"ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ერთმა სპეცრაზმელმა თავი მოიკლა!"

"ეფ-ბი-აის წარმომადგენელს ოდესაში, საერთაშორისო კონფერენციაზე შევხვდი, შემიძლია გვარიც დავასახელო, მაგრამ ამის დაწერა არაფრით არ შეიძლება. საუბარი შეეხო ჟვანიას საქმეს და იმას, რომ ეფ-ბი-აის ერთ-ერთმა თანამშრომელმა არასწორი ინფორმაცია ჩაწერა დასკვნაში, რომლის ერთი ნაწილი ჩვენთან არასწორადაც ითარგმნა. მოკლედ, ამ დასკვნაში ისიც წერია, რომ ბუნებრივი აირით გაგუდვას სიკვდილი მოჰყვა და ისიც, რომ ეს არ შეიძლებოდა გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი. ოდნავ განათლებულმა ადამიანმაც რომ წაიკითხოს, უმალვე მიხვდება, რომ თეთრი ძაფითაა ნაკერი და ურთიერთსაწინააღმდეგო ნიუანსებით არის სავსე. ის კაცი, ვინც მელაპარაკა, აღარ მუშაობს ეფ-ბი-აიში, ის იქ ერთ-ერთ განყოფილებას კურირებდა. მითხრა, ვიცი, რომ თავად სააკაშვილი იყო ჟვანიას მკვლელობის მონაწილე. ამის დასამალად ეფ-ბი-აის ერთ-ერთ თანამშრომელზე დიდი ზეწოლა მოახდინეს, სწორედ მან თქვა პირად საუბარში, რომ იმ შენობაში, სადაც ჟვანია მოკლეს, პრეზიდენტიც იყო", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით"ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ერთმა სპეცრაზმელმა თავი მოიკლა!" / სააკაშვილი იქ იყო, სადაც ჟვანია მოკლეს!"

"ეს იყო საკვანძო სიტყვა, სხვა დეტალები ეფ-ბი-აის ყოფილ თანამშრომელს ჩემთვის არ გაუმხელია. მე შევხვდი პროკურატურის თანამშრომლებს და ვიცი, რომ მუშაობენ ამ საქმეზე. მათ შეკითხვები გაუგზავნეს ეფ-ბი-აის წარმომადგენლებს იმ დასკვნიდან გამომდინარე, რაც საქმეზე დაიწერა. ვვარაუდობ, რომ იმ ტიპის "აღიარება", რაც მე ეფ-ბი-აის ყოფილი წარმომადგენლისგან მივიღე, პროკურატურას აუცილებლად ექნება. ვიცი, რომ არჩილ კბილაშვილის ვიზიტი ამერიკაში ამ საკითხსაც შეეხებოდა. მან ფაქტები წარადგინა. იმაზეც გეტყვით, თუ რატომ დუმს ამერიკული მხარე - უპირველესად სურს, გაარკვიოს, რა პოლიტიკური კურსი უჭირავს ახალ ხელისუფლებას და თუ დარწმუნდა, რომ საგარეო ვექტორი უცვლელია, მაშინ შესაბამის განცხადებასაც გააკეთებს. ვფიქრობ, ეს საპრეზიდენტო არჩევნების მერეა მოსალოდნელი. პროკურატურას დღესვე შეუძლია წერტილის დასმა ამ საქმისთვის, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩქარობს, რადგან, ფაქტობრივად, დღეს ორხელისუფლებიანობაა და ეს საქმის გახსნასაც უშლის ხელს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ინფორმაცია აქვს ზოგიერთ პირს, რომლებიც დღეს კვლავ მაღალ თანამდებობაზე არიან, მაგრამ ხელისუფლების ორივე მხარის ზეწოლას ვერ უძლებს და პირში წყალს იგუბებს. დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი ნამდვილად იქ იყო, სადაც ჟვანია მოკლეს და ეს მის უნებართვოდ არ მომხდარა. იქაურობა სპეცსამსახურის თანამშრომლებითაც იყო გაძეძგილი. მეტიც, თავად ჟვანიას დაცვის წევრები იყვნენ სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც დაჰკითხა პროკურატურამ. დანარჩენ დეტალებზე მე ვერაფერს გეტყვით. ეს ყველაფერი 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გახდება ცნობილი", - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვას - "სახალხო დამცველმა წამოაყენა ინიციატივა, ლაფანყურის ამბის გამოსაძიებლად შეიქმნას კომისია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელიც თქვენ იქნებით. ახალი დეტალი ხომ არ არის საქმეში?" - პასუხობს:

"რა თქმა უნდა, არის. სხვათა შორის, ძალიან ბევრი მაღალჩინოსანია დაინტერესებული, არ გაგრძელდეს გამოძიება, ვინაიდან თავის დროზე რაღაც ფორმით თავად იყვნენ ჩართული სპეცოპერაციაში. ამიტომაც გამოძიება ჩიხშია შესული. აქედან გამომდინარეობს უჩა ნანუაშვილის ინიციატივა საზოგადოებრივი კომისიის შექმნისა, რომელიც მუდმივად გააკონტროლებს ხელისუფლებასაც და გამოძიების მსვლელობასაც. ახლა კი გაგაცნობთ იმ დეტალს, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ - დღემდე ცნობილი იყო, რომ ლაფანყურის ოპერაციის დროს დაიღუპა სპეცრაზმის ორი თანამშრომელი - არჩილ ჩოხელი და სოლომონ წიკლაური, ასევე, სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე. არავინ იცოდა, რომ კიდევ ერთი სპეცრაზმელიც, გვარად რუსუნაშვილი, გამოესალმა სიცოცხლეს. ის ლაფანყურელი იყო, სპეცოპერაციაში მონაწილეობდა და იმ დღესვე, როცა შინ დაბრუნდა, თავი მოიკლა. 29 აგვისტოს მისი წლისთავი იყო. გამოძიების საგანი უნდა გახდეს, სინამდვილეში მან მოიკლა თავი თუ მოკლეს. ოჯახს ეშინია და დუმს. როგორც ვიცი, ის სნაიპერი იყო".

"რაც შეეხება "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე შიდა პროცესებს - ივანიშვილის რისხვა დაატყდა ყველას, პარტიის ხელმძღვანელობასაც და აქტივსაც. რატომღაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს მარტო საგანელიძეს გაუჯავრდა. უბრალოდ, საგანელიძემ დაიჩივლა, ჩემს ფიტულს რომ წვავდნენ, არავინ დამიცვაო და გაბრაზებული ივანიშვილი მიუბრუნდა, რომელი ილია ჭავჭავაძე შენ ხარ, რომ დაგიცვანო. პრემიერ-მინისტრის რისხვა იმან განაპირობა, რომ "ქართული ოცნების" რიგებიდან ხალხის გადინება დაიწყო. "ქართული ოცნება" პარტიად ვერ ჩამოყალიბდა, განზე დარჩნენ ისინი, რომლებმაც ოქტომბერში გამარჯვება მოუტანეს "ქართულ ოცნებას", მათი ადგილი ძველი ხელისუფლებიდან ჩანერგილმა და ახალ მთავრობას გვიან მიტმასნილმა ხალხმა დაიკავა. მართალია, პოლიტსაბჭოს მდივნად ახლა ბევრად ენერგიული და კომპეტენტური ირინა იმერლიშვილი დაინიშნა, მაგრამ ის საქმეს ვერ გამოასწორებს - არჩევნებია კარს მომდგარი და იმერლიშვილს რამე განსაკუთრებული მანევრისთვის დრო არ რჩება. მართალია, მარგველაშვილი ამბობს, 27 ოქტომბერს კოაბიტაცია დამთავრდებაო, მაგრამ ბევრი ჩინოვნიკი (ყოფილიც და ახალიც) კარგა ხანია გადავიდა კოაბიტაციიდან სიმბიოზის რეჟიმში. ეს კი არა მხოლოდ თანაცხოვრებასა და ერთმანეთის ატანას გულისხმობს, არამედ მეგობრობასაც და იმ მდგომარეობასაც, როცა ეკონომიკური, პოლიტიკური და ბიზნესინტერესების გამო ცალ-ცალკე ცხოვრება უბრალოდ არ შეუძლიათ!", - დასძენს მამუკა არეშიძე.

"სირიის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს სულაც არ ანაღვლებთ, ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი. ეს ინტერვენციის საბაბია, სინამდვილეში მიზეზი სხვა რამ არის. საქმე ის არის, რომ ევროპა რუსულ აირზეა დამოკიდებული. არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგოკომპანიებმა შეიმუშავეს მარშრუტი და ტექნოლოგია იმისა, როგორ უნდა გავიდეს კატარის იაფფასიანი ბუნებრივი აირი ევროპაში. ამ გეგმის მიხედვით, საჭიროა გაზსადენებმა სირიის ტერიტორიაც გადაკვეთოს. ამიტომ არავის აძლევს ხელს იქ პრორუსული ბაშარ ასადის ხელისუფლება, რადგან ვიდრე მას ძალაუფლება აქვს, რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ არაფერს გააკეთებს - სირიის ტერიტორიაზე კატარის იაფი ბუნებრივი აირი ვერ გატარდება. ასე რომ, დასავლეთს სურს, სირიაში ის ხელისუფლება იყოს, რომელიც ბუნებრივ აირს უპრობლემოდ გაატარებს. ამიტომაც ეხმარებიან ამბოხებულებს ასადის ხელისუფლების დამხობაში", - განმარტავს რესპონდენტი.

"ჩემი აზრით, დასავლეთი ოპერაციას მალე დაამთავრებს. ასადის მხარდამჭერ რუსეთს აღარ აქვს ძალა - ხმელთაშუა ზღვაში რუსული სამხედრო გემები ამერიკულ და ბრიტანულ სამხედრო ფლოტებს ვერ დაუპირისპირდება. რუსეთი არც ფინანსურად და არც ტექნიკურ-ტაქტიკურად ამგვარი ომისთვის მზად არ არის და ატომურ იარაღს თუ გამოიყენებს, ეს აღარ ვიცი... თუ ყველაფერი მალე არ დამთავრდა, მაშინ ირანი აუცილებლად ჩაერევა ასადის დაცვის საქმეში და შესაბამისად, მასაც დაესხმებიან თავს. ამ შემთხვევაში რუსეთი ირანის დაცვას ყოველგვარი მეთოდით შეეცდება და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საშიშროებაც გვემუქრება. რუსეთი აუცილებლად მოინდომებს თავისი სამხრეთ მეზობლის - სომხეთის და იქ განლაგებული რუსული ბაზის დაცვას. ეს განაპირობებს სახმელეთო ოპერაციას საქართველოს ტერიტორიაზეც. ამასთან, ირანთან კონფლიქტის შემთხვევაში, ამ ზონიდან ლტოლვილები ჩვენს ქვეყანასაც მოაწყდება და ესეც პრობლემას შექმნის. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია, სირიაში მალე შეიცვალოს ხელისუფლება", - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.