიაზე იმასაც ამბობდით, რომ ახალაიაზე ჩვენების მიცემას გაიძულებდათ, სანაცვლოდ ხელშეუხებლობა შემოგთავაზათ.

- ამისთვის არა მარტო მე შემომთავაზეს ხელშეუხებლობა და გამოძიებასთან თანამშრომლობა. მაგრამ რას უნდა მივაწერო ის ფაქტი, რომ ამ სიტყვებიდან რამდენიმე წუთში წულუკიანმა მეორე ოთახში დამაპატიმრა.

- კმაყოფილი ხართ თქვენი შესრულებული მისიით თუნდაც 2008 წლის ომის დროს?

- დავმარცხდით და ტერიტორიები დავკარგეთ, აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ყველა მეთაური, ვინც იმ დროს სამხედრო სამსახურში იყო, დამარცხდა.
უტა ბიწაძე