რა სთხოვა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს

რა სთხოვა გოგა ხაჩიძემ ბიძინა ივანიშვილს

უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძესაქართველოს პრეზიდენტსა და კიდევ რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად ორიოდ კვირის წინ ტობავარჩხილის უმშვენიერესი ტბის სანახავად იმყოფებოდა. ამ ტბას უამრავი ლეგენდა უკავშირდება, მათ შორის, ისიც, რომ იქ ბანაობა არ შეიძლება, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, ეს, რასაკვირველია, ლეგენდაა, რაც შეეხება ტბაში ბანაობას, ეს უბრალოდ შეუძლებელია იმის გამო, რომ წყალი ყინულივით ცივია. გოგა ხაჩიძემ ამ ლამაზ ადგილას მუზის მოსვლაც იგრძნო და თავისი ცნობილი ინსტრუმენ- ტიც ააჟღერა, რასაც სიამოვნებით უსმენდა ბალახზე წამოწოლილი პრეზიდენტი.

- რამდენიმე წელია, პირადად მე ტობავარჩხილზე ასვლას ვფიქრობდი, მაგრამ ვერ მოვახერხე. ამასთანავე, იგივე განზრახვა, როგორც ვიცი, პრეზიდენტსაც ჰქონდა და ვერტმფრენით რამდენჯერმე სცადა იქამდე მისვლა, მაგრამ მიუვალი ხეობაა და ვერ მოახერხეს შესვლა. როცა გაიგო, რომ ლაშქრობა მზადდებოდა, გადაწყვიტა, ამ ლაშქრობას შემოერთებოდა. ორი დღე გვქონდა მოსამზადებლად. შევუერთდით ჯგუფს და გავემგზავრეთ. საკმაოდ დიდი ლაშქრობა იყო. პრინ¬ციპში, ამხელა ლაშქრობა ტობავარჩხილზე არც ყოფილა, დაახლოებით 50 ადამიანამდე იყო. ტობავარჩხილზე ფესტივალი იყო, რომელსაც შევუერთდით და მთლიანობაში ამდენი ადამიანი ამიტომაც შეიკრიბა. ლაშქრობა 4-5 დღეს უნდა გაგრძელებულიყო და სწორედ ამდენი ხნით წავიდა ჯგუფის დანარჩენი ნაწილი, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ორი დღით მოვახერხეთ წასვლა, ორ დღეში ავედით და ჩამოვედით. პრეზიდენტს უნდოდა, დროზე მოგვევლო ეს ადგილი.

- არ იყო დამღლელი?

- ძალიან დამღლელი იყო. მცირე დროში კიდევ უფრო რთულია და მართლაც ძალიან დავიღალეთ. თუკი ასეთი ხანგრძლივი მარშრუტებისთვის მზად არ ხარ, არც უნდა აიღო საკუთარ თავზე. გარკვეული ფიზიკური მომზადება აუცილებლად სჭირდება.

- ტობავარჩხილზე მანამდე რა იცოდით?

- ამ ტბის შესახებ დაახლოებით ოთხი წლის წინ გავიგე. ვნახე ფოტო, ულამაზესი ფოტოა, საკმაოდ ცნობილი და დაუჯერებელი იყო, რომ ეს ადგილი საქართველოშია. მომინდა ავსულიყავი და ჩემი თვალით მენახა ეს სილამაზე. ძალიან კარგი და საინტერესო, რთულად მისასვლელი ადგილია. აქვს გარკვეული მისტიკაც, უკავშირდება ლეგენდები, მაგალითად, რომ არ შეიძლება ტობავარჩხილში ბანაობა. არ შეიძლება სხვა საკითხია, მაგრამ წყალია თავად ძალიან ცივი, ფაქტობრივად, ყინულივით ცივი. ტობავარჩხილი ისეთი ადგილია, სადაც უცბად არბენა-ჩამორბენას ვერ მოასწრებ. ახლავს სირთულეები და ამიტომაც ეტანება ბევრი ხალხი. იქიდან მერე ფოტოებით დატვირთულები ჩამოდიან. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ვიდეო ჩამოგვეტანა და მო-ვახერხეთ კიდეც. თან, მე ჩემი პირადი განზრახვაც მქონდა, მინდოდა იქ დამეკრა...

- პრეზიდენტი როგორი მოლაშქრე აღმოჩნდა? ადრე წასულხართ მასთან ერთად ასეთ მოგზაურობაში?

- დიახ, ეს არ არის პირველი შემთხვევა და დარწმუნებული ვარ, არც უკანასკნელი. თუ სადმე ყოფილა გასვლითი ღონისძიება, სპორტული თუ სხვა სახის, ხშირად ვყოფილვარ და ვარ პრეზიდენტთან ერთად. ძა¬ლიან პრინციპული, დაუღალავი და მიზანსწრაფული მოლაშქრეა. ზოგადად, ასეთი რთული ლაშქრობა ნებისყოფასაც წვრთნის. ნებისყოფა უნდა გამოავლინო. მიდიხარ, მიდიხარ, გადაივლი ერთ მთას და ნახულობ, რომ უფრო დიდი მთა გაქვს გადასავლელი.

- სირთულეები ორდღიანი ლაშქრობისასაც შეგხვდათ?

- ძირითადი პრობლემა იყო დროის დეფიციტი. გარდა ამისა, იყო პრობლემა საორგანიზაციო საკითხებში. ღამით 3000 მეტრის სიმაღლეზე უნდა დავბანაკებულიყავით, ძალიან ციოდა, მაგრამ არ გვქონდა კარავი, საჭმელი, სანამ ცხენები ამოვიდოდნენ, დაახლოებით 3-4 საათის განმავლობა-ში მთის წვერზე ვიყავით და ვცდილობდით, რაღაცნაირად გავმთბარიყავით.

გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა და ცხენები დროზე ვერ ამოვიდნენ. დავდიოდით, ვმოძრაობდით, რადგან, ფაქტობრივად, გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით. არ მინდა, ვინმემ წარმოიდგინოს, რომ რადგან იქ პრეზიდენტი იყო, ყველაფერი პროტოკოლის გათვალისწინებით მოხდა, იყო კარგი საჭმელ-სასმელი, დასაძინებელი და ა.შ. ჩვეულებრივი სიტუაცია შეიქმნა.

არაერთხელ მინახავს პრეზიდენტი ასეთ გარემოში. მთელი დღის დაღლილები, მოშიებულები, რამდენიმე საათი, პრაქტიკულად, სველი ტანსაცმლით ველოდებოდით ცხენების ამოღწევას და ბედად, ამოაღწიეს, სხვა შემთხვევაში რა გვეშველებოდა, არ ვიცი... მეორე დღეს ტობაზე ვიყავით უკვე და შემდეგ თბილისში დავბრუნდით.

- ლეგენდის დარღვევა და ტბაში ხელის ჩაყოფა მაინც არ მოგინდათ?

- ხელიც ჩავყავით და ფეხიც (იცინის), მაგრამ, როგორც ვთქვი, ძალიან ცივი წყალია. ჩემი სურვილით იქ არ ვიბანავებდი.

- ბატონო გოგა, ახლა პოლიტიკოსებისთვის შვებულების პერიოდია. ისვენებთ სადმე?

- არდადეგებს ეძახიან. თბილისში ვარ. არ ვისვენებ და არსად წასვლას არ ვაპირებ.

- რატომ?

- არ ვიცი, წელს ასე გადავწყვიტე.

- რომ არ ისვენებთ, ეს კარგად ჩანს თქვენი ''ფეისბუქის'' პოსტებიდანაც. ამას ჟურნალისტები კარგად იყენებენ და სხვადასხვა საიტზე ათავსებენ ხოლმე თქვენს ნააზრევს. ამაზე ხალისობთ? იმიტომ წერთ პოსტებს, რომ მერე ჟურნალისტებმა აიტაცონ თუ თქვენთვის წერთ?

- ყველაფერი ერთად არის ალ¬ბათ. მიზანი ისაა, რომ, უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვა, ხუმრობით, ნახევრად ხუმრობით, სერიოზულად, გაბრაზებით. ''ფეისბუქი'' ამის საუკე¬თესო საშუალებაა, მყავს ბევრი მეგობარი და გამომწერი. მერე სხვა როგორ იყენებს ამას, ეს სხვა საკითხია და ეს არ მაწუხებს, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.

- არიან ცნობილი ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში სტატუსებს წერენ და მერე წუწუნებენ, ჟურნალისტებმა რატომ გამოაქვეყნესო.

- ვინც ამაზე წუწუნებს, ე.ი. არ იცის, რა არის ''ფეისბუქი''.

- მინდა გკითხოთ ერთ-ერთი პოსტის შესახებ, სადაც წერთ, როგორ მოვიდა თქვენთან სტუმრად ბიძინა ივანიშვილი...

- ეს ნახევრად ხუმრობით დაწერილი პოსტი იყო. ხანდახან კარგ ხასიათზე ხარ და გინდა რაღაც დაწერო. ივანიშვილს ვთხოვე "ფეისბუქით", ჩაიზე დამპატიჟე-მეთქი, ისიც კი შევთავაზე, ჩემი ჩაით ამოვალ-მეთქი, მაგრამ არ მეპატიჟება (იღიმის).

- თქვენს პოსტებზე უმრავლესობის წევრები პირადად რაიმეს თუ გეუბნებიან ხოლმე?

- კი, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი ნახულობს ჩემს პოსტებს და ამას ვხედავ. ბევრჯერ მქონია შემთხვევა, პარლამენტის დარბაზიდან კონკრეტულ პარლამენტარზე რაღაც დამიპოსტავს და მერე მის სახეზე გამომეტყველება დამინახავს, ან ვიღაცასთან არჩევდა ამ ამბავს. არის ასეთი უამრავი შემთხვევა.

- რამდენად საინტერესოა თქვენთვის დღევანდელ პარლამენტში მუშაობა?

- საინტერესო ყველაფერში შეიძლება დაინახო ადამიანმა. როგორ შეიძლება, საინტერესო არ იყოს სამსახური, სადაც კანონებს იგონებენ და განსაზღვრავენ, რა წესების მიხედვით უნდა იცხოვრონ ადამიანებმა ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, უმრავლესობის უდიდეს ნაწილში და არა ყველაში იუმორის დიდი ნაკლებობაა. ადრეც მითქვამს, რომ რესპუბლიკელებს აქვთ იუმორი და კიდევ ვიღაცებს, მაგრამ ზოგადად უმრავლესობაში არ და ვერ ხუმრობენ. თავად ამ პარლამენტმა ისეთ თემებზე იმსჯელა, რომ არსობრივად გახდა სასაცილო. ვფიქრობ, რომ ეს პარლამენტი არავის მოსწონს, მგონია, რომ პარლამენტი არ მოსწონს არც ბიძინა ივანიშვილს. ერთი მხრივ, ნაციონალები არიან, მეორე მხრივ, მისი უმრავლესობა, რომლებიც რა კანონს გამოიგონებენ, არავინ იცის.

- ყველაზე მეტად რაზე გაგცინებიათ მუშაობის პერიოდში?

- სპორტის ახალი მინისტრი იყო მოსული პარლამენტში და სპორტის აკადემიის გაუქმებაზე იყო ლაპარაკი. ათჯერ და უფრო მეტჯერ ახსენეს გოკა გაბაშვილი, რასაკვირველია, ცუდ კონტექსტში. დაახლოებით 10- 15 წუთი ახსენებდნენ გოკას. სადაც კომიტეტის თავმჯდომარე ზის, იმის უკან ვიტრაჟია და გოკას ხსენების ყველაზე მწვავე მომენტში სიგარეტით ხელში დინჯი ნაბიჯით ჩამოიარა გოკა გაბაშვილმა. `აი, ბაში-აჩუკის მსგავსი სცენა იყო. ვთხოვეთ, რომ შემოსულიყო და თავად გაეცა პასუხი შეკითხვებისთვის (იცინის).

- საპრეზიდენტო არჩევნები მოდის. მიუხედავად სუბიექტურობისა, დაგვიხასიათეთ თითოეული კანდიდატი.

- ძირითადი კანდიდატები ალბათ ბაქრაძე, მარგველაშვილი, ბურჯანაძე არიან. სუბიექტური ვარ, მაგრამ ობიექტურად ვიტყვი, რომ გასაგებია, დავით ბაქრაძის კანდიდატურა მისი გამოც-დილებიდან, ბუნებიდან, საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, ის იქნებოდა საუკეთესო პრეზიდენტის პოსტზე და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ნაციონალების კანდიდატურაა. რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, თვითონ მისივე მხარდამჭერები არიან იმედგაცრუებული და არ მოსწონთ თავიანთი კანდიდატურა. წარმომიდგენია, ჩვენ რომ დაგვე-ყენებინა მარგველაშვილის კანდიდატურა, თეორიულად ვამბობ, ალბათ, ჩაგვაქვესკნელებდნენ. ნინო ბურჯანაძის თითოეული ხმა კი იქნება იმის საზომი, რამდენად კონფორმისტი ერი ვართ და რამდენად უპრინციპო გადაწყვეტილება შეგვიძლია მივიღოთ. რამდენად ფეხებზე გვკიდია რაღაცები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაუგებარია, რანაირად შეიძლება მისცე ხმა ბურჯანაძეს, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც მასზე ვიცით და მოგვისმენია. ''ბელა ჩაოს'' ხმა რანაირად უნდა მისცეს ადამიანმა.

- თქვენი ყოფილი ქვისლი, შალვა რამიშვილი გოგა მარგველაშ¬ვილის პიარის ხელმძღვანელია. ამაზე რას ფიქრობთ?

- შალვაზე გასაგები მიზეზების გამო აზრის გამოთქმას ვერიდები, მაგრამ მას კარგად ვიცნობ, ვიცი მისი კრეატიულობის შესახებაც და შეუძლია რაღაცების გაკეთება, მაგრამ თავი დავანებოთ შალვას ჩრდილებიან წერტილებზე საუბარს, რის შესახებაც კარგად ვიცით. შალვას სტილი და გაკეთებული პიარი უფრო გამოადგებოდა პოლიტიკოსს, თუნდაც ბაქრაძეს, რომელსაც არ აქვს დასამტკიცებელი, რომ სოლიდური პოლიტიკოსია, მარგველაშვილს კი ეს ყველაფერი დასამტკიცებელი აქვს. შეიძლება, მასში რაღაც სახალხო დეტალი გაჩნდეს, იუმორი, ორიგინალობა, გროტესკი, რაც რამიშვილს შეუძლია, მაგრამ მარგველაშვილი საზოგადოების წინაშე უნდა წარდგეს, როგორც სოლიდური პოლიტიკოსი და ამისთვის ბევრი დრო დასჭირდება.

- ტობავარჩხილზე ყოფნისას ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტთან ხომ არ გისაუბრიათ, რას აპირებს ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ?

- ამაზე ბევრჯერ უსაუბრია. აპირებს პოლიტიკაში დარჩენას. პოლიტიკური განათლების კუთხით გეგმავს აქტიურობას და თავისი გასაკეთებლის გაკეთებას. ბევრ საინტერესო რამეს აპირებს.